ჰრაირ თამრაზიანი: სომხეთი გადაიქცა რუსი ტურისტებისათვის სატრანზიტო გზად საქართველოსკენ

გასულ წელს სომხეთში ხანგრძლივი საპროტესტო აქციების, როგორც იქ უწოდეს, ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა. როგორ აფასებენ მეზობელ საქართველოში მიმდინარე ანტისაოკუპაციო საპროტესტო ტალღას სომხეთში? ჩვენს შეკითხვებს ერევნიდან უპასუხებს რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის დირექტორი ჰრაირ თამრაზიანი.

Your browser doesn’t support HTML5

ჰრაირ თამრაზიანი: სომხეთი გადაიქცა რუსი ტურისტებისათვის სატრანზიტო გზად საქართველოსკენ

ჰრაირ თამრაზიანი: შემიძლია გითხრათ, რომ უკლებლივ ყველა ტელეარხი ყოველდღიურად აშუქებდა მოვლენებს თბილისში. ზოგიერთს ჰყავდა თავისი კორესპონდენტებიც, ხოლო კომენტარების უმრავლესობა ძირითადად იყო ნეიტრალური ხასიათისა. ზოგიერთი მიმომხილველი - მაგალითად, აკოფ ბადალიანი - საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უფრო ფართო, რეგიონალურ კონტექსტში მიმოიხილავს. მის სტატიაში „მორიგი დარტყმა საქართველოზე, გამოსავალი შეიძლება გახდეს ერევანი“ ლაპარაკია იმაზე, რომ „საქართველო გახდა არენა ჯაჭვური პროვოკაციებისა, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი არ არის წყარო და მიზანი.

კობა ლიკლიკაძე: რა შუაშია სომხეთი? რატომ აკავშირებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სომხეთთან? რა კონტექსტში ხედავენ საფრთხეს?

ჰრაირ თამრაზიანი: თქვენ იცით, რომ სომხეთისათვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ისაა,ფაქტობრივად, გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი, თუ არ ჩავთვლით ირანს, რომელიც ამჟამად ემბარგოს ქვეშ არის დასავლეთის ქვეყნების, ძირითადად აშშ-ის მხრიდან. ამიტომ საქართველო სიცოცხლის გზაა სომხეთისათვის. ამიტომ იმას, რაც საქართველოში ხდება, უშუალო და პირდაპირი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის.

კობა ლიკლიკაძე: საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ სომხეთის ბევრი მოქალაქე სტუმრობს ზაფხულში დასასვენებლად შავი ზღვის კურორტებს - ბათუმს, ქობულეთსა თუ გრიგოლეთს. ცნობილი მოვლენების ფონზე, როცა საქართველოში კლებულობს რუსი ტურისტების რაოდენობა, რა ვითარებაა სომხეთის ტურისტებთან დაკავშირებით?

ჰრაირ თამრაზიანი: სხვათა შორის, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთი გადაიქცა სატრანზიტო ქვეყნად რუსი ტურისტებისათვის, რომლებიც ჩამოდიან სომხეთში და აქედან მიემგზავრებიან საქართველოში ავტობუსებით, მანქანებით, მატარებლებით. ასე რომ, ამ თვალსაზრისით სომხეთი ერთგვარად ეხმარება საქართველოს. როგორც არ უნდა იყოს, რუსი ტურისტები, ჩემი აზრით, კვლავაც დიდი სურვილით მიდიან საქართველოში, მათ უყვართ საქართაველოს შავი ზღვის სანაპიროები. შავი ზღვა უყვართ სომხებსაც, ისინი დიდი ხალისით მიემგზავრებიან საქართველოში და, ჩემი აზრით, სომხეთიდან ტურისტული ნაკადი არ შემცირებულა.