ტრამპი: რობერტ კენედი გამოაჯანმრთელებს ამერიკას
დონალდ ტრამპი, - რომელსაც მსოფლიო ლიდერები უკვე ულოცავენ საპრეზიდენტო არჩევნებშ გამარჯვებას, - აცხადებს, რომ რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი (RKF) „გამოაჯანმრთელებს ამერიკას“.
ამერიკული მედიის ცნობით, 6 ნოემბრის დილას ნათქვამი ამ ფრაზით ტრამპმა მიანიშნა, რომ მის ახალ ადმინისტრაციაში კენედის ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებული როლი ექნება.
კენედი ანტივაქსერული პოზიციებით არის ცნობილი, რის გამოც მას ჯანდაცვის სპეციალისტები ხშირად საყვედურობენ.
რობერტ კენედი თავადაც იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა ბრძოლას აგვისტოში გამოეთიშა და ტრამპს დაუჭირა მხარი.
იგი კენედების ოჯახის წარმომადგენელია. მამა, რობერტ კენედი უფროსი სენატორი და გენერალური პროკურორი იყო, - 1968 წელს იგი მოკლეს. ბიძა, ჯონ კენედი კი იყო პრეზიდენტი, რომელიც 1963 წელს მოკლეს.
ტრამპის საარჩევნო დაპირებებს შორის ერთ-ერთი ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ არსებული დოკუმენტაციას „განსაიდუმლოება“ იყო.
ველი ტრამპთან თანამშრომლობას ძლიერი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგისათის - ევროკომისიის პრეზიდენტი
ტრამპს გამარჯვებას ულოცავს ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენიც.
„მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ტრამპთან თანამშრომლობას ძლიერი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის განვითარებისათვის“, - აცხადებს იგი.
„ევროკავშირი და შეერთებული შტატები უფრო მეტნი არიან, ვიდრე უბრალოდ მოკავშირეები. ჩვენ გვაკავშირებს ჩვენი ხალხის ნამდვილი პარტნიორობა, რაც აერთიანებს 800 მილიონ მოქალაქეს. ეს კავშირი ღრმაა, ფესვგადგმულია ჩვენს საერთო ისტორიაში, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებასა და უსაფრთხოებისა და შესაძლებლობების საერთო მიზნებში“, - აცხადებს ფონ დერ ლაიენი.
„მოდით, ერთად ვიმუშაოთ ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაზე, რომელიც გააგრძელებს ჩვენი მოქალაქეებისთვის შედეგის მოტანას. მილიონობით სამუშაო ადგილი და მილიარდობით ინვესტიცია ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს დამოკიდებულია ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების დინამიურობასა და სტაბილურობაზე“, - წერია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.
ახლახანს მივულოცე ტრამპს გამარჯვება - ნატოს გენერალური მდივანი
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას ეხმაურება.
„ახლახანს მივულოცე დონალდ ტრამპს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა. მისი ხელმძღვანელობა კვლავ იქნება ჩვენი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების გასაღები. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას, რათა გავაძლიეროთ მშვიდობა ნატო-ს მეშვეობით“, - წერს იგი X-ზე.
სააკაშვილი აშშ-ის არჩევნებს ეხმაურება 2012 წელს ტრამპთან ერთად ჩაწერილი ვიდეოთი
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპის მოსალოდნელ გამარჯვებას ეხმაურება ვიდეოთი, სადაც ის ტრამპთან ერთად იმყოფება.
„ტრამპის ყოფნა საქართველოში არის ნიშანი საქართველოს შეუქცევადი წარმატებისა“ - ამბობს სააკაშვილი ვიდეოში, რომელიც 2012 წლით თარიღდება.
დონალდ ტრამპი 2012 წლის აპრილში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, სტუმრობდა საქართველოს.
ქვეყნის მაშინდელმა ლიდერმა სტუმარი თავის რეზიდენციაში მიიღო და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
22 აპრილს სააკაშვილი და ტრამპი ერთად გაემგზავრნენ ბათუმში და მონაწილეობა მიიღეს „ტრამპ ტაუერის“ პროექტის პრეზენტაციაში.
საბოლოოდ, პროექტი არ განხორციელებულა.
ფორუმი