პირველ თებერვალს უნგრეთში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც მმართველმა ძალამ პარლამენტში დეკემბერში დაამტკიცა.
„სუვერენიტეტის დაცვის აქტის“ მთავარი სიახლე ახალი სამთავრობო უწყების, სუვერენიტეტის დაცვის სამსახურის შექმნაა.
კანონის თანახმად, „სუვერენიტეტის დამცველი“ უწყების ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრის რჩევით პრეზიდენტი დანიშნავს ექვსწლიანი ვადით.
რამდენადაც უნგრეთში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს, გამოდის, რომ სუვერენიტეტის დაცვის სამსახური, ირიბად მაინც, მმართველი პარტიის გავლენას დაექვემდებარება.
პირველი, ვინც ეს თანამდებობა დაიკავა, ტამას ლანსია - ორბანის მთავრობის ყოფილი წევრი, რომელმაც მოგვიანებით მედიაში გადაინაცვლა. 2018 წელს ლანსის გამოცემამ გამოაქვეყნა პროფესორების, ჟურნალისტებისა და არასამთავროებში მომუშავეების სია, რომელსაც „სოროსის მკვლევრები“ უწოდა.
ახალ სამთავრობო უწყებას შეეძლება, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, უნგრეთში მოქმედი ნებისმიერი ორგანიზაციისგან გამოითხოვოს ფინანსური დოკუმენტები და კერძო ინფორმაცია, როგორიცაა კონფიდენციალური კონტრაქტები, კლიენტების ინფორმაცია თუ სამედიცინო ცნობები.
შემდეგ კი სუვერენიტეტის დაცვის სამსახური უნგრულ ორგანიზაციებში უცხოური ჩარევის შესახებ რეგულარულ ანგარიშებს გამოაქვეყნებს.
„სუვერენიტეტის დაცვის აქტით“ შემოტანილი მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება კი ახალი სისხლის სამართლის დანაშაულის გაჩენაა - პოლიტიკურ კამპანიაში უცხოური ჩარევა სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება. პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებზე კანდიდატებს წარადგენენ, აეკრძალებათ უცხოეთიდან ფულის მიღება.
ვინ ერჩის უნგრეთის სუვერენიტეტს?
„საქმე მის იდეოლოგიაში, რადიკალურ აქტივიზმსა და იმ განზრახვაშია, ჩაერიოს უნგრეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების პოლიტიკაში [...] მართვის სადავეების თავისი ვაჟისთვის გადაცემით, ეს განზრახვა არსად წასულა“, - წერდა ნოემბერში, კანონის წარდგენისას უნგრეთის მთავრობის სპიკერი, ზოლტან კოვაჩი სამთავრობო საინფორმაციო პორტალზე.
ის, ვის იდეოლოგიაზე, განზრახვასა და ვაჟზეც წერს კოვაჩი, უნგრეთში გაზრდილი ებრაელი, ამერიკელი მილიარდერი, ჯორჯ სოროსია.
38 წლის ალექსანდერ სოროსმა 90-ს გადაცილებული მამისგან შარშან გადაიბარა „ღია საზოგადოების ფონდები“ - არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი, რომლებსაც პოპულარულ ენაზე ხშირად „სოროსის ფონდს“ ეძახიან.
ჯორჯ სოროსი უნგრეთის მმართველმა პარტიამ წლების წინ ამოიღო მიზანში. ბილბორდების კამპანიას სოროსის მიერ ბუდაპეშტში დაფუძნებული „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისათვის“ სწავლების უფლების შეწყვეტა მოჰყვა.
2023 წლის ნოემბერში, როცა „სუვერენიტეტის დაცვის აქტს“ იღებდნენ, უნგრეთში უკვე ალექსანდერ სოროსის ბილბორდები გამოაკრეს წარწერით - „არ ვიცეკვოთ მათ დაკრულზე“.
უმცროსი სოროსის გვერდით ბილბორდებზე ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენიც იყო გამოსახული.
გზავნილი ცხადია - უნგრეთის მთავრობა ქვეყანას „გლობალისტების“ ჩარევისგან იცავს. მათი კვალი კი დასავლეთამდე მიდის და არა რუსეთამდე ან ჩინეთამდე.
დამატებითი დაბრკოლება მედიას
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ტექსტში მედია პირდაპირ ნახსენები არაა, მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი უნგრეთში ხელს შეუშლის დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობას.
გარდა იმისა, რომ კანონი სუვერენიტეტის დაცვის სამსახურს ნებისმიერი ორგანიზაციიდან აძლევს საბუთების გამოთხოვის უფლებას, რაც, თავისთავად, მედიასაც გულისხმობს, კანონის განხილვისას უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლები პირდაპირ საუბრობდნენ მედიის შესახებ.
მმართველი პარტიის სპიკერები ამბობდნენ, რომ სხვებთან ერთად, ახალი კანონი მიზანში ამოიღებდა „სოროსის მედიას“ და „დოლარის მედიას“ - ეს დამამცირებელი ტერმინებია, რომლებითაც უნგრეთში დასავლური დაფინანსების გამოცემებს მოიხსენიებენ.
საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების თანახმად, ვიქტორ ორბანის მთავრობა წლების განმავლობაში არაერთ ხერხს იყენებდა, რათა მისგან დამოუკიდებელი მედიისთვის დაფინანსების წყაროები შეეზღუდა.
„ეს მოიცავდა სახელმწიფო რეკლამების განთავსების მავნე პრაქტიკას, წნეხს კერძო რეკლამის განმათავსებლებზე, დამოუკიდებელი მედიისთვის ტალახის სროლის კამპანიებს [...] ბევრი დამოუკიდებელი გამოცემა ვერ გადაურჩა ზეწოლას და შედეგად, ან დაიხურა, ან მთავრობასთან დაახლოებულ მფლობელებს მიეყიდა“, - ვკითხულობთ კანონთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ექვსი ევროპული მედიის დამცველი ორგანიზაცია.
„დარჩენილია სულ რამდენიმე დამოუკიდებელი გამოცემა, რომელიც კვლავ ახერხებს თავისუფალ და სამართლიან გაშუქებას. მაგრამ ეს ძირითადად ონლაინმედიაა, რომელსაც შეზღუდული წვდომა აქვს“, - ამბობს უნგრელი ჟურნალისტი, საბოლჩ პანი.
მისი თქმით, შეზღუდული წვდომის გამო, დამოუკიდებელი მედია რეკლამის განმათავსებლებისთვის უინტერესოა, რის გამოც ისინი უცხოურ დაფინანსებაზე ხდებიან დამოკიდებულნი.
სწორედ ამიტომ, ჟურნალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციები უნგრეთის მთავრობის მიერ ქვეყანაში უცხოური დაფინანსების შეზღუდვას დამოუკიდებელი მედიისთვის საარსებო სახსრების შეზღუდვის მორიგ მცდელობად მოიაზრებენ.
აგენტების კანონი 2.0?
2017 წელს ვიქტორ ორბანის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არათუ ჰგავდა რუსულ კანონს „უცხოეთის აგენტების შესახებ“, არამედ ზოგი მუხლი სულაც პირდაპირ იყო გადაწერილი.
სამი წლის შემდეგ, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ ეს კანონი ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. ამიტომაც, 2021 წელს, უნგრეთის მთავრობას კანონის გაუქმება თავისი ხელითვე მოუწია.
ახალ კანონს უკვე მოჰყვა ევროკავშირის კრიტიკა. თანაც, თუ 2017 წლის კანონი მხოლოდ არასამთავროებს ეხებოდა, „სუვერენიტეტის დაცვის აქტი“, გარკვეულწილად, უფრო მკაცრიცაა, რადგან ნებისმიერ ორგანიზაციას მოიცავს. არაა გამორიცხული, ბრიუსელმა ბუდაპეშტს კვლავ უკანონობაზე მიუთითოს, მაგრამ ამას, როგორც მინიმუმ, დრო დასჭირდება.
„ევროკავშირის ყველა მექანიზმი დროშია გაწელილი, უნგრეთის მთავრობა კი შემდეგ საარჩევნო ციკლზე ფიქრობს“, - ამბობს საბოლჩ პანი.
უნგრეთში წელს ევროპარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.