ჰგავს თუ არა ქართული მემარჯვენე პოპულიზმი დასავლურს

საქართველოში ბოლო დროს ხშირად ავლებენ პარალელს ქართულ და დასავლურ მემარჯვენე პოპულისტურ მოძრაობებს შორის. ამ სტატიაში მინდა სწორედ ამ პარალელების მართებულობაზე ვილაპარაკო. ჩემი მოსაზრებით, ზოგიერთ ასპექტში მსგავსებები ორ მოძრაობას შორის მართლაც არსებობს, მაგრამ მკვეთრი განსხვავებების უგულებელყოფა შეუძლებელია. მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთში მემარჯვენე პოპულიზმი რაღაც აზრით სეკულარიზმთან და სექსუალური უმცირესობების დაცვის იდეასთან თანაარსებობს. მაშინ, როდესაც ქართველი მემარჯვენე პოპულისტები ბევრად უფრო მეტად კონსერვატორულ იდეებს ემხრობიან. ამ განსხვავებების განხილვაზე სანამ გადავალ, პირველ რიგში საერთო ნიშნებზე გავამახვილებ ყურადღებას.

პირველი საერთო ნიშანი ის არის, რომ როგორც საქართველოში, ისე დასავლეთში მემარჯვენე პოპულისტური მოძრაობები გამოდიან იმიგრაციისა და გლობალიზაციის წინააღმდეგ. მოსაზრებები ყოველთვის იდენტური არ არის, მაგრამ გარკვეული საერთო ლოგიკის დანახვა მაინც შეიძლება. დასავლეთში, ისევე, როგორც საქართველოში, იმიგრაციის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ეკონომიკური ხასიათის არის. ამ არგუმენტის მიხედვით, რომელსაც ზოგჯერ ცენტრისტული პარტიებიც იზიარებენ, იმიგრანტები ადგილობრივ მოსახლეობას (განსაკუთრებით, დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელს) სამუშაო ადგილებს ართმევენ. მემარჯვენე პოპულისტებს საქართველოშიც დაახლოებით მსგავსი მოსაზრება აქვთ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ისინი მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვას ითხოვენ. ასევე, როგორც დასავლელი, ისე ქართველი მემარჯვენე პოპულისტები გამოდიან თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ. საქართველოში თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ არგუმენტები მემარჯვენე პოპულისტებს შორის შედარებით ნაკლებად პოპულარულია, მაგრამ დასავლეთში - მაგალითად, დონალდ ტრამპი აშშ-ში და მარინ ლე პენი საფრანგეთში - ამ თემას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ.

იმიგრაციის წინააღმდეგ არსებული ღიად ქსენოფობიური არგუმენტებიც ორივეგან თითქმის იდენტურია. ამ მოსაზრების მიხედვით, იმიგრაცია საფრთხეს უქმნის ეროვნული კულტურის ჰომოგენურობას. ძირითადად, ეს არგუმენტი რასისტულ, ეთნოშოვინისტურ და მუსლიმოფობიურ დამოკიდებულებებში გადაითარგმნება. მაგალითად, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ტრამპის მხარდამჭერებს შორის უფრო მეტად იყვნენ რასისტული განწყობის მქონე ადამიანები (ეთნოშოვინიზმი, გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე, ამერიკაში არარელევანტურია), ვიდრე კლინტონის მხარდამჭერებს შორის. მსგავსი განწყობები შეიმჩნევა ევროპაშიც, სადაც თავად მემარჯვენე პოპულისტური პარტიები კი ცდილობენ ღიად რასისტული მესიჯებისგან დისტანცირებას, მაგრამ გარკვეული წამოცდენები პერიოდულად მაინც ფიქსირდება.

კიდევ ერთი მსგავსება დასავლურ და ქართულ მემარჯვენე პოპულიზმს შორის ის არის, რომ ორივეგან შეიმჩნევა გარკვეული სიმპათიები რუსეთის და ვლადიმირ პუტინის მიმართ. მაგალითად, ფრანგი ულტრაკონსერვატორების ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ის შექმნის მსოფლიოს ლიდერების ტრიოს, რომელშიც მის გარდა დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი შევლენ. პრორუსული სენტიმენტები (და ქმედებებიც) შეიმჩნევა აშშ-შიც, სადაც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ზოგიერთ წევრს ბრალად სდებენ რუსეთთან თანამშრომლობას. გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, რობერტ მიულერი დამოუკიდებელი პროკურორის რანგში უძღვება გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც უკვე 30-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს ბრალი, მათ შორის, რუსეთის 25 მოქალაქეს. არსებობს ეჭვი, რომ გერმანიაში მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაფინანსებას და პოლიტიკურ მხარდაჭერას სწორედ კრემლის რეჟიმისგან იღებს. ეს ეჭვი გაამყარა იმ ფაქტმა, რომ შარშან ამ პარტიის წევრების მოსკოვში ვიზიტი თავად კრემლმა დააფინანსა. საქართველოში მსგავსი ეჭვები არსებობს მემარჯვენე პოპულისტების მიმართ, რომლებიც როგორც წესი, რუსეთისადმი ბევრად ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. ამ აზრით, ქართული და დასავლური მემარჯვენე პოპულიზმი ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

ამ მსგავსებების მიუხედავად, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. ერთი განსხვავება ის არის, რომ თუკი ჩვენთან ულტრამემარჯვენეების დიდი ნაწილი მაინც ტრადიციული საზოგადოების და სარწმუნოების დაცვის ლოზუნგებით გამოდის, დასავლეთში მემარჯვენე პოპულისტების უმეტესობა მკაცრად სეკულარისტია და მათ ხშირად სექსუალური უმცირესობების მიმართ ბევრად ლიბერალური მიდგომები ახასიათებთ. მაგალითად, გერმანული მემარჯვენე პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ალის ვაიდელი ღიად ლესბოსელია და თავის პარტნიორთან ერთად ცხოვრობს (ვაიდელი, ამ პარტიის სხვა წევრების მსგავსად, გეი ქორწინებას ეწინააღმდეგება). ჰოლანდიური მემარჯვენე პოპულისტური პარტიის ლიდერი, გერტ ვილდერსი ღიად გამოდის სექსუალური უფლებების დაცვის მოთხოვნით. ორი წლის წინ, ის დაესწრო ლგბტ აქტივისტების მიერ აშშ-ში დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად მოწყობილ აქციას. მარინ ლე პენსაც, მიუხედავად იმისა, რომ ის გეი ქორწინებას ეწინააღმდეგება, თავი ლგბტ უფლებების დამცველად მიაჩნია. მან საფრანგეთში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველს მოუწოდა, რომ თუ მას მისცემდნენ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში, ლგბტ ადამიანებს მუსლიმებისგან წამოსული შესაძლო აგრესიისგან დაცვის გარანტია ექნებოდათ. ამისგან განსხვავებით, ქართველი მემარჯვენე პოპულისტების რიტორიკა ბევრად დატვირთულია რელიგიური, ხშირად ანტისეკულარული შინაარსით და მკვეთრად ჰომოფობიურია (განსაკუთრებით, „ქართული მარშის“). ქართველი მემარჯვენე პოპულისტებისთვის - განსაკუთრებით, „ქართული მარშისთვის“ და „პატრიოტთა ალიანსისთვის“, ლგბტ ადამიანებთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია ნებისმიერი ფორმით.

მეორე მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის, რომ დასავლეთში მემარჯვენე პოპულისტები „დასავლეთის“ იდეის დაცვის ლოზუნგებით გამოდიან (მიუხედავად იმისა, რომ მათ თავისებურად ესმით ეს „დასავლეთი“), მაშინ, როდესაც ქართველი მემარჯვენე პოპულისტები ძირითადად ამ იდეის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ამ უკანასკნელთათვის დასავლური კულტურა უცხო სხეულია, რომელიც ქართულ კულტურას ძირს უთხრის. მაგალითად, ჰოლანდიელი მემარჯვენე პოპულისტების ლიდერი გერტ ვილდერსი როდესაც ისლამს აკრიტიკებს, ძირითადად, იმას უსვამს ხაზს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ღირებულება „თავისუფლებაა“, რომელსაც მისი მოსაზრებით, ისლამი ეწინააღმდეგება (ცხადია ცალკე საკითხია ის, რომ ვილდერსს თავისუფლება თავისებურად ესმის). მსგავსი იდეოლოგიური პლატფორმიდან ოპერირებენ დონალდ ტრამპი და მარინ ლე პენიც, ქართველი მემარჯვენე პოპულისტებისთვის კი რიტორიკის დონეზეც არ არის „თავისუფლება“ მთავარი ღირებულება. ისინი მეტ აქცენტს ისეთ ღირებულებებზე აკეთებენ, როგორიცაა „ეროვნულობა“ და „ქართველობა.“

ერთი სიტყვით, რომ შევაჯამოთ, ქართულ და დასავლურ მემარჯვენე პოპულიზმს შორის, მნიშვნელოვანი მსგავსებების მიუხედავად, ტოლობის ნიშანს მაინც ვერ დავსვამთ. ქართველი ნაციონალისტები თავს „დასავლეთის“ ნაწილად არ აღიქვამენ და კულტურულად უფრო მეტად კონსერვატორული პოზიცია აქვთ, ვიდრე ტრამპს, ლე პენს, ვილდერსს და მათ თანამოაზრეებს. რა თქმა უნდა, განსხვავებები სხვადასხვა ქვეყნების მემარჯვენე პოპულისტებს შორისაც არის - მაგალითად, ტრამპი და ვილდერსი ბევრად მკაცრნი არიან რუსეთთან მიმართებაში, ვიდრე ლე პენი და გერმანული „ალტერნატივა გერმანიისთვის“, მაგრამ მათ ბევრად მეტი საერთო აქვთ ერთმანეთთან, ვიდრე ქართველ მემარჯვენე პოპულისტებთან. შესაბამისად, ქართველ მემარჯვენე პოპულისტებსაც მეტი საერთო აქვთ მათ ჩრდილოელ კოლეგებთან, ვიდრე დასავლელებთან. ამ განსხვავებების სწორად აღქმა მემარჯვენე პოპულიზმის უკეთ გასააზრებლად გამოგვადგება.