„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაკარგულად მიჩნეული თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს

თამარ გოლდბერგის გარდაცვალებას მისი და ადასტურებს

ისრაელში მუსიკალურ ფესტივალზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაკარგულად მიჩნეული ქართველი ებრაელი ქალი, თამარ (თამი) გოლდბერგი, რომელსაც 14 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

თამარ გოლდბერგის გარდაცვალებას ადასტურებს მისი და, მარიამ გოლდბერგი. თამარს კვირას, 22 ოქტომბერს, დაკრძალავენ.

თამარ გოლდბერგი იმ ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელსაც 7 ოქტომბერს თავს დაესხა დაჯგუფება „ჰამასი“.

ისრაელის სამაშველო სამსახურის ცნობით, ფესტივალის ტერიტორიაზე თავდასხმის შემდეგ 260 ცხედარი იპოვეს.

ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. „ჰამასის“ რეიდს 1400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არაერთი აიყვანეს მძევლად.

  • პასუხად ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა;
  • 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. ნახევარზე მეტი - ღაზის სექტორში;
  • ისრაელის არმიის ინფორმაციით, რომელიც 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი.
  • რადიკალური მოძრაობა ირწმუნება, რომ 250-მდე ტყვე ჰყავს.
  • გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
ასევე ნახეთ რა ვიცით „ჰამასის“ მიერ აყვანილ მძევლებზე?