„სახლში აკანკალებული დავბრუნდი. მერჩივნა გაზი მეყლაპა და წყლის ჭავლს წავექციე, ვიდრე ეს მესმინა”, - გვითხრა მოგვიანებით აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თათა ხუნდაძემ.
სხვა დემონსტრანტებმაც იგივე გვითხრეს, მათი დაკვირვებით პოლიციამ დემონსტრანტებთან ურთიერთობის ფორმები ბოლო თვეებში შეცვალა - მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა სრულად დაიფარეს სახეები ნიღბებით, თამამად ალაპარაკდნენ: ისინი აღარ დგანან ძველებურად მდუმარედ და არ ერიდებიან პასუხის გაცემას. მათ შორის, არც მომიტინგეების შეძახილებზე.
პასუხი - ხან უხამსი გინებაა, ხან პროპაგანდისტული შინაარსის გასაუბრება.
განსაკუთრებით თვალშისაცემი ეს 2 თებერვალს იყო.
„ასლარიანებო, ყველას დაგ...ნავთ”
ქალები 2 თებერვლის აქციაზე პოლიციის სამიზნეებად იქცნენ.
ეს ჩანდა პირდაპირ ჩართვებშიც და გვიამბეს ჩვენც, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, ჯერ თბილისის გასასვლელში და შემდგომ პარლამენტამდე ხანგრძლივი მსვლელობისას, ნიღბიანებისგან უწყვეტად ესმოდათ სექსისტური, ძალადობის შემცველი, სალანძღავი ფრაზები.
თათა ხუნდაძე მსვლელობას პოლიტიკოს ელენე ხოშტარიასთან ერთად მიუყვებოდა და ეს შეძახილები ესმოდა:
ასლარიანო ელენას მონა! რუბლი მოვიდა, ელენე! რამდენს გიხდიან, ალბათ, კარგად ჭამთ, ასე მსუქნები რომ ხართ! „დაგ…ნავთ ყველას”
„ვცდილობდი, რომ ჩუმად ვყოფილიყავი, რომ უარესი არ ექნათ. მთელი გზა ჩვენთან ერთად იარეს და უბრალოდ, რაც მათ პირიდან ამოსდიოდათ, ქუჩის ბირჟაზეც არ მსმენია”.
ერთი პოლიციელი - „კრიკუნი”, როგორც მას თათა არქმევს, რაღაცას დაიძახებდა ხოლმე, დანარჩენები კი ხარხარით აჰყვებოდნენ.
„პოსტივის” მთელი რუბრიკა ჰქონდათ დაზეპირებული. ჩვენს გვერდით ქალმა უთხრა, არ გრცხვენიათ, რეებს კადრულობთო. პოლიციელმა მიუგო: „ენა ჩაიგდე, შე ბებერო მუ…ლოო”, - გვიყვება თათა ხუნდაძე.
აქციის მონაწილე ერთმა დედა-შვილმა სასამართლოსთან შეისვენა და იქვე კრუასანით წაიხემსა. უცებ საიდანღაც ნიღბიანმა პოლიციელმა მიაძახა:
„აბა, რამხელაზე გააღებ პირს?“, „ერთად რამდენს იდებ?”, „ბევრი გეტევათ?“.
აქციის მონაწილე კიდევ ერთი ქალი, სალომე კამლაძე იხსენებს, რომ გინების გარდა არც ფიზიკურ შეურაცხყოფას ერიდებოდნენ - პოლიციას ორი სიტყვა უთხრა - არ გრცხვენიათო? და პასუხად მისგან სახეში მუშტი მიიღო. ტუჩიდან სისხლი წასკდა.
„ის არაადამიანი კი მეუბნება, რომ მოგტ…ავ მუ…. იქიდანაც მასე წამოგივა სისხლიო”.
„მეგონა, ადგომაში მეხმარებოდა”
თეონა ბექიშვილი აქციაზე პოლიციელებმა წააქციეს.
ზუსტად იმ დროს, როცა აქციაზე გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) გამოჩნდა, ჩოჩქოლი და გინება ატყდა.
„პოლიცია ჩემს უკან ვიღაცის დასაჭერად გაიწია და ამ დროს გადამთელეს”.
თეონას რამდენიმე პოლიციელმა გადაუარა. ცოტა ხანს ძირს ეგდო - მხოლოდ მათ ფეხებს ხედავდა და ერთმანეთში აზელილი პოლიციელების სილუეტებს. მერე, რაღაც მომენტში ერთმა პოლიციელმა ხელი გაუწოდა - თითქოს დასახმარებლად.
„მეც, რატომღაც, დავიჯერე, რომ ადგომაში მეხმარებოდა და ხელი შევაგებე”.
სინამდვილეში, თურმე უნდა დაეჭირათ. თეონა ხალხმა გამოგლიჯა პოლიციელს ხელიდან. გადაეფარნენ და იმ დღეს ასე გადარჩა. ვიდეოკადრებში, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ჩანს, როგორ ეფარებიან მას აქციის მონაწილეები.
იმ დღეს, ბევრი გადაურჩა დაჭერას ზუსტად იმიტომ, რომ ხალხი დასაჭერად მიზანში ამოღებულ ადამიანებს პოლიციას ხელიდან სტაცებდა. თუმცა 2 თებერვლის აქციაზე 31 ადამიანი მაინც დააკავეს. მათი ნაწილი - სისხლის სამართლის ბრალდებით.
თეონა დაჟეჟილი სხეულით დაბრუნდა სახლში. ისიც იხსენებს, რომ მერეც, მსვლელობისას, დაძაბულობა არ განმუხტულა - ნიღაბაფარებული პოლიციის გვერდიგვერდ მიდიოდნენ, ისინი კი მთელი ამ ხნის განმავლობაში შეურაცხყოფდნენ და დასცინოდნენ განურჩევლად ყველას.
ეკა სხილაძეს, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილეს და ადამიანის უფლებების ექსპერტს არაერთხელ ჩაუტარებია პოლიციისთვის ტრენინგი ქალთა მიმართ ძალადობაზე. მაშინ, როცა პოლიცია ვალდებულია აღკვეთდეს გენდერის ნიშნით ძალადობას, თვითონ არის ასეთი ძალადობის წყარო:
„ვხედავთ სექსუალური შევიწროების, სექსიზმის და ძალადობის მუქარის არაერთ შემთხვევას. ამით, საფრთხე ექმნება არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს, არამედ ყველას, ვისაც სამართალდამცველთა დახმარება სჭირდება, მაგრამ ამ ამბების გამო თავს შეიკავებს მიმართვისგან. ძალადობის პრობლემა არსად გამქრალა, მაგრამ გაქრა ნდობა პოლიციისადმი, რაც მომავალში გაზრდის ძალადობის შემთხვევებს და ამ ძალადობის უფრო სასტიკი ფორმებით გამოვლენას”.
„ოთხი საათი ვეძებდით” - ბავშვებსაც იჭერდნენ
16 წლის ნიკოლოზ გველუკაშვილი 2 თებერვლის აქციაზე დაკავებული ერთადერთი არასრულწლოვანია, რომელიც დაიჭირეს და გაძარცვეს - წაართვეს ფული, 620 ლარი, მობილური ტელეფონი, საფულე - ბარათებით, დამტენი და ერთი ხელთათმანი… უკან არაფერი დაუბრუნებიათ.
ნიკოლოზს თავისი და, სალომე ნატროშვილი და ოჯახის სხვა წევრები ოთხი საათის განმავლობაში ეძებდნენ.
სალომე გვიყვება, რომ და-ძმა შეხვედრას გეგმავდა „თბილისი მოლთან“, აქციაზე, მაგრამ ადგილზე მისულმა ნიკოლოზი ვერ იპოვა. ის აღარც ტელეფონზე პასუხობდა.
„ჰყვება, რომ გდდ-ს თანამშრომლები სასტიკად მოექცნენ, სცემეს, ყველგან მირტყამდნენო, ფეხებზე, სახეზე, აგინებდნენ. როცა ჭყლეტა დაიწყო, ცდილობდა პოლიციისგან ერთ-ერთი დაკავებულის გამოტაცებას და ესეც იმ დროს დაიჭირეს ადმინისტრაციული წესით”.
თავად ნიკოლოზი კი გვიყვება, რომ ჭყლეტისას დააკავეს, როცა მიხვდნენ, რომ ბავშვი იყო, სახეში რტყმას მოერიდნენ, თუმცა სხეულზე ურტყამდნენ და თან ეუბნებოდნენ, რა გინდა აქ, 16 წლის ხარ, ათასჯერ შეიცვლი აზრსო.
„თავ-პირს დაგიმტვრევ“ - სიტყვის მასალა თუ ნებადართული ძალადობა?
ნიღბიანი პოლიციელებისათვის დიდი ხანია არც ჟურნალისტები არიან ხელშეუხებლები - რადიო თავისუფლების რეპორტიორს, რომელიც ამავე დღეს, პირდაპირ ჩართვას უძღვებოდა სახედაფარულმა პოლიციელმა ჯერ კამერის გაწევა უბრძანა, შემდეგ კი დაემუქრა, რომ თუ ასე არ მოიქცეოდა, „თავ-პირს დაამტვრევდა“.
ერთ-ერთი სახედაფარული პოლიციელი, ამავე რეპორტიორს ღიად ელაპარაკებოდა იმაზე, თუ „რა უსამართლოდ ექცევა ევროკავშირი საქართველოს”:
დეკემბრის აქციების დროს გადაღებული ეს ვიდეოც იმაზე მიუთითებს, რომ პოლიცია უცვლელად იმეორებს "ქართული ოცნების" ხელისუფლების მესიჯებს.
რა ჩანს, როცა პოლიციას ვუყურებთ?
2024 წლის მაისში გადაღებულ ამ ვიდეოს, რომელიც არის იმაზე, როგორ და რას ელაპარაკება სპეცრაზმი - ხალხს, სათაურად „სპეცრაზმის ნებადართული ძალადობა“ დავარქვით და მაშინ, პოლიციის ქცევის შეფასება ლონდა თოლორაიას ვთხოვეთ.
ლონდა თოლორაია, „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი 2019 წლამდე.
თითქმის ცხრა თვის შემდეგ, ლონდა თოლორაიას ისევ ვთხოვეთ აეხსნა, რას ნიშნავს, როდესაც თმენის ვალდებულების მქონე პოლიცია, ეპასუხება აქციის მონაწილეებს, თავს აძლევს სხვების - და განსაკუთრებით ქალების - ღიად ლანძღვის და დამცირების უფლებას, ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის მესიჯებს.
პოლიციის ცვლილება მისთვისაც თვალშისაცემია.
თუმცა, როგორც ლონდა თოლორაია გვეუბნება, თუ დღემდე, ძალის გადამეტება და არასათანადო მოპყრობა შედარებით დაფარული იყო და ცდილობდნენ ეს მომხდარიყო პოლიციის კორდონს მიღმა, დღეს იგივე ხდება ღიად - კამერების, მოწმეების, ჟურნალისტების დასანახად და ეს არ არის შემთხვევითი:
„ეს იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად დავინახოთ. ამ დემონსტრაციული ძალადობის მიზანი საპროტესტო ტალღის შესუსტება და შეჩერებაა. ნიღბის ქვეშ, ეს პოლიციელები თამამები არიან ქცევაშიც და მეტყველებაშიც. ამას ისინი ვერასოდეს გაბედავდნენ უნიღბოდ - თუ დასჯის შიში არ ექნებოდათ, საზოგადოებისგან გაკიცხვის შიში მაინც შეაჩერებდათ. ეს ნიღაბი მათი დაუსჯელობის გარანტიაა დღესაც და მომავალშიც“, - ამბობს ლონდა თოლორაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
პოლიციის ქცევა, 2 თებერვალსაც და მანამდეც, „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელის აზრით, არ არის მათი თვითშემოქმედება. შსს-ს ძალიან იერარქიულ სისტემაში პოლიციელები ნებართვის გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ამიტომ მათი ნათქვამიც და მათი ნამოქმედარიც, დიდი ალბათობით, ნებადართული და ზემდგომ პირებთან შეთანხმებულია.
„ეს რომ ასე არ იყოს, მყისიერად აღკვეთავდნენ. ჩვენ კი ვხედავთ, რომ თვეებია ასე იქცევიან“.
ამიტომ ფიქრობს ლონდა თოლორაია, რომ შესაძლოა, მათ აქვთ არა პირდაპირ გინების, არამედ აქციის მონაწილეების გამოწვევის, მათი პროვოცირების ბრძანება, რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაჭერად - როგორ მოახერხებენ ამას, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია.
პოლიტიკურ მესიჯებს რაც შეეხება, მათი შინაარსი, ჩვენი რესპონდენტის ვარაუდით, ჯერ მმართველ პარტიაში იხარშება, შემდეგ პოლიციის პირველ პირებს ეგზავნება და მერე ვერტიკალის ქვემო ნაწილში იშლება.
შიდა პროპაგანდა კარგად მუშაობს: ამ პროპაგანდის ნაწილია, მაგალითად, აქციების ისეთი სახის ჩვენებაც, რაც პოლიციას აღიზიანებს - „ნახეთ, როგორ გაგინებენ, როგორ გესვრიან ქვებს”.
მაგრამ რატომ იყო ასეთი აშკარა და ღიად გამოხატული ზიზღი და შეურაცხყოფა 2 თებერვალს? იმიტომ, რომ პროტესტის მასშტაბი და ფორმა შეიცვალა. სისტემა კი დაღლილია, ამბობს ლონდა თოლორაია, დაღლილ სისტემას ეს ცვლილება არ მოსწონს და ფიქრობს:
„აჰაა, ესე იგი, ესენი კი არ ჩერდებიან, სხვა, ახალ ბრძოლას იწყებენ”, - ამის აღმოჩენა კი მათ უარესად აბრაზებს.
რადიო თავისუფლებასთან ვიდეოინტერვიუში ხატია დეკანოიძე გვიზიარებს თავის დაკვირვებას, როგორ იცვლებოდა საქართველოს პოლიცია წლების განმავლობაში და ამბობს, რომ პოლიციის მიმართ სამართლიანი კრიტიკა წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა, როცა ის თავად ხელმძღვანელობდა პოლიციის აკადემიას, თუმცა მთავარი ფორმულა, რომელიც, მისი აზრით, "კლეპტოკრატიულმა ოლიგარქიამ" შეიმუშავა, ეს არის საპოლიციო სისტემა, რომელიც საკუთარ თანამშრომლებს არასოდეს სჯის. მაგრამ უარესი, რაც სისტემის ცვლილებას მოჰყვა, არის სრული დაუცველობა, რომელიც მოქალაქეს პოლიციასთან შეხებისას ეუფლება.
ხატია დეკანოიძე - 2007-2012 წლებში პოლიციის აკადემიის რექტორი, 2015-2017 წლებში უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი.
პოლიციის ქცევასა და ზოგადად, მათი მუშაობის ცვლილებებზე საუბარს ხატია დეკანოიძე 2013 წლიდან იწყება და ამბობს, რომ ის, სწორედ ამ დროიდან, ნელ-ნელა ემორჩილებოდა კრიმინალური სუბკულტურის დღის წესრიგს და ეს, განსაკუთრებით შესამჩნევი არჩევნების დღეებშია ხოლმე.
„შემდეგ ნელ-ნელა შემოდის სისასტიკე მათ მოქმედებაში და ძალიან სერიოზული პოლიტიკური შემადგენლის შემოტანა პოლიციაში. „რუსული კანონის“ შემდეგ კი პოლიცია ღიად უპირისპირდება მოქალაქეებს, როგორც მტრებს“.
ხელისუფლებას სჭირდება პოლიცია, როგორც საყრდენი, თუმცა მანამდე, როგორც ხატია დეკანოიძე შენიშნავს, „ის რეჟიმის თანამოაზრეც უნდა იყოს“.
პროპაგანდისტული მანქანა აქაც მუშაობს:
„მე როგორც ვიცი, მათ აქვთ სპეციალური ჩატები, სადაც ვარდება ყველა საჭირო მესიჯი. მათ შორის, მაგალითად ის, თუ როგორ უსწორდება პოლიცია დემონსტრანტებს რომელიმე ევროპულ ქვეყანაში და შემდგომ, ამ ვიდეოებს ისინი არგუმენტებად იყენებენ - ეს სცენა პირდაპირ ეთერში ვნახეთ კიდეც რესტორან „ბაბილოსთან“ გამართულ აქციაზე, როცა ერთ-ერთი პოლიციელი აქციის მონაწილეს აჩვენებდა, ნახეთ ერთი, გერმანიაში როგორ არბევენო... ყველა ქვეყანაში შეიძლება პოლიციამ ძალას გადააჭარბოს, მაგრამ განსხვავება ის არის, და რასაც აქ აღარ ამბობენ, რომ ასეთ დროს სისტემა რეაგირებს - ასეთი პოლიციელები დემოკრატიულ ქვეყნებში ამისთვის ისჯებიან. ჩვენთან კი აბსოლუტური დაუსჯელობის სინდრომია“, - ამბობს ხატია დეკანოიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
კიდევ რამდენიმე დეტალი, რაც, ხატია დეკანოიძის შეფასებით, პოლიციის ცვლილებაზე მეტყველებს:
- ადრე პოლიციელები არასდროს აგინებდნენ ამერიკას და დასავლეთს.
- არ აძლევდნენ თავს უფლებას, ქალების მიმართ გამოეყენებინათ უხამსი ლექსიკა.
- არ ახმოვანებდნენ ხელისუფლების პროპაგანდისტულ მესიჯებს.
ახლა, პოლიტიკოსის თქმით, ყველაფერი შეცვლილია.
30 იანვარს, კოლეგიის მიერ "ქართული ოცნების" ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა, პოლიციის მაღალჩინოსნები, რომელთა უმრავლესობას დასავლეთში სანქციები აქვს დაწესებული, დააჯილდოვა "კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის". ხოლო 4 თებერვალს, პარლამენტში, დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პოლიციას მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ქვეყანაში წესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.
არცერთი დასჯილი პოლიციელი
„როცა პასუხისმგებლობა, ასეთი ძალადობის დროს, არავის ეკისრება, ეს მხოლოდ ავტორიტარულ რეჟიმს ახასიათებს“, - გვითხრა ლონდა თოლორაიამ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მხოლოდ ის გვესმის, რომ „გამოძიება დაწყებულია”.
მათ შორის, 2 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხეივანზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებითაც.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) არის დაწყებული.
ირწმუნებიან, რომ „გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება”.
თუმცა ფაქტია, რომ ამ დრომდე არავის უნახავს დასჯილი პოლიციელი.
"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე პოლიციის მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობის გამო გამოთქმულ კრიტიკას არ იზიარებენ, 3 თებერვალს კი "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ისიც კი თქვა, "როგორც კი ქართველი პოლიციელის მიერ ძალის გამოყენება გადასცდება ევროპელი პოლიციელის ძალის გამოყენების რაღაც ზღვრებს, პირველები ვიქნებით, ვინც ამაზე ვუსაყვედურებთ ქართულ პოლიციასო".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ აქციებზე ასზე მეტი პოლიციელიც დაშავდა. რადიო თავისუფლებამ შსს-გან ითხოვა ინტერვიუ იმ პოლიციელებთან, თუმცა ამ თხოვნაზე უარი მივიღეთ.
შსს-ს ჩვენ ასევე ვთხოვეთ კომენტარი კონკრეტულად 2 თებერვალს, პოლიციელების მხრიდან, განსაკუთრებით ქალების მიმართ გამოყენებულ უხამს ლექსიკაზე, ასევე იმაზე, აქვთ თუ არა მათ პროტოკოლით მოქალაქეებთან აქციაზე ინტერაქციის უფლება ან რა არეგულირებს მათ ქცევას ასეთ დროს. შსს-ს პასუხი მიღებისთანავე აისახება სტატიაში.