დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს ჯეკ შეფერდს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი წაყენებული აქვს 24 წლის შარლოტ ბრაუნის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გამო. პროკურორ ქეთევან გურაშვილის თქმით, შეფერდი ასევე იძებნებოდა დევიდ ბიჩთან მომხდარი ინციდენტის გამოც.
შარლოტ ბრაუნი ჯეკ შეფერდთან ერთად, ბრიტანეთში, ტემზაზე ნავით სეირნობისას დაიღუპა. თავად ბრალდებული მომხდარს უბედურ შემთხვევას უწოდებს. შეფერდზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
ჯეკ შეფერდის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარე დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას სამთვიანი პატიმრობის შესახებ, რადგანაც ბრალდებული თავად ჩაბარდა სამართალდამცავებს და მისი სურვილიც იყო პატიმრობაში იმყოფებოდეს.
სასამართლოზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჯეკ შეფერდი დეპრესიისა და სუიციდისკენ არის მიდრეკილი. თავის მხრივ, მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ საერთოშორისო ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ შეფერდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და გადაწყვიტონ, ხომ არ იყო მიმალვა გამოსავალი სიუციდისგან თავის დასაღწევად.
ასევე ნახეთ რატომ ჩაბარდა ჯეკ შეფერდი საქართველოს პოლიციას?როგორც პროკურორი ქეთევან გურაშვილი ამბობს, შეფერდი ასევე იძებნება სხვა შემთხვევის გამოც, კერძოდ სხეულის განზრახ დაზიანების მცდელობისთვის.
„დაზარალებული არის დევიდ ბიჩი, რომელსაც შეფერდმა თავში ჩაარტყა ბოთლი და მიაყენა სხეულის მძიმე დაზიანება“, - განაცხადა ქეთევან გურაშვილმა. მისივე თქმით, აღმკვეთი ღონისძიების სახით ბრიტანეთში შეფერდს გირაო შეეფარდა. გირაოს ერთ-ერთი მოთხოვნის თანახმად, შეფერდი უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში, რაც არ გააკეთა და დასამალად საქართველოში ჩამოვიდა. პროკურორის აზრით, ეს შემთხვევა ცხადყოფს - შეფერდი მიდრეკილია ძალადობისკენ.
დევიდ ბიჩთან დაკავშირებული ბრალდების შესახებ ადვოკატები ჯერჯერობით არ საუბრობენ. რაც შეეხება ექსტრადიციას, დაცვის მხარე აცხადებს, რომ ჯეკ შეფერდს დიდ ბრიტანეთში შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, რადგან მას გავლენიანი ადამიანები ემუქრებიან. საუბარია გარდაცვლილის მამაზე.
„ცოტა ხნის წინ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კონკრეტული პირები დაემუქრნენ, რომ თუ ბრიტანეთის საპატიმროში აღმოჩნდებოდა, მას შეექმნებოდა ძალიან დიდი პრობლემები“, - ამბობს შეფერდის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე.
მარიამ კუბლაშვილის თქმით, დაცვის მხარეს ჯერ არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა თანამდებობაზე მუშაობს შარლოტ ბრაუნის მამა, მაგრამ: „ჩვენი ინფორმაციით, ის არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი“, - ამბობს იგი. ჯეკ შეფერდს ბრაუნის საქმესთან დაკავშირებით, ბრიტანეთის სასამართლომ განაჩენი 2018 წლის ივლისში გამოუტანა და დაუსწრებლად მიუსაჯა ექვსწლიანი პატიმრობა. ბრიტანული პრესის თანახმად, ივლისშივე შეფერდზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
23 იანვარს დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი ადვოკატებთან ერთად ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა და სამართალდამცავებს ნებაყოფლობით ჩაბარდა.