რა არის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო?
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (Iinternational Court of Justice, შემოკლებით ICJ) გაეროს მთავარი სასამართლო ორგანოა. მას ზოგჯერ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ან მსოფლიო სასამართლოსაც უწოდებენ. ის 1945 წელს შეიქმნა სახელმწიფოებს შორის დავების გადასაჭრელად. არ უნდა შეგვეშალოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც ასევე ჰააგაში მდებარეობს და რომელიც ინდივიდუალური პირების მიმართ ომის დანაშაულების ბრალდებებს განიხილავს.
ICJ თხუთმეტი მოსამართლისგან შედგება, რომელსაც, ისრაელის შემთხვევაში, თითოეული მხარის წარმომადგენელი კიდევ ორი მოსამართლე დაემატება. ის განიხილავს ხოლმე სასაზღვრო უთანხმოებებს და სახელმწიფოების ბრალდებებს, რომლებიც ერთმანეთს გაეროს ხელშეკრულებების დარღვევაში სდებენ ბრალს.
სამხრეთ აფრიკაც და ისრაელიც 1948 წლის ჟენევის კონვენციის ხელმომწერები არიან, რაც ICJ-ს ანიჭებს იურისდიქციას განიხილოს ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დისპუტები. მართალია, საქმე პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიას შეეხება, მაგრამ პალესტინელები პროცესში მონაწილეობას ვერ იღებენ, რადგან ისინი გაეროს წევრ სახელმწიფოს არ წარმოადგენენ.
გენოციდის კონვენციის ხელის მომწერ სახელმწიფოებს ევალებათ გენოციდის პრევენცია და მის ჩამდენთა დასჯა. ხელშეკრულების თანახმად, გენოციდი განსაზღვრულია, როგორც „ქმედებები, რომლებიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების განზრახვით“.
რას ამტკიცებს სამხრეთი აფრიკა?
სამხრეთმა აფრიკამ წარადგინა 84-გვერდიანი საჩივარი, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელი პალესტინელების მიმართ გენოციდს ახორციელებს, რადგან ხოცავს მათ ღაზაში, სერიოზულ ფიზიკურ და მენტალურ ზიანს აყენებს და ქმნის პირობებს, რომლებიც გათვლილია პალესტინელების ფიზიკურად გასანადგურებლად.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისრაელმა ღაზის სექტორს არ მიაწოდა აუცილებელი საკვები, წყალი, მედიკამენტები, საწვავი, თავშესაფარი და სხვა ჰუმანიტარული დახმარება ჰამასთან ომის დროს, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტია მიმდინარეობს. ასევე ხაზგასმულია მუდმივი დაბომბვა, რომელმაც ანკლავის დიდი ნაწილი გაანადგურა, დაახლოებით 1,9 მილიონ პალესტინელს ევაკუაცია აიძულა და დახოცა 23 000-ზე მეტი ადამიანი - ღაზის ჯანდაცვის ორგანოების თანახმად.
საჩივარში ასევე ნათქვამია, რომ ისრაელმა არ აღკვეთა საკუთარი ოფიციალური პირების მოწოდებები გენოციდისკენ, რაც კონვენციის დარღვევაა. სამხრეთი აფრიკა სასამართლოს სთხოვს დაწესდეს გადაუდებელი ზომები ისრაელის მხრიდან სავარაუდო დარღვევების შესაჩერებლად.
რას პასუხობს ისრაელი?
ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა სარჩელს „საზარელი და აბსურდული“ უწოდა. ისრაელი აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს ღაზაში სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად.
ისრაელის შეტევა გამოიწვია 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის განხორციელებულმა თავდასხმამ, რომლის დროსაც, ისრაელის მხარის მონაცემებით, მათ მოკლეს 1200 და გაიტაცეს 240 ადამიანი.
„ჩვენ მივალთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში და ამაყად წარვადგენთ ჩვენს არგუმენტებს, რომ თავდაცვის უფლება გვაქვს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით“, - თქვა ჰერცოგმა.
რა მოხდება განხილვის დროს?
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო 11 იანვარს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციას მოისმენს, 12 იანვარს კი - ისრაელისას. თითოეულ მხარეს ამისათვის 2 საათი ექნება. მოწმეები განხილვაზე არ იქნებიან - სასამართლო განიხილავს სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებსაც სახელმწიფოს წარმომადგენლები და იურისტთა საერთაშორისო ჯგუფები წარადგენენ.
საგანგებო ზომების მიღების მოთხოვნა პირველი ეტაპია საქმეში, რომლის განხილვასაც წლები დასჭირდება. ოფიციალურად ამას დროებითი ზომები ეწოდება, რომელთა ამოცანაა კონფლიქტის შეკავება მანამ, სანამ სასამართლო საქმეს სრულად განიხილავს.
სასამართლო გენოციდის ბრალდებებს არსობრივად ახლა არ განიხილავს. ამ კვირის სხდომაზე მხოლოდ გადაუდებელი ზომების მიღებაზე იმსჯელებენ. ICJ-ს მოსამართლეებმა შეიძლება მოუწოდონ ქვეყანას, რომ თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რამაც შეიძლება სამართლებრივი დავა გაამწვავოს.
დროებითი ზომების მისაღებად სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ერთი შეხედვით, ანუ prima facie, აქვს თუ არა მას იურისდიქცია და ჯდება თუ არა საჩივარში მოყვანილი ფაქტები გენოციდის კონვენციის ფარგლებში. მათ მიერ მიღებული ზომები შეიძლება განსხვავდებოდეს მომჩივანის მიერ მოთხოვნილი ზომებისაგან.
ელიან, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო რამდენიმე კვირაში გამოაცხადებს. ICJ-ს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუმცა აღსრულების მექანიზმები მას არ გააჩნია. ისრაელის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება ამ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას შელახავს და შექმნის სამართლებრივ პრეცედენტს.
როდის მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას?
თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ prima facie იურისდიქცია აქვს, საქმის განხილვა ჰააგის მშვიდობის სასახლეში გაგრძელდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსამართლეები საგანგებო ზომების მიღებას არ მოითხოვენ.
ამის შემდეგ ისრაელს კიდევ ერთი შანსი მიეცემა, დაამტკიცოს, რომ სასამართლოს სამხრეთ აფრიკის საჩივრის განსახილველად იურიდიული საფუძველი არ გააჩნია - აქაც განხილვა მხოლოდ იურისდიქციის საკითხს შეეხება. თუ სასამართლო ისრაელის პროტესტს უსაფუძვლოდ მიიჩნევს, მაშინ ის საქმის განხილვას განაგრძობს.
უჩვეულო არ არის, რომ რამდენიმე წელი გავიდეს თავდაპირველ საჩივარსა და საქმის არსებითი განხილვის დაწყებას შორის.