ჰოლივუდის თბილისელი პატრიარქი

„აბრეშუმის წინდები“ (აშშ, 1957, რეჟისორი რუბენ მამულიანი, მთავარ როლებში ფრედ ასტერი და სიდ ჩერისი)

“პერსონა-ნონ გრატებსა” და შეერთებული შტატების საელჩოსთან დაგეგმილ მიტინგზე ფიქრში გავიხსენე ყველა ანტისაბჭოთა ფილმი, გადაღებული ჰოლივუდში. უმრავლესობა უპრიმიტიულესია, ათასჯერ გამოყენებული კარიკატურებით, მაგრამ არის “კეთილი ფილმებიც”, რომლებიც არა და არ ძველდება, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. ერთ-ერთია “აბრეშუმის წინდები”, ერსნტ ლიუბიჩის კლასიკური სურათის, “ნინოჩკას”, რიმეიკი - ჩვენი, თბილისელი კაცის, რუბენ მამულიანის, მუსიკალურ-პოლიტიკური ხუმრობა. როგორც ჩანს, იუმორის გრძნობა საბჭოთა კულტურის იმ ჩინოვნიკებსაც აღმოაჩნდათ, რომლებმაც 1961 წელს ნება დართეს ლევ კულიჯანოვს (სხვათა შორის, ასევე თბილისში დაბადებულ კინორეჟისორს), მოეწვია რუბენ მამულიანი მოსკოვის კინოფესტივალზე. ეგაა რომ მაშინ უშიშროებამ ჰოლივუდის პატრიარქს მშობლიურ ქალაქში ჩამოსვლის უფლება არ მისცა.

მოსკოვის კინოფესტივალისთვის, რომელიც მეორედ იმართებოდა, მამულიანის დაპატიჟება დიდი რეკლამა იყო. იმხანად რეჟისორი “კლეოპატრაზე” მუშაობდა და მსოფლიო პრესა აჭრელებული იყო ლიზ ტეილორის ფოტოებით ჰოლივუდის ახალი კოლოსის გადასაღები მოედნიდან. მაგრამ სწორედ ამერიკაში დაბრუნების შემდეგ დაეწყო მამულიანს პრობლემები “კლეოპატრას” გადაღებაზე. რეჟისორმა, როგორც მოგვიანებით თავად აღნიშნა, “ლიზ ტეილორის ისტერიკებს” ვეღარ გაუძლო და “კლეოპატრას” დასრულება ჯონ მანკევიჩს გადაულოცა. “კლეოპატრამ”, ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა რუბენ მამულიანის კინოკარიერას. თუმცა მამულიანი, რომლის სახელს უკავშირდება ფერადი კინოს დაბადება, კინომიუზიკლის განვითარება, კადრს გარეთა ხმის გამოყენება გმირის ფიქრების გამოხატვისთვის, პავილიონიდან მთლიანად ნატურაზე გასვლა, გრეტა გარბოსა და მარლენ დიტრიხის ჰოლივუდური ტრიუმფი (გარბოსთან გაჩაღებული რომანის გამო ჰოლივუდში მამულიანს “მისტერ მამულიანი“ შეარქვეს), აგრძელებდა აქტიურ ცხოვრებას - წერდა წიგნებს, უვლიდა თავის გალოთებულ ცოლს (შვილი არ ჰყავდათ) და კატებს... 90 წელი იცოცხლა, დრო და დრო კითხულობდა ლექციებს, მოგზაურობდა. 1971 წელს არა მარტო მოსკოვში, არამედ თბილისსა და ერევანშიც მოახერხა ჩამოსვლა, მოინახულა თავისი სახლი დღევანდელი სანქტ- პეტერბურგის 13-ში (სახლის კედელზე დღეს რუბენ მამულიანის მემორიალურ დაფას ნახავთ ქართულ, ინგლისურ და სომხურ ენებზე), შეხვდა ნათესავებს, მეზობლებს (ერთმა მოხუცმა ხმაზე იცნო და აივნიდან დაუყვირა: „რუბენ, შენა ხარ, ბიჭო?“), შეხვდა კინემატოგრაფისტებს ახლად გახსნილ კინოს სახლში, სადაც არა მარტო ბავშვობა და სიყმაწვილე გაიხსენა, არამედ უამბო კოლეგებს, როგორ გაემგზავრა სასწავლებლად მოსკოვში, სადაც უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, შემდეგ კი ვახტანგოვის სახელოსნოში დაიწყო თეატრის რეჟისურის სწავლა. გაიხსენა, როგორ წავიდა 1919 წელს ლონდონში (აქ რამდენიმე სპექტაკლი დადგა) და, ბოლოს, მოჰყვა, როგორ აღმოჩნდა ჰოლივუდში, სადაც ძალზე სწრაფად დაეუფლა არა მარტო კინორეჟისორის ხელოვნებას, არამედ ახალ ტექნიკურ მიღწევებს, პირველ რიგში კი, ხმას. თანაც ისე კარგად დაეუფლა, რომ ერთ-ერთმა პირველმა აითვისა კინოხელოვნების სრულიად ახალი ჟანრი - მიუზიკლი. 1932 წელს გადაღებული მისი ფილმი “გიყვარდეს დღეს” პარიზის გაღვიძებით იწყება. რუბენ მამულიანმა ჯერ ქალაქის ხმაურები აქცია მუსიკად, შემდეგ კი ამ “აუდიორიგს” ნამდვილი მუსიკა დაუმატა. გამოსახულება (კამერის თავისუფალი გადაადგილება კადრში), ბუნებრივი ხმაურები და მუსიკა იმდენად ორგანულად გაერთიანდა, რომ შეიქმნა მთლიანი, დაუნაწევრებელი სამყაროს სახე - რუბენ მამულიანის ფილმების განუყოფელი სახე, რომელსაც ის თავის ყველა ფილმში წარმოაჩენს, განსაკუთრებით - ფინალებში.

ბოლო დროს სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რამდენად მართალი იყო სერგეი ეიზენშტეინი, რომელმაც კინოხელოვნებას “უსიმღერო ოპერა” უწოდა. ამას ადასტურებს არა მარტო კინემატოგრაფის განვითარება ხმის შემოსვლის შემდეგ, ამას ადასტურებს ოპერის რეჟისორების წარმატებული მუშაობა კინოში ( და პირიქით). ერთ-ერთი რუბენ მამულიანია. სწორედ მის სახელს უკავშირდება ამერიკული ოპერის აღმავლობა 30-იან წლებში და გერშვინის “პორგი და ბესის” ტრიუმფი ბროდვეიზე. მამულიანის სტილის თავისებურებად ითვლება (არა მარტო კინოში, არამედ თეატრშიც, ოპერაშიც), ადამიანთა დიდი ჯგუფებისგან შექმნილი სურათოვანი მიზანსცენები, რომლის ფონზე თეატრში დეკორაციის კედელზე ჩრდილები მოძრაობენ, კინოში კი ასეთი დეკორაციის როლს უკვე ცოცხალი ნატურა ასრულებს. უცნაურიცაა, როგორ უყვარს რეალური ნატურა - რკინიგზის სადგურები, ნავსადგურები, დიდი მაღაზიები, მდინარის სანაპირო, ყველაფერი ცოცხალი და ნამდვილი თეატრის რეჟისორს, რომელიც კინოში შედარებით გვიან, ხმოვანი კინოს გარიჟრაჟზე მოვიდა. სხვათა შორის, ხმის შემოსვლით მამულიანს გაუმართლა კიდეც - ჰოლივუდის რეჟისორებს გაუჭირდათ აეხსნათ მუნჯი კინოს მსახიობებისთვის, როგორ უნდა ელაპარაკათ ხმოვან ფილმებში. სტუდია “პარამაუნტ პიქჩერსმა”, პირველ რიგში, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოიწვია თეატრისა და ოპერის რეჟისორი რუბენ მამულიანი.

ხმა და ფერი არ იყო მხოლოდ კინოხელოვნების ახალი ტექნიკური მიღწევა, რომელსაც მამულიანი ადვილად დაეუფლა. 50-იან წლებში, როცა ტელევიზიამ თითქმის მთლიანად წაართვა კინოს მაყურებელი, ჰოლივუდი კინოეკრანის სტანდარტულ ფორმატს შეეჭიდა: ჯერ ფართოეკრანიან და შემდეგ ფართოფორმატიან კინოს (70 მმ ფირზე) მაყურებელი კინოთეატრში უნდა დაებრუნებინა. მაგრამ ახალი ფორმატი არა მარტო ტექნიკის ცოდნას, არამედ დიდი სივრცის დაუფლებისა და ორგანიზების უნარს მოითხოვდა. მამულიანმა ამ მხრივაც აჯობა სხვებს - სანახაობის შექმნაში მას ბადალი არ ჰყავდა. „აბრეშუმის წინდები“ ამას ადასტურებს მაშინაც კი, როცა ფილმს კომპიუტერის ეკრანზე ვუყურებთ.

„აბრეშუმის წინდებმა“ დიდი მოგება მოუტანა ჰოლივუდს - უფრო მეტი, ვიდრე ამავე სახელწოდების მიუზიკლმა, რომელიც რამდენიმე წლით ადრე დაიდგა ბროდვეიზე და შეიძლება უფრო მეტი, ვიდრე ერნსტ ლიუბიჩის ფილმმა „ნინოჩკამ“, 30-იან წლებში გადაღებულმა ანტისაბჭოთა კომედიამ. ამის მიზეზი ისტორიული ფონიც უნდა იყოს. 1939 წლის მსოფლიო, როცა ერნსტ ლიუბიჩმა „ნინოჩკა“ გადაიღო გრეტა გარბოთი მთავარ როლში, საერთოდ აღარ ჰგავს 1957 წლის მსოფლიოს. რუბენ მამულიანის ფილმის გადაღების დროს „საბჭოთა მუქარა“ აქტუალური აღარაა („სტალინის კულტი“ დაძლეულია საბჭოთა კავშირის კომპარტიის მეოცე ყრილობაზე). შესაბამისად, არც კაგებებს აგენტის სახეა საშიში. ის უფრო სასაცილოა, ვიდრე სახიფათო. მან უფრო უნდა გაცეკვოს, გამღეროს, ვიდრე შეგაშინოს. „მოსკოვის ხალხს“ უფრო უნდა დასცინო, ვიდრე აჰყვე, რადგან როგორც არ უნდა აქტიურობდნენ მოსკოვის კაცები და ქალები, „კარგ ცხოვრებაზე“, უსაფრთხოებაზე და, რაც მთავარია, თავისუფლებაზე უარს ადამიანს მაინც ვერ ათქმევინებენ.

ამიტომაც გირჩევთ, როცა ტელეფონზე შეტყობინება მოგივათ თუნდაც ასეთი ტექსტით: „დაიცავი შენი წილი...“, ანდა როცა იგივე მოსკოვი სრულ მობილიზაციას მოგთხოვთ, გაიცინეთ და დასცინეთ ისე, როგორც ამას კარგი თბილისელი კაცი, რუბენ მამულიანი, აკეთებს ფილმში „აბრეშუმის წინდები“.