ჰემინგუეი და ფიცჯერალდი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Odi et amo („მძულს და მიყვარს“) გთავაზობთ საუბარს ამერიკული ლიტერატურის ორი შესანიშნავი წარმომადგენლის, ერნესტ ჰემინგუეისა და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ურთიერთობის შესახებ. ორმა მწერალმა ერთმანეთი უცხოეთში, კერძოდ, პარიზში გაიცნო 1925 წელს. ეს ურთიერთობა, რომელიც ერთდროულად იყო მეგობრობაც, კონკურენციაც, შურიც, სიყვარულიც და სიძულვილიც, ფიცჯერალდის სიცოცხლის ბოლომდე გრძელდებოდა. მწერლები ერთმანეთს აცნობდნენ თავის ხელნაწერებს, წერდნენ საკმაოდ მოზრდილ წერილებს, აკრიტიკებდნენ ერთმანეთს, სხვა პირებთან ჭორაობდნენ ერთმანეთზე… თავისი ცხოვრების მიწურულს ჰემინგუეიმ დაწერა თავისი ცნობილი წიგნი „მარადიული დღესასწაული“, რომელშიც ორი თავი მიეძღვნა ფიცჯერალდს, მათ გაცნობას, მის სკანდალურად ცნობილ მეუღლეს, ზელდას, მის ბრწყინვალე რომანს, „დიდ გეტსბის“, ამერიკულ პარიზს. რისთვის გაიყვანა ჰემინგუეიმ ფიცჯერალდი ტუალეტში, რატომ ვერ იტანდა ზელდა ერნესტს, − ამაზე და ბევრ სხვა რამეზე იქნება საუბარი გადაცემაში.