დიმიტრი შაშკინი ბოლნისში ცეცხლსასროლი იარაღით შენიშნეს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და საარჩევნო სიის 38-ე ნომერი, დიმიტრი შაშკინი დღეს, 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს , ბოლნისში იარაღით შენიშნეს. მისი ფოტო, სადაც ჩანს რომ იარაღი თან აქვს სოციალური ქსელებითა და მედიასაშუალებებით გავრცელდა.
"მე, როგორც ყოფილ თავდაცვის მინისტრს მაქვს იარაღის ტარების უფლება. ყოველთვის ვატარებ იარაღს. მე, როგორც კანდიდატს არ მაქვს უფლება შევიდე უბანზე, აქედან გამომდინარე არ მაქვს მე არც საშვი და არც აკრედიტაცია... ამომრჩევლის ნებაზე როგორ უნდა იმოქმედოს?.." - ამბობს შაშკინი.
დეპუტატობის კანდიდატი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მას არ სურდა იარაღის დემონსტრირება, თუმცა შემთხვევით იმის გამო გამოჩნდა, რომ ქურთუკი გაიხადა. ის ამბობს, რომ ვერ იხსენებს საარჩევნო უბანთან რამდენი მეტრის დაშორებით იყო ან რამდენი წუთი გადაადგილდებოდა ისე, რომ იარაღის ტარება შესამჩნევი გახდა.
დეპუტატობის კანდიდატის იარაღით გამოჩენა უარყოფითად შეაფასა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.
"მე ვფიქრობ, რომ არც მიზანშეწონილია და არც საჭიროა. არჩევნებზე იარაღით გადაადგილება, თუნდაც პარტიის ოფისთან არ არის კარგი ჟესტი. მით უფრო, როცა იმ უბანში არის დაძაბულობა. დარღვევების ყველაზე დიდი ნაწილი ქვემო ქართლზე მოდის", - თქვა სალაძემ.
პირი, რომელიც ჟურნალისტის მიმართ ფეხს იქნევს, იგინება.
ამომრჩევლის აქტივობა 15 საათისთვის 36, 45%-ია
ამომრჩევლის აქტივობა 15 საათისთვის 36,45 %-ია. რაოდენობრივად ეს 1 279947 ადამიანს შეადგენს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლშია და რიცხვებში ეს 33,9 %-ს უდრის.
ამ დრომდე ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ მე-19 ოლქშია, რომელიც რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს მოიცავს. ამომრჩევლის აქტივობა აქ 15 საათისთვის 49,5 %-ს უდრის.
საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.
საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.
საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.
რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრის შენობებში ხმების სანაცვლოდ ამომრჩევლებისთვის თანხების გადახდის ფაქტები არ დაფიქსირებულა.