ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ის არჩევნების შედეგებზე
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მაო ნინი აშშ-ის არჩევნების შედეგებს ეხმაურება.
„ჩინეთის პოლიტიკა შეერთებული შტატების მიმართ მწყობრია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპების გათვალისწინებით“, - აცხადებს იგი.
ეს პირველი კომენტარი ჩინეთის ოფიციალური პირებისაგან.
პრეზიდენტ სი ძინპინს ჯერ კვლავ არ გაუკეთებია კომენტარი.
„ოცნებაც“ და ოპოზიციაც ტრამპის პრეზიდენტობაზე ამყარებენ იმედებს
„ქართული ოცნებაც“ და ოპოზიციური პარტიებიც თვლიან, რომ დონალდ ტრამპის ხელახალი პრეზიდენტობა მათ თავიანთი პოლიტიკური მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პლატფორმა X-ზე მიულოცა დონალდ ტრამპს გამარჯვება და იმედი გამოთქვა, რომ მისი ლიდერობა „უზრუნველჰყოფს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვას“.
ოდესღაც ახლო მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები ბოლო პერიოდში ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აშშ-ის საელჩოს ბრალს სდებს 2020-23 წლებში „ორი რევოლუციის მცდელობის“ მხარდაჭერაში და ავრცელებს შეთქმულების თეორიას „გლობალური ომის პარტიაზე“, რომელიც ვაშინგტონსა და ბრიუსელს აკონტროლებს.
შეერთებულმა შტატებმა, იმის საპასუხოდ, რასაც დემოკრატიულ უკანდახევად აღიქვამს, დაუწესა ფინანსური სანქციები საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ორ თანამდებობის პირს და სავიზო შეზღუდვები დაუწესა „კლანის წევრებად“ მიჩნეულ რამდენიმე მოსამართლეს, ასევე, 60-ზე მეტ ადამიანს ხელისუფლებაში, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით კვლავ უცნობია.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, გაყალბდა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს შედეგები თავისუფლად და სამართლიანად არ მიუჩნევიათ.
პრემიერის მილოცვის შემდეგ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ტრამპის კამპანია „მთლიანად აგებული იყო მშვიდობის, კეთილდღეობის, ეკონომიკური წინსვლის, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების ნარატივზე“.
„ტრამპი ღიად აცხადებდა, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია“, - თქვა მდინარაძემ და დასძინა,: „თურმე ტრადიციებსა და ფასეულობებზე მხოლოდ 4 მილიონიან ქვეყანაში კი არ საუბრობენ, არამედ ამ ნარატივის გამო - რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, აშშ-ს მოსახლეობა მხარს უფრო მეტად იმ ლიდერს უჭერს, ვინც ამ კამპანიას მიჰყვება“.
ამავდროულად, ოპოზიციური პარტიები, - რომლებიც არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქციებს ატარებენ, - იმედოვნებენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ-ს გამკაცრებული პოლიტიკა ექნება საქართველოს მთავრობის მიმართ.
„ქართველი ხალხის მხარდაჭერა შეერთებული შტატებისგან მხოლოდ გაძლიერდება“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ.
თინა ბოკუჩავამ, ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებას არ მიესალმება აშშ-ს არც ერთი ადმინისტრაცია, იქნება ეს ბაიდენი, ტრამპი თუ სხვა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც ტრამპს გამარჯვება მიულოცა, X-ზე დაწერა:
„ძლიერი შეერთებული შტატები - ჩვენი 33 წლის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი - ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა და დაიცვას ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა“.
რას უნდა ველოდეთ ტრამპ 2.0-ისგან?
- ავტორი: მაიკლ სკოლონი
საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა დიდი დაპირებები გასცა იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში.
„თქვენი მხარდაჭერით ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენი ერის ძალას, დომინაციას, კეთილდღეობასა და სიამაყეს“, - თქვა ტრამპმა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. „ეს იქნება ამერიკის ახალი ოქროს ხანა“.
ახლა, როდესაც ტრამპი მეორე ვადითაა არჩეული, რას უნდა ველოდეთ მისი მომავალი ადმინისტრაციისგან?
ამ კითხვაზე პასუხი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვის ვეკითხებით. ტრამპის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის ამერიკას დიდებას დაუბრუნებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მისი მოწინააღმდეგეები კი გვაფრთხილებენ, რომ ტრამპი ძირს გამოუთხრის დემოკრატიას ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ვრცლად:
ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 270-ზე მეტი ხმა მიიღო და პრეზიდენტი გახდა
უკვე ოფიციალურად: რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად აირჩიეს.
ტრამპმა კენჭისყრაში დაამარცხა დემოკრატების კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
ვისკონსინის შტატში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ტრამპმა მოაგროვა საარჩევნო კოლეგიის 270 ხმაზე მეტი.
პრეზიდენტობის მოსაპოვებლად 270 ხმა არის საჭირო.
პარალელურად, რესპუბლიკურმა პარტიამ დაიბრუნა უმრავლესობა სენატში, - დასავლეთ ვირჯინიის და ოჰაიოს შტატებიდან მოპოვებული ადგილების შედეგად.
ფორუმი