Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალტ-ინფო" ნატა ფერაძეს ემუქრება, აქტივისტი საქართველოდან გაქცევას არ გეგმავს


აქცია აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან. 10 იანვარი, 2024 წელი.
აქცია აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან. 10 იანვარი, 2024 წელი.

პრორუსული რადიკალური ჯგუფის, "ალტ-ინფო" მუქარების ფონზე, აქტივისტი ნატა ფერაძე აცხადებს, რომ საქართველოს დატოვებას არ გეგმავს და არაფერს ნანობს. საღებავის შესხმის აქტი, მისი თქმით, არა რწმენის, არამედ - ტირანის [სტალინის] წინააღმდეგ იყო მიმართული.

აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელმაც, სამების საკათედრო ტაძარში, მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხა, სოციალურ ქსელში წერს, რომ, საფრთხის მიუხედავად, საქართველოს დატოვებას არ გეგმავს.

„გუშინდლიდან ვფიქრობ და რაც ზუსტად გადავწყვიტე, კატეგორიულად არ ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან გაქცევას, მით უმეტეს, არაფერი არასწორი არ გამიკეთებია და "შეურაჯღობა" არა რწმენას, არამედ ტირანს მივაყენე და არაერთი მორწმუნე მიხდის ამაზე მადლობას", - წერს აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის და არაფერს ნანობს.

ნატა ფერაძე დიდ მადლობას უხდის ყველას "ზრუნვისთვის და შეთავაზებებისთვის".

როგორც ნატა ფერაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, დაცვის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მის სახლთან - სამართალდამცველების მანქანა დგას.

„ხაზზე ვიყავი პოლიციელთან, გამომძიებელია - ნიკა. მაშინაც ის იყო გამომძიებელი, როცა ავტომანქანა შემიღებეს. ნიკას ვურეკავდი და რომ ვეკითხებოდი - დამიცავთ? მეუბნებოდა - დაგიცავთო, მაგრამ - რამდენი ხანი, ეს არ ვიცი... ახლა 24 საათის განმავლობაში დგას მანქანა და ჩემს სახლს დარაჯობს, მიუხედავად იმისა, რომ მე წამოვედი დროებით და არ ვარ სახლში. მეზობლები და ახლობლები მეუბნებიან, ვინც ნახა, რომ დგას ეს მანქანა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნატა ფერაძემ.

ფერაძე ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც მას, 10 იანვარს, სახლთან მიუცვივდნენ, "ყველაფერზე წამსვლელები არიან" და სახლში მისვლის გარდა, დროებით, ქუჩაში თავისუფლად გადაადგილებასაც არიდებს თავს. "არ ვთვლი საჭიროდ, რომ შევეწირო მათ", - გვეუბნება აქტივისტი.

იცავს თუ არა და რა რეჟიმში იცავს პოლიცია ნატა ფერაძეს? - რადიო თავისუფლებამ შეკითხვით შს სამინისტროს მიმართა, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

13 იანვარს, პრორუსული, რადიკალური ჯგუფის - „ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელშიც სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ, ნატა ფერაძისა და მისი მომხრეების მისამართით მუქარის შემცველი არაერთი განცხადება გაკეთდა.

აქციის ორგანიზატორებმა და მათმა მომხრეებმა აქტივისტის სისხლის სამართლის წესით დასჯა მოითხოვეს და მიმართეს სახელმწიფოს, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ შესრულდება - „სამართალს თავად აღასრულებენ“.

  • „აბსტრაქტულად არ გეტყვით, კონკრეტულად ჩვენგან გეუბნებით - მაგას ან სახელმწიფო მიხედავს, ან კონკრეტულად ჩვენ მივხედავთ და სულ არ მაინტერესებს მერე... ეგეთი სამართალი თუ აქვთ მაგათ. ან სახელმწიფო მიხედავს, ან სხვანაირად მიეხედება“, - თქვა აქციაზე გამოსვლისას „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ.
  • „სულ პოლიცია ვერ იდგება მათ სახლებთან და მათთან ერთად ვერ ივლის სულ პოლიცია. პირობას გაძლევთ - ძმრად უნდა ამოვადინით ამ ნაბიჭ@@@ებს ეს მხეცობა“, - ეს „ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი ლიდერის, შოთა მარტინენკოს მიერ აქციაზე წარმოთქმული სიტყვებია.

10 იანვარს, „ალტ-ინფო" და მათი მოკავშირეები სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლთან შეიკრიბნენ - ხატის შეურაცხყოფასა და მართლმადიდებლობასთან ბრძოლის ბრალდებებით.

საღებავის შესხმის თემას „ალტ-ინფო“ ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიისთვის იყენებს. ევროკავშირის საწინააღმდეგო განცხადებები 13 იანვარს გამართულ აქციაზეც გაკეთდა.

13 იანვარს საპატრიარქომ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სამების ტაძარში მომხდარი ფაქტი - "ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად" უნდა შეფასდეს.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას. მისი სათანადოდ (ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად) არშეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის“, - აღნიშნულია ტექსტში.

იმის გამო, რომ საპატრიარქომ მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ფრაგმენტის ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო და კანონიკური ხარვეზებიც აღიარა, მას ძალიან მწვავედ დაუპირისპირდნენ ძველი მოკავშირეები - პრორუსული, რადიკალური ძალებიდან. "საპატრიარქოს სამსახურზე ან მის თანამშრომელზე უსამართლო თავდასხმა (როგორც არ უნდა იყოს შეფუთული), რისი მომსწრენიც გავხდით, უშუალოდ საპატრიარქოს და პატრიარქის მოწინააღმდეგე ძალების სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია", - აღნიშნულია საპატრიარქოს 13 იანვრის განცხადებაში.

მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებანი ხატისთვის საღებავის შესხმის ფაქტზე შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

როგორც ნატა ფერაძემ 14 იანვარს უთხრა რადიო თავისუფლება, მას საგამოძიებო სტრუქტურიდან ჯერ არავინ დაკავშირებია და არც გამოკითხვაზე დაუბარებიათ.

XS
SM
MD
LG