Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

60-60 ათასი ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“ „აგენტების კანონის“ ინიციირების მეორე დღეს


ფოტო არქივიდან: პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა, 2024 წლის 1 თებერვალი
ფოტო არქივიდან: პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა, 2024 წლის 1 თებერვალი

„აგენტების კანონის“ სარეკლამო კამპანია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ შემომწირველებმა დააფინანსეს, ახალგაზრდულმა ფრთამ კი ქუჩებში პლაკატების გამოკვრა ითავა.

უცნობია პლაკატების კამპანიის ხარჯები, რომლითაც „ქართული ოცნება“ მოსახლეობის დარწმუნებას ცდილობს, რომ ინიციირებული კანონპროექტი არ არის რუსული.

კონკრეტულმა ადამიანმა შემოწირა. ეს ბანერები გააკრა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ. თუკი რაიმე დამატებით იქნება [საჭირო], ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ“, - თქვა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს, როცა მათ უმტკიცებდა, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები არ არის გამჭვირვალე.

მდინარაძის ამ განცხადებიდან მასალის გამოქვეყნებამდე რადიო თავისუფლება ცდილობდა მმართველი პარტიის პრესსამსახურის დახმარებით გაეგო „აგენტების კანონის“ სარეკლამო კამპანიის ხარჯები. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

3 აპრილის შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძემ ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა წარდგენაზე ისაუბრა, „ქართულ ოცნებას“ ბიზნესმენებმა, სულ მცირე, 200 ათასი ლარი შესწირეს. საქართველოს კანონმდებლობით, ყველა პოლიტიკური პარტია ვალდებულია შემწირველის შესახებ ინფორმაცია ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს 5 დღის ვადაში. შესაბამისად, მათი ნაწილის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია.

  • 4 აპრილს მმართველ პარტიას კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური თანხა - 60-60 ათასი ლარი ერთმანეთის მიყოლებით შესწირეს: გიორგი გოგოლაძემ, ნუგზარ სარალიძემ, ადელაიდა ნანიკაშვილმა;
  • 5 აპრილს კი - მიხეილ ბუზალაძემ 20 ათასი ლარი.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში არცერთი მათგანი არ ადასტურებს, რომ მათ დააფინანსეს ე.წ. აგენტების კანონის სარეკლამო კამპანია.

„ქართული ოცნების“ შემწირველების შესახებ ფოტო ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტიდან
„ქართული ოცნების“ შემწირველების შესახებ ფოტო ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტიდან
  • ნუგზარ სარალიძე ექვს კომპანიაში ფლობს წილებს, ოთხში კი დირექტორია. მათ შორის, არის „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამავე ბიზნესის მსხვილ მოთამაშე „ლიდერ-ბეთთან“ დაკავშირებული კომპანიის დირექტორი. სათამაშო ბიზნესს, რომელსაც სარალიძე წარმოადგენს, ბოლო წლებში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რეგულაციები გაუმკაცრდა და გადასახადები გაეზარდა.

„არაფერ კონკრეტულს არ უკავშირდება. ჩემი აზრით, ჩვენი ნების გამოხატვა ყველას შეგვიძლია... მმართველ პარტიას შეიძლება არ სჭირდებოდეს... არჩევნების დროსაც ჩვენ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ.

ჩემს ახლობლებს არ გაუკვირდებათ [60 ათასი ლარი რომ გადავრიცხე], თქვენ შეიძლება გიკვირთ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ფოტო საჯარო რეესტრიდან
ფოტო საჯარო რეესტრიდან
  • ადელაიდა ნანიკაშვილი ოთხ კომპანიაში ფლობს წილებს და არის სამი კომპანიის დირექტორი, მათ შორის შპს „თრეველ ტურის“ მისი თქმით, შემოსავლები გაეზარდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მმართველი პარტიის დაფინანსება.

„[შევწირე] უბრალოდ, რა ვიცი... შემოსავლები გაიზარდა საკმაოდ... მე არ ვიცი, სად მიდის ეს თანხები. არ მაინტერესებს... კარგად ბრძანდებოდეთ...“ - ამბობს ადელაიდა ნანიკაშვილი.

ფოტო საჯარო რეესტრიდან
ფოტო საჯარო რეესტრიდან
  • გიორგი გოგოლაძე სამი კომპანიის მეწილეა და ოთხის დირექტორი. მათ შორის, ის არის შპს „წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ (ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს) ხელმძღვანელი.

ჩვენი მთავრობაა. როცა საშუალება გვქონდა, მაშინ შევწირეთ... პლაკატების ბეჭდვა არ დამიფინანსებია...“ - ამბობს გოგოლაძე.

ფოტო საჯარო რეესტრიდან
ფოტო საჯარო რეესტრიდან
  • დანარჩენი სამისგან განსხვავებით, მმართველ პარტიას შედარებით მოკრძალებული თანხა შესწირა მიხეილ ბუზალაძემ. ის ოთხი კომპანიის დირექტორია და ორის მეწილე: მათ შორის ღვინის კომპანიის - „რთველისის“ დირექტორია.

„არანაირი პლაკატებისთვის არ შეგვიწირავს. „ქართული ოცნების“ მომხრე ვარ და ეგ იყო ინტერესი“.

ფოტო საჯარო რეესტრიდან
ფოტო საჯარო რეესტრიდან

ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, არცერთ მათგანს მანამდე არცერთი პარტიისთვის არ შეუწირავს თანხა.

2024 წლის 1 იანვრიდან 5 აპრილამდე მმართველ პარტიას, ჯამში, 657 ათასი ლარი აქვს მიღებული შემოწირულების სახით, აქედან, „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირების შემდეგ - ამ თანხის 30% - 200 ათასი ლარი.

XS
SM
MD
LG