ქალებს და გოგოებს ეკრძალებათ ნათესავი მამაკაცი თანხლების გარეშე გამოვიდნენ სახლიდან და იძულებული არიან იცხოვრონ თალიბანის მიერ დამკვიდრებული დრაკონული მორალური კანონებით.
ავღანელი ქალები, რომლებსაც ასეთი შეზღუდვების პირობებში უხდებათ ცხოვრება, ძალიან აღშფოთდნენ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა მათ ქვეყანაში ჩასული ამერიკელი პორნოვარსკვლავი ქალის, უიტნი რაითის, ფოტოები და ვიდეო.
"ჩემთვის, როგორც ავღანელი ქალისათვის, ეს საშინელებაა"
შავ ტანსაცმელსა და თავსაბურავში შემოსილმა რაითმა ფეისბუკში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც იგი ბანდი-ამირის ტბის მახლობლად, თოვლში მიაბიჯებს. ავღანეთის ბამიანის ცენტრალურ პროვინციაში მდებარე, მთებში ჩაძირული კრისტალურად ლურჯი ტბა და ნაციონალური პარკი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია მთელ ავღანეთში. მაგრამ 2023 წლის აგვისტოში თალიბანმა ავღანელ ქალებს აუკრძალა ამ ნაციონალური პარკში სეირნობა.
"ჩემთვის, როგორც ავღანელი ქალისათვის, ეს საშინელებაა", - უთხრა რადიო "აზადის" ბამიანის მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალმა.
მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის მმართველ თალიბანს არ უღიარებია ზრდასრულების ფილმების ვარსკვლავის ვიზიტის ფაქტი, თავად უიტნი რაითმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ავღანეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები.
"ეს საფუძველშივე ფარისევლურია", - განაცხადა ვაჟმა ტოხიმ, ავღანელი ქალების განათლებისა და უფლებებისათვის მებრძოლმა აქტივისტმა და დასძინა: "ავღანელი ქალები პატიმრობაში იმყოფებიან თავიანთ სამშობლოში, მაშინ როცა უცხოელი სტუმარი, წარმომავლობის მიუხედავად, სტუმართმოყვარეობით სარგებლობს".
ბოლო წლებში რაითმა უპირატესად მუსლიმანურ ქვეყნებში: ირანში, ერაყში, სირიასა და ლიბანში იმოგზაურა.
რადიო თავისუფლების ავღანურმა სამსახურმა, რადიო "აზადიმ", ვერ შეძლო კომენტარის მისაღებად თალიბანთან და რაითთან დაკავშირება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ვითარებაში აფრთხილებს ამერიკელებს, რომ "არავითარი მიზეზის გამო არ იმოგზაურონ ავღანეთში", ვინაიდან იქ "მოქმედებს მრავალი ტერორისტული დაჯგუფება, ხოლო აშშ-ის მოქალაქეები თავდასხმის და მძევლად აყვანის ობიექტები ხდებიან" .
რაითს, როგორც აშშ-ის მოქალაქეს, მოეთხოვებოდა ვიზის ქონა, მიუხედავად იმისა, რომ თალიბანის არაღიარებული ხელისუფლება არ აკონტროლებს ავღანეთის საელჩოსა და საკონსულოს აშშ-ში.
თალიბები ცდილობენ, რომ მიიზიდონ უცხოელი ტურისტები, რათა გაიუმჯობესონ საერთაშორისო იმიჯი და გარე სამყაროს აჩვენონ, რომ 2021 წლის აგვისტოდან, ხელისუფლებაში მათი დაბრუნების შემდეგ, მნიშვნელოვნად იკლო ძალადობამ.
ზოგიერთი ავღანელი ქალი ამტკიცებს, რომ თალიბები ამ მიზნისთვის, პირველ ყოვლისა, სწორედ ტურისტ ქალებს იყენებენ და მათ თავისუფლებას აძლევენ.
"ეს თავისუფლება მხოლოდ უცხოელებისთვის არის დაშვებული და არა ავღანელი ქალებისთვის, რომლებიც ელემენტარულ უფლებებსაც არიან მოკლებულნი", - უთხრა ნასიმა ბიდაგარმა, ავღანელი ქალების უფლებების დამცველმა აქტივისტმა, რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს.
"გენდერული აპარტეიდი" ავღანეთში
4 წლის წინ, ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ორგანიზაცია თალიბანმა სწრაფად აუკრძალა მოზარდ გოგოებს სკოლებში სიარული. 2022 წლის დეკემბერში კი უნივერსიტეტებისა და სხვა სასწავლებლების კარები დაუხურა ქალებს. ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ ქალებს აუკრძალა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საჯარო სექტორში მუშაობა.
თალიბანმა ავღანელ ქალებს მხოლოდ ქალებისთვის გამოყოლი პარკებშიც წაართვა სეირნობის უფლება.
გაეროს მაღალჩინოსნებმა და ავღანელმა აქტივისტმა ქალებმა, ავღანელი ქალების მიმართ თალიბანის მოპყრობას "გენდერული აპარტეიდი" უწოდეს."
2025 წლის იანვარში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა ქარიმ ხანმა მოითხოვა თალიბანის ლიდერის, ჰაიბათულა ახუნძადასა და ავღანეთის მთავარი მოსამართლე აბდულა ჰაკანის დაპატიმრების ორდერი ქალებისა და იმ ადამიანების დევნის გამო, რომლებიც არ შეესატყვისებიან თალიბანის მოლოდინს გენდერული იდენტობისა და მისი გამოხატვის სფეროში.
ფორუმი