Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 19 თებერვალი. See content from before

ოთხშაბათი, 16 თებერვალი 2011

ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციების შემდეგ საქართველოში ზოგიერთს გაუჩნდა აზრი, რომ როგორც პირველმა მისცა ბიძგი მეორეს, ასევე შესაძლებელია, ორივემ ერთად გამოიწვიოს მესამე რევოლუცია - ახლა უკვე საქართველოში. შევეცდები ვაჩვენო, რომ ეს აზრი მცდარია.

დავიწყოთ პირველი პირებით. იმისათვის, რომ მსგავსი რევოლუციები მოხდეს, ავტოკრატი პრეზიდენტებიც ერთმანეთს უნდა ჰგავდნენ.

ბენ ალი - დაბ. 1936 წელს, ტუნისის პრეზიდენტი 1987-იდან 2011 წლამდე;

ჰოსნი მუბარაქი, დაბ. 1928 წელს, ეგვიპტის პრეზიდენტი 1981-იდან 2011 წლამდე;

მიხეილ სააკაშვილი, დაბ. 1967 წელს, საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლიდან.

ხომ ხედავთ ფუნდამენტურ განსხვავებებს?

თუმცაღა ერთი ანალოგია საქართველოდან კი შემიძლია შემოგთავაზოთ:

ედუარდ შევარდნაძე, დაბ. 1927 წელს, კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი, სახელმწიფოს მეთაური და პრეზიდენტი 1972-იდან 2003 წლამდე.

რისი თქმა მინდა, მგონი, ცხადია: თუ ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციები რამეს ჰგავს, ეს ჩვენი წარსულია, კერძოდ 2003 წლის ნოემბრის რევოლუცია და არა - ჩვენი მომავალი.

მაგრამ მხოლოდ პირველი პირებით ნუ შემოვიფარგლებით. ვნახოთ, კონკრეტულად ვინ დაუპირისპირდა კონკრეტულად ბენ ალისა და მუბარაქს.

ახალგაზრდები. ორივე ახალგაზრდების მიერ მოწყობილი რევოლუცია იყო. და აი, დემოგრაფიული მონაცემებიც:

ეგვიპტეში მოსახლეობის საშუალო ასაკი 24 წელია.

ტუნისში მოსახლეობის საშუალო ასაკი 29 წელია.

ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ახალგაზრდების ჯანყს მოხუცი ავტოკრატების წინააღმდეგ. ახალგაზრდებისა, რომლებსაც უნდოდათ მეტი ადგილი, ვიდრე მათ უფროსი თაობის ადამიანები აძლევდნენ.

საქართველოში მოსახლეობის საშუალო ასაკი 38 წელია. ჩვენ არ ვართ ისეთი ახალგაზრდები, როგორც ტუნისსა და ეგვიპტეში.

მეტიც, ახალგაზრდების რევოლუცია საქართველოში უკვე მოხდა. და ახალგაზრდების აქტიურმა ნაწილმა თავისი ადგილი ამ ქვეყანაში მეტ-ნაკლებად იპოვა.

ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ა) ყველა ახალგაზრდამ ოპოვა საკუთარი ადგილი. მეტიც, იმასაც კი ვივარაუდებდი, რომ ახალგაზრდების უმრავლესობას ამასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა აქვს. მაგრამ რევოლუციას არა უმრავლესობა, არამედ სწორედ აქტიური უმცირესობა სჭირდება, რომელიც დღესდღეობით სულაც არაა დაინტერესებული, სუფთა დაფიდან დაიწყოს ცხოვრება.

ეს არც იმას ნიშნავს, რომ ბ) სხვა ასაკის წარმომადგენლები არიან კმაყოფილები - როგორც 2009 წლის არშემდგარი რევოლუციიდან გვახსოვს, საპროტესტო აქციების მონაწილეთა ძირითადი ასაკი 50-60 წელი იყო, ხოლო მათი რიცხვი - საგრძნობლად დიდი.

ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დღეს საქართველოში, ტუნისისა და ეგვიპტისგან განსხვავებით, ახალგაზრდების აქტიურ ნაწილს ქუჩაში გამოსვლა და ბრძოლა არ აინტერესებს. არ დავიწყებ იმის შეფასებას, კარგია ეს, თუ ცუდი. უბრალოდ, ვითარების აღწერას ვცდილობ.

ტუნისსა და ეგვიპტეში რევოლუციის გადამდებობა დაკავშირებული იყო კიდევ ერთ ფაქტორთან, რაც ჩვენ, 2003 წლის „რუსთავი 2-ისა“ და 2007 წლის „იმედის“ მომსწრეებს, არ უნდა გაგვიკვირდეს - საქმე ეხება მედიას. ეგვიპტეს, იემენსა და ალჟირს ტუნისის ალი იმიტომ გადაედო, რომ ამ ალს „ალ ჯაზირა“ აღვივებდა - საერთო არაბული მაუწყებლობა. საქართველოში კი ახლო აღმოსავლეთის რევოლუციებს ელიტის გარდა არც არავინ ადევნებს თვალს. სულ სხვა იქნებოდა, ასეთი ტიპის რევოლუცია რუსეთში რომ მომხდარიყო - ამ შემთხვევაში ნამდვილად შეიძლებოდა გავლენებზე ფიქრი, რადგან ჩვენ რუსულ საინფორმაციო სივრცეში ყურებამდე ვართ ჩაფლული.

ტუნის-ეგვიპტის რევოლუციის საქართველოზე გადმოდებას მხოლოდ ისეთი ადამიანი თუ ინატრებს, რომელსაც ყველა სხვა იმედი გადაწურული და ილაჯი წართმეული აქვს და ცვლილებას Deus ex machina-დან ელის. მარტივი არგუმენტი: როგორც ვარდებისა და ნარინჯისფერმა რევოლუციებმა ვერ მოახდინეს ვერანაირი გავლენა ტუნისსა და ეგვიპტეზე 2003-2004 წლებში, ისევე ვერ მოახდენენ გავლენას ჩვენზე ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციები. ან რა უცხო გავლენა გვჭირდება? რევოლუციური სიტუაცია რომ იდგეს ჩვენს ქვეყანაში, განა ჩვენი საკუთარი რევოლუციის გამოცდილება არ გვაქვს, სხვების მაგალითებს რომ არ დავუწყოთ ძებნა? ვინმეს რევოლუციის მოხდენა რომ შეეძლოს,მისთვის 2003 წლის ნიმუში უფრო ახლო არ იქნებოდა, ვიდრე ეგზოტიკური, მაგრამ შორეული ტუნისისა და ეგვიპტის მოვლენები?

ჩემი დასკვნა ასეთი იქნება: პრინციპში სულაც არაა გამორიცხული, რომ ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მოხდეს ამბოხი, რევოლუცია, ან სამოქალაქო ომი (თუმცა ამის ნიშნები დღესდღეობით ნამდვილად არ ჩანს). ოღონდ ამ ყოველივეს ეგვიპტისა და ტუნისის მოვლენებთან იმდენივე ექნება საერთო, რამდენიც „დიდი ოქტომბრის“ რევოლუციასთან: მხოლოდ და მხოლოდ სახელი.

ბოლო პუნქტი: ზოგიერთი იმედოვნებს, რომ ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციების შემდეგ აშშ-ის პოზიცია პროდასავლური ავტორიტარული რეჟიმების მიმართ რადიკალურად შეიცვალა. თუ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტები ამბობდნენ, ამ რეჟიმების მმართველები ძაღლიშვილები არიან, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილებიო, ახლა აღარ იტყვიან და სააკაშვილის „პირსისხლიანი“ ხელისუფლებაც დაემხობა.

