„ჯეოსთილს“ ახალი საწარმო სჭირდება, რუსთავის საკრებულოს კი ეკოლოგიური უსაფრთხოება

გარეჯის ქუჩაზე ახლახან გაკრულ ბანერებზე ეწერა: “’ჯეოსთილი’ გაურბის სოციალურ პასუხისმგებლობას“, „ჩვენი ჯანმრთელობა მათი შემოსავალია“.

რამდენიმე დღის წინ აქტივისტებმა ეკოლოგიური შინაარსის ბანერები გააკრეს რუსთავში, გარეჯის ქუჩაზე, სადაც ბოლო საცხოვრებელი შენობა 700 მეტრითაა დაშორებული არმატურის მწარმოებელი „ჯეოსთილიდან“. მას გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებენ. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ბანერები მალევე ჩამოხსნა და აქტივისტთა ჯგუფის ლიდერი ნიკოლოზ მუსერიძე მკაცრად გააფრთხილა, მსგავსი რამ აღარ გააკეთოო.

Your browser doesn’t support HTML5

„ჯეოსთილი“ ახალი საწარმოს აშენების უფლებას ითხოვს

ნიკოლოზ მუსერიძე გარემოსდაცვითი პლაკატების გაკვრით ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ერთხელ უკვე დააჯარიმეს. აქტივისტების ჯგუფი, რომელსაც მუსერიძე ხელმძღვანელობს, რუსთავში და სოციალურ ქსელებში ცნობილია სახელით „გავიგუდეთ“.ისინი პერიოდულად ავრცელებენ მბოლავი ქარხნების ვიდეო და ფოტომასალებს.

გარემოს დამცველები განსაკუთრებულ საფრთხეს „ჯეოსთილის“ მუშაობაში ხედავენ. გარეჯის ქუჩაზე ახლახან გაკრულ ბანერებზე ეწერა: “’ჯეოსთილი’ გაურბის სოციალურ პასუხისმგებლობას“, „ჩვენი ჯანმრთელობა მათი შემოსავალია“.

ნიკოლოზ მუსერიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არმატურის მწარმოებელი ინდური საწარმო კვლავ ფილტრების გარეშე მუშაობს და გარემოს განსაკუთრებით აბინძურებს, თუმცა მათი პროტესტი და მოწოდებები ეხება ყველა იმ საწარმოს,რომელიც რუსთავის ეკოლოგიას აზიანებს:

ნიკოლოზ მუსერიძე

„[სხვა ქარხნები] შედარებით მოშორებულია, თუმცა მათ მიმართაც გვაქვს მოთხოვნა, სოციალური პასუხისმგებლობით დაინტერესდნენ და შეისწავლონ, რა არის ეს საკითხი და ქალაქს მიხედონ, იქნება ეს გამწვანების და სკვერების მოწყობის კუთხით, [სპორტული] მოედნების მშენებლობის კუთხით... ნებისმიერი სფერო გაშალონ, ვისაც როგორ წარმოუდგენია, მოახმარონ თავიანთი რესურსები საზოგადოებას. შესაბამისად, ეს კონკრეტული აქცია ეხებოდა „ჯეოსთილს“.

ნიკოლოზ მუსერიძე ირწმუნება, რომ საწარმოთა გამონაბოლქვის გამო რუსთავის ჰაერში ტყვიისა და ბენზოლის შემცველობა დასაშვებ ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატება. მას მუსერიძე ზომავს საკუთარი ხელით აწყობილი აპარატით, რომელსაც ქარხნული წესით დამზადებული სენსორები აქვს:

[ეს აპარატი] ტექნოლოგიურად სწორ პასუხს გაძლევს, რა ხდება ქალაქში - დაბინძურებაა, მტვერია, გამონაბოლქვი, ჰაერი ტყვიას და ბენზოლს შეიცავს..[დამაბინძურებლების კონცენტრაციების არაავტომატურ] ჯიხურს, რომელიც ახლა დადგეს ბათუმის ქუჩაზე, არ ამოწმებს ყველაზე მნიშვნელოვანს - ჰაერში ტყვიის და ბენზოლის შემადგენლობას. ამოწმებს ოზონს და მტვერს. ეს არ არის მნიშვნელოვანი. ყველამ კარგად იცის, რომ რუსთავი მტვრიანი ქალაქია“.

ნიკოლოზ მუსერიძის თქმით,გარემოს დამცველი აქტივისტები წინააღმდეგობას გაუწევენ„ჯეოსთილის“ გეგმას, უკვე არსებული საწარმოსტერიტორიაზე ააშენოს ახალი, სილიკო-მანგანუმის ქარხანა. მის უსაფრთხოებაში ეჭვი შეაქვთ რუსთავის საკრებულოშიც.სივრცითი ტერიტორიების დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე, რომელიც 22 მარტს გაიმართა,ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მალხაზ კომლაძემ და ლეიბორისტმა კობა ჩალაძემ „ჯეოსთილი“ გარემოს დაბინძურებაში დაადანაშაულეს.
რუსთავის საკრებულოს წევრების მოთხოვნით, სივრცითი ტერიტორიების დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ „ჯეოსთილის“ დირექტორს, ავთანდილ ფოფხაძეს, უკან დაუბრუნა დოკუმენტები და არ დათანხმდა ქარხნის მშენებლობის საკითხი საკრებულოს სხდომაზე გაეტანა. განხილვა იმ დრომდე გადადო, სანამ საწარმოს ადმინისტრაცია არ წარმოადგენს გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებით დასკვნას.ავთანდილ ფოფხაძე კომისიის წევრებს არწმუნებდა, რომ მსგავსი დასკვნა არსებობს და „ჯეოსთილი“, ეკოლოგიურის გარდა, იცავს საწარმოში ადგილობრივი კადრების 70-პროცენტიანი დასაქმების პირობასაც.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა რუსთავის საკრებულოს სივრცითი ტერიტორიების დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ტუხაშვილმა, „ჯეოსთილს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა ამ დრომდე არ წარმოუდგენია.