რუსეთუმეთა ჯახი თუ Сам дурак?

დავით კლდიაშვილს რომ მშობლიური ენა დაავიწყდა რუსეთის იმპერიის სამსახურში, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. ხელახლა მოუწია დიდ მწერალს ქართულად ენის ამოდგმა. იგივე დაემართა გენერალ გიორგი კვინიტაძესაც, რომელიც მოგონებების წიგნში ასე იხსენებს 1918 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ ამბავს: „ლაპარაკობდნენ ქართულად. მე არ ვიცოდი ჩემი მშობლიური ენა და ძლივძლივობით ვიჭერდი აზრს“ (Говорили по-грузински. Я не знал своего родного языка и едва улавливал общий смысл речей). მოკლედ, ორივე რუსეთის სამსახურში იყო (ერთი - პოლკოვნიკი, მეორე - გენერალი) და ორივემ მშობლიური ენა დაივიწყა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ორივე საქართველოს პატრიოტად დარჩა ცხოვრების ყველა ეტაპზე. ენა ვერ მოგიბრუნდება ან ერთს, ან მეორეს რუსეთუმე უწოდო და ის წლები წამოაძახო, რომლებიც რუსეთის სამსახურში გაატარეს. ქართველი პატრიოტისთვის, ალბათ, არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე რუსეთუმეობაში დადანაშაულება. საქმე ისაა, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი (წონიანი) კანდიდატები ერთმანეთს ღალატსა და რუსეთუმეობაში სდებენ ბრალს.

„მოღალატეა!“, „ქართული ენა არ იცის!“ - ასეთია ოპონენტების მიერ დანახული სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს.

პრეზერვატივის დიზაინები შექმნილია "აიისას" პლატფორმის #გაბანტე-ს ფარგლებში

„Наш кандидат!“ „მე [პუტინი] ვირჩევ გრიგოლ ვაშაძეს! შენ?“ - ეს კიდევ ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ - კანდიდატის გასაშავებლად დაბეჭდილი პლაკატებია, რომლებითაც, სავარაუდოდ, ხელისუფლების მხარდამჭერები ფარავენ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერებს.

1 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის მეექვსე წლისთავზე, ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილი მოიხსენია როგორც საქართველოდან რუსეთის ჯარების გამძევებელი, როგორც ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი და ქართული ემიგრაციის პირველი თაობის შთამომავალი, როგორც ქართველი პატრიოტი. პარალელურად, ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი შემოუძღვა ზურაბიშვილის მიერ გაძევებულ რუსულ ჯარს და ამის გამო მოხდა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპირება. მოღალატეები ცდილობენ მოღალატედ მონათლონ ქალბატონი სალომეო, დასძინა ივანიშვილმა

სალომე ზურაბიშვილის ოპონენტების არგუმენტები 2008 წლის ომის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეყრდნობა (პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიწყო ომი, ქართულმა ავიაციამ დაბომბა წითელუბანი...), გრიგოლ ვაშაძეს კი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ კარიერას და რუსეთის მოქალაქეობას აძახებენ.

მთლიანობაში, ამ ბრალდებებში (საფუძვლიანსა თუ უსაფუძვლოში) კარგი თითქმის არაფერია (ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ნებისმიერ შემთხვევაში იფიქრებს, რომ მისი ქვეყნის პრეზიდენტი ღალატობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს), მაგრამ თავი იმით შეგვიძლია დავიმშვიდოთ, რომ ღიად რუსეთუმეობას არავინ აღიარებს. რუსეთუმეობა კვლავ სალანძღავ სიტყვად რჩება. მეტიც, რუსეთუმეობა ელექტორალურადაც არ არის გამართლებული. საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც აჩვენებს, რომ, რუსული პროპაგანდის გაძლიერების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის 53 პროცენტი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთთან დაკავშირებულ ფაქტორებს (სამხედრო აგრესია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ა. შ.) მიიჩნევს. ეს ფაქტორები ერთიათად მნიშვნელოვანია, მაგალითად, ნაციონალისტური ჯგუფების მიერ ბოლო დროს წამოწეულ „საქართველოში თურქეთის ინეტერესებზე“, რასაც საფრთხედ მიიჩნევს გამოკითხულთა მხოლოდ 5%.

ფილოსოფოს გია ნოდიას დაკვირვებითაც, ანტირუსული რიტორიკა აღარ არის მხოლოდ ტრადიციულად პროდასავლური პარტიების სავიზიტო ბარათი. „ქართული ოცნების“ ლიდერები და ცალკეული წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში ერიდებოდნენ „რუსეთის გაღიზიანებას“, დღეს თამამად გამოთქვამენ ანტირუსულ აზრებს.

„ცხადია, არსებობენ ღიად ან შეფარულად პრორუსული ძალები, მაგრამ მათი მეინსტრიმიზაცია ვერ მოხერხდა. მაგალითისთვის ავიღოთ „პატრიოტთა ალიანსი“. გვაქვს საფუძველი, „პატრიოტთა ალიანსი“ მივიჩნიოთ პრორუსულ ძალად, მაგრამ ამ პარტიის ლიდერებიც კი არ აღიარებენ, რომ პრორუსულ ძალას წარმოადგენენ“, - ამბობს გია ნოდია.

Your browser doesn’t support HTML5

გია ნოდია კრემლის პროპაგანდასა და წინასაარჩევნო გარემოზე

შესაბამისად, ის გარემოება, რომ რომელიმე კანდიდატი (ან კანდიდატის მხარდამჭერი) ოპონენტს რუსეთუმეობაში სდებს ბრალს, არ ნიშნავს იმას, რომ თვითონ ეს კანდიდატი პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსია და რუსეთის ინტერესებთან ახლოს არ ჩაუვლია. ვიღაცის ბრალდებები გულწრფელია, ვიღაცის კი - საარჩევნო ტექნოლოგიის ნაწილი; ვიღაც არგუმენტირებულად ამხელს ოპონენტს, ვიღაც კი მოქმედებს პრინციპით, ჩემი შენ გითხარიო ან, როგორც რუსები იტყვიან, Сам дурак-ო. მტყუანი და მართალი ამომრჩეველმა უნდა გაარჩიოს - გაარჩიოს დღევანდელი რთული კონტექსტის გათვალისწინებით, თორემ რუსეთუმეობაში დადანაშაულებისთვის რომ არც ქართული ენის ცუდი ცოდნა კმარა და არც რუსეთის სამსახურში ყოფნა, დავით კლდიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის ბიოგრაფიებიდანაც ნათლად ჩანს.