შეიძლება გქონდეს დიდებული ქალაქი, ქალაქების ერთობაც კი, მაგრამ არ გქონდეს სახელმწიფო; გქონდეს ენა და დამწერლობა, მრავალსაუკუნოვანი ისტორია, კულტურა, გყავდეს მხატვრები, კომპოზიტორები, მაგრამ არ გქონდეს არც გერბი, არც დროშა და არც ჰიმნი. ასეთი ვითარება იყო საქართველოში ასი წლის წინ, როცა „საქართველო“ ჩანაცვლებული ჰქონდა „თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებს“.

I მსოფლიო ომია. ტფილისი სავსეა სამხედროებით, გოლოვინის პროსპექტზე, ერთ-ერთ მდიდრულ რესტორანში უკრავს უცხოელი მუსიკოსებისაგან შემდგარი პატარა სიმებიანი ორკესტრი. იქვე სადილობენ მაღალი ჩინის ოფიცრები. რუსმა გენერალმა იმპერატორის სადღეგრძელო დალია და ორკესტრს რუსეთის ჰიმნი შეუკვეთა. დაუკრეს. შემდეგ დაილია რუსეთის მოკავშირეების - საფრანგეთისა და ინგლისის - სადღეგრძელოები. ამ სახელმწიფოების ჰიმნებიც შეასრულეს.

„ქართული ჰიმნი!“ - ომახიანად შესძახეს ორკესტრს ქართველმა ოფიცრებმა, მაგრამ, როგორც ქართული მუსიკის მკვლევარი შალვა კაშმაძე წერდა 1947 წელს გამოცემულ წიგნში, ასეთი ჰიმნი, ცხადია, არ არსებობდა.

„ვინ აღირსებდა მაშინ საქართველოს ჰიმნს? მუსიკოსები შეშფოთდნენ, რაღაც გადაუჩურჩულეს ერთმანეთს, შემდეგ სწრაფად მოიმარჯვეს საკრავები და დარბაზში გაისმა „მხოლოდ შენ ერთს“. არავის კრინტი არ დაუძრავს, ერთ-ერთ სუფრასთან მჯდომი მწერალი შალვა დადიანი სახტად დარჩა“ („ვანო სარაჯიშვილი“. მონოგრაფია. 1947 წ. სახელგამი).

შალვა დადიანი სახტად დარჩა იმიტომ, რომ ზუსტად იცოდა, თუ რას ასრულებდა ორკესტრი. „მხოლოდ შენ ერთის“ ტექსტი ხომ თვითონ შალვა დადიანის დაწერილია, უფრო სწორად, მის მიერაა თარგმნილი.

ერთი სიმღერის ისტორია

1900 წელს ქუთაისის თეატრში ლადო მესხიშვილმა ბენეფისი გაუმართა მსახიობ ნუცა ჩხეიძეს. გადაწყვიტა დაედგა კარეევის პიესა „უბედური ნაბიჯი“. პიესა თარგმნა შალვა დადიანმა. ტექსტის მიხედვით, ვაჟი უმღერის ქალს კულისებიდან - Тебе одной. შალვა დადიანმა ეს ტექსტიც გადათარგმნა და დაარქვა „მხოლოდ შენ ერთს“. მელოდია დაწერა ფოსტის მოხელემ, კ. სარჯველაძემ. „მხოლოდ შენ ერთს“ შეასრულა გიმნაზიის მოწაფემ, დავით აკოფაშვილმა, თბილისის ოპერის მომავალმა მომღერალმა, მაგრამ სიმღერა სწრაფად გავრცელდა ხალხში. შალვა დადიანის გადმოცემით, ხალხში გავრცელებული „მხოლოდ შენ ერთს“ არ მოსწონებია აკაკი წერეთელს და „თემში“ გამოუქვეყნებია ახალი ტექსტი 10 სტროფის ოდენობით, მაგრამ სიმღერას და ისტორიას მაინც დადიანის ტექსტი შემორჩა:

"მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ ჩემთვის
შთაუნერგავს მაღლიდან ღმერთს,
სიყვარული, სიხარული,
მხოლოდ შენ ერთს, მხოლოდ შენ ერთს!
მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ ჩემთვის
მოუცია მაღლიდან ღმერთს,
ჰარმონია, პოეზია,
მხოლოდ შენ ერთს, მხოლოდ შენ ერთს!
ვისურვებდი ვყოფილიყავ
სიყვარულის შემართებად,
სიცოცხლეშიც, საფლავშიაც,
შენთან ერთად, შენთან ერთად".

ცნობილია, რომ „მხოლოდ შენ ერთს“ ვანო სარაჯიშვილიც დიდი მხატვრული ოსტატობითა და გრძნობით მღეროდა (როგორც სოლოს, აგრეთვე დუეტადაც სანდრო ინაშვილთან ერთად). სიმღერა იმდენად პოპულარული გახდა, რომ თუკი სადმე გიტარას დაუკრავდნენ, უთუოდ უნდა ემღერათ. „მხოლოდ შენ ერთს“ მრავალი წლის განმავლობაში შედიოდა დები იშხნელების რეპერტუარში.

უჰიმნობის სევდა

უჰიმნობა, როგორც სახელმწიფოებრიობის დაკარგვით გამოწვეული უძლურება და ტკივილი, კარგად არის ნაჩვენები ნანა მჭედლიძის „პირველ მერცხალში“. აკაკი ბაქრაძის თქმით (ალმანახი „კინო“, N2, 1978 წ), ფილმში მონათხრობი სპორტული ისტორიის ჩარჩოს არღვევს და ერის თავგადასავლის ალეგორიად იქცევა.

აკაკი ბაქრაძე

„ერთ მხარეს, კარის წინ, ინგლისელები დგანან, მეორე მხარეს - „პირველი მარცხალი“, თითქოსდა განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ უცბად ინგლისელები იწყებენ სიმღერას. მღერიან ეროვნულ ჰიმნს. გუგუნებს ერის, ქვეყნის, სახელმწიფოს სადიდებელი. ვხედავთ იასონისა და მისი ბიჭების გაოგნებულ სახეებს. რა ხდება? ასეთი რამ მათ აქამდე არ ენახათ. რა უნდა იმღერონ პასუხად? არც სახელმწიფო აქვთ, არც ჰიმნი, არც არასოდეს ყოფილან ასეთ ვითარებაში. ისინი თამაშობენ ფეხბურთს. თამაშობდნენ იმიტომ, რომ უყვარდათ, ერთობოდნენ, სახელის მოხვეჭაც უნდოდათ. მართალია, ერთხელ ისინი ჟურნალ „ივერიაშიც“ შეაქეს, მაგრამ ეს სასიხარულო იყო და მეტი არაფერი. ახლა კი უფრო რთული ალტერნატივა დადგა. ახლა საქმე მარტო მოგება არ არის. მოწინააღმდეგეს უნდა დაუმტკიცო, რომ შენც ერი ხარ და არა შემთხვევით შეკრებილი ჯოგი, რომელსაც, ავად თუ კარგად, ფეხბურთის თამაშიც უსწავლია. მეტოქის ჰიმნს პასუხი სჭირდება და „პირველი მერცხალიც“ მღერის. მართალია, ეს ჰიმნი არ არის, ხალხური სიმღერაა, მაგრამ მთავარია ის, რომ ვაჟკაცურად ჟღერს...“ - წერდა აკაკი ბაქრაძე.

ჰიმნების შესრულების ტრადიცია

ჰიმნს ჰიმნის შესრულებით უნდა უპასუხო, უნდა უპასუხო შენი ერის, შენი ქვეყნის სადიდებლით! სხვა შემთხვევაში, რა გამოდის? არ გაქვს სახელმწიფო, არ ხარ თავისუფალი! როგორც ერს, არ გაქვს გაცხადებული არც მისწრაფებები და არც ფასეულობები! გაურკვეველია, ვინ ხარ და რა გინდა!

ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, ჰიმნების მასობრივად შესრულება მე-19 საუკუნის ტრადიციაა, ანუ იმ დროისა, როცა ყალიბდებიან, დღევანდელი წარმოდგენით, თანამედროვე ერები და სახელმწიფოები. სწორედ მე-19 საუკუნიდან სრულდება ჰიმნები მნიშვნელოვანი სახელმწიფო ღონისძიებების დროს, მაღალი სტუმრების მიღებისას, ეროვნულ დღესასწაულებზე და ა.შ. ჰიმნები ხშირად გარკვეული ტიპის მარშებია, საბრძოლო ტექსტები, რომლებსაც ომებში იყენებენ. ლაშა ბაქრაძის თქმით, ამის ყველაზე ნათელი მაგალითია მარსელიოზა, რომელიც თავიდან იყო რევოლუციურ-საომარი სიმღერა. არიან ქვეყნები, რომელთა ჰიმნებსაც ტექსტი არ აქვთ, მაგალითად, ესპანეთის ჰიმნი La Marcha Real.

ლაშა ბაქრაძე

„დღეს ყველაზე ძველ ჰიმნად, რომელიც იმღერება, ითვლება ნიდერლანდის ჰიმნი Het Wilhelmus, რომელსაც მე-16 საუკუნიდან მღერიან როგორც ეროვნულ ჰიმნს და სიმბოლოს. ჰიმნი წარმოგვიდგენია როგორც მუსიკისა და ტექსტის ერთობა. თუ ასე არ ჩავთვლით, ერთ-ერთ ყველაზე ძველ ჰიმნად იაპონელები მიიჩნევენ თავიანთ ტექსტს, რომელსაც მე-10 საუკუნიდან ასრულებენ. God Save the King/Queen - ეს არის ბრიტანეთის ჰიმნი, რომელიც სხვა ქვეყნებმაც გადაიღეს სხვა ტექსტით - მაგალითად, პრუსიას ჰქონდა, შვეიცარიას ჰქონდა. ავსტრო-უნგრეთს ჰქონდა საიმპერატორო ჰიმნი, რომლის მუსიკაც ჰაიდნის დაწერილია და რომელიც წაიღეს გერმანელებმა თავიანთი ჰიმნისათვის. ეს ის დროა, როცა გერმანია ერთიანი არ არის და მისი ტექსტი დაიწერა ბრიტანელების მიერ დაკავებულ კუნძულ ჰელჰოლანდზე (ჩრ. ზღვა) 1841 წელს“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე.

თუმცა არის ე.წ. არაოფიციალური ჰიმნებიც. ლაშა ბაქრაძე ნიმუშად ასახელებს Land of hope and glory ან Rule Britannia, რომელსაც ბრიტანელები მღერიან. ასევეა აშშ-იც - ოფიციალური ჰიმნის გარდა, არსებობს მთელი რიგი სიმღერებისა, რომლებსაც ამერიკელები მღერიან როგორც ეროვნულ სიმღერებს (თუნდაც, God Bless Amerika) ძალიან მნიშვნელოვან მომენტებში - ისტორიულ დღეებსა თუ დღესასწაულებზე.

პირველი ჰიმნი

ქართველ ხალხს ეროვნული ჰიმნის შესრულების აუცილებლობა დამოუკიდებლობის მოპოვებამდე დაუდგა. როგორც „პირველ მერცხალში“ მღერიან „აბა ულას“, ასევე იმღერებოდა „სამშობლო“, „მხოლოდ შენ ერთს“ და სხვა, ხალხში ფართოდ გავრცელებული, სიმღერები. შემთხვევით არაა, რომ 1917 წლის დეკემბერში აკაკი შანიძემ ერთ-ერთ პერიოდულ გამოცემაში გამოაქვეყნა „ქართული ეროვნული ჰიმნის“ ტექსტი, რომელიც „ალიფაშას“ ხმაზე უნდა შესრულებულიყო:

„აბა, ფხიზლად ქართველებო! მივჰყვეთ მამა-პაპათ კვალსა!
წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩაუფიქრდეთ მომავალსა!
ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!
და ყური უგდოთ გურჯი-ბოღაზს და ნუ ვაღებთ დარიალსა!

მოსწონდათ და ახლაც მოსწონთ ჩვენი ქვეყნის მთა და ველი
მზით დამწვარი ჰიჯაზელი, გაყინული ჩრდილოელი,
სპარსი, თურქი, ლეკ-მონღოლი, ბერძენი თუ რომაელი,
და ყველა ჩვენსკენ ისწრაფვოდა, ყველა მაშრიყ-მაღრიბელი... და ა.შ. სულ რვა სტროფი.

კოტე ფოცხვერაშვილი

ცხადია, ტექსტისა და „ალიფაშას ხმაზე“ შესრულების სირთულის გამო, აკაკი შანიძის ვარიანტი საქართველოს ეროვნულ ჰიმნად ვერ იქცეოდა, არადა სულ რაღაც ნახევარი წელი რჩებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. ისტორიკოს ირაკლი ირემაძის თქმით, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას, შესრულდა არა ეროვნული ჰიმნი, არამედ „სამშობლო“, თუმცა გულბათ ტორაძის რედაქტორობით 2005 წელს გამოცემულ ,,მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონის” მიხედვით, დაუკრეს კოტე ფოცხვერაშვილის „დიდება“.

„ჰიმნი პირველად აჟღერდა 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს. ამის შემდეგ იგი ნაწილობრივ გადაამუშავა სპეციალურმა კომისიამ და საბოლოო სახით დიდმა გუნდმა და ორკესტრმა შეასრულა 1919 წლის 26 მაისს რესპუბლიკის შექმნის წლისთავზე. ,,დიდება" ოფიციალურ ჰიმნად გამოცხადდა სპეციალური კონკურსის გარეშე”, - ვკითხულობთ ენციკლოპედიურ ლექსიკონში.

დამოუკიდებლობის გამცხადებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში კოტე ფოცხვერაშვილმა „დიდება“ შეასრულა საქართველოს სახელმწიფო თეატრშიც (2 ივნისი), რის შესახებაც იოსებ იმედაშვილის გაზეთი, „თეატრი და ცხოვრება“, წერდა:

„კომპოზიტორმა მოგვასმენინა ჰიმნი - „დიდება“ და ლოცვა. პირველი ნაწარმოები გმირული, მჭექარა, აღმაფრთოვანებელია, შიგადაშიგ თითქოს უცხოური მუსიკის გავლენა ემჩნევა... საზოგადოებამ ჰიმნი გაამეორებინა და დიდის ტაშით დააჯილდოვა კომპოზიტორი. ამავე კონცერტზე კოტე ფოცხვერაშვილის თხოვნით მელიტონ ბალანჩივაძემ შეასრულა თავისი ჰიმნი. ეს ჰიმნი უფრო დამუშავებული, უფრო ნაზი გამოდგა. შეატყობდით, რომ ორი სხვადასხვა ხანის ჰანგი იყო: ერთი კოტე ფოცხვერაშვილისა - რევოლუციონური ხანის, დემოკრატიის გამძლავრების, მეორე, მელიტონ ბალანჩივაძის, - მშვიდობიან დროის, სალონურ არისტოკრატული“.

ასი წლის წინადელ პრესაში ასევე ვხვდებით ცნობებს იმის თაობაზე, რომ ჰიმნთა შეჯიბრებაზე ჟიურის „სერიოზულ ღირსშესანიშნავ მუსიკალურ ნაწარმოებად“ უცნია კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ჰიმნი, რომელიც 1918 წლის 22 სექტემბერს „შესრულებულ იქნა ორკესტრით“.


„დიდების“, როგორც ეროვნული ჰიმნის, შესრულების ფაქტი აღნიშნულია 1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაშიც“. საქართველოს დამოუკიდებლობის ექვსი თვის აღსანიშნავად 1 დკემბერს გამართულა პარლამენტის საზეიმო სხდომა.

„ვარდებითა და დეპუტატების მოცინარ სახეებით გამხიარულებულია დარბაზი. პრეზიდიუმის მარჯვნით - რესპუბლიკის მთავრობა, მარცნივ - ელჩნი, მათ შორის ფონ-კრესსი, მეორე ლოჟაში ჩვენი გენერლები და სხვა. შინდისფერ დროშას, რომელიც ამშვენებს აღმოსავლეთის კედელს, მხნე დარაჯად ჩასდგომია ჭაღარაშერეული გვარდიელი და ჯარისკაცი... თავმჯდომარე: „გთხოვთ, დაბრძანდეთ! კრება გახსნილი გახლავთ!“ მოისმის ჰიმნი. დარბაზი ფეხზე ადგომით ისმენს“, - ვკითხულობთ სხდომის სტენოგრაფიულ ანგარიშში.

„დიდების“ მუსიკისა და ტექსტის ავტორის, კოტე ფოცხვერაშვილისათვის ჰიმნის მთავარი კრიტერიუმები ყოფილა: რიტმი, მელოდია და ჰარმონია, რომლებიც, მისი თქმით, უნდა შეესაბამებოდეს ხალხურ ეროვნულ სიმეტრიას.

„სიტყვები, ასე ვთქვათ, თარგმანი უნდა იყოს ჰიმნის მუსიკისა, ხოლო ჰიმნი უმთავრესად თავისი მუსიკით უნდა მეტყველებდეს. ჰარმონიის მხრივ არ უნდა იყოს აჭრელებული ქრომატული ნიშნებითა და რთული მოდულაციით“, - წერდა „დიდების“ ავტორი.

„დიდების“ მეორე სიცოცხლე

უნდა ითქვას, რომ პირველი რესპუბლიკის ჰიმნმა პირველ რესპუბლკაზე დიდხანს იცოცხლა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, იოსებ ირემაშვილის, მოგონებების მიხედვით, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მეტეხის ციხეში ისიდორე რამიშვილი და სხვა პოლიტიკური ტუსაღები „დიდების“ სიმღერით შეხვდნენ 1922 წლის 26 მაისს.

„მოხუცი ისიდორე რამიშვილი თავისი თანამებრძოლის მხრებზე იდგა და დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა. იგი ციხეში იმ ღირსსახსოვარი კრების შემდეგ ჩასვეს, როცა მან სტალინის სისხლიანი სახე ამხილა. … სიკვდილის კომისრად წოდებული შულმანი, რომელიც ციხეს ზემოდან დარაჯობდა, რევოლვერით დაემუქარა რამიშვილს და მოითხოვა სასწრაფოდ შეეწყვიტა გამოსვლა … ისიდორეს უკან არ დაუხევია … იგი არც კომისრის იმ ახალმა ბრძანებამ შეაკრთო, რომლის მიხედვითაც, ჩეკისტებს ცეცხლი უნდა გაეხსნათ. რამიშვილმა სიტყვა ბოლომდე წარმოთქვა, ხუთი ათასი კაცის შეძახილი გაისმა. სახეგაბრწყინებული ვმღეროდით ინტერნაციონალსა და საქართველოს ჰიმნს, გუნდს მე ვდირიჟორობდი”, - ვკითხულობთ იოსებ ირემაშვილის მოგონებებში.

პირველი რესპუბლიკის ჰიმნის მეორე სიცოცხლე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, 1990 წლის 14 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, „დიდება“ საქართველოს ეროვნულ ჰიმნად გამოაცხადა და ასეთად დარჩა 2004 წლამდე, ვიდრე იგი არ შეცვალა „თავისუფლებამ“.

დღეს საქართველოს მოქალაქეებს ვერ წარმოუდგენიათ სამყარო საქართველოს ეროვნული დროშისა და ჰიმნის გარეშე. არადა, სულ რაღაც 30-35 წლის წინ, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ცოტას თუ ახსოვდა პირველი რესპუბლიკის ჰიმნის ტექსტი და მელოდია. ალბათ, ამიტომაც, ეროვნული მოძრაობის პირველ დღეებში მღეროდნენ „შავლეგოს“ , „ჩემო კარგო ქვეყანავ“-ს და სხვა სიმღერებს. დღეს ბევრს შესაძლოა ჰგონია, რომ საქართველოს სულ ჰქონდა გერბიც და ჰიმნიც. არადა, სულ რაღაც 100-120 წლის წინ საქართველოს ხსენებაც კი გვეკრძალებოდა. კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე თავის მოგონებებში აღწერს შემთხვევას, როცა რუსი ეგზარქოსი აღაშფოთა გეოგრაფიის სახელმძღვანელოზე დაწერილმა „საქართველოს გეოგრაფიამ“.

„საქართველო რომელი ქვეყანაა? არსებობს თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, საქართველო კი არ არსებობს!“ - უთქვამს აღშფოთებულ ეგზარქოსს.

სიტყვა „საქართველო“ საერთოდ ამოღებული იყო საიმპერიო სალექსიკონო ხმარებიდან. თავის დროზე ამ მიზეზით დაიხურა ილია ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბე“, რომელიც 1863 წელს გამოდიოდა.