ისევ და ისევ მცდარი აზრია. აშშ-ის ხელისუფლება ნამდვილად იტყვის უარს სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერაზე, თუ მის წინააღმდეგ საქართველოს აქტიური მოქალაქეების უმრავლესობა გამოვა (ოღონდ არავის ეგონოს, რომ, რამდენი არ დაიძახებს, დღეს რუსთაველზე „მთელი ქართველი ერი“ შეგროვდაო, იმდენჯერ დაუჯერებენ).

მაგრამ ეს ყველა ჩვენგანმა აქამდეც მშვენივრად იცოდა.
ხოლო თუ მოსახლეობის აზრი ორად იქნება გაყოფილი - ზოგი ხელისუფლებისკენ, ზოგიც ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც ახლაა - ტყუილად ჰგონია მავან წარუმატებელ პოლიტიკოსს, რომ ჰილარი კლინტონი გადმოდგება და ქართველ ერს ჯანყისკენ მოუწოდებს.
სიტყვა „დაჩეხილი“ ჩემს ცნობიერებაში გარდაქმნისა და საჯაროოების ეპოქაში შემოვიდა, როდესაც, მამაჩემის მიერ სასეირნოდ წაყვანილი, მის რამდენიმე მეგობართან ერთად ვაკის პარკში აღმოვჩნდი. უფროსების დისკუსიას ეტყობოდა, რომ სადავო საკითხზე მსჯელობდნენ. მალევე დავინახე დავის საგანიც - მეომართა უზარმაზარი ქანდაკებები, რომლებიც პარკში აღემართათ. ღრუბლიანი ამინდი იდგა და მხარგაჩეხილი და კეფაახდილი გიგანტების სკულპტურები სკოლის მოწაფეზე ძალიან უცნაურ, ლამის ავისმომასწავებელ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.

ამის მერე იყო 89 წლის 9 აპრილი და ფრაზა: „ნიჩბით დაჩეხილი 19 ქალი“. და, რასაკვირველია, შეურაცხყოფის, სიბრაზისა და სიბრალულის ძლიერი განცდები, რომელსაც ეს ფრაზა იწვევდა თითოეულ ადამიანში. სწორედ იმ არაჩვეულებრივად ირაციონალურ ეპოქაში ასეთ აზრსაც კი მოვკარი ყური, ვაკის პარკში დაჩეხილი ფიგურების დადგმით 9 აპრილის ხოცვა-ჟლეტა იწინასწარმეტყველესო. არ ვიცი, რამდენად მოვახერხე ამ აზრის დაკავშირება განთქმული რომანის შესავალ აფორიზმთან, რომანისა, რომელსაც დაახლოებით იმავე პერიოდში ვკითხულობდი და აფორიზმისა, რომელიც გვეუბნებოდა: „ცხოვრება იმაზე მეტად ბაძავს ხელოვნებას, ვიდრე ხელოვნება - ცხოვრებას“. თითქოს იმ ლეგენდარული პორტრეტის მსგავსად, ვაკის პარკის ქანდაკებებიც რაღაც უცებ გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ პარკთან ახლოს ვცხოვრობდი, ვერაფრით ვიხსენებ, ზუსტად როდის აიღეს დაჩეხილი მეომრების სკულპტურები და როდის გადააბარეს უცნობი ჯარისკაცის საფლავის საპატიო ყარაული ისევ და ისევ მტვრიან მომწვანო ვეფხვებს.

