Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეღელურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს - 40 წლის კაცი საოკუპაციო ძალებმა მეხუთედ დააკავეს


2021 წლის 1 აპრილი. რამაზ ბეღელური ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლების შემდეგ.
2021 წლის 1 აპრილი. რამაზ ბეღელური ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლების შემდეგ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები, 40 წლის რამაზ ბეღელური, საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მეხუთედ იმყოფება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია 29 აპრილს გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ბეღელური ოკუპირებულ დისევთან ახლოს დაიჭირეს, თუმცა დაკავებულის დედა ნორა ბეღელური ამბობს, რომ შვილი სოფლის სასაფლაოზე, ძმის საფლავის გასასუფთავებლად იმყოფებოდა და ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. რამაზს ნათესავები დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ და მხოლოდ მეორე დღეს, მეზობელი სოფლიდან გაიგეს, რომ ის ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

„თავის ძმის საფლავზე იყო, ასუფთავებდა, წინა დღესაც იქ იყო. სასაფლაოსთან რუსებს კარი აქვთ და იქით გასვლა უკვე აღარ შეიძლება და იმ ადგილზე რა მოხდა, უკვე აღარ ვიცი“, - ჰყვება ნორა ბეღელური.

დაკავებულის დედა იმასაც ამბობს, რომ რამაზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მას ეპილეფსია აქვს და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება, ხშირად საავადმყოფოში წევს და მედიკამენტების გარეშე ვერ გაძლებს. ისიც ცნობილია, რომ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა დაკავებების შემდეგ გაუარესდა, მას არაერთხელ სცემეს ცხინვალში.

„წამლების ქვეშ არის. არ შეიძლება, რომ არ დალიოს. მას ეს დაავადება არ ჰქონია, პირველად რომ დააკავეს, მაშინ სცემეს და მას შემდეგ თავს სულ ცუდად გრძნობს, სამი თვის წინაც „ვივამედის“ კლინიკაში იწვა, მძიმედ იყო, ექიმებიც კი უიმედოდ იყვნენ. ცხინვალში აბა, წამალი საიდან ექნება და ასეთ მდგომარეობაში მისი ყოფნა არ შეიძლება. მოვითხოვ, რომ დროულად გამოუშვან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აუცილებლად გასათვალისწინებელია“, - აცხადებს ნორა ბეღელური და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

სოფელი გუგუტიანთკარი ოკუპირებულ დისევს და ხელჩუას ესაზღვრება, გუგუტიანთკარის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზი გადის და იქ მუდმივად პატრულირებენ „ეფესბეს“ ე.წ. მესაზღვრეები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ და ცხინვალში გადაჰყავთ.

რამაზ ბეღელური 2021 წლის თებერვალშიც დააკავეს, მაშინ მან ცხინვალის ციხეში ორი თვე გაატარა. იმავე წლის პირველ აპრილს გაათავისუფლეს და მას შემდეგ მუდმივი მკურნალობა სჭირდება. რამაზ ბეღელურმა გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს უამბო, რომ პირველი და მეორე დაკავებისას ავტომატის კონდახებით სცემეს, მესამე დაკავებისას აღარ უცემიათ, მაგრამ მეოთხედ უკვე რკინის გასაღებებით თავი გაუტეხეს. მას შემდეგ იგი პერიოდულად გონებას კარგავს.

აი, რას ამბობდა ბეღელური 2021 წლის აპრილში: „ძალიან ცუდად ვარ. ახლაც რომ ვლაპარაკობ, შეიძლება უცბად ცუდად გავხდე და წავიქცე. პირველ დაჭერაზე მაგრად მცემეს, ავტომატის კონდახები მირტყეს. მეორეზე მაგრად მცემეს. მესამეზე არა მცემეს. მეოთხეზე ცხინვალში ერთმა თავი გამიტეხა. ჯანმრთელობა დამიმძიმდა. ცუდად ვხდები და ვითიშები. მაგის გამო დავდივარ საავადმყოფოში. მანამდე მე ცუდად არ გავმხდარვარ“.

მას ჯანმრთელობის გაუარესების ნიშნები პირველად დედამ შეატყო. ნორა ბეღელურის თქმით, ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და რამდენჯერმე კრუნჩხვებშიც ჩავარდა. ამის შემდეგ შვილმა დედას უამბო, რომ, წინა დაკავებების მსგავსად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოლო დაკავების დროსაც სცემეს.

„ცხინვალიდან რომ გამოვიდა, მე მაშინვე შევამჩნიე, რომ ვერ იყო კარგად. რამაზმა მითხრა, რომ ერთ მათგანს ბევრი გასაღებები ეჭირაო და იმითი გამიტეხა თავიო, ვიჯექი და თქრიალით მომდიოდა სისხლიო. მერე ექთანი შემოიყვანეს და საავადმყოფოში წამიყვანესო“, - თქვა ნორა ბეღელურმა.

დაკავებულის ნათესავები და მეზობლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ბეღელურის გასათავისუფლებლად მაქსიმალურად იაქტიურონ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ ერთ პატიმრობას ვეღარ გაუძლებს.

ცხინვალის ციხის პატიმრებს ხშირად არაადამიანურად და სასტიკად ეპყრობიან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას იქიდან გამოსული მოქალაქეების ნაწილი ღიად ელაპარაკება, ნაწილი კი ამ ფაქტს მალავს.

მაგალითად, მეჯვრისხევის მცხოვრებმა ხვიჩა მღებრიშვილმა ღიად ილაპარაკა მასზე ძალადობის შესახებ. სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი თავიდან მალავდა საოკუპაციო ძალების მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტს, მაგრამ მოგვიანებით ამის შესახებ განაცხადა. მას ტანზე ბევრი სისხლჩაქცევა ჰქონდა და მის მკურნალობას დიდი დრო დასჭირდა. ზაზა გახელაძეს საერთოდ ცეცხლი გაუხსნეს და დაკავებისას ფეხში დაჭრეს. სოფელ ბერშუეთის მცხოვრებ შოთა ბიძინაშვილს დაკავებისას სასტიკად სცემეს. ის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად იჯდა ცხინვალის იზოლატორის საკანში. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ შემთხვევებისა, რომლებიც ცხინვალის ციხის ყოფილ პატიმრებს თავს გადახდათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - აღნიშნავს უწყება.

სუსის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას.

მაისში ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაა დანიშნული, ამ შეხვედრაზე რამაზ ბეღელურის გათავისუფლების საკითხზეც იმსჯელებენ. ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 8 მოქალაქე რჩება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG