Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

მე მეგონა, ”სინგაპური” ალეგორია იყო. დაახლოებით ისეთი, შევარდნაძემ რომ გვითხრა 90-იანი წლების დასაწყისში, საქართველო შვეიცარია გახდებაო. საერთოდ, ის პერიოდი, ქართველი მწერლები, მხატვრები, რეჟისორები რომ დაეწყნენ და აეროპორტში გაემართნენ სსრკ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის (”დიქტატურის გამო” გადამდგარის) დასახვედრად, ზოგიერთმა მწერალმა, მხატვარმა, რეჟისორმა ალეგორიის დასასრულის ეპოქად მონათლა. შევარდნაძის დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე ალმანახ ”კინოში” ჩემი რეცენზია გამოქვეყნდა ნანა მჭედლიძის ფილმზე ”დანაშაული მოხდა”, რომელშიც ამავე რეჟისორის ”პირველ მერცხალზე” დაწერილი აკაკი ბაქრაძის სტატია გავიხსენე - სტატია, სათაურით ”პირველი მერცხლის ალეგორია”. ჰოდა მეც ჩემს რეცენზიას ვუწოდე ”ალეგორია აღარ გვჭირდება?” მხოლოდ კითხვა დავსვი, რაზეც კინემატოგრაფისტთა ერთ თავყრილობაზე მითხრეს, აღარო. ალეგორია, მეტაფორა და იეროგლიფებით აზროვნება ტოტალიტარული ეპოქის გადმონაშთიაო. ახლა ჩამოვიდა შევარდნაძე, მალე შვეიცარია გვექნება და ცნობიერების მარწუხებისგანაც საბოლოოდ გავთავისუფლდებითო.

მერე რაც მოხდა, ხომ იცით. გავიდა დრო და ახლა მიხეილ სააკაშვილი დაგვპირდა, საქართველო სინგაპური გახდებაო. ეკრანებზე გამოვიდა ფილმი ”ჭამა და სექსი”, რომელიც ზოგიერთმა რეცენზენტმა ასე შეაფასა: ”ბოლო დროს ასეთი ფილმი არ გადაღებულა”. არადა პირადად მე სატელევიზიო სერიალი ”ჩვენი ოფისი” უფრო მომწონდა; სატელევიზიო სერიალს ტელევიზორში უნდა უყუროს კაცმა. კინოთეატრში მაყურებელს, რომელსაც ”კინოს მოყვარული” ჰქვია (კინოს მოყვარული!), ყოველთვის აქვს სურვილი ავტორმა ოდნავ მაინც აქეთ ”გამოსწიოს” კამერა, რათა რეალობა დაინახოს. და თუ რეჟისორი ამას არ აკეთებს და ადამიანთა სახეები უყვარს, მაშინ ისე უნდა ათამაშოს მსახიობი, რომ მისი სახე თავად გადაიქცეს ”რეალობად”. ”ჭამა და სექსი”კი სატელევიზიო სერიალს ჰგავს - შეგიძლია ჩაი დალიო, პარალელურად ისაუზმო. უფრო მეტიც, ”სექსითაც დაკავდე” და ისე უყურო. მე თუ მკითხავ, კარგი მთხრობელი რომ იპოვო, შეგიძლია ”ჭამა დე სექსის” ხუთივე ნოველა მოაყოლო და ასე, ცხრა თუ ათი ლარი დაზოგო. ეს ის არაა, რასაც ”სანახაობას” ეძახიან - სასაცილო 5 ამბავია, რომელსაც, მაგალითად, ჩემი მოსკოველი კოლეგა კორა წერეთელი შესანიშნავად მოყვებოდა.

მაგრამ ”ჭამა და სექსი” იქით იყოს. მე ილიას უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის azrebi.ge-ზე გამოქვეყნებულმა რეცენზიამ უფრო დამაინტერესა. წერილის შინაარსმა კინემატოგრაფისტთა 20 წლის წინ გამართული კონფერენცია გამახსენა; ”ალეგორიულობა/კარნავალურობა - მხოლოდ იქ მუშაობს, სადაც გამოხატვის თავისუფლება არ არსებობს, ან უკიდურესად შეზღუდულია” - წერს ავტორი. ცდილობს დაამტკიცოს, რომ ვინიდან საბჭოთა კავშირი დიდი ხანია აღარ არსებობს და ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება მიღწეულია, კარნავალური ესთეტიკა, შენიღბული აზრები, ”ნიშნების ენა” წარსულს უნდა ჩაბარდეს. უფრო მეტიც, უნივერსიტეტის რექტორის აზრით ”ჭამა და სექსის” ავტორებმა ”ინტელექტუალიზმის მოყვარულ მაყურებელსაც გადმოხედეს დამცინავი თვალით”.

ეს ”გადმოხედეს” მენიშნა ყველაზე მეტად. ”ჭამა და სექსის” ავტორებმა გადმოხედეს და დასცინეს. ვის? ვისაც ”ინტელექტუალიზმი” უყვარს? ანუ ვისთვისაც ხელოვნება ფიქრის იმპულსია? და რას ვიღებთ ამის სანაცვლოდ? ა, გამახსენდა. კი, რა თქმა უნდა. სინგაპური! ეკონომიკურად აყვავებული სინგაპური, სადაც ავტორიტარული რეჟიმი ხელს არ უშლის ”კაი ჭამას და სექსს”... ეს ”ინტელექტუალიზმის მოყვარულები” კი, რომელთაც ისინი, ვისაც ფიქრი და განათლება ეზიზღება, ”პეროიანებს” უწოდებენ, წარსულის გადმონაშთად ცხადდება, ”სინგაპურში” მათთვის ადგილი, შესაძლოა, მოინახოს. ოღონდ შესაბამისი ”პერეკვალიფიკაციის” შემდეგ.

ახლა აღარ დავიწყებ იმის ახსნას, რომ მხატვრული ნაწარმოები არ არის მხატვრული ნაწარმოები, თუკი ხელოვანი მხატვრული სახეების რაღაც სისტემას არ ქმნის და რომ ”კარნავალიზაცია” არ არის ტოტალიტარული ეპოქის პროდუქტი. ”კარნავალის ესთეტიკას” უამრავი დასავლელი ხელოვანი ქმნის. მე მერიდება ამაზე წერა. ამ ტექსტის მკითხველები დაწყებით კლასებში არ სწავლობენ. მაგრამ ყბადაღებულ ”სინგაპურზე” ფიქრში კი მიჩნდება ეჭვი, რომ ვიღაც-ვიღაცეები ამ ქვეყანაში მართლაც ცდილობენ მთელი ქართული საზოგადოება დაწყებითი კლასების მოწაფეებად აქციონ; ცალმხრივობა, სქემატურობა, კატეგორიულობა, ნიუანსების შიში და სიძულვილი, იდუმალებასა და საიდუმლოზე უარის თქმა, ერთგვარი ეგზიბიციონიზმი, უბრალოდ, აუცილებლი ხდება ”სინგაპურისთვის”, სადაც მომხმარებელი საზოგადოება მოჩვენებითი კეთილდღეობის მიღმა უბრალოდ ვეღარ დაინახავს უსამართლობას...

თუკი საბჭოთა წარსულთან დამშვიდობება, ”კარნავალზე” უარის თქმას ნიშნავს, აუცილებლად გაჩნდება კითხვა, რამდენად საინტერესო იქნება ცხოვრება კარნავალის გარეშე, ფიქრის გარეშე... ვიცინებთ, ვიმხიარულებთ, თუ გნებავთ, ჩვენს ნაკლოვანებებს დავცინებთ და ”ინტელექტუალიზმის მოყვარულებს” ზემოდან შევხედავთ და მერე? როგორ ვიცხოვრებთ ”სინგაპურის სამოთხეში”? რა აგვიჩუყებს გულს, რაზე წამოგვივა ცრემლი, ვის ვუთანაგრძნობთ? თუ საბჭოთა კავშირის დანგრევასთან და ”გამოხატვის თავისუფლების” მიღწეევასთან ერთად, სიტყვები ”სიკეთე”, ”სიყვარული”, ”გატაცება”, ისევე როგორც ”ღალატი”, ”შეცდომა”, თუ გნებავთ, ”დანაშაული” სრულიად ამოვარდება ჩვენი კულტურის ენიდან?

საერთო თუ იქნება კულტურა იმ თქვენს ”სინგაპურში”? თუ მხოლოდ იქნება ”ჭამა”, ”სექსი” და ფასტფუდ-ხელოვნება, რომელსაც ბევრი დაღეჭვა და გადამუშავება არ სჭირდება. ისეთი, ჩემი მოსკოველი კოლეგა კორა წერეთელი რომ ადვილად მოყვება.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, სახლში რომ დავბრუნდი, ერთადერთი, რასაც მაშინ განვიცდიდი, სიძულვილისა და უძლურების ნარევი იყო, როდესაც შენზე ფიზიკურად ბევრად უფრო ძლიერისგან ნაცემი და დამცირებული მოდიხარ და გამწარებული კედლებს აწყდები. ასეთი განცდა კიდევ უფრო გამიძლიერდა, როდესაც დღისით ქალაქში გავედი და აღმოვჩნდი უცნაურ სანახაობაში, რომელმაც ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება დატოვა, რომ დღესაც 9 აპრილი ასეთი სახით მახსენდება: მხოლოდ რუსთაველის პროსპექტი იყო გადაკეტილი, მთელი დანარჩენი ქალაქი კი ერთ სპონტანურ მოძრაობად ქცეულიყო; ყველას შავი პერანგი ეცვა, შავ დროშას აფრიალებდა, თავზეც შავი ლენტი ჰქონდა წაკრული და შეშფოთებული სახით ზოგი მანქანის ფანჯრიდან გადმოყუდებული ჩაიქროლებდა, ზოგი მცირერიცხოვან ჯგუფებად ქუჩაში დაიარებოდა. თითქოს არავინ არ ლაპარაკობდა და მხოლოდ მანქანების თითქმის უწყვეტი სიგნალის ხმა ისმოდა. თბილისი შავ მორევს ჰგავდა, რომელშიც რაღაც უზარმაზარი ენერგიები ქაოტურად, უმისამართოდ და უმიზნოდ მიმოიფრქვეოდა... ეს ყველაფერი კიდევ უფრო შემზარავი სანახავი იყო, ვიდრე თავად დარბევა, რომელიც მეხსიერებაში მრავალჯერ ნანახ კინოკადრად შევიდა. დღის სცენები კი არავის აღუბეჭდავს კინოფირზე. ის არც ვინმეს დაუგეგმავს ან დაუდგამს და მას არც დირიჟორი ჰყავდა: ყველაფერი სპონტანურად, სტიქიასავით საკუთარი ძალით იმართებოდა.

ასეთ ვითარებაში გონება გამორთულია და ასპარეზი ეთმობა მხოლოდ აფექტებს, რომელთა მეშვეობითაც განცდაც და განცდილიც - შურისძიების სურვილი და საკუთარი უძლურების შეგრძნება - ერთად გადმოიცემა. ისეთი განცდა მქონდა, რომ ამ ქაოტურ სტიქიაში იბადებოდა რაღაც ახალი, რომლის სახის კონტურები პირველად სწორედ იმ დღეს გამოჩნდა. ახლანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ეს ქართველი ერის ახლად დაბადებას ნიშნავდა, რომელიც სრულიად სპონტანურად ერთი ნიშნით გაერთიანებულიყო. უფრო სწორედ, გაჩნდა „სისხლის ერთობა“ – ნედლეული, მასალა, რომლიდანაც ახალი ერი ყალიბში უნდა ჩამოსხმულიყო.

„სისხლის ერთობა“ სოციოლოგიური ტერმინია და ის აღნიშნავს კოლექტიური ერთობის პირველად ფორმას, რომლის შესატყვისი ქართულში „თემია“. იგია ისეთი რთული კოლექტიური ორგანიზმის საფუძველი, რასაც ერი, როგორც „წარმოსახვითი ერთობა“ ჰქვია. „სისხლის ერთობაში“ მხოლოდ სისხლით ნათესაობა კი არ იგულისხმება, არამედ დაღვრილი სისხლის საკრალიზაცია, რომელიც ერთობის ყველა წევრისათვის საკულტო დანიშნულებას შეიძენს. ამით რეალურად მომხდარი ფაქტი ზე-რეალურად, ახალი კოლექტიური იდენტობის სიმბოლოდ, მისი ცნობიერების განმსაზღვრელად გარდაიქმნება. ამ სიმბოლოში ის აფექტებიცაა აღბეჭდილი, რომლებიც მის გაჩენას თან ახლდა.

9 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში ტელევიზია ეთერს უთმობდა გამოჩენილ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობა უნდა დაემშვიდებინათ. იმ დღის ყველაზე ცნობილი ფრაზა - „ჩვენ ობოლი ერი ვართ!“ - ჭაბუა ამირეჯიბმა თქვა და ეს სიტყვები ახლადდაბადებული ერის პირველ თვითგანსაზღვრებად იქცა. მაგრამ ასეთი პესიმისტური ფორმულა, რაოდენ რეალობასთან მიახლოებულიც არ უნდა ყოფილიყო, ახალი იდენტობის განმსაზღვრელად ვერ გამოდგებოდა. თანაც „ობოლი“, ერთი მხრივ, ოდესღაც მშობლის, მფარველის ყოლაზეც მიუთითებს, რადაც ორი საუკუნის წინ რუსეთი მოიაზრებოდა; მეორე მხრივ კი მას დაჩაგრულისა და საბრალოს მნიშვნელობაც აქვს. ამიტომაც ეს ფორმულა „მოწამეობით“ შეიცვალა: 9 აპრილს დაღუპულები - მოწამე-გმირებად, მათი სისხლი კი მსხვერპლად შეირაცხა, ხოლო „იმპერიულ ურჩხულთან“ უთანასწორო ბრძოლაში მყოფ საქართველოს დამხმარედ წმინდა გიორგი მოევლინა. იმავე დღეებში, აღდგომის ღამეს კი კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ასეთი ფორმულა წარმოთქვა: „ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა, საქართველო აღსდგა!“ ამ, კანონიკური თვალსაზრისით, საკმაოდ საეჭვო შინაარსის ფრაზაში საქართველო ქრისტესთან გაიგივდა, ხოლო 9 აპრილი ჯვარცმასთან.

ასეთი ჩანაცვლებებით ტრაგიკული რეალობა და მარცხის განცდა იმად გარდაისახა, რასაც ფსიქოლოგიაში „ჰეროიკული კომპენსაცია“ ეწოდება, როდესაც რეალობისგან გასაქცევად საგმირო-ეპიკური ფანტაზია იქმნება, რომელმაც ტრაგიკულ მსხვერპლს აზრი უნდა მიანიჭოს. აქედან კი დროის უმოკლეს პერიოდში ახალი ქართული „ეროვნული ნარაცია“ ჩამოყალიბდა. ამ ნარაციის ძირითადი პოსტულატები ასეთია: მცირერიცხოვანი საქართველო ეჭიდება იმპერიულ ურჩხულს და მას წმინდა გიორგის დახმარებით ამარცხებს. ეს მოტივის ახალი სისავსით 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში გაცოცხლდა და პრეზიდენტ სააკაშვილის ახალი იდეოლოგიური დოქტრინის სახე მიიღო, რომელმაც კიდევ ერთხელ 2011 წლის 9 აპრილსაც გაიჟღერა: „საქართველოს ბრძოლა ჩემთვის არის წმინდა გიორგის ბრძოლა. ეს არის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა. ყოველი დღე, როდესაც ჩვენ მივიწევთ კორუფციასთან და უკანონობასთან წინააღმდეგ ბრძოლაში, არის განთავისუფლება საბჭოთა კავშირის რეჟიმისგან.“

ეს ყველაფერი კი ყველაზე წარმატებულად ზვიად გამსახურდიამ, არა მხოლოდ სიტყვიერად ან წერილობით, არამედ პოლიტიკურ-რიტუალური პერფორმანსებითაც გააფორმა: 9 აპრილიდან სულ ერთ კვირაში საქართველო უწყვეტი მიტინგებისა და მანიფესტაციების სცენად იქცა, რომლის მიზანი ახალი იდენტობის პრინციპების დამკვიდრება და ამ იდენტობის მატარებელთა ერთი პოლიტიკური ძალის ქვეშ გაერთიანება იყო. ეს იდენტობა ქუჩაში, მანიფესტაციებზე ჩამოყალიბდა: მიტინგი და მისი თანმხლები კომპონენტი – ეიფორიული შეძახილები – პოლიტიკური არტიკულაციის ერთადერთ თუ არა, მთავარ ფორმად მაინც იქცა. ადამიანები კი აღარ მსჯელობდნენ, არამედ სიტყვით გამოდიოდნენ და აფექტური შეძახილებით მეტყველებდნენ. საქართველო აღმოჩნდა ერთ უზარმაზარ, მიტინგებზე შეთხზულ და წარმოსახულ ფანტასტიურ სამყაროში, რამაც ის რეალობასთან და ადეკვატურ, გონიერ ქმედებებთან სრულ გაუცხოებამდე მიიყვანა.

ასეთი გაუცხოების შედეგი იყო ის დამანგრეველი მოვლენები, რომლებიც საქართველოში 1989 წლიდანვე დაიწყო: საზოგადოების გათიშვა და ერთმანეთზე უკომპრომისოდ გადამტერება, ეთნიკური კონფლიქტების გამწვავება და სამოქალაქო ომები. ამ ყველაფრის უკან კი იდგა გაუანალიზებელი 9 აპრილის ტრაგედია, რომელიც ახალი ქართული სახელმწიფოებრიობისა თუ ეროვნული ცნობიერების პირველად სცენად, პირველად ნიმუშად, პარადიგმად იქცა. ამ თვალსაზრისით, აბსოლუტური სიზუსტით იყო შერჩეული 20 წლის წინ ზვიად გამსახურდიას მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღის 9 აპრილს დამთხვევა: დამოუკიდებელი საქართველო 9 აპრილის ნიმუშზე შეიქმნა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG