Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვებს კანონი ახალ უფლებებს ანიჭებს


პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ბავშვის უფლებათა კანონპროექტი განიხილეს. განხილვისას წამოიწია ფიზიკური დასჯისა და აბორტის თემებმა. უფლებადამცველი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის ოპონენტები ამ სფეროში საკმარისად კომპეტენტურები არ არიან.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ძალიან ბევრ კრიტიკოს ამ თემაზე არ უმუშავია“, - ამბობს ანა არგანაშვილი.

აკრძალულია ცემა, თვითნებური მკურნალობა, ბავშვის ქონების გაყიდვა. ასევე, ბავშვმა შეიძლება მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან...

უკვე არსებული კანონების გარდა, კანონპროექტში არის ახალი ჩანაწერებიც, მათ შორის:მშობელს აღარ შეეძლება ბავშვის საკუთრების გასხვისება, თუ ეს ისევ ბავშვის ინტერესებში არ შედის.ბავშვს მიეცემა უფლება, მოითხოვოს ბალანსის დაცვა სწავლასა და თავისუფალ დროს შორის, ასევე უფლება - მოუსმინონ და სათანადოდ გაითვალისწინონ მისი მოსაზრება იმ საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მას ეხება. აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა.

„დღეს ეს კარგად არ არის განმარტებული. ბევრი ფიქრობს, რომ გამეტებით ცემა არ შეიძლება, მაგრამ წამორტყმა - კი. საერთოდ არ შეიძლება! არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ყურის აწევაზე ვლაპარაკობთ, თუ დარტყმაზე, რადგან ამ შემთხვევაში საქმე ეხება ბავშვის ღირსებას“, -ამბობს უფლებადამცველი ანა არგანაშვილი.

კანონპროექტში კიდევ ერთხელ ჩაიწერა, რომ აკრძალულია ბავშვის ჩაბმა მათხოვრობაში. რაც შეეხება ბავშვის ჯანმრთელობას, მისი ნების საწინააღმდეგოდ ბავშვის ფსიქიატრიული სტაციონარული მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით და უმოკლესი ვადით.

„პრობლემა იყო, რომ მშობლები ბავშვებს ხანგძლივად ტოვებდნენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში“, - განმარტავს საიას იურისტი ნინო ცუხიშვილი.

სიახლეა ისიც, რომ დაზარალებულ ბავშვს შეუძლია სახელმწიფოს მოსთხოვოს კომპენსაცია, მათ შორის ფინანსური ზარალის ანაზღაურება, იმ შემთხვევაში თუ ამ ანაზღაურების სწრაფი მიღება დამნაშავის მხრიდან შეუძლებელია.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG