Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 22 ივნისი. See content from before

კვირა, 19 ივნისი 2011

ტერენს მალიკის ახალი ფილმის დასაწყისი უბრალოდ რელიგიური კი არა, პირდაპირ თეოლოგიურია. ჯერ ციტატა „იობის წიგნიდან“ - „სად იყავი, როდესაც დედამიწას ვაფუძნებდი?... როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები“; შემდეგ გმირი ქალი, რომელიც იმაზე საუბრობს, რომ ორი გზა არსებობს: ბუნების გზა და მადლის გზა. ბუნებასა და მადლს შორის განსხვავება, როგორც მოგეხსენებათ, ქრისტიანული თეოლოგიის გულისგულს წარმოადგენს.

მაგრამ ამ თეოლოგიური სიმაღლეებიდან სწრაფადვე ხდება გადასვლა ოჯახურ დრამასა და ევოლუციის თეორიაზე. ოჯახური დრამა აღმოჩნდება რეალური საზრისი იმისა, რასაც მალიკი „მადლს“ უწოდებს, ხოლო დიდი აფეთქებისა და ევოლუციის თეორიები - იმისა, რასაც ფილმში „ბუნება“ ეწოდება.

ამბავი, რომელსაც მალიკი გვიყვება, 50-იანი წლების ამერიკაში ხდება. მისი მთავარი კონფლიქტი ოჯახის მამასა და უფროს ვაჟს შორის საოცარი სიზუსტით ასახავს იმას, რასაც ოიდიპოსის კომპლექსის სახელით ვიცნობთ. დედა საკუთარ ვაჟს ცაზე მიუთითებს და ეუბნება, ღმერთი იქ ცხოვრობსო, თუმცა ფილმი იმდენად ჯიუტად გვაჩვენებს იმას, რომ ღმერთის ხატი სინამდვილეში მამის ხატის მიხედვით იქმნება, რომ შეუძლებელია გეგონოს, თითქოს ფილმის ჩასახვამ ფსიქოანალიზის დამფუძნებლის გარეშე ჩაიარა. როგორც გვახსოვს, სწორედ ფროიდის აზრი იყო, რომ ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა ბავშვის მიერ მამის უსაშველოდ გაზრდილი ხატება. თითქოს ეს საკმარისი არ არისო, ფილმის ბოლოს ჩვენ ვხედავთ სამოთხეს, რომელიც წარმოდგენილია, როგორც დაკარგული ოჯახის წევრების გულში ჩაკვრა. მგონი არც ამ სცენის პროტოტიპის გახსენება უნდა გაგვიჭირდეს - „ძმები კარამაზოვების“ ფინალი.

ამ ამბავს მალიკი გვიყვება ღრმა ფსიქოლოგიური წვდომით, დეტალებისადმი შესაშური ყურადღებით და კამერის შესანიშნავი მუშაობით. ზუსტად არის ნაჩვენები, რომ მამა, რომელთან კონფლიქტსაც უკავშირდება უფროსი ვაჟის პიროვნული პრობლემები, სულაც არაა დამკვიდრებული ნორმიდან გადახრილი და ძალადობის მოყვარული მშობელი. არა, ის ტრადიციული ოჯახის ტიპური მამაა, რომელსაც ავტორიტეტის დამკვიდრება სჭირდება, რადგან კანონის ფუნქცია აქვს დაკისრებული (განსხვავებით უპირობო სიყვარულის ფუნქციისგან, რომელსაც თავის თავზე დედა იღებს). ადამიანების ამბავი, რომლებსაც ფილმი გვაცნობს, ბანალურობამდე ტიპურია.

თითქოს ამ ბანალურობის გასაქარწყლებლად ფილმში შემოდის ბუნების მოტივი. ეს მოტივი წარმოდგენილია არაორგანული ჩართვების სახით ამბის ქსოვილში, ჩართვებისა, რომლებმაც, მალიკის აზრით, ჩვენი ცხოვრებისა და ბუნების პროცესების კავშირი უნდა გვაჩვენონ პასუხი (სხვათა შორის, მსგავსი სვლა მასობრივი კულტურის ნიმუშებში კიდევ უფრო წარმატებულად გამოიყენება - მაგალითად, როდესაც ოჯახური დაძაბულობის სიმბოლიზაციისათვის კოსმიური კატასტროფის შემოტანა ხდება ხოლმე ფილმში. გავიხსენოთ „არმაგედონი“ ბრიუს უილისითა და და ლივ ტაილერით). ჩართვების მოტივაცია მაყურებელთა უმრავლესობისთვის გაუგებარი დარჩება, მაგრამ ნუ ვიქნებით უსამართლონი მალიკის მიმართ - მას არ დავუტოვებივართ ახსნის გარეშე. სამყაროს, დედამიწისა და სიცოცხლის წარმოშობის კადრები ფილმში შემოდის, როგორც პასუხი გამწარებული დედის კითხვაზე, რომელსაც შვილი დაეღუპა. კითხვა „იობის წიგნის“ ენითაა გადმოცემული, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მალიკის ჩანართები იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც ღმერთის მიერ იობისათვის გაცემული პასუხი უსამართლო ტანჯვის ფაქტზე.

სწორედ აქაა მალიკის ფილმის მთავარი პრობლემა - ბუნების წარმოშობის კადრები ახლოსაც ვერ მიდის იმასთან, რასაც გვთავაზობს ძველი აღთქმის რიტორიკა. იაჰვეს პასუხი ძველ აღთქმაში შემაძრწუნებელია, მაგრამ ამაღლებული საკუთარ არათანაბარზომადობაში ადამიანურ გაგებასთან. ლიტერატურული ხერხები, რომლებიც გამოყენებულია ტექსტში, მთელი თავისი სიმძლვრით უსვამს ხაზს ამ არათანაბარზომადობას - მაგალითად, ისე აღწერს ზღაპრულ ცხოველს (ლევიათანი) რომ მისი წარმოდგენა შეუძლებელი იყოს. რაც შეეხება მალიკს, ის იაჰვეს რიტორიკას მეცნიერული თეორიების ილუსტრაციებით ცვლის, მაგრამ საქმეც ისაა, რომ დიდი აფეთქებისა და ევოლუციის თეორიები ჩვენთვის არაა პასუხი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს კითხვებზე. ეს თეორიები ჩვენ ვიცით ფიზიკისა და ბიოლოგიის სასკოლო სახელმძღვანელოებიდან, წიგნებიდან, დოკუმენტური ფილმებიდან. ისინი ცოდნის განზომილებას მიეკუთვნება. ეს ის არაა, რასაც ჩვენ ვცხოვრობთ. ცხოვრებით, როგორც თავად მალიკი აჩვენებს, ჩვენი საზრისის ჰორიზონტი შეიძლება ოჯახსა და მის კონფლიქტებს ვერ გასცდეს, მაგრამ ცოდნით ჩვენ შეგვიძლია მოვიცვათ დიდი აფეთქება, სიცოცხლის გაჩენა და დინოზავრების ბრძოლა, რომელთა კადრებსაც ფილმი გვთავაზობს. არაა გასაკვირი, რომ ამ შეთავაზებას მაყურებელი უხალისოდ იღებს - ევოლუციის თეორია ჩვენთვის სიცოცხლის ხის კი არა, შემეცნების ხის ნაწილია. და როგორც დიდი ინგლისელი რომანტიკოსი ამბობდა, the tree of knowledge is not the tree of life („შემეცნების ხე არ არის სიცოცხლის ხე“).

ჩვენ განწირულები ვართ, ვიცხოვროთ გაყოფისა და ფრაგმენტაციის მდგომარეობაში. ცხოვრება არ ემთხვევა ცოდნას. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მზე ამოდის, თუმცა ვიცით, რომ სინამდვილეში დედამიწა ბრუნავს. პირველი ცხოვრების ფაქტია, მეორე - მეცნიერებისა. იმას, რაც ყოფიერებამ გაყო, ისეთი შესანიშნავი რეჟისორისა და ცუდი თეოლოგის ესთეტიკაც კი ვერ გააერთიანებს, როგორიც ტერენს მალიკია.
თავდაპირველად მინდა გავიხსენო ერთი ადგილი მერაბ მამარდაშვილის ინტერვიუდან, რომელიც 1989 წელს გამოქვეყნდა და სადაც ის ინტელიგენციის პასუხისმგებლობასა და მისი იდეოლოგიზაციის შედეგებზე საუბრობს: „ეშმაკი გვათამაშებს, როდესაც არაზუსტად ვაზროვნებთ. აზროვნების სიზუსტე არის იმ ადამიანის ზნეობრივი ვალდებულება, ვინც აზროვნებასთანაა ნაზიარები. და ახლა ამ კუთხიდან შევხედოთ მე-20 საუკუნეს, როდესაც მასობრივი იდეოლოგიური წარმოება აყვანილ იქნა სახელმწიფო მშენებლობის დონეზე და დაემთხვა კიდევაც მას... ჩვენ ვხედავთ ინტელიგენციის ღალატის ფანტასტიურ სურათს“.

მამარდაშვილი იქვე დასძენს, რომ ინტელიგენციამ საკუთარ პროფესიულ ვალდებულებებს უღალატა. „ღალატი“ კი სწორედ იდეოკრატიული სახელმწიფოების სამსახურში ჩადგომა იყო, რამაც ინტელიგენცია მე-20 საუკუნის ტოტალიტარული სახელმწიფოების ფაქტობრივ თანაავტორად აქცია. ეს თანაბრად ეხება როგორც საბჭოთა, ასევე იმ ევროპელ ინტელექტუალებსაც, რომლებიც არანაკლები ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ დასავლეთის იდეოკრატული რეჟიმების მშენებლობაში.

თავად ტერმინი „ინტელიგენცია“ XIX საუკუნის რუსეთში გაჩნდა და მისი გამომგონი ნაკლებადცნობილი რუსი მწერალი პეტრე ბობორიკინია. ამ სიტყვით მან ჯერ კიდევ ფეოდალური რუსეთის იმპერიაში სხვადასხვა სოციალური წარმომავლობის ადამიანთა კატეგორიის აღწერა სცადა, რომლებსაც საერთო ერთმანეთთან, გარდა ინტელექტუალური საქმიანობისა, გარკვეული ქცევისა და საკუთარი ცხოვრების ინსცენირების ფორმებიც ჰქონდათ. ინტელიგენტობა, მიუხედავად მის წარმომადგენელთა ხშირად სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო იდეოლოგიური პოზიციებისა, განათლებულობასა და წიგნიერებასთან ერთად, არსებულ რეჟიმთან დაპირისპირებასა და სხვადასხვა სახის რევოლუციური იდეების ქადაგებასაც გულისხმობდა.

რევოლუციის შემდეგ ინტელიგენციის ერთი ნაწილი ბოლშევიკების აქტიური მხარდამჭერი გახდა, ნაწილმა კი ან ემიგრაციით უშველა თავს, ან ახალი წყობილების კრიტიკა სცადა, რის გამოც ლენინის ცნობილი სიტყვები – „Интеллигенция не мозг народа, а говно народа“ – დაიმსახურა. ამასთანავე, საბჭოთა ხელისუფლება შეუდგა საკუთარი, „წითელი“ ინტელიგენციის შექმნას, რომელიც ხელისუფლების ერთგული და მისი იდეოლოგიის გამტარებელი იქნებოდა. ეს პროექტი საბოლოოდ სტალინის მმართველობის დროს განხორციელდა, როდესაც ინტელიგენციის სახელმწიფოს იდეოლოგიურ აპარატში ინტეგრაცია მოხერხდა, რის შედეგადაც ახალი საზოგადოებრივი კლასი – საბჭოთა ინტელიგენცია გაჩნდა. რამდენადაც მეცნიერება და ხელოვნება საბჭოთა სახელმწიფოსათვის სტრატეგიული სფერო იყო მტრულ, კაპიტალისტურ სამყაროსთან კონკურენციისა თუ საკუთარი მოსახლეობის ინდოქტრინაციისათვის, შესაბამისად მეცნიერებისა და კულტურის მუშაკებმა საზოგადოებრივ იერარქიაში პრივილეგირებული ფენის სტატუსი მოიპოვეს. თუმცა კი ინტელიგენციის პრივილეგირებულობა უფრო ცარიელი სტატუსი იყო, ვიდრე რეალობა: ბინები, აგარაკები, პრემიები და ა.შ. მხოლოდ ყველაზე გამორჩეული და ხელისუფლებასთან განსაკუთრებით დაახლოებული ადამიანების პრივილეგია იყო, საშუალო საბჭოთა ინტელიგენტი კი ეკონომიკურად უთანაბრდებოდა მუშათა კლასს, ხოლო რიგითი საბჭოთა საქმოსანი ან კორუმპირებული ფუნქციონერი თავისი შემოსავლით ბევრად აღემატებოდა საბჭოთა მეცნიერის ან ხელოვანის ეკონომიკურ მდგომარეობას. პრესტიჟულობის განმსაზღვრელი კი არაფიზიკური შრომა და კულტივირებულობის სტატუსი იყო, რომელიც ხშირად მძიმე გაჭირვების პირობებშიც ფსიქოლოგიური კომპენსაციის ფუნქცია ჰქონდა.

გვიანსაბჭოთა ხანაში ინტელიგენციის ერთგვარი ინფლაციაც კი დაიწყო: ასეთი სტატუსის მქონე ადამიანთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ მათთვის ეკონომიკურად სუსტ და ტოტალურად კორუმპირებულ საბჭოთა სახელმწიფოს იმის რესურსები აღარ ჰქონდა, რომ მომრავლებული ინტელიგენტები ბინებითა თუ სანატორიუმების საგზურებით უზრუნველეყო. შესაბამისად, ყოფითი კეთილდღეობისათვის ინელიგენტებიც იძულებული იყვნენ ისევე ჩაბმულიყვნენ კონიუნქტურისა და კორუფციის ფერხულში, როგორც საბჭოთა საზოგადოების ყველა სხვა ფენის წარმომადგენელი.

შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ინტელიგენცია ორ სრულიად განსხვავებული მენტალობისა და სტატუსის ჯგუფად იყოფოდა: ერთი მხრივ, კორუმპირებული და პრივილეგიებისათვის მებრძოლი ნომენკლატურა, რომლის „ელიტარულობის“ განმსაზღვრელიც არა იმდენად შემოქმედებითი მიღწევები, რამდენადაც მათი ძალაუფლების სტრუქტურებში ყოფნა და იდეოლოგიურ კონიუნქტურასთან მორგება იყო და, მეორე მხრივ, იმ მეცნიერების, მწერლების, მუსიკოსების, მხატვრების თუნდაც მცირერიცხოვანი ნაწილი, რომლებიც ზოგჯერ უკიდურეს ეკონომიკურ გაჭირვებაში ყოფნის ფასად, საკუთარი საქმით იყვნენ დაკავებულნი და პოლიტიკურ კონიუნქტურას ემიჯნებოდნენ. სწორედ ინტელიგენციის ეს კატეგორია – არა „კაცური კაცები“, მხოლოდ თავაზიანობითა და „სინაზით“ რომ გამოირჩეოდნენ კაი პურის მჭამელი და დედის მაგინებელი „ნამდვილი ქართველებისგან“ - იყო საბჭოთა ხანაში კორუმპირებული საზოგადოების დაცინვისა და აბუჩად აგდების ობიექტი.

„ინტელიგენციამ“ ახალი მნიშვნელობა საბჭოთა კავშირის ნგრევის დასკვნით სტადიაში – 80-იან წლებში შეიძინა, როდესაც „პერესტროიკით“ გააქტიურებულ საბჭოთა საქართველოში გავლენის სფეროებისა და ძალაუფლებისათვის ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო. სწორედ ნომენკლატურულმა ინტელიგენციამ სცადა ყურადღების ცენტრში მოქცევა და, ახალი კონიუნქტურის შესაბამისად, სრულიად ბნელი ნაციონალიზმის ქადაგებას შეუდგა (ამის ილუსტრაციაა 1988-90 წლებში ელიზბარ ჯაველიძის რედაქტორობით გამოცემული გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“), რამაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი საქართველოში ეთნოკონფლიქტებისა და საყოველთაო სიძულვილის განწყობის მომზადებას. ინტელექტუალთა მხოლოდ მცირერიცხოვანმა ნაწილმა გაბედა დაპირისპირებოდა იმ საფრთხეს, რომელიც უკვე თავად „ეროვნული მოძრაობიდან“ და მზარდი ნაციონალიზმისგამ მომდინარეობდა. ეს კი საფუძველი გახდა ინტელიგენციის ახალი მითოსის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას უკავშირდება.

გამსახურდია „კრიმინალური“, „წითელი ინტელიგენციის“ ხატის შექმნას შეუდგა, რომელიც კლასობრივ ბრძოლას უცხადებდა პირველ პრეზიდენტს საკუთარი პრივილეგიების შესანარჩუნებლად. თუმცა ამის პარალელურად, 1991 წელს გამსახურდიასვე ინიციატივით დაფუძნდა „ინტელიგენციის დარბაზი“, რომელშიც მისი მომხრე ისეთივე საბჭოთა ნომენკლატურული ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული, როგორებიც მის ოპოზიციაში, მაგრამ ხელისუფლებისადმი ლოიალურობის გამო მათი საბჭოთა წარსული აღარავის ახსოვდა.

„წითელი ინტელიგენციის“ მითი ყველაზე მეტად მაინც ედუარდ შევარდნაძემ გააფორმა, როდესაც 1992 წლის 7 მარტს მოსკოვიდან დაბრუნებულმა თბილისის აეროპორტში მადლობა გადაუხადა ინტელიგენციას, რომელიც „იარაღით ხელში“ აუჯანყდა გამსახურდიას. ამით მან, ერთი მხრივ, შეიარაღებული გადატრიალება აჯანყებად გადახატა, თანაც ამ ქათინაურით საკუთარი იდეოლოგიური საყრდენი შექმნა და ინტელიგენციისა და ხელისუფლების ალიანსიც ახალი „ხელშეკრულებით“ განამტკიცა.

90-იან წლებში შევარდნაძის მიერ „ქართველი საზოგადოების ნაღებად“ შერაცხული ინტელიგენცია სწორედ მეორე პრეზიდენტის ძალაუფლების ფასადი იყო, რომლის უკანაც რეალური ძალაუფლების ბერკეტები – კორუმპირებული ბიუროკრატია და ბიზნესმენებად შერაცხული მაფიოზური კლანები იმალებოდნენ.

ინტელიგენციისა და ხელისუფლების ეს ალიანსი არც სააკაშვილის „ლიბერტარიანული“ მმართველობის ქვეშ შეცვლილა: როგორც გამსახურდიას დროს, ინტელიგენციის ერთი ნაწილი სახელისუფლებო არეალის გარეთ აღმოჩნდა და არ ითაკილა, სააკაშვილის ჯინაზე სრულიად პრიმიტიული შოვინიზმის ქადაგება დაეწყო. სააკაშვილმა კი საკუთარი, ახალი „ინტელიგენცია შექმნა, რომელსაც პირობითად „ვარდისფერ ინტელიგენციას“ დავარქმევდი.

„ვარდისფერი ინტელიგენცია“ სააკაშვილის „ლიბერტარიანული“ იდეოლოგიისა და ნაციონალისტური კიჩის უშუალო ავტორია. იდეოლოგიურ სფეროში მისი ძირითადი ფუნქცია პრეზიდენტის ნათქვამისა თუ ნამოქმედარისათვის ხოტბის შესხმა და მისი შიდა თუ გარე კრიტიკისგან დაცვაა. მაგალითად, თუ პრეზიდენტი იტყვის „ზანგები ხომ არა ვართ?“, ვარდისფერი ინტელიგენტი განგვიმარტავს, რომ ამაში რასისტული სტერეოტიპი კი არა, „ვეფხისტყაოსანზე ალუზია უნდა დავინახოთ („აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა“). ამასთანავე, ისაა სახელმწიფოსა თუ „ლიბერტარიანელ ბიზნესმენთაგან“ დაფინანსებული იმ მდარე ხარისხის იდეოლოგიური ესთეტიკის შემსრულებელ-ხორცშემსხმელი, რომელსაც, ერთ დროს წითელი ინტელიგენციის შექმნილი სოცრეალიზმის მსგავსად, ნაცრეალიზმი შეიძლება ეწოდოს.

მოკლედ, წითელი ფერის გავარდისფრებით პრინციპი არ იცვლება: ინტელიგენციის მთავარი პრობლემა კი კვლავაც ხელისუფლებისგან ვერგანთავისუფლებაა, რომელიც მას მომავალშიც კონიუნქტურის შესაბამის ფერებად გადაღებავს...

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG