Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგ გმირების ოჯახები ყურადღებას ითხოვენ


„წლების გადის და ავიწყდებათ ჩვენი ბიჭები და რომ არა აგვისტო, ალბათ მთლიანად დავიწყებულნი ვიქნებოდით, დაღუპული მეომრების ოჯახებს მეტი ყურადღება და ხშირი მოკითხვა უნდა მემორიალთან გვირგვინის მოტანა არ არის საკმარისი“, -ამბობს, ციალა ჯაილოვა. მისი შვილი დიმიტრი ჯაილოვა აგვისტოს ომში დაიღუპა. ქუთაისში, გმირთა მემორიალთან ციალა ჯაილოვა დღესაც ერთ- ერთი პირველი მივიდა. ამბობს, რომ აგვისტოს ომის დღეების გახსენება წლების შემდეგ კიდევ უფრო უჭირს. ციალა ჯაილოვა ფიქრობს, რომ ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს სათანადო ყურადღება არ ექცევათ. მისი შვილი 37 წლის ასაკში დაიღუპა და სამი შვილი დარჩა. ორი უკვე სრულწლოვანია და სახელმწიფომ მოუხსნა შემწეობა, რომელსაც იღებდნენ როგორც მარჩენალდაკარგულები: „18 წლის შემდეგ არაფერი უნდათ? მთავრობამ უნდა შეხედოს როგორ უჭირთ ოჯახებს და სჭირდებათ. ჩემი ერთი შვილიშვილი სტუდენტი გახდა, მას ხელშეწყობა სჭირდება“.

დიმიტრი ჯაილოვას დედა - ციალა ჯაილოვა და ირაკლი ჯანელიძის მამა - ვაჟა ჯანელიძე
დიმიტრი ჯაილოვას დედა - ციალა ჯაილოვა და ირაკლი ჯანელიძის მამა - ვაჟა ჯანელიძე

აგვისტოს ომში ქუთაისიდან 8 მებრძოლი დაიღუპა. მემორიალთან დღეს მხოლოდ ორი მათგანის ოჯახის წევრები მივიდნენ. შინდისთან, 20 წლის ასაკში დაღუპული ირაკლი ჯანელიძის მამა ვაჟა ჯანელიძე ამბობს, რომ დაღუპული მებრძოლების ახლობლები მემორიალთან მისვლას სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებენ. ზოგს სოციალური პრობლემები აქვს, ზოგი კი ქუთაისში აღარ ცხოვრობს და ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად საზღვარგარეთ წავიდა. ვაჟა ჯანელიძეც დაღუპულთა ხსოვნის და მათი ოჯახების მიმართ მეტ ყურადღებას ითხოვს. მისი თქმით, მემორიალსაც მხოლოდ წელიწადში ერთხელ, 8 აგვისტოსთვის ასუფთავებენ და მასზე გმირების სახელები და გვარები უკვე ძნელად იკითხება: „გვარ-სახელები ახალი მიწერილია მარკერით, რამდენიმე გაწვიმების შემდეგ აღარ დაემჩნევა. მეტად მოგვაქციონ ყურადღება და დააფასონ ამ ბიჭების დაღვრილი სისხლი. სადაც არ მივალ, გმირიო, ამბობენ, მაგრამ ეჭვი მეპარება გმირად თვლიდნენ, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს გმირს და მის ოჯახს საერთოდ არ მოიკითხავენ“.

აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძეც იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, მერია რვა ოჯახს, რომლებმაც ომში ოჯახის წევრი დაკარგეს, ათას-ათას ლარიან ერთჯერად დახმარებას წელსაც გადასცემს. თვალთვაძის განცხადებით, დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებისგან შესაბამისი მიმართვის შემთხვევაში, მათ კომპატენციის ფარგლებში დაეხმარებიან: „თუ ვინმეს სპეციფიური საჭიროება გააჩნია, ყოველთვის შეუძლიათ მომართონ თვითმმართველობას, იქნება ეს სამედიცინო, მედიკამენტებით უზრუნველყოფა ან სხვა ნებისმიერი ფორმით დახმარების მიღება. ერთჯერადი 1000 ლარი ყოველწლიურად საკმარისი არ არის, თუმცა თუ საჭიროდ ჩათვლიან, პირადადაც მომმართონ“.

ქუთაისის მერიის და იმერეთის სამხარეო ადმინისტარციის წარმომადგენლები აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალთან 11 საათზე მივიდნენ. დაახლოებით ერთ საათში მემორიალთან შეიკრიბნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერები ომის დაწყების დღედ 7 აგვისტოს მიიჩნევენ და მემორიალებზეც ამ დღეს მიდიან. ქუთაისის მემორიალთან 8 აგვისტოს მისულმა გიგა შუშანიამ გვითხრა, რომ შვიდში ეს ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მოახერხეს. ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებითვე, ომი 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და კონკრეტული თარიღის დასახელება, კრემლის პოლიტიკის ნაწილია: „8 აგვისტომდეც იბომბებოდა ქართული სოფლები, დაიღუპნენ პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეები, 7 აგვისტოს კი რუსეთის არმია გამთენიისას შემოიჭრა საქართველოში, და დაიწყეს მასობრივი დაბომბვა და ქართულმა სახელმწიფომ თავდაცვითი პასუხი გასცა“.

აგვისტოს ომში დაღუპული დიმიტრი ჯაილოვას დედა, ციალა ჯაილოვა ამბობს, რომ მისი შვილი და სხვა მებრძოლები რუსეთის აგრესიას შეეწირნენ და ქართული მხარის დადანაშაულება დაუშვებელია. „ ჩემი შვილი მოკლა რუსის ტყვიამ, შინდისში 17 ბიჭი მოკლეს რუსმა სამხედროებმა, როცა შინდისში მივდივარ, გავივილი მათ საფლავებთან, ისინი პირველი გმირები იყვნენ ამ ომში. იქ ხომ რუსები იყვნენ, ვინ მოკლა? მოკლეს რუსებმა“.


XS
SM
MD
LG