ბოლო ერთი კვირაა ავსტრიული მედია ბევრს წერს ქართველ ოჯახზე, რომელიც ავსტრიაში 7-წლიანი ცხოვრების შემდეგ გამოაძევეს. სიმსივნით დაავადებული დედა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალიშვილი, 9 წლის ფეხბურთელი ვაჟი და მამა, რომელიც ავსტრიაში დარჩენის უფლების მოპოვებას ცდილობდა - ოჯახი უკვე საქართველოშია. ავსტრიელი მეგობრები მათ დასაბრუნებლად იბრძვიან.
“აღარაფერი მახსოვს”, - 48 წლის მაია გოგოლაურს უჭირს გაიხსენოს ღამე, როცა ავსტრიელი პოლიციელები მასთან მივიდნენ და აცნობეს, რომ სახლი, სადაც 7 წელი გაატარა, 7 წუთში უნდა დაეტოვებინა.
“ეს არ იყო უბრალოდ მოსვლა”, - სიტყვას აშველებს ცოლს 49 წლის მამუკა ლობჟანიძე, - ტერორისტებივით მოგვექცნენ, ლამის კარი შემოანგრიეს, ხელ-პირის დაბანაც კი არ გვაცალეს”.
დეპორტაციის ღამე
12 თებერვალი თენდებოდა, დილის 5 საათი იყო, ოჯახის ყველა წევრს ეძინა. დაღლილები იყვნენ. წინა დღეს 9 წლის ანდრიას, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ბრუკის” თავდამსხმელია, თამაში ჰქონდა. ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა და გუნდს მესამე ადგილის მოპოვებაში დაეხმარა.
“10 პოლიციელი მოვიდა, ვერ გავიგე, რა ხდებოდა, მერე დედამ დაიწყო ყვირილი, არ მინდა საქართველოში, მე ვმკურნალობ და ჩემი შვილიც მკურნალობსო, პარკები მოგვცეს, იმაში ჩავალაგე ტანსაცმელი, პირველი ბურთები, შემდეგ სათამაშოები ჩავდე, მერე აღარაფერი აღარ მახსოვს...”, - ასე დაამახსოვრდა ანდრიას დეპორტაციის ღამე.
ოჯახმა მხოლოდ ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის წინამძღვართან დარეკვა მოასწრო.
“10 წუთში გაჩნდა ადგილზე და ბოდიში მოგვიხადა, ვერაფერს ვაკეთებო... ნივთების ჩალაგება დავიწყეთ, მე ვერ ვალაგებდი, ანდრია ყრიდა ჩემოდნებში ყველაფერს, ბევრი ნივთის წამოღება ვერ შევძელით, ფურცლები მოგვცეს, უნდა წაგვეკითხა და ხელი უნდა მოგვეწერა, უარი განვაცხადეთ, ავსტრიის დატოვება არ გვინდოდა”, - იხსენებს მაიკო გოგოლაური.
მისი 27 წლის ქალიშვილი ნინიკო ლობჟანიძე, რომელიც ეტლით გადაადგილდება, ვენაში სამედიცინო მანქანით გადაიყვანეს.
ოჯახის სხვა წევრებს პოლიციის ესკორტი მიაცილებდა. 13 თებერვალს უკვე საქართველოში იყვნენ.
7 წლით ადრე
ლობჟანიძეების ოჯახს საქართველოში საცხოვრებელი აღარ აქვს და თავს დროებით რუსთავში, ახლობლის ბინას აფარებენ.
რუსთავში ცხოვრობდნენ საქართველოს დატოვებამდეც, მაგრამ ყველაფერი გაყიდეს, როცა გადაწყვიტეს, რომ ქალიშვილი ნინიკო ავსტრიაში სამკურნალოდ უნდა წაეყვანათ.
“სრულიად ჯანმრთელი დაიბადა და ოთხი თვის იყო, როცა მენინგოენცეფალიტის დიაგნოზი დაუსვეს.
ცუდად მყოფი ნინიკო რუსთავის ინფექციურ საავადმყოფოში მეწვინა, ვერ გაიგეს, რა სჭირდა და არასწორად, ფილტვების ანთებაზე მკურნალობდნენ, თავი შეუშუპდა, სითხე ჩაუდგა... ექვსი დღის შემდეგ თბილისიდან პროფესორი ჩამოვიდა და თქვა, რომ მენინგოენცეფალიტი იყო”, - უყვება რადიო თავისუფლებას მაიკო გოგოლაური.
ოჯახის შემოსავალი ქალიშვილის საჭიროებებს ვერ გასწვდა. სხვადასხვა ბანკში ანგარიშები გახსნეს და დახმარება ითხოვეს. დედამ ხელისუფლებასაც მიაკითხა და ოპოზიციასაც.
“უშედეგოდ ვიბრძოდით... ყველაფერი გავყიდე, რაც ჩემი საკუთრება იყო. შემდეგ ნინიკოს ექიმის დაუდევრობით მასაჟის დროს მენჯი ამოუგდეს, ჯანდაცვის სამინისტრომ ოპერაციაზე უარი გვითხრა, ასაკი არ უწყობს ხელსო...
ნინოს ჯანმრთელობა პერიოდულად მძიმდებოდა, ყველას ეგონა, რომ დაიღუპებოდა, ჰემოგლობინი დაბალი ჰქონდა და სასწრაფოს კვირაში ორჯერ ვიძახებდით.
იმ პერიოდში არ მახსენდება დღე, როცა ბედნიერი ვიყავი. მე სრული უფლება მქონდა დამეტოვებინა საქართველო”.
ოჯახმა საქართველო 2017 წელს დატოვა და ავსტრიაში თავშესაფარი მოითხოვა. ნინო 20 წლის იყო, ანდრია 2-ის.
ემიგრაციაში
მაია გოგოლაური ამბობს, რომ ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.
ავსტრიის საიმიგრაციო სამსახურმა ოჯახი ზალცბურგის მიწაზე გაგზავნა, სადაც შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრი მდებარეობს. საცხოვრებელი საქველმოქმედო ორგანიზაცია კარიტასმა მისცა, მისი შვილის მკურნალობის ხარჯებს კი ავსტრიის ჯანდაცვის სისტემა სრულად ფარავდა.
იღებდნენ სოციალურ დახმარებას და ჰქონდათ დაზღვევა. ნელ-ნელა ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესდა.
“ნინოს საქართველოში ეტლი არასდროს ჰქონია, ავსტრიაში სპეციალური შეკვეთით უსასყიდლოდ დაუმზადეს. მენჯის ძვლის ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა. სპეციალურ ფეხსაცმელს ჩემი ფინანსებით ვერ ვწვდებოდი და ავსტრიაში უსასყიდლოდ გაუკეთეს.
თერაპიები კვირაში რამდენჯერმე უტარდებოდა. სპეციალური დანადგარი დაუმზადეს, რომლითაც ფეხზე აყენებდნენ და მასაჟებს ისე უკეთებდნენ, ახლა ცურვის თერაპია უნდა დაეწყო...”
Wie geht es dir? (როგორ ხარ?) - გვეკითხება 27 წლის ნინიკო გერმანულად და შემდეგ ქართულად აგრძელებს: “ავსტრიაში მინდა”.
“საქართველოდან რომ წავიყვანეთ, საერთოდ ვერ ლაპარაკობდა, ახლა კი ყველაფერს გვაგებინებს, გერმანულ სიტყვებსაც სწავლობს, ექიმმა გარანტია მომცა, რომ ნინიკო ფეხზე გაივლიდა და თავის მოვლას დამოუკიდებლად შეძლებდა. წარმოიდგინეთ, ეს შანსი მეცლება ხელიდან”, - ამბობს მაიკო.
ოჯახის მცდელობები, ავსტრიაში ბინადრობის ნებართვა მოეპოვებინათ, წარუმატებელი აღმოჩნდა, არც ჰუმანიტარული მიზნით დარჩენის უფლება მისცეს. მათ საქმეს ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლო 7 წლის განმავლობაში განიხილავდა.
ამ დროში ოჯახმა ინტეგრაცია მოახერხა, ანდრია ჯერ ბაღში, შემდეგ კი სკოლაში შეიყვანეს. ბიჭი საფეხბურთო კლუბ “ბრუკსის” ფეხბურთელი გახდა.
მაიკომ ენის სწავლა დაიწყო და A1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი აიღო, ენის ცოდნის დონის გასაუმჯობესებლად გამოცდაზე ისევ უნდა გასულიყო, მაგრამ ვეღარ მოასწრო.
