Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუსრულებელი ბრძოლისთვის - აგვისტოს ომიდან უკრაინამდე


ცოლი და დედა დავით რატიანის საფლავთან
ცოლი და დედა დავით რატიანის საფლავთან

დაუსრულებელი ბრძოლის გასაგრძელებლად - ასე, სამი სიტყვით შეიძლება აღიწეროს ის მისია, რა მისიითაც 2008 წლის აგვისტოს ომის მებრძოლები ახლა უკრაინაში მიდიან და იქ აგრძელებენ ომს. მათ აქვთ განცდა, რომ უკრაინელების გამარჯვებასთან ერთად მოიპოვებენ საკუთარი ქვეყნის გამარჯვებასაც.

იმ 49 ქართველ მებრძოლს შორის, რომლებიც უკრაინაში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დაიღუპნენ, 15 იბრძოდა აგვისტოს ომში.

მათ შორის იყო დათო, გია, ავთო და ედიშერი...

ფრჩხილებით დაჭრილი ხელისგული

„დასვენების დღე იყო, ამბავი რომ ატყდა“, - იხსენებს 15 წლის წინანდელ აგვისტოს ია, დათოს ცოლი.

15 წლის თავზე, ბევრი დეტალი გაფერმკრთალდა, მაგრამ აგვისტოს ომის დღეები იას მეხსიერებაში კადრებად, ემოციებად, შეგრძნებებად დარჩა.

დავით რატიანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების წევრი, გამოძახებასაც არ დაელოდა, ისე წავიდა ომში:

ია შაშვიაშვილი, დავით რატიანის ცოლი მეუღლეზე: "ახლაც თვალწინ მიდგას, როგორი თავქუდმოგლეჯილი დარბის ოთახიდან ოთახში"
ია შაშვიაშვილი, დავით რატიანის ცოლი მეუღლეზე: "ახლაც თვალწინ მიდგას, როგორი თავქუდმოგლეჯილი დარბის ოთახიდან ოთახში"


„ტელევიზიით რომ გადმოსცეს ინფორმაცია, სამხედრო მოქმედებები დაიწყოო, იმ წამსვე ჩანთის ჩალაგება დაიწყო. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორი თავქუდმოგლეჯილი დარბის ოთახიდან ოთახში, შერბის აბაზანაში, გზადაგზა, ჩანთაში ყრის ნივთებს და სახლიდან გარბის“...

სახლში ტოვებს ცოლს, ერთი წლის შვილს და დედას...

„ვდგავართ სახლთან, ეზოში, ჩემი დედამთილი და მე, ბავშვით ხელში, გამტკნარებული სახეებით და ვაყოლებთ თვალს სწრაფად მიმავალ ადამიანებს და ვფიქრობთ, ჩვენ რა ვქნათ. 31-ე ქარხანასთან ვცხოვრობთ, ჩვენს სიახლოვესაა შინაგანი ძალების ორი ბაზა, მესამე და პირველი სამმართველოები, წვევამდელებს იღებენ სწორედ ჩვენი სახლის სიახლოვეს. ვიდექით და ვუყურებდით როგორ ტოვებდნენ პატარა ბიჭები, წვევამდელები, ჩქარი ნაბიჯით ბაზას. უბანში პანიკა იყო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31-ე ქარხანა უნდა დაებომბათ, ყველა გაქცევას ცდილობდა, ჩვენ ვიდექით და არ ვიცოდით, რა გვექნა“, - იხსენებს ია, რომელმაც სწორედ მაშინ გაიგო, რომ ორსულად იყო.

დათოს კი ვერაფრით უკავშირდებოდა. კონტაქტი გაწყვეტილი იყო:

„ისე მომინდა, რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო და თან ისე შემეშინდა, რომ ომში მოკვდებოდა და ჩემი ორსულობის ამბავს ვერასდროს გაიგებდა“, - ამბობს ია.

დათო მაშინ დაბრუნდა სახლში, როცა ყველაფერი დასრულდა.

„თითქმის არაფერი უთქვამს. ზოგადად, სამხედრო ცხოვრებაზე ლაპარაკი არ უყვარდა, თითქოს ტაბუდადებული თემა იყო, მაგრამ იმ დღეებში განსაკუთრებით დუმდა“.

ერთადერთი განცდა, რომელიც აგვისტოს ომიდან დაბრუნებულმა დათომ ცოლს გაუზიარა, აი, ეს იყო:

„სენაკის ბაზიდან რომ გამოვედი, რუსულმა თვითმფრინავმა გადამიფრინა თავზე. ცხოვრებაში არ დამავიწყდება უძლურების ის შეგრძნება, რაც იმ მომენტში დამეუფლა. ვიყურებოდი ზევით და ისე მაგრად მქონდა მუშტი შეკრული, რომ საკუთარმა ფრჩხილებმა ჩამიჭრა ხელისგულები, პატარა ბავშვივით დავუქნიე თვითმფრინავს მუშტები და ბოლო ხმაზე შევღრიალე“...

ია შაშვიაშვილი იხსენებს ქმრის ემოციებს აგვისტოს ომის შემდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:26 0:00


„ამიტომ გაიქცა უკრაინაში“, - აგრძელებს ია, „დაუმთავრებელი ბრძოლა დარჩა და მისი დასრულება უნდოდა. ეს განცდა, ეს დამარცხების ტკივილი მის გონებაში ღრმად დაილექა. გაუჩნდა იმედი, რომ დადგა დრო გამარჯვების და შურისძიების და პირველივე შესაძლებლობაზე გაიქცა“.

2014 წელს დავით რატიანი იმყოფებოდა ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, სადაც, ტერაქტის დროს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.

50 წლისამ სამხედრო სამსახური დატოვა და ერთ-ერთ კერძო კომპანიაში, მძღოლად დაიწყო მუშაობა. იყო ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრი.

53 წლის დავით რატიანი პირველი იყო იმ 49 ქართველ მებრძოლს შორის, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ.


ის 2022 წლის 18 მარტს, უკრაინის ჩრდილო-დასავლეთით, ირპენის ფრონტზე, ნაღმმტყორცნებიდან გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა.

დარჩა მეუღლე, ია შაშვიაშვილი და ოთხი შვილი.

„სანამ ცოცხალი ვარ, ტელეფონს არ გავთიშავ“

2008 წლის 7 აგვისტოს, დილის ოთხ საათზე, ავთოს რომ დაურეკეს და ბაზაზე გამოცხადება უბრძანეს, 20 წლის ცოლს, ელმირას უთხრა: „არ ინერვიულო, რაც არ უნდა მოხდეს, სანამ ცოცხალი ვარ, ტელეფონს არ გავთიშავ“. ავთო მაშინ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ომში გაიწვიეს მისი ძმა და ბიძაშვილიც, ასევე შეიარაღებული ძალების წევრები.

ომი რომ დაიწყო, აფხაზეთიდან დევნილი 28 წლის ავთო რურუა და მისი ცოლი, ელმირა ინალიშვილი, 21 დღის ჩვილთან ერთად, აბასთუმანში ცხოვრობდნენ.

ელმირა და ბავშვი მეზობელმა სოფელ ლესიჭინაში, თავის ოჯახთან ერთად გახიზნა:

ელმირა ინალიშვილი ავთო რურუას ცოლი. ომი რომ დაიწყო ელმირას 21 დღის ჩვილი ჰყავდა.
ელმირა ინალიშვილი ავთო რურუას ცოლი. ომი რომ დაიწყო ელმირას 21 დღის ჩვილი ჰყავდა.


„8 აგვისტოს ჩათვლით ავთოს ტელეფონით ვუკავშირდებოდი. მატყობინებდა, რომ ნორმალურად იყო, ჩვენს ამბებსაც იგებდა, მაგრამ 8 აგვისტოს კონტაქტი გაწყდა. რაკი ნათქვამი ჰქონდა, სანამ ცოცხალი ვიქნები, ტელეფონს არ გავთიშავო, ვიფიქრე, რომ ავთო დაიღუპა“.

ხუთი დღის განმავლობაში, ელმირამ არაფერი იცოდა ომში წასული ქმრის შესახებ. არ იცოდა, ვისთან მოეკითხა მისი ამბავი:

„ნერვიულობაზე რძე გამიშრა. იქ, სადაც გახიზნულები ვიყავით, ბავშვის საკვები არ იყიდებოდა. ცალკე ავთოზე დარდი, ცალკე ნახევრად მშიერი ბავშვი“, - უჭირს ელმირას იმ დღეების გახსენება.

ხუთი დღის თავზე, გამთენიისკენ, ელმირას ტელეფონმა დარეკა:

„მახსოვს, ცალ ხელში ბავშვი მეჭირა, მეორე ხელში ტელეფონი და ისე მეძინა. არასდროს დამავიწყდება მისი ხმა, როცა მითხრა, „მე ვარ“. მთავარია, რომ ცოცხალი იყო და აღარ მიკითხავს, სად იყო, როგორ იყო".

ავთო ცოლ-შვილთან რამდენიმე დღის შემდეგ, აგვისტოს შუა რიცხვებში დაბრუნდა:

„მაშინ მოყვა, რომ თანამებრძოლებთან ერთად ტყეს აფარებდნენ თავს, სენაკის ზევით, მთებში. იარაღით ვერ გამოვიდოდნენ, ამიტომ მოუწიათ იარაღის გადამალვა და მეექვსე დღეს, სამოქალაქო ტანსაცმლით ჩამოვიდნენ ქალაქში. ფეხები ისეთი შეშუპებული ჰქონდა ტყეში და მთა-მთა სიარულისგან, რომ სამხედრო ფეხსაცმელი ვერ გაიხადა და შემოაჭრეს“.

აგვისტოს ომიდან დაბრუნდა ავთოს ძმაც, თუმცა, ომში დაიღუპა მათი ბიძაშვილი, ბადრი ბერაძე:

„მისი ცხედრის გამოსვენება მხოლოდ 7 თვის შემდეგ მოხერხდა. რუსეთს ჯერ კიდევ აფხაზეთი ვერ აპატია ავთომ, შემდეგ აგვისტოს ომი, იქ დაკარგული ბიძაშვილი და მეგობრები. აი, ამიტომ წავიდა უკრაინაშიც. ომში რომ მიდიოდა, უფროსმა შვილმა, ალექსანდრემ ჰკითხა, რატომ მიდიხარ, ქართველი ხარ, ომი უკრაინაშიაო. ავთომ უპასუხა, რუსეთმა ძმა წამართვა, საქართველოს ტერიტორიები წაგვართვა, იქ ჩვენი ამბავიც წყდებაო“, - იხსენებს ელმირა იმ დღეს, როცა მისი ქმარი უკრაინაში წავიდა.

ავთო რურუა აგვისტოს ომში
ავთო რურუა აგვისტოს ომში


„უფროს ბიჭს ყელზე დასაკიდი ხატი მისცა და სთხოვა, სანამ არ ჩამოვალ, არ მოიხსნაო. ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ ომში მიდიოდა, რომ 99%-იან სიკვდილზე აწერდა ხელს. არ მეგონა, რომ ამისთვის გაგვიმეტებდა ჩვენც და თავის თავსაც. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ამბობენ, რომ ეს მებრძოლები უკრაინაში ფულის გამო მიდიან და ფულის გამო იხოცებიან. ამ ადამიანებს ბრძოლა ჰქონდა დასასრულებელი და იმიტომ წავიდნენ ომში“.

უკრაინაში წასვლამდე ავთო ჯერ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა დაცვის სამსახურში, შემდეგ კი თბილისში - მშენებლობაზე.

41 წლის ავთო რურუა 2022 წლის 3 დეკემბერს, ბახმუტთან, „კადიროველების“ თავდასხმას ოთხ ქართველ მებრძოლთან ერთად ემსხვერპლა. მისი ცხედრის ფრონტის ხაზიდან გამოსვენება დღემდე ვერ ხერხდება. ახლა უკრაინაში მისი ძმა იბრძვის. დაბრუნებას იმ დრომდე არ აპირებს, სანამ ძმის ცხედარს საქართველოში არ გადმოასვენებს.

„მაშინ ვნახე, როგორ ეძინა ტანკზე ჩემს ძმას“

ედიშერ კვარაცხელია, 2008 წლის აგვისტოს ომში, მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობაში ირიცხებოდა. იმ ბრიგადაში, სადაც ყველაზე მეტი ჯარისკაცი დაიჭრა და დაშავდა.

იურიდიულ ფაკულტეტზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ხელშეკრულებით დარჩა და სამხედრო ინჟინერია და განაღმვა ისწავლა.

აგვისტოს ომში რომ გაიწვიეს, ედიშერთან ერთად, ომში წასვლა სურდა მის უმცროს ძმასაც, ბაკურს, მაგრამ გამოუცდელობის გამო გაწვევაზე უარი უთხრეს. ომიდან დაბრუნებულ ძმას თბილისის შესასვლელში, დიღომში დახვდა:

ბაკურ კვარაცხელია, მან ძმა ბოლოს 2014 წელს, აეროპორტში გაცილებისას ნახა
ბაკურ კვარაცხელია, მან ძმა ბოლოს 2014 წელს, აეროპორტში გაცილებისას ნახა


„მეოთხე ბრიგადასთან ერთად იბრძოდა. ჯარი რომ გამოიყვანეს, მათთან ერთად გამოვიდა ისიც. თუ კარგად მახსოვს, 14 აგვისტოს დავხვდი ბიჭებს, ტექნიკით და ტანკებით რომ შემობრუნდნენ. აი, მაშინ ვნახე პირველად, როგორ შეიძლება ადამიანი დაღლილობისგან იწვეს ტანკზე და ეძინოს. გაუბედურებული იყო, მაგრამ ჩვენ არაფერს გვაგრძნობინებდა“.

როგორც ბაკური ყვება, მის ძმას სჯეროდა, რომ 2008 წელს ქართველი მებრძოლების სისხლი ტყუილად არ დაღვრილა და ესეც იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც, ჯერ კიდევ 2014 წელს ედიშერი უკრაინაში წავიდა საომრად.

სწორედ 2014 წელს, აეროპორტში გაცილებისას ნახა უკანასკნელად ძმა ბაკურმა:

„ედიშერი ჩემზე 7 წლით უფროსი იყო. ჩემი კუმირი და მაგალითი იყო ყოველთვის. 2008 წელს ომში რომ წავიდა, მაშინაც მძიმე მისია დამაკისრა, ოჯახის დამშვიდება და ახლაც, უკრაინის ომში რომ გადაწყვიტა წასვლა, ეს მისია ისევ მე მერგო. როცა ადამიანი ომში მიდის, ოჯახის წევრი ქვეცნობიერად შეიძლება ეგუება კიდეც, რომ ის შეიძლება ვეღარასდროს ნახოს ცოცხალი. ვიცი, რა არის მეომარი კაცის გზა, მაგრამ საშინელი ტკივილი სცოდნია შენი სისხლის და ხორცის დაკარგვას“.

ედიშერ კვარაცხელიას დაკრძალვა
ედიშერ კვარაცხელიას დაკრძალვა

44 წლის ედიშერ კვარაცხელია 2022 წლის 10 ოქტომბერს, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან დაიღუპა.

2014 წლიდან მოყოლებული ედიშერს უკრაინაში არაერთი სამხედრო ჯილდო აქვს მიღებული გმირობისა და პროფესიონალიზმისთვის.

ედიშერ კვარაცხელიას ცოლი და ორი არასრუწლოვანი შვილი დარჩა.

„აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენს ოჯახში ხაზი გადაესვა რუსეთს“

„წინა საღამოს სამსახურიდან დამირეკა, მთხოვა, ფორმა გამირეცხე, ხვალ სამაჩაბლოში მივდივართო. იმ ღამეს სახლში არ მოსულა. მეორე დღეს, სამსახურში ვიყავი, სახლში რომ მოვიდა, აიღო ნივთები და წავიდა“, - იხსენებს 2008 წლის 7 აგვისტოს საღამოს ქეთი ხელაძე გია ბერიაშვილის ცოლი.

გია 1999 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. იყო პირველი თაობის სპეცრაზმელი. ამერიკელმა ინსტრუქტორებმა გადაამზადეს, სნაიპერი გახდა. 2008 წლის აგვისტოში, ომი რომ დაიწყო, ის სამინისტროში, გენერალურ ინსპექციაში მუშაობდა.

„ადგილზე რომ ჩავიდა, დაგვირეკა, კარგად ვარო. ამის შემდეგ, ორი დღე აღარ გამოჩენილა. ორი დღის თავზე რომ დარეკა, მისი ერთ-ერთი ფორმა ისევ თოკებზე გვქონდა გაფენილი, გასაშრობად და გვითხრა, ჩამოხსენით და შეინახეთო. როგორც ჩანს, ჰქონდა შიში, რომ რუსები თბილისშიც შემოვიდოდნენ“, - ყვება ქეთი, რომელიც ომიდან ქმრის დაბრუნებას 9 წლის შვილთან ერთად ელოდა.

გია ბეროშვილი აგვისტოს ომში
გია ბეროშვილი აგვისტოს ომში

გია სახლში 17 აგვისტოს დაბრუნდა. ომში გატარებული დღეების შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა, როგორც ქეთი იხსენებს, იმ დღიდან ბევრი რამ შეიცვალა:

„გიას დაბრუნების დღიდან ჩვენთვის რუსეთს და რუსებს ხაზი გადაესვა. ბოლო წუთამდე. არაფერი უთქვამს იქ რა ხდებოდა, მაგრამ ხომ ემჩნეოდა, რა სურათი ჰქონდა იქ ნანახი და რამდენად მძიმე კადრები. კაი ხნის შემდეგ მისი მეგობრებისგან, სოციალური ქსელიდან ვიგებდით, იქ რა ხდებოდა და გია რა სიტუაციაში იყო... მერე გავიგეთ, ერთ-ერთი ახალწვეულის დედისგან, რომ გიამ მისი შვილის სიცოცხლე გადაარჩინა. დაღუპვის შემდეგ, გიას ყოფილი უფროსი იხსენებდა, 2008 წლის ომის დროს, თბილისში გიას უფროსი მე ვიყავი და ომში ჩვენი გენერალი ბერო იყოო“.

2008 წელს ომში გამოჩენილი მამაცობისა და ღირსებისთვის გია ბეროშვილს ორი ორდენი აქვს მიღებული:

„ეს ორდენები სახლში მე და ჩემმა შვილმა სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ. ისე მოიტანა სახლში და ისე შეინახა, რომ საჭიროდაც კი არ ჩათვალა, რომ ჩვენთვის ეთქვა“.

ქეთი ამბობს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, გია სადაც და როგორც შეეძლო, ისე გამოხატავდა თავის პოზიციას რუსეთის პოლიტიკის მიმართ, მათ შორის, ფეისბუკზეც:

„დაახლოებით სამი წლის წინ, ერთ-ერთ ფოტოზე მეგობარმა მიუწერა, პუტინის წერა არ გახდეო. მაშინ თვითონაც გაეცინა. სამწუხაროდ, საბოლოოდ, მისი მეგობრის სიტყვები გამართლდა“.

გია 2022 წლის 5 მარტს ისე წავიდა უკრაინაში, რომ მისმა ოჯახმა არაფერი იცოდა. ცოლ-შვილი დარწმუნებული იყო, რომ ის ინგლისში ბიზნესის საკითხების მოსაგვარებლად გაემგზავრა:

„იცოდა, რომ ჩვენგან წინააღმდეგობა შეხვდებოდა. მეც, ჩემი ქალიშვილიც, მისი დებიც, არ გავუშვებდით, ყველანარიად ვეცდებოდით, რომ არ წასულიყო, თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ არ დაგვიჯერებდა. გიას აგვისტოს ომში იმდენი საშინელება ჰქონდა ალბათ ნანახი, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. შეეძლო არ წასულიყო, აღარ იყო მოქმედი სამხედრო, 2021 წლის ბოლოს გია პენსიაში გავიდა, მაგრამ ასე გადაწყვიტა თვითონ. უკრაინის ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, სხვადასხვა უკრაინულ ჯგუფში წერდა, მალე შემოგიერთდებით სოლიდარობის ნიშნადო, მაგრამ მაშინ არ ვაქცევდით ყურადღებას. როგორც კი მიეცა იქ წასვლის საშუალება, წავიდა კიდეც“.

ქეთის არც აგვისტოს ომის დროს, არც უკრაინის ომში, ერთი წამითაც არ დაუშვია, რომ მისი ქმარი ომიდან არ დაბრუნდებოდა. ამიტომ არც მაშინ შეშინებია, როცა 18 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობა უკრაინაში პირველი ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ:

„ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ერთ-ერთი მათგანი გია იქნებოდა. მჯეროდა მისი პროფესიონალიზმის, მჯეროდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა სახლში“.

გია ბეროშვილი უკრაინის ომში
გია ბეროშვილი უკრაინის ომში


გია ბერიაშვილი დაიღუპა 18 მარტს, კიევის ჩრდილო-დასავლეთით, ირპენის ფრონტზე. ის უცხოელ მოხალისეთა რაზმში იბრძოდა. როგორც გიას თანამებრძოლებმა უთხრეს ქეთის, 18 მარტს, როცა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, გია იპოვეს, მას გული ისევ უცემდა.

15 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც აგვისტოს ომსაც ვეძახით, ხუთდღიან ომსაც და რომელმაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქის, 169 სამხედროსი და 19 პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა. 1700-ზე მეტი დაიჭრა. 150 ათასზე მეტი ადამიანი კი იძულებული გახდა მიეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი.

XS
SM
MD
LG