Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რობოკოპებს ვუყვიროდი "თქვე რუსებო": ტედ ჯონასი ჰყვება აქციაზე დაკავებისა და ცემის დეტალებს


ილუსტრაცია: ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი გვიყვება, რომ სულ მცირე ათმა რობოკოპმა სცემა.
ილუსტრაცია: ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი გვიყვება, რომ სულ მცირე ათმა რობოკოპმა სცემა.

ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი იმ 60-ზე მეტ ადამიანს შორისაა, რომლებიც ბოლო ორ დღეში პოლიციამ აქციის დროს დააკავა. ჯონასი გვიყვება, რომ სულ მცირე ათმა რობოკოპმა ჯერ სცემა, შემდეგ კი დიღომში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

ის უკვე წლებია საქართველოში ცხოვრობს და შარშანდელის მსგავსად „აგენტების კანონის” მიღებას წელსაც ეწინააღმდეგება:

„[საქართველოს ევროპული მომავლის ღალატს] ხალხი წინ უნდა აღუდგეს და იბრძოლოს, სწორედ ამიტომ ვიყავი იქ“, - გვითხრა ტედ ჯონასმა.

ტედ ჯონასი საქართველოში 1994 წლიდან ცხოვრობს, ქართულად კარგად საუბრობს და კითხულობს კიდეც.

ის გვიყვება, რომ დიღმის პოლიციის განყოფილებაში მკითხეს, ქართულად წერა-კითხვა თუ შემეძლო, რაზეც ვუპასუხე დიახ-მეთქი, მაგრამ რადგან იურიდიული დოკუმენტის შინაარსის გაგება შეიძლება გამჭირვებოდა, ვუთხარი თარჯიმანი უკეთესი იქნებოდა-მეთქი.

მას უთხრეს, რომ ეს რამდენიმე საათს წაიღებდა და საბოლოოდ ხელი ქართულ ენაზე დაწერილ ოქმს მოაწერა. მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

„წამოსვლა მინდოდა, ნაცემი ვიყავი, იქ კი არანაირი სამედიცინო დახმარება არ იყო”, - ამბობს ტედ ჯონასი, რომელსაც თვალი აქვს დაზიანებული.

“ტკივილგამაყუჩებლების წყალობით თავს კარგად ვგრძნობ. ერთ თვალში ხედვა არეული მაქვს, მაგრამ ოფთალმოლოგი მეუბნება, რომ თვალი დაზიანებული არ არის და რამდენიმე დღეში ეს სიმპტომები გამივლის”.

როგორც ამერიკელი იურისტი ჰყვება, ის პირველ მაისს ღამით დააკავეს, მანამდე რობოკოპებთან ახლოს აღმოჩნდა, რომლებიც დროდადრო მომიტინგეებს ცრემლსადენ გაზს ასხამდნენ. ამის შემყურე მათ დროდადრო ქართულად „რუსებსაც” ვეძახდიო, - ამბობს ტედ ჯონასი.

„გამოიქცნენ, მტაცეს ხელი და დამაგდეს მიწაზე, მლანძღავდნენ და მირტყამდნენ. მანამდე აქციაზე ვინმეს არასდროს ვუცემივარ. მერე გავიგე „კაი, კაი, საკმარისია, გაჩერდი”.

უთხრეს ტროტუარზე დამჯდარიყო. ბოლოს კი აქციის ორ მონაწილესთან ერთად პოლიციის თეთრ „მარშრუტკაში” ჩასვეს. ამბობს, გზადაგზა იქ სხვა დაკავებულებასაც „ყრიდნენ“- ო.

“მანქანას ფანჯრები არ ჰქონდა, ძალიან ცხელოდა და ბნელოდა, თუმცა ყველა მშვიდად იჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტრავმირებული იყო, ძალიან მეგობრულად ვსაუბრობდით. თითქმის ორი საათის განმავლობაში, რაც იქ ვიყავი და უკვე 11 გავხდით. ძალიან ბნელოდა და დათვლა რთული იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემს გარდა კიდე ათი ადამიანი იყო.

არ მითქვამს, რომ ამერიკელი ვარ და გამიშვით, მაგრამ როცა ჩემთან ერთად დაკავებულებს ველაპარაკებოდი, ბუნებრივია, კითხვებს მისვამდნენ. ქართველი არ ხარ, რაზეც ვპასუხობდი, რომ დიახ, საქართველოს მოქალაქე ვარ, კი, კი, მაგრამ საიდან ხარ. და მაშინ ვუთხარი, რომ ამერიკელი ვიყავი და ორმაგი მოქალაქეობა მქონდა”, - გვიყვება ის.

ჯონასი სასამართლოში ჩივილს და გამოძიების დაწყებას არ გეგმავს, რადგან ქართულ მართლმსაჯულების სისტემას არ ენდობა, თან ამბობს, რომ ნიღბიანი რობოკოპების იდენტიფიცირებაც არ შეუძლია.

ფიქრობს, რომ სამართლებრივი პროცედურების დაწყება დროის ფუჭი კარგვა იქნება და თან უშედეგო. მაგრამ ითანამშრომლებს Human Right Watch-თან და ქართულ ორგანიზაციებთან, რომლებიც პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების საქმეებს სწავლობენ.

“ვფიქრობ, ჩემი ამბავი იმ სხვა შემთხვევებთან ერთად უნდა იყოს, რომლებიც აჩვენებს, რასაც ეს მთავრობა აკეთებს”, - ამბობს ტედ ჯონასი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 აპრილისა და 1 მაისის ღამეს პოლიციამ აქციაზე 63 მოქალაქე დააკავა. დაკავებულებს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. ხოლო აქციის დროს სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამატებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

„აგენტების კანონი“ - ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, რასაც უკვე რამდენიმე კვირაა ათასობით ადამიანი აპროტესტებს, პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით. მეორე მოსმენით კანონპროექტი პირველ მაისს მიიღეს. დარჩა მესამე, საბოლოო მოსმენა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG