ჰააგის ტრიბუნალის სპიკერი: „შეგროვებულია ძალიან ბევრი მტკიცებულება, ისინი ანალიზდება პროკურორის ოფისში და გამოძიება წინ მიდის“

ფადი ელ აბდალა, ICC-ს სპიკერი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) იციან, რომ არც თუ იშვიათად მათ საქმიანობას საქართველოში პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ. როგორც რადიო თავისუფლებას ICC-ს სპიკერმა, ფადი ელ აბდალამ განუცხადა, ასეთი დამოკიდებულება ყველა იმ ქვეყანაში იყო და არის, სადაც ტრიბუნალს დანაშაულების გამოძიება უწევს - „არ ვოპერირებთ ვაკუუმში, ეს მართალია, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებები ეფუძნება მხოლოდ სამართლებრივ წესებს და მტკიცებულებებს, რომლებსაც მოსამართლეებს წარუდგენს პროკურორი, ან დაცვის მხარე“, - ამბობს ის ინტერვიუში, რომელშიც რამდენჯერმე უსვამს ხაზს ერთი მხრივ, ფართო საზოგადოების სწორად ინფორმირების, მეორე მხრივ კი პოტენციური მსხვერპლების მიერ თავიანთი უფლებების ცოდნის მნიშვნელობას, რომ საჭირო მომენტში - როცა სასამართლო გასცემს დაპატიმრების ორდერს კონკრეტულ პირზე და ცნობილი იქნება კონკრეტული დანაშაულების შესახებ, სურვილის შემთხვევაში შეძლოს სასამართლო სხდომებში მონაწილეობა:

რადიო თავისუფლება: ბატონო ელ აბდალა, ჩვენ დასაწყისიდანვე და შეიძლება ითქვას, დაწყებამდეც ვაშუქებთ ამ პროცესს, რომელიც შეეხება საქართველოში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას. დღემდე ვისმენთ განმარტებებს და ინფორმაციას სასამართლოს მანდატზე. რა არის ამ ვიზიტის კონკრეტული მიზანი?

ფადი ელ აბდალა: საქართველოში ეს ვიზიტი არის გაგრძელება უკვე დაწყებული მცდელობებისა, რომ აუხსნან რელევანტურ საზოგადოებას - რა არის ICC, რისი გაკეთება შეუძლია და რისი არა? რა უფლებები აქვთ მათ, თუკი მოისურვებენ მონაწილეობას მომავალ პროცესებში და როგორ უნდა მოხდეს ეს?

ამ ვიზიტის მიზანია აგრეთვე მოლოდინების მართვა და იმ მცდარი აღქმებისა და მცდარი ინფორმაციის მოგერიება, რომლებსაც ხანდახან ადგილი აქვს, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ICC-ს ობიექტური და ადეკვატური გაგება, როცა პირდაპირ ჩვენგან მოისმენენ.

შეხვედრებს გავმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადვოკატებთან და ა.შ., რადგან მომავალში შეიძლება საქართველოდან დაგვჭირდეს დაცვის კონსული ან მსხვერპლის წარმომადგენელი, რომელსაც ესმის კულტურა და ენა და შეეძლებათ პირისპირ ურთიერთობა თავიანთ კლიენტებთან, იქნებიან ისინი შესაბამის კომიტეტებში, თუ დაცვის მხარეს. ასე რომ, ეს არის ნაწილი ჩვენი განგრძობითი მცდელობის ნაწილი - ავამაღლოთ ინფორმირება და აღვჭურვოთ ადამიანები ცოდნით, რომ შეძლონ გადაწყვეტილებების მიღება - სურთ თუ არა განახორციელონ თავიანთი უფლებები ICC-ს ფორმატში და როგორ სურთ ამის გაკეთება

Your browser doesn’t support HTML5

ჰააგის ტრიბუნალის სპიკერი მსხვერპლების უფლებებზე

რადიო თავისუფლება: ასე რომ, პოტენციურ მსხვერპლებს, დაზარალებულებს კვლავაც შეუძლიათ შეუერთდნენ პროცესს? რა გზებია ამისთვის?

ფადი ელ აბდალა: როცა ICC-ს წინაშე იქნება საქმე, როცა იქნება კონკრეტული პირის დაკავების ორდერი და ჩვენ პროცედურულად წინ წავიწევთ, ამ დროს ჩვენ უკვე გვეცოდინება რა ბრალდებებია ამ პირის მიმართ, რა სავარაუდო დანაშაულებში ედება მას ბრალი. ამ დროს ჩვენ გვყავს, როგორც ვუწოდებთ, „კონკრეტული დანაშაულის მსხვერპლები“, ანუ ადამიანები, რომლებსაც შეეხოთ კონკრეტული საქმის ფარგლებში გამოვლენილი დანაშაული. ამ მსხვერპლებს აქვთ განსაკუთრებული უფლებები ICC-ს წინაშე, რადგან მათ სასამართლო პროცესებზე შეუძლიათ ჰყავდეთ ადვოკატი, რომელიც მათ წარმოადგენს და მათ ეძლევათ შესაძლებლობა პირდაპირ მოსამართლეს წარუდგინონ თავიანთი დაკვირვებები, მოსაზრებები, წუხილი. ეს იყო სიახლე საერთაშორისო ტრიბუნალებზე და არ ხდებოდა ICC-ს რომის სტატუტამდე - რომ მსხვერპლებისთვის მოესმინათ პირდაპირ სასამართლო დარბაზში. თუკი მათ არ ექნებათ ადვოკატის ყოლის ფინანსური შესაძლებლობა, ICC-ს იურიდიული დახმარების პროგრამა დაფარავს ამ ხარჯსაც. ასე რომ, ეს არის ერთი გზა მსხვერპლებისთვის, თუკი ისინი თავისი ნებით გადაწყვეტენ ამ უფლების გამოყენებას - მიიღონ მონაწილეობა, თუკი აღიძვრება საქმე კონკრეტული პირის მიმართ და თუკი ისინი არიან მსხვერპლები ამ საქმეში შესული დანაშაულების.

თუკი სასამართლო პირს გამოუტანს გამამტყუნებელ განაჩენს, განსხვავებული პროცესია, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ რეპარაციებს. ეს არის ცალკე ღონისძიება იმ რეპარაციებისგან, რომლებიც გამიზნულია მსხვერპლებისთვის, იმისგან დამოუკიდებლად - მონაწილეობენ თუ არა პროცესებში და ითხოვენ, თუ არა რეპარაციებს. რომც არ მონაწილეობდნენ, მათ შეუძლიათ მოითხოვონ რეპარაცია, თუკი პირს განაჩენს გამოუტანენ. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა იცოდნენ ამ უფლებების შესახებ, რომ შეეძლოთ გადაწყვეტილების მიღება. მათ უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები, იმ მომენტში, როცა პროკურორი მოსამართლეებს წარუდგენს საქმეს. უნდა იცოდნენ: აღიძრა თუ არა საქმე კონკრეტული პირის მიმართ? რას ფარავს ეს საქმე და მათ ეხებათ თუ არა? და თუკი ამის გაკეთება უნდათ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ სასამართლოს. იქ არის საგანგებო სექციები, რომელთა მოვალეობაა მსხვერპლების მხარდაჭერა პროცესის მიმდინარეობისას, როცა ისინი ითხოვენ მონაწილეობას ან რეპარაციებს.

რადიო თავისუფლება: ვის შეხვდით და ვის შეხვდებით ამ ვიზიტისას: მთავრობის წარმომადგენლებს, არასამთავრობოებს, პოტენციურ მსხვერპლებს? სად ჩაატარეთ ეს შეხვედრები?

ფადი ელ აბდალა: ახლახან ჩამოვედით, დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვართ. ჩვენს დღის წესრიგშია, რა თქმა უნდა, შეხვედრა მთავრობასთან, რომელთანაც კარგი თანამშრომლობა გვაქვს და გვსურს ასე გაგრძელება იმისათვის, რომ მეტი ვიცოდეთ მის პროგრამებზე, რომელთა მიზანია საზოგადოების ინფორმირება ICC-ს შესახებ - რით განსხვავდება ის სხვა სასამართლოებისგან, მათ შორის, ევროპული სასამართლოსგან და ა.შ.. გვაქვს აგრეთვე შეხვედრები მედიასთან, რადგან ეს ასევე მნიშვნელოვანია მათთვის და მათი დახმარებით ფართო საზოგადოებისთვის, რომ გაიგონ რატომ ვართ აქ და ავიცილოთ მცდარი აღქმა და მცდარად ინფორმირება ჩვენი - ICC-ს დელეგაციის აქ ყოფნის მიზეზებზე. და ზოგადად, რომ მედიასთან ვიმსჯელოთ - რა სახის აქტივოების დაგეგმვა შეგვიძლია ერთად, რომ შევინარჩუნოთ ჩართულობა, ვმართოთ მოლოდინები და მივაწოდოთ საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია ICC-ს შესახებ. ჩვენ აგრეთვე შევხვდებით არასამთავრობოებს. ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ ICC-ს მუშაობას - იქნებოდა ეს საერთაშორისო თუ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. გვსურს მათთან ერთად ვნახოთ რისი გაკეთება შეიძლება ერთად, რა ტიპის კამპანიები ან საინფორმაციო პროდუქტები შეიძლება შეიქმნას და ა.შ..

იქნება აგრეთვე შეხვედრა ადვოკატებთან და ზოგიერთ არასამთავრობოსთან, რომელსაც აქვს იურიდიული გამოცდილება, აგრეთვე რომ ვნახოთ ხომ არ სურთ მათ შეუერთდნენ კონსულების სიას ან კონსულების ასისტენტების სიას ICC-ში იმისათვის, რომ თუკი იქნება აღძრული საქმეები, მათ შეეძლოთ მსხვერპლის წარმომადგენლობა ან მათი დაცვის განხორციელება.

რადიო თავისუფლება: გეგმავთ, თუ არა იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრას, სადაც ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ?

ფადი ელ აბდალა: დიახ, სულ ცოტა სამ შეხვედრას ვგეგმავთ იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლების ადგილებზე, რომ პირდაპირ ვეურთიერთოთ ადამიანებს, რომლებსაც შეეხოთ კონფლიქტი. რადგან ეს ყველაზე ცენტრალური ელემენტია - ეს მათთვის არის, მათ უნდა გაიგონ რა არის ICC, რას აკეთებს ის საქართველოში და ბოლოს, რა უფლებები ექნებათ მათ სასამართლოში?

Your browser doesn’t support HTML5

ჰააგის ტრიბუნალის სპიკერი საზოგადოების მიერ ტრიბუნალის მცდარ აღქმებზე

რადიო თავისუფლება: ახსენეთ ICC-ს მანდატისა და კონკრეტული პროცესის არასწორი აღქმა. რა არის ამ თვალსაზრისით მთავარი გამოწვევა? ვგულისხმობ მცდარ მოლოდინებსაც, რაც მცდარმა აღქმებმა განაპირობა.

ფადი ელ აბდალა: იქნება საქართველოში თუ მის გარეთ - იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ დანაშაულებს ვიძიებთ, აგრეთვე ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ მცდარი ინფორმაცია ვრცელდებოდეს - იქნება ეს განზრახვით თუ უცოდინრობით გამოწვეული. ამან შეიძლება შექმნას ძალიან განსხვავებული ეფექტები - ან ძალიან მაღალი მოლოდინები, ან ადამიანების თვალში მოახდინოს სასამართლოს პოლიტიზაცია. ისინი შეიძლება სასამართლოს თვლიდნენ პოლიტიკურ მხარედ, რომელიც ან მათთან ერთად არის, ან მათ წინააღმდეგ, ან მათი ლიდერის წინააღმდეგ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მედიის დახმარებით, ომგანცდილ ადამიანებთან პირისპირ კომუნიკაციით, არასამთავრობოებთან ერთად სინათლე მოვფინოთ - ინფორმაციის მისაწვდომი გზით შეთავაზებით. მცდარი ინფორმაცია არ ვრცელდება უგულებელყოფის გამო, მაგრამ საჭიროა მკაფიოდ იყოს გაგებული, რომ ეს სასამართლო არ არის პოლიტიკური. არ ვოპერირებთ ვაკუუმში, ეს მართალია, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებები ეფუძნება მხოლოდ სამართლებრივ წესებს და მტკიცებულებებს, რომლებსაც მოსამართლეებს წარუდგენს პროკურორი, ან დაცვის მხარე. ასე იღებენ გადაწყვეტილებებს მოსამართლეები და არსებობს შიდა კონტროლისა და ბალანსირების სისტემა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სამართლებრივად ძლიერი იყოს და ეფუძნებოდეს მყარ მტკიცებულებებს.

Your browser doesn’t support HTML5

ჰააგის ტრიბუნალის სპიკერი გამოძიების კონფიდენციურობის მნიშვნელობაზე

რადიო თავისუფლება: შეგვიძლია რამის თქმა, რამის თქმა გამოძიების პროცესის სტატუსზე? სად არის ახლა სასამართლო? ზოგადად მაინც რომ გვითხრათ, მესმის, რომ დეტალებზე ვერ ილაპარაკებთ.

ფადი ელ აბდალა: კარგად მესმის, რომ დიდი ინტერესია ფართო საზოგადოებისა და მედიის მხრიდან იმის გაგების - სად არის სასამართლო გამოძიების კუთხით? გამოძიებას აწარმოებს პროკურორის ოფისი. ის უნდა იყოს კონფიდენციური, რადგან ეს არის ერთადერთი გზა მისი ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად, რომ პროკურორის გამომძიებლებს შეეძლოთ საუკეთესო პირობებში მუშაობა, რომ მოაგროვონ რაც შეიძლება ბევრი მტკიცებულება, რომელსაც გადახედავენ შტაბბინაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ, როცა საქმე მოსამართლეებს წარედგინება, ეს მყარი საქმე იქნება. ეს აგრეთვე მნიშვენლოვანია, რომ მოწმეები იყვნენ დაცულები.

თუკი ჩვენ გავცემთ ინფორმაციას იმაზე, როდის ჩამოდიან გამომძიებლები ან ვის ხვდებიან, ყველაფერი საფრთხის წინაშე დადგება. ამ მომენტში ერთადერთი შეგვიძლია დაგარწმუნოთ თქვენც და ფართო საზოგადოებაც, რომ არის ძლიერი და მოწადინებული გუნდი, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს. პროკურორის ოფისის ერთ-ერთი პრიორიტეტია მტკიცებულებების შეგროვება. დღემდე შეგროვებულია ძალიან ბევრი მტკიცებულება. ისინი ანალიზდება პროკურორის ოფისში და გამოძიება წინ მიდის, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუმცა, ეს უნდა დარჩეს კონფიდენციურად. ზოგიერთი ელემენტი გასაჯაროვდება სრული გამჭვირვალებით მხოლოდ მაშინ, როცა ეს გადავა სასამართლოს ეტაპზე, როცა პროკურორი წარდგება მოსამართლეთა წინაშე და ექნება საჯარო გადაწყვეტილებები დაპატიმრების ორდერებზე ან სასამართლოს წინაშე ვინმეს წარსადგენად. იმ დროისთვის თქვენ და საზოგადოებას გექნებათ სრული ინფორმაცია, რისი გაზიარებაც შეგვეძლება.

რადიო თავისუფლება: შესაძლებელია დროში რაიმეს პროგნოზირება?

ფადი ელ აბდალა: არა, შეუძლებელია პროგნოზირება. ეს გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენი ხანიც აუცილებელია მთელი ამ პროცესისა და საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად.