რას შეიძლება ტრამპის გამარჯვება ნიშნავდეს ჩინეთისათვის
- ავტორი: რიდ სტანდიში
რთული სათქმელია, ჰყავდა თუ არა პეკინს სასურველი კანდიდატი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
თუმცა იმის თქმა კი შეიძლება, რომ დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის პერსპექტივა რამდენიმე აშკარა გამოწვევას უქმნის ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს.
ჩინეთისთვის ტრამპი გამოუცნობი ცვლადია - არაპროგნოზირებადი ლიდერი.
2016-20 წლებში ტრამპის პრეზიდენტობას თან ახლდა სავაჭრო ომი აშშ-ჩინეთს შორის, - ტრამპმა დააწესა ტარიფები ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე და წამოიწყო გლობალური კამპანია ჩინეთის სატელეკომუნიკაციო გიგანტის, Huawei-ს წინააღმდეგ.
წლევანდელ საარჩევნო კამპანიაში ტრამპი ჩინეთს ემუქრებოდა 60-პროცენტიანი ტარიფებით ყველა ტიპის საქონელზე და ღიად ამბობდა, რომ კიდევ ერთი სავაჭრო ომის სურვილი აქვს.
ამის გათვალისწინებით, ტრამპის ხელახალი გაპრეზიდენტება არ არის კარგი ამბავი პეკინისათვის - განსაკუთრებით მოკლევადიან პერსპექტივაში - თან იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთს ამჟამად ისედაც შენელებულ ეკონომიკასთან ბრძოლა უწევს.
ჩინეთის ოფიციალური პირები ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან 5 ნოემბრის არჩევნების შედეგებს.
და თუ ჩინეთისთვის რაიმე დადებითი შეიძლება იყოს ტრამპის გამარჯვებაში, მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში.
ჩინელი ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ ხოლმე ტრამპის წინააღმდეგობრივ ბუნებას ამერიკის საშინაო პოლიტიკაში; ასევე, მის საგარეო პოლიტიკის დოქტრინას, რომლისთვისაც „ამერიკაა პირველ რიგში“, და ამას განიხილავენ, როგორც უპირატესობას პეკინისთვის, - იმ ფონზე, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობს, გლობალურ ასპარეზზე „ჩააჩოჩოს“ ვაშინგტონი და შეასუსტოს მისი ტრადიციული ალიანსები ამა თუ იმ რეგიონში.
ისეთ საკითხებზე, როგორიც არის უკრაინა, - სადაც ტრამპი ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების ინიციატივით გამოდის, - ან ტაივანი, - სადაც ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ კუნძულუვანი სახელმწიფო საკმარის ფულს არ უხდის ვაშინგტონს სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, - ჩინეთმა, შესაძლოა, გარკვეული სარგებელი მიიღოს ტრამპის ნაკლებად ტრადიციული მიდგომებით.
და, მართალია, ამან შეიძლება შექმნას ახალი შესაძლებლობები პეკინისათვის, მეორე მხრივ, შესაძლოა, გაააქტიუროს შეერთებული შტატები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და ახალი თავის ტკივილი გაუჩინოს პეკინს.
ფაშინიანი: მოუთმენლად ველი ტრამპთან მუშაობას სომხეთი-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე
ტრამპს გამარჯვებას ულოცავს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც
„გულითადად ვულოცავ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის არჩევნებში შთამბეჭდავად გამარჯვებას“, - აცხადებს ფაშინიანი.
„ბატონო არჩეულო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას სომხეთი-აშში-ის სტრატეგიული ორმხრივი ურთიერთობების დასამყარებლად ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრიორიტეტებსა და ინტერესებზე დაყრდნობით“, - წერს იგი X-ზე.
დანიგანი: აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები ნებისმიერ პოლიტიკურ ცვლილებებს გაუძლებს
საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ სჯერა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობაზე გავლენა არ ექნება.
„ნამდვილად მჯერა, რაც უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოს ხალხს და აშშ-ის ხალხს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენს კომპანიებს, ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ყველა ეს ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს რომელიმე ქვეყანაში“, - თქვა დანიგანმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ მიღებაზე.
მისი სიტყვებით, ეს ჰგვრის სიამაყეს, წარმოადგენდეს აშშ-ს საქართველოში.
მისი თქმით, სწამს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუძლებს პოლიტიკურ ცვლილებებსა თუ პოლიტიკურ განწყობებს.
ტრამპი: რობერტ კენედი გამოაჯანმრთელებს ამერიკას
დონალდ ტრამპი, - რომელსაც მსოფლიო ლიდერები უკვე ულოცავენ საპრეზიდენტო არჩევნებშ გამარჯვებას, - აცხადებს, რომ რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი (RKF) „გამოაჯანმრთელებს ამერიკას“.
ამერიკული მედიის ცნობით, 6 ნოემბრის დილას ნათქვამი ამ ფრაზით ტრამპმა მიანიშნა, რომ მის ახალ ადმინისტრაციაში კენედის ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებული როლი ექნება.
კენედი ანტივაქსერული პოზიციებით არის ცნობილი, რის გამოც მას ჯანდაცვის სპეციალისტები ხშირად საყვედურობენ.
რობერტ კენედი თავადაც იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა ბრძოლას აგვისტოში გამოეთიშა და ტრამპს დაუჭირა მხარი.
იგი კენედების ოჯახის წარმომადგენელია. მამა, რობერტ კენედი უფროსი სენატორი და გენერალური პროკურორი იყო, - 1968 წელს იგი მოკლეს. ბიძა, ჯონ კენედი კი იყო პრეზიდენტი, რომელიც 1963 წელს მოკლეს.
ტრამპის საარჩევნო დაპირებებს შორის ერთ-ერთი ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ არსებული დოკუმენტაციას „განსაიდუმლოება“ იყო.
ფორუმი