მაია გოგოლაურმა ამ დროს უკვე იცოდა დიაგნოზზე, რომელიც ავსტრიელმა ექიმებმა დაუსვეს:
“ნინიკოს მკურნალობის პროცესში ჩემი მეუღლე დაჟინებით მოითხოვდა, რომ ექიმთან მივსულიყავი, ჯერ ნინიკოს მივხედოთ-მეთქი, ვამბობდი, ჩემ უკითხავად დანიშნა ექიმთან კონსულტაცია და სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს.
მკურნალობის პერიოდში მეორეჯერაც აღმომიჩინეს სიმსივნე, რომელიც მეორე ბე სტადიაში იყო, 7 კვირა საავადმყოფოში გავატარე, ურთულესი პროცედურა იყო... ავსტრიაში ყველა ხარჯს სახელმწიფო ფარავდა, საქართველოში კი ამბობენ, ვფარავთო, მაგრამ რეალობა სხვა რამეს აჩვენებს, ფეისბუკჯგუფებში ვკითხულობ ხოლმე უკმაყოფილო ქალების კომენტარებს”.
მოსამართლემ არ დაუჯერა ოჯახს, რომელიც ამტკიცებდა, რომ საქართველოში მათთვის საჭირო ჯანდაცვის სერვისებს ვერ მიიღებდნენ, საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო და დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო.
სამთავრობო დოკუმენტებში წერია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, ჯანდაცვის სისტემას კი ყველა იმ სერვისის შეთავაზება შეუძლია, რასაც ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარებული საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ. მაგალითად, ნინიკოს მსგავსი დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის თერაპიის ადგილად თელავში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრი მიუთითეს.
საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სურათი, რომ ქვეყანას გამართული სოციალური სერვისები აქვს, მთავარი ბარიერია, რაც თავშესაფრის მაძიებლებს ლტოლვილის სტატუსის მიღებაში უშლის ხელს.
ორგანიზაცია „ფრონტექსის“ დამკვირვებელი, ირმა ცირამუა, რომელიც მონიტორინგს უწევს ავსტრიიდან სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში დეპორტაციის პროცესსაც, რადიო თავისუფლებისთვის 2021 წლის 5 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ყველაზე მძიმე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების დეპორტაციაა.
“მკურნალობა ისეთ თანხებთან არის დაკავშირებული, სადაც არ უნდა მუშაობდეს ადამიანი, ვერ შეძლებს, ის სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რასაც აქ, თავშესაფარში ცხოვრების დროს იღებენ. რა თქმა უნდა, გამწარებულები არიან ხოლმე და მეც გული მტკივა”, - ამბობს ცირამუა და ამატებს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გამო თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი არ შემცირებულა, მაგრამ “ეკონომიკური სიდუხჭირე არ ითვალისწინებს თავშესაფარს”.
პროტესტი ავსტრიაში
ლობჟანიძეების ზალცბურგის მიწიდან გასახლებამ ადგილობრივები ააღელვა. მეზობლები, სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, კლასელები - ოჯახის ავსტრიაში დაბრუნებას ყველა ერთად მოითხოვს.
ლობჟანიძეების ამბავს ადგილობრივი მედია აშუქებს. შეიქმნა პეტიციაც, რომელსაც ხელს ამ დროისთვის 800-მდე ადამიანი აწერს.
პეტიციის ხელმომწერები მოუწოდებენ სასამართლოს, გაითვალისწინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
“ცხრა წლის ბავშვს გაცილებით მეტი სოციალური კავშირი აქვს პინზგაუში მდებარე საკუთარ სახლთან, ვიდრე საქართველოსთან”, - წერია პეტიციაში, რომელიც ზალცბურგის გარემოსდაცვითი ოლქის წარმომადგენელმა, ლეონი სეუნიგმა შეადგინა.
განსაკუთრებით იბრძვის 9 წლის ანდრიას ფეხბურთის მწვრთნელი, დანიელ ლაგერი. ვისაც შეუძლია, არწმუნებს, რომ ოჯახი ავსტრიაში კარგადაა ინტეგრირებული, ანდრია კი გუნდს განსაკუთრებით სჭირდება.
17 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა “ბრუკსიმ” ანდრიას გარეშე პირველად ითამაშა. მწვრთნელმა მხარდაჭერა ორიგინალურად გამოხატა და შეკერა მაისურები, რომელსაც ზურგზე ანდრია და მისი სპორტული ნომერი 4 აწერია. წინა მხარეს კი პატარა ფეხბურთელის გუნდთან გადაღებული ფოტოა გამოსახული წარწერით: “ჩვენ შენ გვენატრები”.
“პრესას ვესაუბრეთ და იმედი გვაქვს, მომავალში ყველაფერი მათ სასიკეთოდ გადაწყდება. გადაწყვეტილება მალე უნდა მიიღონ და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს... რამდენიმე დღის წინ მობილურზე მომწერა, მწვრთნელო, დაგირეკავ? რა თქმა უნდა, ის ძალიან მოწყენილი იყო, რადგან შაბათ-კვირას ვერ ითამაშებდა. მე ვუთხარი, რომ ჯერ საქართველოში უნდა ეძებოს კლუბი, სადაც ივარჯიშებს, რომ კარგი ფორმა შევინარჩუნოთ”, - უთხრა ანდრიას მწვრთნელმა რადიო თავისუფლებას.
ლტოლვილი ოჯახის ავსტრიიდან გასახლების საქმე ადგილობრივმა იურისტმა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.
“ჩვენ იმ ხალხის ნდობა და სიყვარული მოვიპოვეთ, რაც მარტივი არ არის. განა იმიტომ მინდა უკან დაბრუნება, რომ ჩემი სამშობლო არ მიყვარს? არა, მე ძალიან მიყვარს, მაგრამ იძულებული გამხადეს ეს ნაბიჯი გადამედგა.
საქართველოში ყველაფერი წყდება ფულით და თუ ოდესმე ჯანდაცვის სისტემა ავსტრიისას ოდნავ მაინც დაემგვანება, მე ჩამოვალ და ჩემს სამშობლოში ვიცხოვრებ”, - ამბობს მაია გოგოლაური.
სხვებსაც ადეპორტებენ?
ანდრია, ნინიკო, მაიკო და მამუკა ერთადერთები არ არის, ვინც ავსტრიიდან სამშობლოში იძულებით დააბრუნეს. ასეთი შემთხვევები იშვიათი არ არის.
ყველა, ვინც თავშესაფარს ითხოვს, ცდილობს დაასაბუთოს, რამდენად დიდია განსხვავება მათ სამშობლოსა და იმ ქვეყანას შორის, რომელმაც არ მიიღო, საემიგრაციო სამსახური კი ცდილობს ახსნას, რომ თავშესაფარი გადარჩენისთვისაა და არა უკეთესი ცხოვრებისთვის.
- 2020 წლის ივლისში ავსტრიაში 5-წლიანი ცხოვრების შემდეგ ქვეყანა დაატოვებინეს იას, მის ქმარსა და 9 წლის შვილს, რომელსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი ჰქონდა.
- 2020 წლის ზაფხულში, ავსტრიაში თითქმის 8-წლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველოში დააბრუნეს ეკატერინე და მისი 3 წლის შვილი.
- 2021 წლის 21 იანვარს პოლიციის ბადრაგის თანხლებით დაატოვებინეს ავსტრია 12 წლის თინას, თავის უმცროს დასა და დედასთან ერთად, არალეგალურად ცხოვრების მეოთხე წელს.
თინას დეპორტაციის გასაპროტესტებლად მისმა კლასელებმა და მასწავლებლებმა აქციები გამართეს, პოლიტიკოსებმა კი დაიწყეს მსჯელობა, რამდენად ჰუმანურია კანონი.
დეპორტაციიდან 18 თვის შემდეგ სასამართლომ უკანონოდ ცნო ავსტრიაში გაზრდილი და კარგად ინტეგრირებული ბავშვის საქართველოში იძულებით დაბრუნება.
თინას საქმემ გადაარჩინა 7 წლის ნოე და მისი 40 წლის დედა, რომლებიც ავსტრიის პოლიციამ 2022 წლის 11 ნოემბერს გადაიყვანა სადეპორტაციო განყოფილებაში. 8-საათიანი დაკავების შემდეგ ბავშვი და დედა გაათავისუფლეს.
წინა გამოცდილების იმედი აქვს მაიკო გოგოლაურსაც. ფიქრობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მისი შვილების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს. იქამდე მათ ოჯახს ავსტრიელი მეგობრები ეხმარებიან. ბავშვების საცხოვრებელი პირობების სანახავად, საქართველოში ანდრიას სკოლის დირექტორი ჩამოდის.