ჯოზეფ ბაიდენის გზა თეთრ სახლამდე

ჯო ბაიდენი

დელავერის შტატის ყოფილი სენატორი, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, 77 წლის ბაიდენი ორჯერ იყრიდა კენჭს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის - 1988 და 2008 წლებში. მაგრამ ვერც ერთხელ ვერ შეძლო პარტიის გულის მოგება. 2008 წელს დემოკრატიული პარტიის ფავორიტმა, ბარაკ ობამამ, ბაიდენს, რომელიც აშშ-ის სენატში დელავერის შტატს 35 წელი წარმოადგენდა, ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავაზა.

თეთრი სახლის გვერდით, ეიზენჰაუერის სახელობის შენობაში გატარებული 8 წლის შემდეგ, 2016 წელს, ბევრი ფიქრობდა, რომ ბაიდენი კიდევ ერთხელ ჩაებმებოდა საპრეზიდენტო მარათონში. 2017 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აღიარა, რომ თავადაც აპირებდა საარჩევნო კამპანიაში ჩართვას, რომ არა ამ გადაწყვეტილების მთავარი მხარდამჭერის, მისი ვაჟის გარდაცვალება თავის ტვინის აგრესიული სიმსივნით. "ბოს (ბო ბაიდენი) ჩემსავით სჯეროდა, რომ მზად ვიყავი პრეზიდენტობისთვის; არავინ იყო ჩემზე მეტად მზად", - დაწერა ბაიდენმა თავის წიგნში "დამპირდი, მამა".

2016 წელს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპთან დამარცხდა.

2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების შესახებ ჯო ბაიდენმა 2019 წლის აპრილში, რამდენიმეთვიანი ორჭოფობის შემდეგ გამოაცხადა. ამ დროს საარჩევნო რბოლაში დემოკრატიული პარტიიდან უკვე ოცზე მეტი სხვა კანდიდატი იყო ჩართული - ბევრად უფრო ახალგაზრდა, ან უფრო ლიბერალი, უფრო მემარცხენე და პოლიტიკაში ბევრად ახალბედა, ვიდრე ბაიდენი.

Your browser doesn’t support HTML5

საპრეზიდენტო კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენი

ბაიდენი შეეცადა, სტაბილურობის ბურჯად წარმოედგინა თავი ქვეყანაში, რომელიც, მისი თქმით, „ბრძოლის ველად“ იქცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის განმავლობაში, რომელსაც მან ბრალი დასდო მოსახლეობის გახლეჩასა და საფრთხის შექმნაში „ამ ერის მთავარი ღირებულებებისთვის, მსოფლიოში ჩვენი პოზიციისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის“.

„ჩვენ ამ ნაციის სულისთვის ვიბრძვით“, თქვა ბაიდენმა ვიდეოჩანაწერში, როცა თავისი კანდიდატურის შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, თუკი ტრამპს კიდევ ოთხი წლით დაუთმობდნენ მართვის სადავეებს, ის „სამუდამოდ და ფუნდამენტურად შეცვლის ამ ერის ხასიათს, იმას, თუ რა ვართ, და მე არ შემიძლია, განზე ვიდგე და თვალი ვადევნო, როგორ მოხდება ეს“.

მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა თავდაპირველად აჩვენა, რომ ბაიდენი არ ბრწყინავდა კანდიდატობის მსურველთა ისტორიულად მრავალფეროვან სცენაზე. კანდიდატებს შორის იყვნენ აფრიკული და ინდური წარმომავლობის ქალები, ჰომოსექსუალი, სოციალისტი.

3 თებერვალს, პარტიის პირველ არჩევნებში, აიოვაში მეოთხე ადგილი დაიკავა. მაშინ მან 16% მოაგროვა. ერთი კვირის შემდეგ ნიუ-ჰემფშირში მეხუთეზე გავიდა 8,4%-ით.

ბაიდენს პრობლემები ჰქონდა დემოკრატების მხარდამჭერ პროგრესულ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც იხრებოდნენ ან უფრო ლიბერალური კანდიდატებისკენ, როგორებიც არიან ბერნი სანდერსი და ელიზაბეთ უორენი, ან - უფრო ახალგაზრდებისკენ.

საწყის ეტაპზე ბაიდენის სუსტმა შედეგებმა ნიუ-იორკის ყოფილ მერს, მილიარდერ მაიკ ბლუმბერგს, უბიძგა, მარათონში ჩართულიყო დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით.

მაგრამ საბოლოოდ ბაიდენმა გარდატეხა მოახდინა თებერვალში, როცა პირველი ადგილი მოიპოვა სამხრეთ კაროლინაში, რასაც ის ძირითადად აფრიკელი ამერიკელების მხარდაჭერას უნდა უმადლოდეს.

როცა ბაიდენის ზომიერმა მეტოქეებმა დაინახეს, რომ დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევაში მათი შანსები სულ უფრო იკლებდა, ნელ-ნელა დაიწყეს შეჯიბრებიდან გამოთიშვა 3 მარტის არჩევნებამდე, „სუპერსამშაბათამდე“, როცა 14 შტატი და ერთი ტერიტორია მონაწილეობდნენ კენჭისყრაში. მარათონიდან გამოთიშვის ერთ-ერთ მიზეზად ისინი ასევე ასახელებდნენ საფრთხეს, რომ ბერნი სანდერსის გამარჯვებას და კანდიდატად შერჩევას შესაძლოა დონალდ ტრამპის წისქვილზე დაესხა წყალი.

ამ კანდიდატების გამოთიშვამ ბაიდენს გამარჯვებისკენ გზა გაუხსნა. იმ დღეს მან 10 შტატში გაიმარჯვა და ერთპიროვნულ ლიდერად იქცა.

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მებრძოლები (მარცხნიდან): ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი და კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი.

ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი

ბაიდენი ყველაზე ასაკოვანი პოლიტიკოსია, რომელიც თეთრ სახლში შევა. 20 ნოემბერს ის 78 წლის ხდება.

აქამდე ყველაზე ხანდაზმული ტრამპი იყო. ის 70 წლის იყო 2016 წელს.

ბაიდენი ცნობილია არა მხოლოდ თავისი ფართო ღიმილით, არამედ ასევე მრავალრიცხოვანი წაცდენებით. ხშირად ურევს ხოლმე სტატისტიკას, ეშლება სახელები.

„ამომრჩეველი დაღლილია ფრთხილი და ფრთხილად აწყობილი კანდიდატებით; ჩემი, როგორც "წაცდენების მანქანის" (‘gaffe machine’) სულაც აღარ გამოიყურება სისუსტედ; პუბლიკამ ზუსტად იცის, რომ გულწრფელი ვარ და რასაც ვამბობ, ზუსტად იმას ვგულისხმობ“, - ამბობდა ის 2017 წელს, თავის საპრეზიდენტო მისწრაფებებზე საუბრისას.

დელავერის შტატის სენატორი ჯო ბაიდენი თავის ორ ვაჟთან ერთად დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე 1972 წელს.

ანალიტიკოსთა თქმით, ბაიდენს, რომელიც საშუალო კლასის კათოლიკურ ოჯახში დაიბადა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, უნარი შესწევს, პიროვნული კავშირი დაამყაროს ამომრჩევლებთან იმ პირადი ტრაგედიების გამოც, რის გადატანაც მოუხდა ცხოვრებაში.

1972 წელს 29 წლის იყო, სენატში ერთი კვირის არჩეული, როდესაც საშობაო საყიდლებზე წასული მისი პირველი ცოლი ნეილია ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ტრაგიკული შემთხვევისას დაიღუპა მათი ერთი წლის ქალიშვილი ნაომიც. ვაჟები ჰანტერი და ბო კი მძიმედ დაშავდნენ.

ბაიდენმა ტრაგედიის გამო კინაღამ უარი თქვა სენატში ადგილის დაკავებაზე, თუმცა ბოლოს გადაიფიქრა. მაგრამ, იმისთვის, რომ თან ემუშავა და თან ვაჟებისთვის მოეარა, დაიწყო დელავერიდან, სადაც ცხოვრობდნენ, ვაშინგტონში 90-წუთიანი მატარებლით მგზავრობა. ამის გამო მას „Amtrak ჯო“ შეარქვეს (სარკინიგზო კომპანია Amtrak-ის გამო).

ყოველდღიურმა მგზავრობამ ბოლოს გავლენა მოახდინა მის პოლიტიკაზეც. ბაიდენი სარკინიგზო ტრანსპორტის ადვოკატად იქცა და 2020 წლის კამპანიის ფარგლებში გამოვიდა „სარკინიგზო რევოლუციის“ მოწოდებით. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლას და დაეხმარება მშრომელ ხალხს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა დამოკიდებული.

გამოცდილება საგარეო პოლიტიკაში

2008 წელს, როცა დემოკრატების ნომინაციისთვის იბრძოდა, იმ წლის იანვარშივე გამოეთიშა რბოლას, სანამ პრაიმერისი დაიწყებოდა.

ბარაკ ობამამ, რომელმაც გაიმარჯვა პრაიმერისში და საპრეზიდენტო არჩევნებში ჯონ მაკკეინი დაამარცხა, ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტად შეარჩია. ეს არჩევანი მან საერთაშორისო პოლიტიკაში ბაიდენის დიდი გამოცდილების გამო გააკეთა.

ობამას, რომელიც პირველი ვადით იყო ილინოისის შტატის სენატორი, საგარეო პოლიტიკაში ნაკლები გამოცდილება ჰქონდა, ვიდრე მის 71 წლის მეტოქეს, არიზონის შტატის რესპუბლიკელ სენატორ მაკკეინს. მაკკეინი ვიეტნამის ომის გმირი და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წამყვანი წევრი იყო.

ობამას გამოცდილების დანაკლისი შეავსო ბაიდენმა, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში, მათ შორის, მისი თავმჯდომარის პოსტზეც.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა (მარცხნიდან მეორე) აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან (მარცხნივ) და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრებთან ერთად თეთრ სახლში ადევნებს თვალს ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციას, რომელიც აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა განახორციელა.

ბაიდენმა მოიპოვა რეპუტაცია ადამიანისა, რომელსაც უნარი შესწევდა უცხოელ ლიდერებთან ურთიერთობების აწყობისა მაშინაც კი, როცა ამ ქვეყანასთან აშშ-ს დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა. ასობით მსოფლიო ლიდერთან შეხვედრებით მან საგარეო ურთიერთობებში მდიდარი გამოცდილება დააგროვა თავისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პოლიტიკური კარიერის მანძილზე.

1979 წელს ბაიდენი დელეგაციასთან ერთად ჩაფრინდა პეკინში დენ სიაოპინთან შესახვედრად. მოგვიანებით იმავე წელს ის შედიოდა ჯგუფში, რომელიც საბჭოთა ლიდერ ლეონიდ ბრეჟნევთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბირთვული შეიარაღების კონტროლის თაობაზე.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბაიდენი გახდა ნატოს გაფართოების ადვოკატი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და მან მხარი დაუჭირა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღებას.

ბაიდენი ობამას ადმინისტრაციის მთავარი ფიგურა გახდა უკრაინის საკითხებში, მას მერე, რაც რუსეთმა აგრესიულად უპასუხა მოსკოვის მიმართ ლოიალური პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოგდებას. 2014 წელს მოსკოვმა ხელში ჩაიგდო უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და დაიწყო აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტების დახმარება. ომი დონბასში მეექვსე წელია მიმდინარეობს.

ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის ახალ, პროდასავლურად განწყობილ ხელისუფლებას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებდა. ის დაიმუქრა, რომ შეაჩერებდა 1 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებას, თუკი უკრაინის მთავრობა არ შეასრულებდა დანაპირებს და არ მოხსნიდა გენერალურ პროკურორ ვიქტორ შოკინს, რომელიც, მრავალი დასავლელი ოფიციალური პირის აზრით, ხელს უშლიდა ენდემური კორუფციის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს. ბაიდენის ამ მუქარას მოგვიანებით მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა თავად მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) თავის ვაჟთან, ჰანტერ ბაიდენთან ერთად. 2010 წ. 30 იანვარი.

უკრაინაში ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერის, მუშაობა 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მასზე თავდასხმების საბაბი გახდა.

2014 წელს ჰანტერ ბაიდენმა საბჭოს წევრის მოგებიანი თანამდებობა დაიკავა უკრაინის ნავთობისა და გაზის კომპანია Burisma Group-ში. მამამისი მაშინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

დონალდ ტრამპი და მისი მომხრეები მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე - აცხადებდნენ, რომ ბაიდენი შოკინის მოხსნას იმიტომ ითხოვდა დაჟინებით, რომ შეეჩერებინა Burisma-სა და მისი ვაჟის წინააღმდეგ გამოძიება. ჰანტერ ბაიდენმა უარყო რაიმე კანონდარღვევა, მაგრამ თქვა, რომ შეცდომა იყო ამ თანამდებობაზე დათანხმება.

ბაიდენი და საქართველო

ჯოზეფ ბაიდენი საქართველოში ორჯერ არის ნამყოფი - პირველად 2008 წლის ომის დროს, როდესაც ჯერ კიდევ სენატორი იყო. ბაიდენი გახდა საქართველოსთვის ერთმილიარდიანი დახმარების გამოყოფის ინიციატორი.


„მაშინ მირჩიეს, არ წამოვსულიყავი, მაგრამ მე ვიცოდი რატომ არის ჩემი ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი. მე ჩამოვედი აქ და ვთქვი, რომ ვარ და ვიქნები თქვენ გვერდით და ამ ჩემს აღთქმას ამჯერად ვასრულებ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი“, - თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის რანგში საქართველოში 2009 წლის ივლისში დაბრუნებულმა ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას. ბაიდენი მაშინ თბილისში პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოსკოვში ვიზიტის კვალდაკვალ ჩამოვიდა:

„მე ვლაპარაკობ არა მარტო ჩემი სახელით, ასევე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც. თბილისში ეს სტუმრობა მართლაცდა გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს. სწორედ ამიტომ გეგმავდა და სწორედ ამიტომ მომცა მეც დარიგება, თბილისში ვიზიტი დამეგეგმა. მე ვიცი, ბევრი წუხს და სვამს შეკითხვას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა მოხდეს. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ - არა, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და რომ ეს შეუძლებელია. როგორც პრეზიდენტმა ობამამ ორი კვირის წინ დაადასტურა მოსკოვში, ჩვენ პრინციპების დამცველი ხალხი ვართ. ხალხებმა თვითონ უნდა აირჩიონ პარტნიორები, თვითონ უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ჩვენ წინააღმდეგნი ვართ მეცხრამეტე საუკუნის ცნებებისა, გავლენის სფეროების ადგილი არ არის 21-ე საუკუნეში. ჩვენ არ მივიჩნევთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ჩვენ არ ვაღიარებთ მათ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, მკაფიოდ ჩამოყალიბებულს, მათ შორის - თქვენი ტერიტორიიდან ყველა შეიარაღებული ძალის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებას”, - თქვა ბაიდენმა 2009 წელს. ამის შემდეგაც, ვიცე-პრეზიდენტის რანგში იგი არაერთხელ შეხვდა საქართველოს არაერთ წარმომადგენელს.

უკრაინა, რუსეთი, ნატო, ჩინეთი, ავღანეთი

საარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას აქცევს „აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად“ და ევროპელ მოკავშირეებთან ითანამშრომლებს, რათა რუსეთს ძვირად დაუჯდეს უკრაინაში თავისი მოქმედებები.

ის აშშ-ის პრეზიდენტს ნატოსთვის ძირის გამოთხრასა და აშშ-ის ინტერესებისა და ღირებულებების პოტენციურ გაწირვაში სდებს ბრალს ტრამპის მისწრაფებისთვის, გულთბილი ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და სხვა ავტორიტარ ლიდერებთან.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) ხვდება რუსეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს. მოსკოვი, 2011 წ. 10 მარტი.

ბაიდენის თქმით, რუსეთის მიმართ პოლიტიკის ფარგლებში ის შეეცდება ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის დარჩენილი უკანასკნელი ხელშეკრულების, ე.წ. New START-ის გახანგრძლივებას. ხელშეკრულებას 2021 წლის თებერვალში გასდის ვადა. ტრამპმა მიანიშნა, რომ New START-ში უნდა მონაწილეობდეს ჩინეთიც, რომელიც ასევე აწარმოებს ბირთვულ იარაღს, ანდა უნდა შეიცვალოს ახალი ხელშეკრულებით, რომელიც ჩინეთსაც მოიცავს.

მართალია, ბაიდენი ღიად უჭერს მხარს კიევს და პირობას დებს, რომ ნატოელ პარტნიორებთან ითანამშრომლებს, რათა „რუსეთმა უფრო დიდი ფასი გადაიხადოს უკრაინაში მიმდინარე ომისთვის“, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მოსკოვს შესაძლოა საბოლოოდ ასიამოვნოს მისმა პოზიციამ ერთ საკითხში - ესაა კლიმატური ცვლილებები.

ბაიდენის მცდელობა, ხელი შეუშალოს კლიმატის ცვლილებას, ალბათ „უფრო გაურთულებს ნავთობკომპანიებს [აშშ-ში] დაზვერვას“, მოპოვებასა და ტრანსპორტირებას, რაც ნავთობის ფასებს გაზრდის და, შესაძლოა, ამით სარგებელი მოუტანოს რუსეთს, რომლის ეკონომიკა ძლიერ არის დამოკიდებული ნავთობით მიღებულ მოგებაზე, წერს ენერგეტიკის ექსპერტი ელენ უოლდი Forbes-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ბაიდენის თქმით, მას სურს, რომ აშშ მიუერთდეს პარიზის ხელშეკრულებას, რომელიც მსოფლიოში სათბურის გაზების გამოყოფის მკვეთრი შემცირებისკენაა მიმართული.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისთან ერთად.

კიდევ ერთი საერთაშორისო შეთანხმება, რომელშიც ბაიდენს სურს, რომ აშშ-ც მონაწილეობდეს, არის ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით 2015 წელს მიღწეული შეთანხმება.

ბაიდენმა გააკრიტიკა ტრამპი ამ შეთანხმებიდან აშშ-ის გამოყვანისა და თეირანისთვის ახალი სანქციების დაწესებისთვის. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი „უგუნურებაა“ და მის შედეგად აშშ-ის საქმე გაუარესდა.

აშშ-ის სანქციების საპასუხოდ ირანმა გააძლიერა თავისი ბირთვული პროგრამა და ნავთობის ტანკერებზე თავდასხმები განახორციელა სპარსეთის ყურეში.

2015 წლის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ობამას ადმინისტრაციამ, რუსეთმა, ჩინეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროპის კავშირმა.

ბაიდენის თქმით, ის აშშ-ს კვლავ დააბრუნებს ამ შეთანხმებაში, თუკი ირანი კვლავ შეზღუდავს თავის ბირთვულ პროგრამას და კვლავ დაიცავს შეთანხმების პირობებს. ოღონდ, მისი სიტყვებით, ის შეეცდება თავდაპირველ დოკუმენტზე უფრო „გააძლიეროს და გააფართოოს“ ის.

რაც შეეხება აშშ-ის ომს ავღანეთში, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების საპასუხოდ დაიწყო ხელისუფლებიდან თალიბების ჩამოსაგდებად, ბაიდენმა თქვა, რომ შინ დააბრუნებს სამხედროთა ნაწილს, მაგრამ დატოვებს საკმარის ჯარებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ექსტრემისტებმა ვერ შეძლონ გადაჯგუფება და ქვეყანაზე კონტროლის აღდგენა.