ჰესების მშენებლები არჩევნების დამფინანსებელთა სიაში

ხელისუფლებასა და ჰესის მეპატრონეებს შორის შეთანხმება ფარულად ხდება, შემდეგ კი ამ პირებს არჩევნების დამფინანსებლებს შორის ვპოულობთ - „მწვანე ალტერნატივა“ კორუფციულ სქემაზე საუბრობს.

ჰესებთან დაკავშირებით ხელისუფლებას ხალხთან მოლაპარაკების პრობლემა აქვს. ამის ნათელი მაგალითია წლების განმავლობაში გახანგძლივებული პროტესტი „ხუდონჰესის“ გამო, პროტესტი რაჭა-ლეჩხუმში და, საბოლოოდ, ფიზიკური დაპირისპირება პანკისში.

კომპანია „ფერის“ დირექტორი ლაშა ორდანიშვილი, რომელიც პანკისში „ხადორი 3“-ს აშენებს, ამბობს, რომ ეგონათ, მოსახლეობასთან უკვე ყველაფერი გარკვეული იყო, თუმცა 21 აპრილს მომხდარმა სულ სხვა სურათი აჩვენა.

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ქეთი გუჯარაიძე ამბობს, რომ ხალხთან მოლაპარაკებას ხელისუფლებაც და კომპანიაც მას შემდეგ იწყებს, როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია:

„დოკუმენტები მემორანდუმის დადებამდე უნდა იყოს ღია... ხშირად ჰესის პროექტების განმახორციელებელი კომპანიები საარჩევნოდ მმართველი პარტიის შემომწირველთა სიაში აღმოჩნდებიან ხოლმე. კომპანია „ფერის“ შემთხვევაშიც ასეთი ვითარება გვქონდა“.

„ფერის“ პანკისში უკვე აშენებული აქვს „ხადორი 2“.2012 წლის არჩევნებში მაშინდელი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, სასარგებლოდ შეწირული აქვთ:

  • 40 000 ლარი „ფერის“ ამჟამინდელ დირექტორს, ლაშა იორდანიშვილს;
  • 60 000 ლარი ფერის მაშინდელ ხელმძღვანელს, იოსებ მჭედლიშვილს;
  • 35 000 ლარი ზურაბ ალავიძეს, რომელიც იმ დროს „დარიალი ენეჯის“ დირექტორი იყო, შემდეგ კი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

„რამდენიმე დღის წინ, ვიდრე სამუშაოები დაიწყებოდა, დიდი დელეგაცია იყო მთავრობის ჩასული, რამდენიმე მინისტრით, გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი, ჰიდროლოგიური სამსახურის უფროსი, წყალმომარაგების კომპანიის უფროსი, რომლებმაც უთხრეს სავსე დარბაზში: აი, ხალხო, აქ ვართ. გვკითხეთ, თუ კიდევ რამე კითხვაა. ჩვენ რომ ჩავთვალეთ, რომ არ იყო რამე კითხვა, ზუსტად ამის მერე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო სამუშაოები“, - განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა „პრაიმ-ტაიმში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებამდე (ანუ იმ მომენტამდე, როდესაც ნებართვები გაიცა) პროცედურა, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ ჰესის აშენებაზე ინვესტორი და სახელმწიფო უნდა შეთანხმდნენ, ასეთი იყო:

  • სამინისტრო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხას.
  • სამინისტრო აქვეყნებს ნუსხაში შემავალი ელსადგურების მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვის განცხადებას, თავისი პირობებით.
  • საქართველოს მთავრობა ავლენს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირს.
  • სამინისტრო ადგენს მემორანდუმის პროექტს და მთავრობა იწონებს მას.
  • იმ შემთხვევაში, თუ სადგური არ არის შეტანილი ნუსხაში, დაინტერესებული პირი, რომელიც გეგმავს ელსადგურის მშენებლობას, ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს განაცხადი.
  • სამინისტრო აფასებს განცხადებას და ამზადებს შემოთავაზებული პროექტის მიზანშეწონილობაზე დასკვნას. სამინისტროს შეუძლია ამ პროცესში ჩართოს სხვა სახელმწიფო უწყებები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
  • სამინისტრო შემოთავაზებულ წინადადებას, მხარეთა შორის დასადები მემორონდუმის პროექტთან ერთად, წარუდგენს მთავრობას განსახილველად.
  • მთავრობა იწონებს საპროექტო წინადადებას და მემორონდუმის პროექტს.

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ქეთი გუჯარაიძე ამბობს, რომ რეალურად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურა გამოტოვებულია ხოლმე და საზოგადოება ახალ ამბავს მხოლოდ მემორანდუმის გაფორმების ეტაპზე იგებს, ისიც - ყოველთვის ვერა:

ფაქტობრივად, ვერ ვიგებთ. საკანონმდებლო მაცნეშიც მთავრობის განკარგულებები ყველა არ ქვეყნდება. საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ქვეყნდება და იქაც, თუ ზუსტად არ იცი, სად რა მოძებნო, ვერ იპოვი. თანაც, უშუალოდ მემორანდუმი არ დევს. ამაზე კიდევ მთავრობას უნდა მიმართო, რომელიც გადაგამისამართებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. მერე ეს სამინისტრო ან მოგცემს, ან არა და, თუ მოგცემს, იქაც შეიძლება რაღაცები ამოშლილი იყოს“.

მისივე თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ის სამუშაოები და მოლაპარაკებები, რომლებიც მემორანდუმის გაფორმებამდე უნდა გაკეთებულიყო. შესაბამისად, მოლაპარაკება და შეთანხმება ვეღარ ხდება, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.