თუმცა, იყო მცირე კომპენსაციაც - დაჩეხილი ქალის სკულპტურის გამოჩენა მელიქიშვილის გამზირზე. ქანდაკება აგრძელებდა ტრადიციას, რომლის მიხედვითაც მამაკაცების ძეგლების უმრავლესობა საქართველოში კონკრეტულ ინდივიდს გამოსახავს, ხოლო ქალებისა - ზოგად იდეას: მუზა, ქართლის დედა, ალგეთის მგლების დედა... მერე ისიც გაქრა მაგრამ მახსოვს მცირე მითქმა-მოთქმაც, რომელიც ამ ქანდაკების დადგმას უკავშირდებოდა. თუ არ მეშლება, რაიმე კონკრეტული არგუმენტი არც მის საწინააღმდეგოდ თქმულა, და არც სასარგებლოდ. დიალექტიკური ემოციურობა ჭარბობდა: უარყოფითი ემოცია რაღაც ახლის მიმართ და თავად ამ უარყოფითი ემოციის უარმყოფელი ემოცია; „ეს რა უბედურებაა!“ და „იყოს, რა გინდა?“. სხვა თემაა, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ყველა ჩვენგანმა დებატების ხელოვნებაში სამთვიანი კურსი უნდა გაიაროს.

ამის შემდეგ გავა რამდენიმე წელი და ბათუმის დაგრძელებულ ბულვარზე მოსეირნე ქართველი მიხვდება, რომ რაღაც შეიცვალა. საქმე ეხება „ალი და ნინოს“ ქანდაკებას. აქ, ჯერ ერთი, გაირკვა, რომ თურმე ნასვრეტები ყოველთვის იმისთვის არ არის, რომ იქიდან სისხლი მოდიოდეს, არამედ ხანდახან იმისთვისაც, რომ სხვა ადამიანს შეუერთდე სიყვარულში. მეორეც, ისიც გაირკვა, რომ ეს ნასვრეტები ყოველთვის ხმლისა და ნიჩბის ნაკვალევი კი არაა, არამედ ხანდახან შეიძლება პრიალა მაღალტექნოლოგიური ეფექტიც იყოს. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქანდაკებასაც ჰქონდა ნეგატიურად შეფერილი შლეიფი - დაკავშირებული უგემოვნო მეორეხარისხოვან რომანთან, რომელმაც მას სახელწოდება უსახსოვრა - მისი მესიჯი ახალი, უცხო, სასიამოვნო და იმედიანი იყო ჩვენთვის: All you need is love, pa papapa pa!
"ამაოებას არ ამოება"

ვიღაცას შეიძლება ეგონა, რომ ამ ქანდაკებით „დაჩეხვის“ პარადიგმა ჩაანაცვლა რაღაც სხვამ, უფრო მსუბუქმა და თანამედროვემ. ამიტომ ბედის ირონიაა, ან კიდევ რამე უფრო სიმბოლური, რომ სწორედ „ალი და ნინოს“ ავტორმა გააკეთა გორის ქანდაკების მაკეტი, რომელიც სტალინის ძეგლის ადგილას უნდა დაიდგას და რომელიც ასე აშკარად უბრუნდება და აგრძელებს დაჩეხვის ლამის უკვე მეოთხედსაუკუნოვან ისტორიას. ეს მაკეტი გვაჩვენებს, რომ საკუთარი თავისა და ქვეყნის მთავარი მეტაფორა ჩვენთვის ისევ „დაჩეხილად ყოფნაა“. ჩვენი ხელოვნებაც დარწმუნებულია, რომ - ბუმბერაზ კლასიკოსს თუ დავესესხებით - როგორც ბუნებასთან მიტანილი სარკე, ერთგულად ირეკლავს მას.

ჰოდა, რა იქნებოდა, ხელოვნებას რომ ეცადა რაიმე ახლის გაკეთება? იქნებ თავად ცხოვრებასაც ამ სიახლისთვის მიებაძა?

P. S.: შენიშვნა სკულპტურული ჯგუფის სახელწოდების შესახებ: სიტყვებით თამაში ზოგადად არა ტრაგიკული, არამედ კომიკური ხელოვნების მახასიათებელია. ამიტომ ვინც ამ ქანდაკებას „ამაოებას არ ამოება“ დაარქვა, მას - რაც უნდა სამწუხარო იყოს ყველა ჩვენგანისთვის, მისივე ჩათვლით - ესთეტიკური მგრძნობელობის სფეროში სერიოზული პრობლემები აქვს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG