Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ სახალხო დამცველზე ვერ თანხმდებიან - რა იქნება შემდეგ?


საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადი
საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადი

დამოუკიდებელი და ამასთან, ისეთი სახალხო დამცველის არჩევა, რომელიც ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც მოსწონს, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. არადა, სწორედ ეს არის ევროკომისიის მე-12 პირობა, რომ გამჭვირვალე პროცესის შედეგად ომბუდსმენის პოსტზე დამოუკიდებელი ადამიანი დაინიშნოს.

"ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციამ საერთო, მოსაწონ კანდიდატზე შესათანხმებლად 3 უშედეგო შეხვედრა გამართეს. ერთის მხრივ, მმართველი პარტია გამორიცხავს იმ კანდიდატების მხარდაჭერას, რომელიც ოპოზიციის დიდ ნაწილს სურს, მეორეს მხრივ კი, ოპოზიცია ხელისუფლებისთვის მისაღებ კანდიდატებს მხარს არ უჭერს.

გრძელი შესარჩევი პროცესის შედეგად, პარლამენტარებმა ომბუდსმენის 19 კანდიდატი 8-მდე შეამცირეს. დარჩნენ სამოქალაქო სექტორის წარდგენილი გიორგი ბურჯანაძე და ანა აბაშიძე. ასევე იაგო ხვიჩია, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე და ქეთევან ჩაჩავა.

სახალხო დამცველის ასარჩევად 90 ხმაა საჭირო, რაც არცერთ საპარლამენტო პარტიას არ გააჩნია. "ქართულ ოცნებას" 83 ხმა აქვს მათგან გასული 9 წევრის [გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია, ზაალ მიქელაძე] ჩათვლით. ისინი ღიად აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებიათ. სახალხო დამცველის ასარჩევად უმრავლესობას ოპოზიციიდან დამატებით 7 ხმა სჭირდება.

ვინ ვის უჭერს მხარს?

საჯარო განცხადებებიდან ჩანს, რომ დეპუტატების ხმები შემდეგნაირად იყოფა:

  • ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ სამოქალაქო სექტორის წარდგენილ კანდიდატებს, ანა აბაშიძესა და გიორგი ბურჯანაძეს უჭერენ მხარს;
  • პარტია "საქართველოსთვის" მხარს უჭერს გიორგი ბურჯანაძეს;
  • "ლელოდან" მხარს უჭერენ, ასევე სამოქალაქო სექტორის წარდგენილ კანდიდატებს;
  • "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატები, მხარს უჭერენ ანა აბაშიძესა და გიორგი ბურჯანაძეს;
  • "ქართული ოცნება" 8 კანდიდატიდან გამორიცხავს, როგორც ანა აბაშიძისა და გიორგი ბურჯანაძის, ასევე "გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას მხარდაჭერას და ოპოზიციას სთავაზობს დარჩენილ 5 კანდიდატს. ისინი არ აკონკრეტებენ ამ ხუთიდან რომელია მათი ფავორიტი;
  • უცნობია, პარტია "მოქალაქეების" პოზიცია. მათ ყველა, 19-ვე კანდიდატი წარუდგინეს პარლამენტს;
  • "ევროპელი სოციალისტების" პოზიციაა, მხარი დაუჭირონ თინათინ ერქვანიასა და ლელა გაფრინდაშვილს. ისინი იმ 5 კანდიდატს შორის არიან, რომლებიც ქართულმა ოცნებამ შესთავაზა ოპოზიციას;
  • "გირჩი" მხარს უჭერს იაგო ხვიჩიას, კანდიდატს მათივე პარტიიდან.

რატომ არ მოსწონს "ოცნებას" ანა აბაშიძე და გიორგი ბურჯანაძე?

მმართველი პარტიის არგუმენტი, ორივე კანდიდატის წინააღმდეგ, მათი წარსული ქმედებები, თუ საჯარო განცხადებებია.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ანა აბაშიძესთან დაკავშირებით, საქმე ეხება ფეისბუკსტატუსს, რომელიც მისი აზრით, "ქართული ოცნების" ამომრჩეველს შეურაცხყოფდა. გიორგი ბურჯანაძის შემთხვევაში კი მის მონაწილეობას საპროტესტო აქციაში. სარჯველაძის თქმით, აქციის მოთხოვნა ხელისუფლების შეცვლა იყო, რის გამოც ბურჯანაძე ვერ ჩაითვლება მიუკერძოებლად.

"ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რაღაც აქტიური წვლილი შეიტანონ, ამისთვის, კრიტიკას კი არ იმსახურებენ, ვერ ჩაითვლებიან მიუკერძოებლად. ეს, დაახლოებით იგივეა, ლევან ხაბეიშვილზე ვთქვათ, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი კანდიდატი იქნებოდა. იმასაც აქვს დღის წესრიგი, ამასაც აქვს დღის წესრიგი", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

ჟურნალისტებთან საუბარში იგი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია საკუთარი განცხადების და "ულტიმატუმის" "მძევალი გახდა". "უნდათ, ხელისუფლება მოაქციონ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მას არჩევანის შესაძლებლობას არ დაუთმობენ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა ოპოზიციისგან მართული ადამიანის არჩევა სახალხო დამცველის თანამდებობაზე, არამედ დამოუკიდებელი კანდიდატის".

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ოცნებისთვის მისაღები კანდიდატები ე.წ. "გონგოებს", მთავრობის მიერ შექმნილ "არასამთავრობო" ორგანიზაციებს წარმოადგენენ, რომელთა მიზანი მთავრობის პოლიტიკის გატარება და ინტერესების დაცვაა.

"გირჩის გარდა, ყველა, ვინც ოპოზიციას უწოდებს თავის თავს, ამ კანდიდატებს [ანა აბაშიძეს, გიორგი ბურჯანაძეს] უნდა დაუჭიროს მხარი, წესით. “გონგო” უნდა გავიყვანოთ? ჩემთვის, ვინც ამ პროცესში ქართულ ოცნებას მიეხმარება, ოპოზიცია არ არის.

კონსულტაციებს არანაირი აზრი არ ჰქონდა. ამ პროცესში ქართულ ოცნებასთან შეყოლას აქვს ერთი მიზანი: გამოირიცხოს დამოუკიდებელი კანდიდატები და ქართული ოცნების "გონგოები" დარჩნენ კანდიდატებად".

რა ხდება, თუკი ომბუდსმენს ვერ აირჩევენ?

8 დეკემბერს უკვე ყოფილ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მას შემდეგ მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს. ასე გაგრძელდება ახალი ომბუდსმენის არჩევამდე.

22-23 დეკემბერს პარლამენტში რიგგარეშე სესიაა დანიშნული, სადაც კენჭი უნდა ეყარათ ახალი ომბუდსმენისთვის. სესიის გამართვამდე ერთი დღით ადრე, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ოპოზიციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და პარლამენტი ამ ეტაპზე ვერ შეძლებს სახალხო დამცველის არჩევას.

მისივე თქმით, 22 დეკემბრის სესიაზე მხოლოდ ფორმალური კენჭისყრა ჩატარდება, სადაც უმრავლესობა არავის არ დაუჭერს მხარს.

გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ, საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ“, - თქვა მდინარაძემ.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG