Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იმალება, ვინ არიან მოძალადე ნიღბიანები რობოკოპების მხარეს


ე.წ. რობოკოპები რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს. 30 აპრილი, 2024 წელი.
ე.წ. რობოკოპები რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს. 30 აპრილი, 2024 წელი.

​​​​​​​ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა გვარამიამ 1 მაისს თქვა, რომ გასულ ღამეს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების დარბევაში უკანონოდ მონაწილეობდნენ კერძო დაცვის სამსახურის „სარანგის“ თანამშრომლები, - კომპანიისა, რომელიც შსს-ს მაღალჩინოსანს ეკუთვნის.

რადიო თავისუფლება შეეცადა ამ ინფორმაციის გადამოწმებას და გარკვევას, როგორ და ვინ უნდა გამოიძიოს ეს.

„გუშინდელი დღის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფაქტი ისაა, რომ გამოიკვეთა ქართული „პრიგოჟინის დაჯგუფება“, სადამსჯელო გვარდია, რომელიც მიტინგს არბევდა. საუბარია „სარანგზე“, - დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ძალადობაში კერძო დაცვის კომპანია „სარანგი“ დაადანაშაულეს.


2021 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციის 15-მდე მონაწილე დააკავეს, 30 ნოემბერს ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ მათი მხარდამჭერების დაკავებაში კერძო დაცვის კომპანია „სარანგის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ასეთი აგრესიული ჯგუფები არიან არა კეთილსინდისიერი თანამშრომლები, არამედ ხარაზიშვილის მიერ მოძიებული ჯგუფები, რომლებიც დასაქმებული ჰყავთ საკუთარ შპს-ებში და დამატებით ათასობით ლარს უხდის ოლიგარქი ამ ბინძური დავალებების შესრულებაში“, - თქვა მაშინ ლევან ხაბეიშვილმა.

კომპანია „სარანგი“ 2014 წელს დაფუძნებული კერძო დაცვის სამსახურია, ასე წერია მის სადამფუძნებლო დოკუმენტებში.

კომპანიის 50%-ს დაფუძნებიდან დღემდე ფლობს ზვიად ხარაზიშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბოლო წლებში ის აქციებზე სამართალდამცავების მოქმედებებს ხელმძღვანელობს.

სარანგის დარჩენილ 50-%-ს ფლობს ზვიად ჭოხონელიძე, რომელიც რადიო თავისუფლების მოძიებული დოკუმენტებით, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს მის პირად დაცვას უზრუნველყოფდა.

ზვიად ხარაზიშვილის დეკლარაციების (2021-2023 წლები) მიხედვით, ის დაახლოებით 40 ათასი ლარის ოფიციალურ შემოსავალს იღებს წლიურად დაცვის კომპანია „სარანგიდან“.

„სარანგის“ დირექტორი ნელი ბუზიაშვილია. კომპანიის ოფიციალურად მითითებულ ტელეფონის ნომერზე გვითხრეს, რომ ის ქვეყანაში არ იმყოფება. კომპანიის წარმომადგენელი მათი თანამშრომლების აქციის დროს სამართალდამცავებთან ერთად ყოფნის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს:

„სულელები არიან… ჩემ ყურამდეც მოვიდა ეგ და არის სრული აბსურდი, არასწორი ინფორმაციაა… სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი არცერთი თანამშრომელი მანდ არ არის და მე სულ მყავს პენსიონერი თანამშრომლები, ჯერ ეგ ერთი და მაგას რომ წერენ, ჯერ ნახონ ვინ მუშაობს და შემდეგ დაწერონ მაგ დედა ატირებულებმა…“

კომპანიის თანამშრომელმა რადიო თავისუფლების სხვა შეკითხვებს არ უპასუხა და ტელეფონი ისე გათიშა, რომ ვინაობა არ დაასახელა.

ზვიად ხარაზიშვილი შსს-ში რამდენიმე ათეული წელია მუშაობს, თუმცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად 2021 წელს დაინიშნა. მის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლისას თქვა: „ერთ-ერთი ღირსეული, გამორჩეული ადამიანია, 30 წელია ემსახურება ჩვენს ქვეყანას“.

მონაწილეობდნენ თუ არა აქციის დაშლასა და მისი მონაწილეების დევნაში შსს-ს მაღალჩინოსნის კერძო კომპანიის თანამშრომლები, ამის დადგენა საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ.


აქციის დაშლის ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავების მხარეს იყვნენ შავებში ჩაცმული, ნიღბიანი ადამიანები, რომლებიც სასტიკად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს. მათი სახეების იდენტიფიცირება ამ კადრებით შეუძლებელია.

ქართული კანონმდებლობით, შსს-ს თანამშრომლის გარდა სხვა არანაირ სახელმწიფო სტრუქტურისა თუ კერძო კომპანიის წევრს არ აქვს აქციის დაშლის, პროტესტის მონაწილეების დაკავების ან განრიდების უფლება.

თუკი აქციის დაშლის პროცესში კერძო კომპანიის თანამშრომლების მონაწილეობა დადასტურდა, ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული შსს-ს მაღალჩინოსნების მხრიდან.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც მსგავსი ფაქტების გამოძიება ევალება, გაავრცელა განცხადება, რომ დაიწყეს გამოძიება 1 მაისის ღამეს სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით, შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

პარლამენტთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო დემონსტრაციაზე ნიღბიანი ადამიანი, რომელიც სპეცრაზმელების მხარეს დგას, დემონსტრანტებს სახეში მუშტს ურტყამს. რადიო თავისუფლებამ დააფიქსირა ორი შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ნიღბიანი პირი აქციის ორ სხვადასხვა მონაწილეს სახეში ძლიერად ურტყამს მუშტს.
რადიო თავისუფლებამ და სხვა მედიასაშუალებებმა 1 მაისის ღამეს აქციის ძალადობრივად დაშლის არაერთი ფაქტი ასახეს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაადგინოს მოძალადე ადამიანების ვინაობა, რომლებიც აქციაზე სამართალდამცავების მხარეს და მათთან ერთად იდგნენ, მაგრამ არ ჰქონდათ სპეციალური საცნობი ნიშნები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლიდან, ამ სამსახურის შექმნიდან, პრობლემად და გამოწვევად რჩება სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიება, კონკრეტული მოძალადე სამართალდამცავების დადგენა.

ანგარიშის მიხედვით, ქართული კანონმდებლობა არ ავალდებულებს შსს-ს თანამშრომლებს, ჰქონდეთ ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნიშნები. „ძალადობის ფაქტების თვითმხილველი პირების არსებობის შემთხვევაშიც კი თითქმის შეუძლებელია არაპროპორციული ძალის გამომყენებელი სამართალდამცველის იდენტიფიცირება და ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება“, - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში.

„2023 წლის მარტში იყო იგივე შემთხვევები, რასაც დღეს ვხედავთ, მაშინაც ნიღბიანმა და არაიდენტიფიცირებადმა ადამიანებმა, მსუბუქად რომ ვთქვათ, იძალადეს აქციის მონაწილეებზე, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც 3 კაცი ერთ ბავშვს ურტყამდა და ა.შ. სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირდაპირ მიუთითებს, რომ მე მსგავს ფაქტებს ვერ ვიძიებ, ვინაიდან ვალდებულება, რომ აქციის დაშლის დროს რაიმე ნიშნით (ციფრებით ან სხვა) იდენტიფიცირებული იყვნენ სამართალდამცავები, კანონმდებლობით არ არსებობს. ეს საბოლოოდ გვაძლევს იმას, რომ ამ ინდივიდუალურ მოძალადეებს ეხსნებათ ხელ-ფეხი.

მარტივად რომ ვთქვათ, ნიღბიანმა პოლიციელმა იცის, რომ რაც არ უნდა ქნას, ურთულესია მისი ქმედების გამოძიება და ეს ყველაფერი კრავს დაუსჯელობის წრეს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან გიორგი დავითური, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის მთავარი იურისტი

რადიო თავისუფლებამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჰკითხა, რაკი 2019 წლიდან არსებობს მოძალადე სამართალდამცავების ვინაობის დადგენის პრობლემა, რა გააკეთეს ამ პრობლემის გადასაჭრელად?

მაგალითად, ხომ არ მიმართეს პარლამენტს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა სამართლებრივად გადაჭრილიყო მოძალადე სამართალდამცველთა იდენტიფიცირების პრობლემა.

საგამოძიებო სამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ამ კითხვებზე ვერ გვიპასუხებდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG