Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 5 ივლისი. See content from before

ორშაბათი, 4 ივლისი 2011

საქართველოს, ისევე, როგორც თავისუფლებისმოყვარე მთელს კაცობრიობას, მორიგი საფრთხე ემუქრება: ეს არც „ქათმის გრიპია“ და არც მოახლოებული სამყაროს აღსასრული, არც გლობალური ფინანსური კრიზისი და არც გლობალური დათბობა, არც რუსეთის აგრესია და არც უცხოპლანეტელთა შემოსევა მფრინავი თეფშებით... ეს სოციალიზმის აჩრდილია, რომელიც უკვე ამაყად დააბიჯებს ევროპასა და აზიაში და თვით თეთრ სახლზეც აუფრიალებია გარდამავალი წითელი დროშა...

„სოციალიზმი ამპარტავნულია“, „სოციალიზმი ამორალურია“, „ნებისმიერ სოციალისტს (რიგით ბოლშევიკსა თუ ბარაკ ობამას) მიაჩნია, რომ თქვენი და ჩემი ქონება მისია (პოპულარულ ენაზე „საერთოა“) და უკეთესად იცის როგორ უნდა გამოიყენოს ის. ცხადია, „სამართლიანობისთვის“, „თანასწორობისთვის“ და „სიკეთისთვის ბრძოლაში“! რომ გამოიყენოს – ჯერ უნდა წაგართვას, რომ წაგართვას – უნდა მოიგონოს რაიმე კანონ(ებ)ი, და დაარწმუნოს ადამიანების უმეტესობა, რომ მათზე ზრუნვაში იძინებს და იღვიძებს... ნებისმიერი სოციალისტური სისტემის სახე არს სახე მხეცისა“ – ეს შემზარავი ხატები კუნძულ ფატმოსზე განმარტოვებულ ღვთისმეტყველს კი არ ეჩვენა, არამედ ქართველი ლიბერტარიანელების მთავარი ბეჭდვითი ორგანოს - ჟურნალ „ტაბულის“ ფურცლებზე განცხადებული აპოკალიფსური ხილვებია.

ქართველი ლიბერტარიანელების იდეალი – შეუზღუდავი თავისუფალი ბაზარი და პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დასახული მიზანი – „საქართველოს სინგაპურიზაცია“, რომელიც, როგორც ჩანს, „სიღნაღიზაციის“ შემდეგი საფეხურია და სულ ორიოდე წელიწადში, პრეზიდენტის ახალი პროგნოზ-დაპირებით, ქვეყნის მოსახლეობაზე მეტ – ხუთ მილიონ ტურისტს მოგვივლენს , რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს „საბაზრო სიკეთეებით“ გააბრწყინებს (თუმცა კი ამ სიკეთეებით გაბრწყინებული და „ლიბერტარიანელ ბიზნესმენთა“ რანგში აღზევებული ჯერჯერობით თითქმის მხოლოდ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი წევრები თუ ნაცმოძრაობის აქტივისტები ან მათთან დაახლოებული პირები არიან).

მაგრამ პრეზიდენტის ამ პროექტს სკეპტიკოსებად სწორედ ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები გამოუჩნდნენ. თომას დე ვაალის აზრით, „სინგაპურიზაცია“, რაც საქართველოში მაქსიმალურად ლიბერალური საბაზრო სისტემის შექმნას გულისხმობს, რეალობასაა მოკლებული. ხოლო ქვეყანას, უზარმაზარი სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად, ესაჭიროება სახელმწიფო სისტემის დემოკრატიზაცია და სოციალური დაცვის სტრუქტურების შექმნა. ამის სანაცვლოდ კი საქართველოში სულ უფრო მეტად იკვეთება ერთპარტიული და ავტორიტარული მართვის ტენდენციები. დე ვაალის აზრით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს სწორედ სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ძალა აკლია, რომლის პრიორიტეტიც სოციალური პოლიტიკა იქნებოდა.

სააკაშვილის ხელისუფლებისადმი კრიტიკული განწყობა ევროკავშირში უკვე 2007 წლის მიწურულს გამოიკვეთა, 2009 წლიდან კრიტიკული ხმები ამერიკიდანაც გაისმა. აქედან მოყოლებული ქართველი ლიბერტარიანელების ერთგვარ „მტრის ხატად“ იქცევა ამერიკის ახალი პრეზიდენტი, რომლის მიმართ საკუთარ უარყოფით ემოციებს ისინი დაახლოებით ისეთივე ფორმით გამოხატავენ, როგორითაც საბჭოთა სატირული ჟურნალი „ნიანგი“ კაპიტალისტურ საზღვარგარეთს წარმოაჩენდა: ფეისბუკზე თითქმის ყოველდღე ქვეყნდება ობამას კარიკატურები, რომლებიც მას ხან სტალინად, ხან ლენინად, ხანაც ბინ-ლადენად გამოსახავენ. ამ კარიკატურების მესიჯი ისეთივეა, როგორიც „ტაბულის“ ზემოხსენებული სტატიისა: ობამა სოციალისტი მოძალადეა, რომელიც კერძო საკუთრებას თავს ესხმის! ყველა ადამიანისათვის ხელმისაწვდომ სამედიცინო დაზღვევას, ისევე, როგორც უფასო სწავლას, სოციალურად დაუცველთა დახმარებასა და ა.შ. ლიბერტარიანელები თავისუფლების ხელყოფად და ადამიანის ღირსების შელახვად მიიჩნევენ. დაბალშემოსავლიანები და სოციალურად დაუცველი ადამიანები კი გამოდიან მუქთახორები, რომლებიც ბეჯითი და მაღალმორალურობით გამორჩეული ლიბერტარიანელების ხარჯზე ცდილობენ არსებობას.

საქართველოში, სადაც, ფაქტობრივად, არ არსებობს სოციალისტური ორიენტაციის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ნაცმოძრაობის კურსისათვის რაიმენაირი წინააღმდეგობის გაწევა შეეძლებოდათ, ლიბერტარიანელთა ამ ანტისოციალისტური ისტერიის სამიზნეები საქართველოს ფარგლებს გარეთაა საძებნელი. საამისოდ ვერც ველური კაპიტალიზმის სანიმუშო რუსეთი გამოდგება. ხოლო რადგანაც სააკაშვილის ასევე მემარჯვენე ოპოზიცია, რომელიც, ფაქტობრივად, უკვე სრულიად დისკრედიტებულია და ნაცმოძრაობისათვის არავითარ საფრთხეს აღარ წარმოადგენს, საკუთარი პოლიტიკის წარუმატებლობის ახალი, გარე მიზეზებია საძებნელი და საამისოდ სოციალისტთა საერთაშორისო შეთქმულება გადაბრალების იდეალურ ობიექტად შეიძლება გამოდგეს.

სოციალური სახელმწიფოს ევროპული იდეის დისკრედიტაცია, მისი ამორალურად და არაეფექტიანად შერაცხვა, მოსალოდნელი სოციალური აფეთქებებისგან თავის დაზღვევის საკმაოდ უნიათო მცდელობაც არის და მისი ადრესატი ის ახალგაზრდობაა, რომელიც არა მღვდლებისგან თუ ნაცმოძრაობასთან დაახლოებული ლიბერტარიანელი ავტორიტეტებისგან იღებს ინდოქტრინაციის სიკეთეებს, არამედ საკუთარი ძალისხმევით ცდილობს გაეცნოს ლიბერტარიანელთა საძულველ თანამედროვე ევროპელ თუ ამერიკელ თეორეტიკოსებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებისაა, ან უბრალოდ ბუნებრივი პროტესტი უჩნდება იმ სოციალური შოვინიზმისა და უსამართლობის მიმართ, რომელიც მოაქვს არაკონტროლირებად და უმართავ საბაზრო ურთიერთობებს, სადაც მდიდრები კიდევ უფრო მეტად მდიდრდებიან და ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან.

ქართულ-ლიბერტარიანული მორალითა და რეცეპტებით საჭიროა არა სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლა, არამედ გალიბერტარიანელება: იყავი ძლიერის, ძალაუფლების მქონეთა მხარეს, თვალი დახუჭე სოციალურ ჩაგვრასა და უსამართლობაზე და პატარ-პატარა „საბაზრო სიკეთეებით“ დაჯილდოვდები. ამგვარი წარმატებულობის მაგალითები უხვადაა „ტაბულის“ ფურცლებზე ნორჩ ლიბერტარიანელთა სახით, ულტრაკონსერვატორთა ინტერნეტ-გვერდების „დაგუგლვითა“ და იქ ამოკითხული ფრაზებით, უფროსი ავტორიტეტების კვალად, სოციალისტთა ტირანიისგან კაცობრიობის ხსნასა თუ საქართველოს სიღნაღ-სინგაპურიზაციას რომ ქადაგებენ.

ან რა საჭიროა ზედმეტი ფიქრი და სწავლა-განათლება, როდესაც ლიბერტარიანული რეცეპტი სწრაფ და ეფექტიან წარმატებას გვთავაზობს? მთავარია, „ნუ იქნება ოღონდ ბუნტი, სხვა რაც გინდა იყოს“.
ამ ერთი თვის წინ, 26 მაისს, საქართველომ დამოუკიდებლობის მრგვალი წლისთავი იზეიმა. რუსთაველის გამზირზე ფეხაწყობით ჩავლილი ხალხის ყრუ გუგუნი ჰარმონიულად ერწყმოდა ტრიბუნაზე მოკალათებულ სასულიერო და საერო ელიტის მონოლითურ სახეებს. მათ ნამდვილად ქონდათ საამაყო. მათ ქონდათ სუპერძალა, რომელიც სამამულო წარმოების ხულიგნებს, სულ მცირე, უიმედო დეპრესიას უქადდა. მერე რა, თუკი მხოლოდ სამამულოს? კავკასიონის ქედს იქით საკუთარი სუპერგმირებიც ყოფნით.

არადა, არცთუ ურიგოდ დაიწყო თავის დროზე ყველაფერი. კერძოდ - ვარდის ქნევით, ჩაის სმითა და ჯგუფური ჭიპხახუნათი. მზიურმა საქართველომ სრულიად ახალი, თავისებური კარნავალით დააღწია თავი ბოროტების იმპერიას. იმპერიას, რომელიც, თავის მხრივ, უფრო მეტად სისხლიანი კარნავალების მოწყობაში იყო დაოსტატებული. მზიური ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ კომპასს დახედა და შეეცადა დაედგინა, საით იყო დასავლეთი.

ის იყო, დაინახა კიდეც ჰორიზონტზე მოლივლივე სივრცე და უნდა დაძრულიყო მისკენ, რომ მას მოულოდნელად მხარზე ჩამოადეს თბილი ხელისგული. ხელისუფლება უკან არც მიტრიალებულა, ისე შეეცადა, უსიამოვნოდ თბილი ხელი მოეშორებინა. მაგრამ ვერ მოიშორა. ხელის თითები მეტისმეტად მტკიცედ ჩაფრენოდა მხარში. მაშინ ხელისუფლებამ კეთილ ინება, მიტრიალებულიყო... მის უკან იდგა მოხუცი წვეროსანი, რომელსაც ანაფორა ემოსა, კისერზე ჯვარი შეება და თეთრ ულვაშებში ეღიმებოდა. თავიდან ხელისუფლებამ იფიქრა, რომ მის უკან თეატრის ტიკინა იდგა. წვერზეც კი დაქაჩა იმ იმედით, რომ ის ხელოვნური იქნებოდა და მოაძრობდა. მაგრამ წვერი ნამდვილი აღმოჩნდა. მოხუცმა ისევ გაუღიმა.

იყო ამ ღიმილში რაღაც მაცდური და ჰიპნოტური. ხელისუფლება დაიბნა. უცბად ვერ მიხვდა, როგორ მოქცეულიყო. მოხუცი კი ამ დროს ჩუმად, თუმცა შეუფარავად ლუღლუღებდა, წყეული დასავლეთი ამორალობისა და აღვირახსნილობის მეტს არაფერს მოიტანსო. არადა, ხელისუფლებას სულ სხვა წარმოდგენა და ინფორმაცია ქონდა იმავე დასავლეთზე. კერძოდ, რომ მას, ბევრ სხვა რამესთან ერთად, კეთილდღეობა, მშვიდობა და სოციალური გარანტიებიც მოაქვს. აქ ხელისუფლებაში შინაგანი კონფლიქტი დაიწყო: ფასეულობათა და ვნებათა კონფრონტაცია. ერთი მხრივ დარდი, მეორე მხრივ - ვარდი; ერთი მხრივ გაუპარსავ მამაკაცთა (ზოგჯერ დედაკაცთაც) არნახული აღზევება, საყოველთაო მარხვები, მეორე მხრივ კი - საამოდ სურნელოვანი ნატო და ევროკავშირი. ჰოდა, დგას ახლა დემოკრატიას გამოკიდებული და დემოკრატიითვე შეშინებული ხელისუფლება უძრავად, ცალი ფეხით წარსულში, მეორით - მომავალში. აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს.
იმედიანად დაწყებული 2003 წლის შემდეგ ხელისუფლებამ თითქოს გააანალიზა დიქოტომია. მიხვდა, რომ არანაირი შინაგანი კონფლიქტი აღარ იქნებოდა, თუკი მოხუცს ისე მოეპყრობოდა, როგორც ღვიძლ მამას. პირველ ყოვლისა, მისთვის უნდა შეენარჩუნებინა კოხტა სადგომი, რომელშიც ის ოდითგანვე იდგა.
მაგრამ მამა მეტისმეტად მოხუცი და ცბიერი გამოდგა. ჩანდა, იოლად ვერაფერს „აჭმევდი“. როცა ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ მამას ვეღარ მოერეოდა და ვეღარც უფროსობას გადააჩვევდა, გადაწყვიტა, ნათესაური კავშირი დაემყარებინა მასთან. ასე და ამგვარად, მამა-შვილმა ჩუმად იქორწინა ზეციურ საქართველოში. ამ უცნაური, საკრალურ-სეკულარული ქორწინების კონტრაქტში კი ჩაიწერა, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებს მამა მოუვლიდა, საგარეოს კი შვილი მიხედავდა. ვითომ არაფერი განსაკუთრებული. გარედან ისე ჩანს, თითქოს შვილი მოხუც მამას კეთილსინდისიერად და თანაგრძნობით უვლის და ცივ ნიავს არ აკარებს. როგორი ჟრუანტელისმომგვრელი სურათია, არა?

და მაინც, რა მოეწონა ხელისუფლებას თავის მიჯნურში? ალბათ, ისევ და ისევ რიტუალურობა. საქართველოს ხელისუფლება არასდროს ყოფილა გულგრილი რიტუალურობისადმი. ეს პატარა ერების კომპლექსი ვულკანივით ამოიფრქვა დამოუკიდებლობის პირველ წლებში და ერთბაშად დაფერფლა მის ძირში მდებარე კულტურისა და ცივილიზაციის ყველა ნიშანი. როგორც ოდესღაც ვეზუვის ფერფლმა ადგილზევე გააქვავა მთელი პომპეი და ჰერკულანუმი დედაწულიანად.

2003 წელს მოსულ ახალგაზრდა ხელისუფლებას ჭირდებოდა რიტუალი, რომელიც, თავისი არსით, სივრცე-დროის მიღმა გასვლაა. მთის კულტურებში ხომ წლოვანება სიბრძნის სინონიმია. ამავდროულად რიტუალი ადამიანის მიერ საკუთარი თავის კონკრეტულ ტომთან თუ ერთობასთან ასოცირებას იწვევს, რის შედეგადაც პიროვნება მხოლოდ იმავე თემის კონტექსტში ახდენს განვითარება-დამკვიდრებას. სწორედ „გარიტუალება“, დროის არაადეკვატური ქმედების გარკვეული მოტივით საკრალიზება ბადებს „მბრძანებლობას წარსულიდან“. ეს ის უცვლელი ღერძია, რომლის გარშემოც ბრუნავს თანამედროვე საქართველოს ისტორია. ტრიალებს-ბრუნავს, ტრიალებს-ბრუნავს...

როგორც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ემილ დურკჰაიმი წერდა, მარტივ საზოგადოებებში (ანუ საზოგადოებებში, რომლებიც შეკრულნი არიან კლანურ, ოჯახურ ან ტომობრივ ურთიერთობათა გარშემო) კოლექტიური ცნობიერების ჩამოყალიბების საშუალებით სწორედ რელიგია ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ამ საზოგადოების წევრთა გაერთიანებაში. ამ ტიპის საზოგადოებებში ინდივიდის ცნობიერების შინაარსი საზიაროა საზოგადოების სხვა წევრებთან და ეს ორმხრივი მსგავსება ბადებს მექანიკურ სოლიდარობას.

მექანიკური სოლიდარობა კი ვერასდროს შობს დემოკრატიას. მექანიკური სოლიდარობა მხოლოდ ბელადის გარშემო იქმნება. დემოკრატია და ბელადი შეუთავსებელი ცნებებია. ჩვენ ბევრი ბელადის ძეგლების დემონტაჟი ვნახეთ, მაშინ როცა დემოკრატია ჩვენგან თავად კვარცხლბეკის მოშლას მოითხოვდა. კვარცხლბეკი კი იდგა და ლენინის შემდგომ წმინდა გიორგის ელოდა. ერთი შეხედვით, ეს ორნი - ლენინი და წმინდა გიორგი - გარეგნულად კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ თავიანთი შინაარსით თითქმის კონგრუენტულნი არიან. ორივე ურჩხულს მუსრავს, თუმცა თვითონაც კვდებიან. მათი როლი ოდენ ურჩხულის შემუსვრაა.

ყოველ 6 მაისს საქართველოში გიორგობა და პოლიციის დღე აღინიშნება. მიაქციეთ ყურადღება, პოლიციის დღე ნაციონალური დღესასწაულია რუსეთის ფედერაციაში, ეგვიპტეში, სამხრეთ აფრიკასა და სხვა განვითარებად ქვეყნებში. ამ დღისადმი მიძღვნილ საგანგებო სიტყვაში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ისევე ენდობიან პოლიციას, როგორც ეკლესიას. ამგვარად, მან სრულყოფილად მოხაზა ძალაუფლების ვერტიკალის კონტურები. პოლიცია და ეკლესია არის ის ორი ფეხი, რომელზეც დგას თანამედროვე ქართული სახელმწიფო.

როცა ერთი ფეხი მეორეზე გრძელია, სხეული კოჭლობს. ამიტომ ძალაუფლების ორივე საყრდენი კიდური ზრუნავს, რომ ერთმანეთის ექვივალენტური იყოს და ამავდროულად შეერთდეს - სადღაც საზარდულის არეში. ეს ორმხრივ მომგებიანი ურთიერთობაა. ხელისუფლების მხრიდან ზრდა გამოიხატება სეკულარული დღეობების რელიგიური დღესასწაულებისთვის დამთხვევით. რად ღირს თუნდაც მინისტრების თბილისიდან იერუსალიმამდე პერმანენტული სირბილი წმინდა ცეცხლის მოსახელთებლად. ძნელია, მათ შემყურეს არ გაგახსენდეს ჰოლივუდური კომედია „ვირთხების რბოლა“, საოცნებო საგნის გამო ფილმის პერსონაჟები ერთმანეთის გადასწრებაზე რომ არიან. ხოლო ეკლესია, თავის მხრივ, ისაკუთრებს საერო გმირებს და ცდილობს, მათი საქმიანობა, მათი მიღწევები მყარად დაუკავშიროს ეკლესიას. უძღები მამის კომპლექსი.

მაგალითად, შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე და ა.შ. არ წარმოადგენენ საპატრიარქოს კერძო საკუთრებას და მათი „განკარგვის“ მონოპოლია არა აქვს ამ უწყებას. მაგრამ ისინი ახერხებენ ამ კულტურული ნაწილების მითოლოგიურ ბურუსში გახვევას, რის შედეგადაც ამ მოვლენებს არსი და მნიშვნელობა ეკარგებათ, ხოლო მათზე ყოველგვარ მსჯელობას უკვე ეგზალტირებული ბრბო ადებს ტაბუს. ქართული კულტურა და ისტორია იქცა აკლდამად, სადაც უდარდელ მხედრებს მხოლოდ ყვავილების მიტანისა და მოწიწებით თავის დახრის უფლება გვაქვს. და ისიც მათივე ლოცვა-კურთხევით, რასაკვირველია.

ვინც ფანტაზიის ნაკლებობას არ უჩივის, საგნის ამ მცირე მიმოხილვითაც იოლად შეძლებს წარმოიდგინოს, თუ როგორი საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ამ ზეციური ქორწინების შედეგი - პირმშო. ეს ერთგვარი უცხო (ინგ. alien) თავისუფლად შეიძლება იყოს ანაფორიანი პოლიციელი. უცხო, რომელსაც სისხლის მაგივრობას სხეულში მჟავა უწევს, თავის მსხვერპლში კვერცხებს დებს, ქამარზე ხელკეტად დრეკადი ჯვარი კიდია, მისი უზენაესი კონსტიტუცია კი რჯულის კანონია. ისე, მშვენიერი იდეაა, ორი ერთში: პოლიციელი-მღვდელი, ხორცისა და სულის უნივერსალური მცველი. ერთგვარი ელიენ-ელია, ანუ არამიწიერი წარმომავლობისა და ბიბლიური პერსონაჟის თავისებური მიქსი, რომელიც ქუჩის პატრულირებისას ერდროულად ყარს და საკმეველსაც აკმევს. თან, რაც მთავარია, ამ უცხოს ეყოლება არა დედა, არამედ ორი მამა, ანუ ექნება გაორებული წარსული. თუმცა, უმთავრესი მაინც ისაა, რომ ეს უცხო ხალხის სხეულში კვერცხებს დადებს. ასე რომ, მამისა და შვილის განქორწინება დროულად თუ არ მოხდა, სულ მალე პატარა უცხოები დაიჩეკებიან.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG