Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 10 ივნისი. See content from before

ოთხშაბათი, 8 ივნისი 2011

მიშა მაგარია! – მე ამაში საკუთარი თვალებით დავრწმუნდი და ვაღიარებ და ვინანიებ ერისა და პრეზიდენტის წინაშე, რომ ვცდებოდი, ვერ ვხედავდი და ვერ ვაფასებდი საქართველოს პრეზიდენტის სიმაგრეს! მაგრამ ეს ცნობილი საარჩევნო კლიპი, რომელიც, ჩემი აზრით, უზუსტესად გამოხატავს სააკაშვილის მმართველობის არსს, დამეხმარა მიშას სიმაგრის გაგებაში. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ მოპირკეთებულ ფასადებში მოსეირნე ხალხი, რომელიც „-ჯოს“ ძახილითა და ცეკვა-თამაშით უმეზობლოდ ტოვებს დაუცხრომელ ჩრდილოელ მეზობელს და ევროპისა და ნატოს კარების შესაღებად მიისწრაფის, არამედ მისამღერი:

„დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია!“, რომელიც არ ყოფილა შემთხვევითი, უნიჭო რითმა, - აი ისეთი, იდეოლოგიურად ინდოქტრინირებული „ხალხური“ შემოქმედებისათვის რომაა დამახასიათებელი, მაგალითად, „ჩქიმ ლავრენტი ბერია, ყველა ხალხის მტერია“, ან „სკოლაში გყავდა ფრიადი, გამსახურდია ზვიადი“ და ა.შ. ამ ფრაზაში იგავური ფორმით მიშას სიმაგრის საიდუმლო იმალება, რომლის გასაგებადაც ერთი სხვა ამბავი შეიძლება დაგვეხმაროს: როდესაც იულიუს კეისარმა რომში საკუთარი განკარგულებით კალენდარი შეცვალა, ციცერონმა ირონიულად თქვა, „მზეც მაშინ ამოვა, როცა კეისარი ბრძანებსო“. მაგრამ შეიძლება კეისრის მომხრეებმა ირონია ვერ შენიშნეს და იფიქრეს, რომ იულიუს კეისარი ისეთი მაგარია, რომ მას შეუძლია ბუნებას უბრძანოს და მზე უკვე მისი განკარგულებების ძალით ამოდის და ჩადისო.

მიშა ისეთი მაგარია, რომ მას დარი ავდრად შეუძლია აქციოს და ავდარი დარად. ეს მე, ზაალ ანდრონიკაშვილმა და ჩვენმა ორმა იტალიელმა სტუმარმა საკუთარი თვალით ვნახეთ ამა წლის 27 მაისს მესტიაში, როდესაც მოკრიალებული ცის ქვეშ გამოგვიცხადეს, რომ დღეს არასაფრენოსნო ამინდია და კანადური კერძო ავიაკომპანიის თვითმფრინავით, რომლის ბილეთებიც ჩვენ შეძენილი გვქონდა, ვეღარ გამოვფრინდებოდით თბილისისაკენ. ცოტა ხანში კი იმ ჯადოქრის ვინაობაც გაირკვა, ვინც კამარა ცა ისეთ შემზარავად და არასაფრენოსნოდ აქცია, რომელზე ფიქრიც ზოგიერთ ქართველ სამღვდელო პირს სამყაროს აღსასრულის მოახლოებას ახსენებს: ეს არც მეხთამტყორცნელი ზევსი იყო და არც ბრაზიანი იაჰვე, სტიქიური უბედურებები რომ თავს დაატეხა სოდომსა და გომორას, არამედ დარსა თუ ავდარში მაგარი მიშა. თუმცა აპოკალიფსის ლოდინი ხუთი საათი გაგრძელდა მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტზე, სადაც თბილისისაკენ მიმავალი თვითმფრინავის მგზავრები მესტიაში „ფიქრთ გასართველად“ მყოფი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უცდიდნენ, რადგანაც შეუცნობელ არს გზანი მიშასი და არავინ უწყოდა თუ საით მოისურვებდა იგი გაფრენას. ბოლოს, როგორც გაირკვა, პრეზიდენტმა მესტია-თბილისის ავიარეისს მარშრუტი შეაცვლევინა და ბათუმისკენ გაემართა. ჩვენ, ანუ სარეისო თვითმფრინავში არაშვებულებს, შემოგვთავაზეს, რომ ასევე სარეისო, მხოლოდ ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავით დავბრუნებულიყავით, რომელიც პრეზიდენტის თანმხლები მომსახურე პერსონალისათვის იყო გამოყოფილი. საბჭოთა ავიაციის ისტორიის ეს სამუზეუმო ეგზემპლარი ძლიერი ნერვების მქონე და ექსტრემალური სპორტის სახეობათა მოყვარულთათვის უნდა იყოს განკუთვნილი, თითქმის ერთი საათი უშედეგოდ იქოქებოდა და დაქოქვაც მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, როდესაც აეროპორტში მიშა გამოჩნდა და კანადური ავიაკომპანიის თვითმფრინავით თავზე გადაუფრინა. ამასობაში კიდევ ერთი სასწაულის მომსწრენი აღმოვჩნდით: მიშას გაფრენასთან ერთად ცა მოიღრუბლა და უცებ თქეში წვიმა წამოვიდა. თვითმფრინავწართმეულ მგზავრთაგან მხოლოდ ორი ახალგაზრდა ზურგჩანთიანი ამერიკელი გამოხატავდა პროტესტს და საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვას მოითხოვდა, რაზეც აეროპორტის თანამშრომლები თავაზიანი ღიმილით პასუხობდნენ. მე და ზაალს კი ჩვენი იტალიელი სტუმრები გვამშვიდებდნენ, - ჩვენ ბერლუსკონი გვყავსო... მე ვცადე, ევროპელებისათვის გასაგები ანალოგია მომეძებნა და დასავლურ მედიაში გავრცელებული ფრაზა – „გვიანრომაული დეკადანსი“ გავიხსენე: როდესაც რომის მმართველი საზოგადოება მიხვდა, რომ იმპერიას აღარაფერი ეშველებოდა, ცხოვრების ერთადერთ საზრისად განცხრომასა და დროსტარებაში ყოფნაღა დარჩა. ჩვენთვის, ანუ საბჭოთა კავშირში დაბადებულთათვის კი ყველაზე ახლობელი მაგალითი ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის ხანაა, როდესაც საბჭოთა იმპერიალიზმმა საკუთარი გამორჩეულობისა და იმპერიულობის რწმენაც დაკარგა და ნიჰილიზმის, კორუმპირებულობისა და მომხვეჭველობის ეტალონის სახე მიიღო, სადაც პარტიული ფუნქციონერები მსხვილ თუ პატარა ფეოდალებად იქცნენ, თუმცა კი მათ აღვირახსნილობას ცენტრალიზებული სახელმწიფო აპარატი მეტ-ნაკლებად მაინც თოკავდა. საბჭოთა ხანაში ცეკას მდივნები ვერ გაბედავდნენ სარეისო თვითმფრინავიდან მგზავრები ჩამოესვათ და საკუთარი ამალით სეირნობა დაეწყოთ.

მაგრამ საქართველო არც რომის იმპერიაა და არც საბჭოთა კავშირი, რომ მას ამგვარი დეკადანსების ეშინოდეს. ვინაიდან აწმყო ტრადიციულად არ გვწყალობს, რომ „არ გვაქვს ბევრი ნავთობი და არც დიდი ფართობი“, სამაგიეროდ გვყავს მიშა, რაც უკვე იმასაც ნიშნავს, რომ „მაინც დიდი მომავალი გვაქვს“, რადგანაც მიშა მაგარია და მისი სიმაგრის მომღერალია საქართველოს ქალაქების ცენტრალურ ქუჩებზე ფასადებმოხატული სახლები და იქვე გამოფენილი კიდევ უფრო ნათელი მომავლის მაჩვენებელი პლაკატები, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, რომელთა ყველაზე ხშირი სტუმარიც პრეზიდენტი და მისი ამალაა და ძვირადღირებული უფუნქციო ნაგებობები, რომელთა ცქერაც მიშას უყვარს. მიშას სიმაგრის მომღერალები არიან გაჭირვებისა და დაუცველობისგან გასაწყლებული ადამიანები, რომლებსაც ჯერ ისევ კეთილი მეფის სწამთ და ყოველგვარი რწმენისგან ერთობ შორს მყოფი „ლიბერტარიანელთა“ ელიტა, რომელთა ელიტარულობაც და სოციალური მნიშვნელოვნებაც მხოლოდ იმით განისაზღვრება, რომ ხანდახან მიშასთან ერთად სავიკენდოდ თვითმფრინავში ან რომელიმე ექსკლუზიურ სასტუმროსა თუ რესტორანში აღმოჩნდებიან და ამ ბედნიერი შეხვედრიდან შეიძლება ცოტა ხანში მთავრობის კაბინეტშიც კი გადაინაცვლონ.

დაბოლოს, მიშას სიმაგრის ყველაზე დიდი დასტურია ერთ დროს მიშას თანამებრძოლი, შემდეგ კი მიშაზე განაწყენებული და ოპოზიციად კონვერტირებულ ავანტიურისტთა მთელი პანორამა, რომელთა ოდიოზურობამ ოპოზიციონერობის იდეაც კი იუმორისტული შოუს მთავარ თემად აქცია. მათი შემხედვარე დაუფიქრებლად იწამებ გია ნოდიას ანალიტიკურ დასკვნას, რომ მიშას სახით საქართველოს „ბოლო რვა საუკუნის განმავლობაში ყველაზე ეფექტური ხელისუფლება ჰყავს“. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ეფექტური მთავრობა საქართველოს არც მე-12 საუკუნეში ჰყოლია და იმედი ვიქონიოთ, რომ არც მომავალში აღარ ეყოლება!
26 მაისის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი, რაც ახლა საქართველოში ხდება, საზოგადოების აქტიური ნაწილის სწრაფი ხლეჩა და მისი თანმდევი პროცესია. ამ პროცესის არც განხილვას წავწყდომივარ სადმე, არც მისგან მომდინარე რისკებისა და შანსების შეფასებას.

ვარდების რევოლუციით გაერთიანებული საზოგადოების ხელახალი დაყოფა დიდი ხნის წინ დაიწყო. გაჩნდნენ ხელისუფლების მომხრე და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ექსპერტები, ჟურნალისტები, მომღერლები, რეჟისორები, მწერლები... მაგრამ ამ ორ – დაპირისპირებულ – ბანაკს შორის იყო საზოგადოების ნაწილი, რომელიც პატივს სცემდა ხელისუფლებას ლიბერალური რეფორმების და პროგრესულობის გამო, თუმცა, ამავდროულად, სერიოზულ პრობლემად აფასებდა დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტეს.

საზოგადოების ამ ნაწილისთვის მთავარი ორიენტირი იყო დემოკრატიული ღირებულებები და საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია. რამდენადაც საერთაშორისო ორგანიზაციები და მეგობარი ქვეყნების მთავრობები მხარს უჭერდნენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც რეფორმატორ პრეზიდენტს, საზოგადოების ეს ნაწილიც მეტ–ნაკლებად ეგუებოდა დღევანდელ ხელისუფლებას. ამიტომ, „ანტიმიშისტებს“ ხელი ჰქონდათ ჩაქნეული „ბალანსისტებზე“ და ისინი მსუბუქ კონფორმისტებად მიაჩნდათ. შალვა რამიშვილმა რამდენიმე დღის წინ მათ ირონიულად „შუაშისტები“ უწოდა. მე კი ეს ტერმინი ძალიანაც მომეწონა.

* * *

საზოგადოების ამ „შუაშისტურმა“ ნაწილმა მეტ–ნაკლები წონასწორობა შეინარჩუნა როგორც 2007 წლის 7 ნოემბერს, ასევე 2008 წლის აგვისტოში და, მით უმეტეს, 2009 წლის გაზაფხულზე. ამ შედარებით მცირერიცხოვან ჯგუფშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეტად იხრებოდნენ სააკაშვილისკენ და ისეთებიც, რომლებიც მეტად აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას. მაგრამ, მთლიანობაში, ეს ჯგუფი ასრულებდა ერთგვარი ხიდის ფუნქციას ხელისუფლების მკაფიო მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

როდესაც „გამაწონასწორებელი“ ჯგუფის შესახებ ვსაუბრობ, ცხადია, მხედველობაში კონკრეტული ადამიანები მყავს. თუმცა, მათი ჩამოთვლა ნამდვილად უხერხული მგონია. პირობითად შეგვიძლია ვისაუბროთ ჟურნალ „ლიბერალზე“, რომელსაც ხელისუფლების მომხრეები არასაკმარისად ობიექტურად, ხოლო ხელისუფლების მოწინააღმდეგეები – არასაკმარისად კრიტიკულად მიიჩნევენ. ოღონდ მკითხველები ჟურნალს პატივს სცემენ, პირველ რიგში, სწორედ დაბალანსებული სარედაქციო პოლიტიკის გამო.

26 მაისის ღამის შემდეგ, ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, პირველად შეიქმნა ვითარება, როცა „დამბალანსებელთა“ ჯგუფი თვალსა და ხელს შუა ნადგურდება. ადამიანები, რომლებიც აქამდე ყოველთვის ახერხებდნენ, რომ საერთო ენა და ღირებულებები მოეძებნათ როგორც ხელისუფლების მომხრეებთან, ასევე, მის მოწინააღმდეგეებთან, ახლა კარგავენ უნარს, ორივე მხარეს გააგებინონ საკუთარი პოზიცია.

სინამდვილეში, პრობლემა ამ ადამიანებში კი არ არის, არამედ, თავად იმ მოვლენაშია, რასაც ზოგი მიტინგის დაშლას უწოდებს, ზოგი – მიტინგის დარბევას. „გამაწონასწორებელი“ ჯგუფის წევრები, რომლებიც არც ხელისუფლების მომხრეები არიან და არც – მოწინააღმდეგეები, 26 მაისის ღამის მოვლენებს საკუთარი სინდისის და ღირებულებების ჭრილში უყურებენ. ისინი სწორედ იმიტომ ინარჩუნებდნენ წონასწორობას წლების განმავლობაში, რომ ყოველგვარი წინასწარი აკვიატების გარეშე ცდილობდნენ პროცესების შეფასებას და თითოეულ მოვლენაში როგორც კარგი, ისე – ცუდი მხარის პოვნას. დღეს ისინი გმობენ ძალადობას და ეს არის პოზიცია, რომელმაც „შუაშისტები“ ხელისუფლების მოწინააღმდეგეების ბანაკთან დააახლოვა.

ბოლო დღეების განმავლობაში, „გამაწონასწორებელი“ ჯგუფის წევრები ხელისუფლების მომხრეების მხრიდან ენერგიულ წნეხში არიან ყველგან, სადაც 26 მაისის ღამის მოვლენებზე იწყება დისკუსია. მათგან ითხოვენ ხელისუფლების ქცევის გამართლებას და კორექტული ტერმინების გამოყენებას. სააკაშვილის მომხრეებისთვის ძირითადი ხაზიდან ოდნავი გადახვევაც კი მიუღებელია. მათ ურჩევნიათ, „შუაშისტებს“ ერთხელ და სამუდამოდ მოწინააღმდეგე ბანაკში მიუჩინონ ადგილი, ვიდრე მათგან ხელისუფლების კრიტიკა აიტანონ მაინცდამაინც ახლა. ფაქტობრივად, თვალსა და ხელს შუა ხდება არა მხოლოდ უკვე დაპირისპირებული ჯგუფების რადიკალიზაცია, არამედ, „გამაწონასწორებელი“ ჯგუფის წევრების განდევნაც შუალედური სივრციდან.

ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო პროცესია. საქართველოში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, მსგავსი ვითარება ჯერ არ ყოფილა: პოლიტიკური ლიდერების მიმართ ნდობის კატასტროფული ვარდნის პირობებში, საზოგადოებაში აგრესიის დონე მკვეთრად მატულობს. არც პოლიტიკურ და არც საზოგადოებრივ სივრცეში არ არსებობს ავტორიტეტი, რომელიც რეალურად შეძლებს, წინააღმდეგობა გაუწიოს ხლეჩის და დაპირისპირების პროცესს. მითითება პრეზიდენტზე ან კათოლიკოს პატრიარქზე არარელევანტურია.

* * *

ამ რეალობაში, როცა უთანასწორო მხარეებს შორის აგრესია იზრდება, გამოჩნდა სულ უფრო მეტი ადამიანი, ვინც არც ხელისუფლებას ენდობა, არც ოპოზიციას და ვისაც ძველთან დაბრუნების კი არა, სიახლის მოთხოვნილება აქვს.

საიდან შეიძლება დაიწყოს ვითარების გაჯანსაღება? ბევრი თვალი ახლა იმედით არის მიპყრობილი საზოგადოებისკენ. სწორედ საზოგადოების თვითორგანიზაციის აუცილებლობაზე წერდნენ ბოლო დღეებში ბატონები ზაზა ფირალიშვილი („მთელი კვირა“, 30 მაისი, 2011) და ვასილ კობახიძე („ლიბერალი“, 1 ივნისი, 2011).

ჩემი დაკვირვებით, საზოგადოების მიმართ გაჩენილ იმედში იმ ადამიანების და ჯგუფების შეკავშირება იგულისხმება, რომელთათვისაც ერთნაირად მიუღებელია როგორც ავტორიტარული მართვა, ასევე, რუსეთის ორბიტაზე საქართველოს დაბრუნება. ლოზუნგი „არ გვინდა მიშა! არ გვინდა რუსეთი!“ სწორედ საზოგადოების წიაღში იკრებს ძალას. ბევრ ადამიანს ესმის, რომ თუ თანამოაზრეები ერთად არ დადგნენ და ბალანსი არ აღადგინეს, მორიგი სისტემური ძალადობის დღე შეიძლება გაცილებით ადრე დადგეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. აი, ამ პროცესში აქვთ შეუცვლელი მაორგანიზებელი როლი „შუაშისტებს“.

* * *

არ ვიცი – საკუთარი გათვლით/ალღოთი, არ ვიცი – ამერიკელი მეგობრების რჩევით, – ირაკლი ალასანიამ პოლიტიკოსებს შორის პირველმა მიაქცია ყურადღება იმ იმედს, რაც საყოველთაო უნდობლობის ფონზე გაჩნდა საზოგადოების მიმართ. სწრაფი ტემპით იწყება (და ეს პროცესი გაღრმავდება) სამოქალაქო საზოგადოების პროდასავლური ნაწილის დაახლოება „რვიანთან“. „შუაშისტები“, რომლებიც ენერგიულად არიან გამოდევნილი შუალედური სივრციდან, „რვიანის“ გარემოცვაში თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობენ, ვიდრე ხელისუფლების მომხრეებთან ვერბალურ ბრძოლაში. ერთადერთი, რაც ხელისუფლების მომხრე ინტელექტუალებმა „ფეისბუკური“ ომებით მიიღეს, – ეს არის სამოქალაქო საზოგადოების პროდასავლური სეგმენტის დაახლოება ირაკლი ალასანიასთან. ვინც ალასანიას ყურადღებით მოუსმინა „მაესტროს“ ეთერში, ამ პროცესის პერსპექტივას უსათუოდ შეიგრძნობდა; აგრეთვე, მკაფიოდ დაინახავდა ირაკლი ალასანიას, როგორც „რვიანის“ პოლიტიკურ ლიდერს.

„შუაშისტების“ დაახლოება „რვიანთან“ ერთდროულად შეიცავს როგორც ორივე სეგმენტის გაძლიერების შანსს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების დასუსტების საფრთხეს. 2003–2004 წლებში სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე ძლიერი ნაწილი დაუახლოვდა ყველაზე პროგრესულ პოლიტიკიურ ძალას („რეფორმატორებს“), რომლის ლიდერები იყვნენ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია, რაც, საბოლოოდ, ამ პოლიტიკური ძალის გაძლიერებით და სამოქალაქო სექტორის უპრეცედენტო დასუსტებით დასრულდა.

დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ 26 მაისის ღამეს და შემდგომ დღეებში მიხეილ სააკაშვილმა დაასუსტა ოპოზიციის რადიკალური ფრთა, მაგრამ არა მხოლოდ პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად, არამედ ინტელექტუალურადაც გააძლიერა ოპოზიციის ზომიერი ფრთა. „რვიანი“, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ამერიკელების მიერ შეკოწიწებულ სუსტ პოლიტიკურ სხეულად აღიქმებოდა, ხვალ შეიძლება საზოგადოების ყველაზე კრიტიკულად მოაზროვნე ნაწილის მიერ მხარდაჭერილ რეალურ ოპონენტად გარდაიქმნას.

მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენლების ადგილზე, რომლებიც „რვიანთან“ თანამშრომლობას გეგმავენ, მე, შანსთან ერთად, საფრთხეზეც ვიფიქრებდი. ერთია თანამშრომლობა და მეორე – მოკავშირეობა. პირველი მისაღებია, მეორე – მიუღებელი. პოლიტიკოსებთან თანამშრომლობა „შუაშისტებს“ (რომელთა შორის ჟურნალისტებიც არიან, მეცნიერებიც, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც) გააძლიერებს, მოკავშირეობა კი – დაასუსტებს, რადგან პოლიტისოსს თავისი საქმე აქვს, ჟურნალისტს და მეცნიერს კი – თავისი. ჩემი აზრით, დაახლოება არ უნდა გადაიზარდოს პირდაპირ ბმაში და ურთიერთობამ არ უნდა შეიძინოს ისეთი სიმკვრივე, რომ „რვიანის“ წარმატებას ან წარუმატებლობას სამოქალაქო საზოგადოება კიდევ ერთხელ შეეწიროს.

ახლა მინდა, ბლოგის მკითხველებს და კომენტატორებს მოგმართოთ. როგორ ფიქრობთ, რომელია უფრო მნიშვნელოვანი „შუაშისტების“ ორი ამოცანიდან და/ან არის თუ არა შესაძლებელი მათი ერთდროულად შესრულება:

1. გააძლიერონ ხელისუფლების მშვიდობიან ცვლაზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესი;
2. გადაარჩინონ ნაბიჯ–ნაბიჯ მოძლიერებული სამოქალაქო საზოგადოება.

აქვე განვმარტავ, რომ ბლოგის მკითხველთა და კომენტატორთა დიდ ნაწილს სწორედ „შუაშისტების“ კატეგორიას მივაკუთვნებ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG