Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 2 მარტი. See content from before

კვირა, 27 თებერვალი 2011

„მოსკოვი, კრემლი. ლენინს, სტალინს. თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“ - ვინც საბჭოთა ხანას მოსწრებია, მას ეხსომება ეს, საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე ცნობილი, დეპეშაც, რომელიც 90 წლის წინ - 1921 წლის 25 თებერვალს - თბილისიდან გაიგზავნა. დეპეშის ავტორი, სერგო ორჯონიკიძე, დღეს საქართველოში მოღალატისა და ანტიგმირის სიმბოლოდაა ქცეული, თუმცა კი გარდა მისი ასეთი ეპითეტებით შემკობისა და რამოდენიმე ანეკდოტისა, ორჯონიკიძის შესახებ საქართველოში თითქმის არაფერია ცნობილი. არადა მე-11 არმიის ერთ-ერთი მეთაური, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობას ბოლო მოუღო, შემდგომ ამიერკავკასიის პარტორგანიზაციის ხელმძღვანელი და ბოლოს კი 1932-1936 წლებში საბჭოთა კავშირის მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი და უზარმაზარი ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის ხელმძღვანელი, ქართველ საბჭოთა პარტიულ მოღვაწეთა პანთეონში სტალინის შემდეგ მეორე ადგილზე იყო, ხოლო სტალინის პიროვნების კულტის აკრძალვისა და ლავრენტი ბერიას სახელის ისტორიიდან ამოშლის შემდეგ, ორჯონიკიძე საბჭოთა საქართველოს ყველაზე საამაყო და სახელგანთქმულ კომუნისტ-შვილად დარჩა. შეიძლება ამიტომაც 1989 წელს თბილისში ორჯონიკიძის ძეგლის დამხობას სიმბოლურად საბჭოთა წყობილების დასასრულის მნიშვნელობა ჰქონდა. „ორჯონიკიძე“ კი ერთხმად საქართველოს მტრის, სამშობლოს ღალატისა და ბოროტების აღმნიშვნელ მეტაფორად იქცა. მაშინ, როდესაც სტალინის, რომელიც საქართველოს გასაბჭოების უშუალო ინიციატორი იყო, ან ბერიას სიცუდეზე დღემდე ერთიანი აზრი არ არსებობს. უფრო მეტიც, - არათუ სტალინის, არამედ შეფარულად ბერიას კულტიც კი არსებობდა, როგორც „რეპრესირებულისა“ და აკრძალულის, თანაც სახელგანთქმული საბჭოთა „კაზანოვას“ იმიჯით, რომელიც საბჭოთა სახელმწიფოს რუს მეთაურებს ცოლებს უუპატიურებდა და შეიძლება რუსეთში, რუს „ნაშებში“ მოსიარულე ქართველ მამაკაცებს საკუთარი ეროვნულ-სქესობრივი სიამაყის განცდისას გულის სიღრმეში თავი ლავრენტი პავლოვიჩადაც წარმოედგინათ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გმირიც და ანტიგმირიც იდეოლოგიური მითოსის კუთვნილებაა და მას ისტორიულ სინამდვილესთან ნაკლები კავშირი აქვს. ასეთი ფიგურებით გამოიხატება კოლექტიური აფექტები, რომლებიც არა თავად ამ ფიგურების უკან მგდომ პიროვნებებს, არამედ მათგან შექმნილი ფიგურების მეშვეობით გამოხატულ საზოგადოების ცნობიერებას გვაჩვენებს. მათი არსებობის ფაქტი საზოგადოების არარეფლექტირებულობაზე, არქაულობაზეც კი მეტყველებს და თავისუფალ, კრიტიკულ აზროვებაზე იდეოლოგიური ჰეგემონიის ნიშანიცაა. მაგარამ სწორედ ასეთი ფიგურები მისწრებაა საზოგადოების შესწავლისათვის. ორჯონიკიძეც, პირველ რიგში, მაინტერესებს, როგორც თანამედროვე ქართული საზოგადოების კოლექტიური სიძულვილის განკაცებული სიმბოლო, რომელიც საქართველოს არა მხოლოდ ისტორიის, არამედ თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

სერგო ორჯონიკიძის ბიოგრაფიას ან მასზე მოგონებებს თუ გადავხედავთ, შეიძლება მეომარი-წმინდანის ცხოვრებადაც კი მოგვეჩვენოს, რომლისთვისაც სარწმუნოებისადმი ბრმა, ფანატიკური ერთგულება და მისი მტრების მიმართ დაუნდობელი ბრძოლაა დამახასიათებელი. ბოლშევიზმში სიბრიყვემდე მისული ნაივურობისა და ფანატიკური რწმენის ქრისტიანული პროტოტიპი ყველაზე რადიკალური სახითაც კი გაცოცხლდა, რაც იდეოლოგიური ჭეშმარიტების მტრების მიმართ ძალადობას არათუ ამართლებდა, არამედ სავალდებულოდაც კი მიიჩნევდა. ასეთი კატეგორიის ადამიანებისათვის არსებობს ერთი აღიარებული პრინციპი – უმაღლესი ჭეშმარიტება და მისდამი აბსოლუტური ერთგულება, რომელიც მთელს მათ ცნობიერებასა და ცხოვრებას განსაზღვრავს. ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა „სიკეთე“ ან „ბოროტება“ – მხოლოდ ამ უმაღლესი ინსტანციისადმი რწმენაზე დგას. რწმენის ამგავარი გააბსოლუტურება ყველა სხვა ღირებულებას, რომელიც ამ რწმენიდან არ გამომდინარეობს, ჩრდილში აყენებს და ფასს უკარგავს. ეს განსაკუთრებით ეხება ყოფით სფეროს: მაგალითად, ფანატიკოსი არაა და ვერ იქნება კორუმპირებული, რადგანაც მისთვის ყოფითი, მატერიალური ფასეულობები უბრალოდ არ არსებობს. კორუფციის საფუძველი კი ნიჰილიზმია, რომელიც რწმენის გაქრობის ხარჯზე წარმოიშვება. ფანატიკოსებს მსახიობობაც არ გამოსდით, რამდენადაც სცენაზე დგომა და თამაში ტყუილის თქმას გულისხმობს. ისინი კი იმდენად ღრმად არიან შესული საკუთარ როლში, რომ მათთვის სხვა სიმართლე აღარ არსებობს და საკუთარი პრინციპებიდან გადახვევა სიკვდილის ტოლფასი ხდება. ფრანგი მწერალი ანატოლ ფრანსი ამბობდა, რომ ბრიყვი ადამიანი ბოროტზე უარესია, რადგანაც ბოროტი ხანდახან მაინც ისვენებს, სიბრიყვე კი უწყვეტიაო.

ზღვარი ფანატიკურ რწმენასა და სიბრიყვეს შორის თითქმის არ არსებობს. ბოროტი, უზნეო, ამორალური, კორუმპირებული – უმეტეს შემთხვევაში, იტყუება, მსახიობობს და კეთილშობილებით ინიღბება. ბრიყვი კი მუდამ გურწრფელია და გულწრფელად სწამს საკუთარი მრწამსის ჭეშმარიტება. პირველი თაობის ბოლშევიკებისათვის ორჯონიკიძე ერთადერთი ადამიანი იყო, რომელზედაც ცუდი არ თქმულა და მას გულწრფელობის, ერთგულების, პატიოსნების სიმბოლოდაც მიიჩნევდნენ. ვოროშილოვმა მას „კრისტალივით სუფთა“ და ადამიანური კეთილშობილების ნიმუშიც კი უწოდა. 1936 წელს ორჯონიკიძის იდუმალებით მოცულ სიკვდილზე სტალინმა თქვა, „სერგოს გულმა ვეღარ გაუძლოო“. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, რომელიც უკვე სტალინის სიკვდილის შემდეგ ხრუშჩოვმა გაახმაურა, ორჯონიკიძემ თავი მოიკლა, რადგანაც იგი იმ დროს დაწყებული პარტიული წმენდისა და რეპრესიების წინააღმდეგი იყო და პირველად თავის ცხოვრებაში სტალინის განკარგულების შესრულებაზე უარი თქვაო. ამავე ვერსიას ადასტურებს ორჯონიკიძის პირადი მდივანიც, რომლის თქმითაც, სიცოცხლის ბოლო თვეებში ხშირად ისმენდა „რკინის კომისრად“ წოდებული ორჯონიკიძისგან ამგვარ შეძახილებს: „არა, მე ამაზე არ დავთანხმდები, არცერთ შემთხვევაში არ შევასრულებ ამას!“ როდესაც მას მძიმე მრეწველობაში „მავნებლების“ გამოვლენა დაავალეს, მან სკუთარი მოხსენებიდან ეს სიტყვა მთლიანად ამოიღო, რითიც საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი.

ორჯონიკიძისათვის, რომელიც გაცნობის დღიდან სტალინის უერთგულესი მიმდევარი იყო, ბელადის სისწორეში ეჭვის შეტანა იგივე იყო, რაც მორწმუნისათვის ღმერთის არსებობაში დაეჭვება, რომლის გარეშეც მის ცხოვრებას აზრი ეკარგებოდა.
ორჯონიკიძისათვის, ისევე, როგორც ბუდუ მდივნისა თუ მე-11 არმიის სხვა ქართველი მეთაურებისათვის, საქართველოს გასაბჭოება და მისი საბჭოთა კავშირში გაერთიანება ყველაზე დიდი და კეთილშობილი ოცნების ასრულება იყო. მათი საქართველოს მოღალატეებად შერაცხვა, სულ ცოტა, ლოგიკური შეცდომაა, რადგანაც ვინმეს რომ უღალატო, მანამდე მისი ერთგულების ვალდებულება უნდა გქონდეს. ორჯონიკიძის ლოიალობა კი მხოლოდ სტალინს და ოქტომბრის რევოლუციას ეკუთვნოდა.

ერთი ანეკდოტის თანახმად, ორჯონიკიძემ გააკრიტიკა თავისი ყოფილი თანამებრძოლი ბუდუ მდივანი მისი „ნაციონალ-უკლონისტური“ პოზიციის გამო და უთხრა, დაგავიწყდა მარქისის სიტყვები, „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისავ, შეერთდითო“? რაზეც ბუდუ მდივანმა უპასუხა, - მერე და მარქსს ის ხომ არ უთქვამს, თბილისში შეერთდითო?

ორჯონიკიძის დემონიზაციას, მის მთავარ მოღალატედ და ურჩხულად წარმოსახვას შეიძლება „განტევების ვაცის“ ფუნქცია ჰქონდეს, რაც იდეალურად ჯდება საქართველოს ოკუპაციის კონცეფციაში და გვავიწყებს იმ ფაქტს, რომ საქართველო სანიმუშო საბჭოთა რესპუბლიკა იყო, სანიმუშოდ მორგებული საბჭოთა სისტემაზეც და საზოგადოების ყველა უჯრედის კორუმპირებულობაზეც.
უკვე ყველამ დავიზეპირეთ, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლა არჩევნებით და კონსტიტუციური ვადების დაცვით ჯერ არ მომხდარა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სახელისუფლო პარტია მთლიანად წასულიყო ოპოზიციაში, ოპოზიციური პარტიები კი ხელისუფლებაში მოსულიყვნენ.

მაგრამ ამ ზოგადი ტენდენციის დაშლა ორ ჭრილში შეიძლება. შესაბამისად, გაგრძელებასაც სხვადასხვანაირს უნდა ველოდეთ.

პირველი ჭრილი:
1. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება გაძევებულ იქნა სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომით –>
2. ედუარდ შევარდნაძე მშვიდობიანი რევოლუციის ფონზე გადადგა –>
3. დადგა დრო, როდესაც ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

მეორე ჭრილი:
1. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება შეიცვალა ვადაზე ადრე, კონსტიტუციის დარღვევით და პოლიტიკური კატაკლიზმების შედეგად;
2. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაც შეიცვალა ვადაზე ადრე, კონსტიტუციის დარღვევით და კვლავ პოლიტიკური კატაკლიზმების შედეგად;
3. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაც შეიცვლება ვადაზე ადრე, კონსტიტუციის დარღვევით, ისევ და ისევ, პოლიტიკური კატაკლიზმების შედეგად.

საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ 2012-13 წლებში ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით სავსებით შესაძლებელია; მოსახლეობის მეორე ნაწილი კი ამ შესაძლებლობას ვერ ხედავს და მორიგ რევოლუციას ელოდება.

იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, ზოგადი ტენდენციის ორგვარი განმარტებიდან რომელია უფრო შესაბამისი დღევანდელი პოლიტიკური მომენტისთვის, უნდა ვცადოთ იმის გარკვევა, რა ფაქტორები მოახდენს გავლენას პოლიტიკური პროცესის ამა თუ იმ მიმართულებით გაგრძელებაზე.

პირველი სცენარის განხორციელებისთვის, ესე იგი, არჩევნების გზით ხელისუფლების შესაცვლელად, საჭიროა რამდენიმე პირობა:

1. ოპოზიციური პარტიები უნდა გაძლიერდნენ და საზოგადოების მეტი ნდობა დაიმსახურონ (რისთვისაც ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი სჭირდებათ).
2. საზოგადოება უნდა გაძლიერდეს, სულ მცირე, ორი მიმართულებით: დაძლიოს შიში და დაძლიოს საკუთარი უსუსურობის განცდა, რის შედეგადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მხოლოდ და მხოლოდ მისი რეალური მხარდამჭერების ხმები უნდა მიიღოს/გაიფორმოს.
3. სახელისუფლო პარტია ნებაყოფლობით ან იძულებით უნდა ჩადგეს იმ მდგომარეობაში, როდესაც დაუშვებს საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვას იმდენად, რომ დაკარგოს უმრავლესობა პარლამენტში. შედეგად, მას მოუხდება, დათმოს პრეზიდენტისა და პრემიერის პოსტები. სწორედ ეს იქნება ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით.

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას, 1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის საკრებულოში მოქალაქეთა კავშირმა ყველა სხვა პარტიაზე მეტი მანდატი მიიღო, მაგრამ ოპოზიციურმა კოალიციამ ჯამში მანდატების უმრავლესობა და საკრებულოს მართვის უფლება მოიპოვა. აი, ამგვარი სქემის ამოქმედება საქართველოს პარლამენტში მოგვცემდა იმის თქმის საშუალებას, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით, მშვიდობიანად შეიცვალა.

მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ასეთი შედეგი თავისით ვერ დადგება: ვერც ოპოზიციური პარტიები გაძლიერდებიან, თუ მათზე წნეხი არ მოიხსნა; არც ადამიანებს გაუქრებათ შიშის გრძნობა, თუ მათი დაშინება არ შეწყდა (ვგულისხმობ ბიზნესმენს, მოსამართლეს, მასწავლებელს, ჟურნალისტს და ყველა სხვას). რაც მთავარია, ვერც ნაციონალური მოძრაობა დათმობს ძალაუფლებას მხოლოდ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციით განსაზღვრული საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება.

საქმე ის არის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელია პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენება უკანონო სიმდიდრის მოსაპოვებლად. ქვეყნებში, სადაც სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი არ არის და, შესაბამისად, არ არსებობს კანონის უზენაესობა, მმართველი პარტიები ნებით არასოდეს თმობენ ძალაუფლებას. ეს ორი მოვლენა – თავისუფალი სასამართლო და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა – პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. როგორც წესი, დამოუკიდებელი სასამართლოს არმქონე ქვეყნის ლიდერები კანონს მიღმა ცხოვრობენ და მერე ძალაუფლებას ებღაუჭებიან, რადგან ძალაუფლებასთან ერთად ყველაფერს კარგავენ – სიმდიდრეს, თავისუფლებას, პოლიტიკაში ყოფნის და, ხშირ შემთხვევაში, სამშობლოში ცხოვრების უფლებასაც.

ამიტომ, თუ სახელისუფლო პარტიაზე სერიოზული წნეხი არ განხორციელდა (როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით არსებული ძალების მხრიდან), ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა არ ხდება – მეტისმეტი რისკია ყოფილი მმართველებისთვის და იმიტომ. ხელისუფლებიდან ავტორიტარი ლიდერების წასვლას ყოველთვის წინ უძღვის საუბარი მათ ზღაპრულ ქონებაზე და თან სდევს საუბარი გარანტიებზე. ოღონდ, გარანტიების ხსენება, როგორც წესი, საყოველთაო ძალადობის ფონზე იწყება.

შესაბამისად, მშვიდობიანად და არჩევნებით ხელისუფლების შესაცვლელად, პირველ რიგში, არსებული ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა საჭირო. თანაც, ეს ნება არჩევნების დღეს კი არ უნდა გამომჟღავნდეს, არამედ, წლების განმავლობაში უნდა არსებობდეს და პოლიტიკურ პროცესს განვითარების საშუალებას აძლევდეს.

გამოდის, მხოლოდ ის ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს არჩევნების გზით, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს და რომელიც, ვიდრე ძალაუფლებას დათმობს, სულ მცირე, სამართლიანი სასამართლოს არსებობას უშვებს.

რეალობას თუ არ გავექცევით, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შანსი ძალიან მცირეა. რადგან ხელისუფლების არჩევნებით შესაცვლელად, აი, რა უნდა მოხდეს: მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ წელიწადნახევარში მიხეილ სააკაშვილმა უნდა გაათავისუფლოს სასამართლო და გაწიროს ბევრი თანამებრძოლი, არ შეუშალოს ხელი ოპონენტი პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას, გამოთავისუფლებული მედიის მხრიდან მოისმინოს ათას ერთი ტყუილი და მართალი საკუთარ თავზე, უარი თქვას ხალხისა და ფინანსების კონტროლზე და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმისთვის უნდა ჩაიდინოს, რომ ბოლოს აღმოჩნდეს ოპოზიციაში (ანუ უმცირესობაში).

რატომ უნდა გვქონდეს მოვლენების ამგვარად განვითარების მოლოდინი?

მით უმეტეს, რომ არსებობს ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის მეორე, გაცილებით უმტკივნეულო გზა მთელი ნაციონალური მოძრაობისთვის და პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის. ეს გზა მე ამგვარად მესახება: ხელისუფლება (ან მისი ნაწილი) დაიწყებს თანამშრომლობას კონსტრუქციულ ოპოზიციასთან, ვთქვათ, საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, უსაფრთხოების კონცეფციის დასახვეწად და კიდევ სხვა კეთილშობილური მიზნებით. ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი გამოცხადდება მტრის აგენტებად (რასაც ხელს შეუწყობს მათი ლიდერების მოსკოვური ვიზიტები, რომლებიც არჩევნების წინ გახშირდება). შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში კონსტრუქციული ოპოზიცია მიიღებს 40-50 მანდატს (რაც მის მიმართ მოსახლეობის ნდობის ადეკვატური – და მეტიც – იქნება). დანარჩენი ოპოზიცია ვერ მიიღებს ვერაფერს, ხოლო ადგილების ორ მესამედს პარლამენტში კვლავ დღევანდელი ხელისუფლება (ან მისი ნაწილი) დაეპატრონება. საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრით დაუჭერს მხარს ახალ პრემიერს – სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს. ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს და, ალბათ, დარბაზსაც დატოვებს პროტესტის ნიშნად (იქნებ არც დატოვოს). ამასობაში, პირდაპირი კენჭისყრით არჩეული ახალი პრეზიდენტიც გვეყოლება.

ყველაფერი მოხდება მარტივად და გენიალურად. სიახლის მომხრეები მორცხვად იტყვიან, რომ ხელისუფლება განახლდა; არსებულის შენარჩუნების მომხრეებიც ამასვე იტყვიან, ოღონდ, უფრო დაჟინებით. თან, გონის დაკარგვამდე იზეიმებენ, რომ ძალაუფლება არ დათმეს.

ბოლოს, ყველანი შევთანხმდებით, რომ მიშა მაგარია!

P.S.: ვინც ამ სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებს არ ეთანხმებით, მაშინ, თქვენ ბრძანეთ, სხვაგვარად როგორ უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი ხელისუფლება არჩევნების გზით.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG