ჯეინ ბირკინი - ყველაზე ქალური „ქალაბიჭა“

“აუზი“(1969, საფრანგეთი, რეჟისორი ჟაკ დერე)

ერთი თვეც არ გასულა ჯეინ ბირკინის გარდაცვალებიდან. მისი საუკეთესო ფილმების მოძებნა ინტერნეტში ყველასთვის მარტივი არ არის, თუნდაც „მტვერი“, ანდა „კუნგფუს ოსტატი“ რომ გირჩიოთ. თუმცა მოგვიანებით გამახსენდა, რომ არსებობს ფილმი, რომელიც თავის დროზე ჩვენში კინოთეატრებშიც კი უჩვენეს, მერე ქართულად გაახმოვანეს, ჯეინ ბირკინის პირველი ფრანგული ფილმი, ჟაკ დერეს „აუზი“, ალბათ, ყველა კინოს მოყვარულს ნანახი რომ აქვს და თავად ბირკინის თაყვანისმცემლებისთვის საერთოდ არაა მნიშვნელოვანი. ხელმეორედ ვნახე და ძალიან მინდა გადაიმეოროთ - ეს კინო დღეს „ბებერი ვაზისგან“ დაწურულ ღვინოს ჰგავს. შეიძლება ითქვას, ჯეინ ბირკინივითაა - ბერდებოდა და მშვენიერდებოდა, ბერდებოდა და ჭკვიანდებოდა.

ჟაკ დერემ „აუზზე“ მუშაობა დაიწყო 1968 წლის ზაფხულში, ე.ი. „მაისის რევოლუციიდან“ 3 თვის შემდეგ. ახალგაზრდებმა დაგროვილი ენერგია ამოაფრქვიეს და ბევრს გაუჩნდა სიცარიელის განცდა. რა იქნება ხვალ? ისინი, ვისაც ებრძოდნენ, ისევ მზეს მიეფიცხებიან თავიანთ აგარაკებზე თუ ძალაუფლებას დათმობენ? ლუის ბუნუელის სცენარისტი ჟან-კლოდ კარიერი ემზადებოდა „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლისთვის“. მაგრამ „აუზის“ სცენარი მზად ჰქონდა - ამბავი ჯერ მხოლოდ „მოწყენილი ბურჟუაზიის ხიბლის“ გამოსახატავად... მოწყენილობისა, რომელიც დანაშაულით სრულდება.

„აუზი“, რომელმაც ხელახლა შეახვედრა ყოფილი შეყვარებულები, ალენ დელონი და რომი შნაიდერი, პირველ რიგში მსახიობების, თანაც მითად ქცეული მსახიობების კინოდ აღიქმება. ჟან-კლოდ კარიერისთვის დამახასიათებელ ირონიას, მრავალმნიშვნელოვნებას, მრავალსახეობას ნაკლებად შენიშნავენ ხოლმე. უფრო მეტიც, ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ჟაკ დერეს ფილმი, რომელშიც დრო, ადგილი და მოქმედება ერთიანია (როგორც კლასიკურ დრამაში), სწორედ სცენარის გამო გააკრიტიკეს. „აუზის“ სცენარი ისეთივე ბრტყელია, როგორც ინგლისელი მსახიობის, ჯეინ ბირკინის მკერდი“, - წერდა ფრანგული „ახალი ტალღის“ ინტელექტუალური ტრიბუნა, „კაიე დიუ სინემა“.

ბირკინიც ვერ დააფასეს. რომი შნაიდერმა გადაფარა. „ახალი ტალღის“ რეჟისორები თავიდანვე გაემიჯნნენ ჟაკ დერეს კინოს, „ვულგარული“ და „დატკბილული“ უწოდეს... აბა, როგორ წარმოიდგენდნენ, რომ ცოტა ხანში სწორედ ეს ბრტყელმკერდიანი, ანდროგინული გოგო, ეს „ქალაბიჭა“ გახდებოდა „ახალი ტალღის“ დედიკოს“ , ანიეს ვარდას მუზა. „აუზის“ დრამატურგიული სტრუქტურაც ხომ ასეა აგებული.

ჟან-პოლის (ალენ დელონი) და მარიანას (რომი შნაიდერი) იდეალურ შვებულებას სენ-ტროპეს ვილაში არღვევს მარიანას ყოფილი საყვარელი ჰარი (მორის რონე), რომელიც ცოლ-ქმარს 18 წლის ქალიშვილთან, პენელოპესთან ერთად(ჯეინ ბირკინი) ესტუმრება.

თავიდან მართლაც რჩება შთაბეჭდილება, რომ დერე, ცოტა არ იყოს, სპეკულირებს ვუაიერიზმით. თუმცა „აუზს“ საერთოდ არა აქვს პრეტენზია, არ იყოს(!) ვულგარული და ზომიერებას იცავდეს. უსიტყვო ახლო ხედები და ერთგვარი უთქმელობა, აუხსნელობა, იდუმალება, გამოხატული მიმიკით და ჟესტით, მინიმალური დიალოგებით, აქ გრძნობების თავისებური ხაფანგია, რომელიც გაცდუნებს და გატყვევებს. ამ ფსიქოლოგიურ ტრილერში, ვნებების დრამაში, რომელიც მთლიანად პერსონაჟების ორაზროვნებაზე იგება და რომლის მთავარი მხატვრული სახე სიჩუმეა, მსახიობის სხეული იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზოგჯერ ოფლიანი კანი, ნაკაწრებიც კი ჩანს კანზე.

მაგრამ მზიან გარემოს ნელ-ნელა ავდარი ცვლის. ფილმის მეორე ნაწილში (დისბალანსი პირველ და მეორე ნაწილს შორის ნამდვილად აზიანებს ფილმის მთლიანობას) მაყურებელი დაფიქრდება - რა ხდება რეალურად ფსკერზე, როცა გლამურული სამყაროს ზედაპირი მზიანი და ნათელია?

არსებითად ეს კითხვა პენელოპას გამოჩენის შემდეგ იბადება. იმხანად სრულიად ნორჩ ჯეინ ბირკინს მართლაც რომ ცეცხლი მოაქვს ამ წყალ-წყალა სინამდვილეში. მაყურებელი, რომელმაც ჯერ არ იცოდა რამხელა როლს ითამაშებდა „ინგლისელი ქალაბიჭა“ ფრანგულ კულტურაში, უთუოდ ჩაფიქრდებოდა, მაინც რატომ მოიხიბლა ასე ალენ დელონის ჟან-პოლი ჯეინ ბირკინის გმირით, როცა გვერდით რომი შნაიდერი ჰყავს?

„ჯეინს რომ შეეხოთ, იცოდეთ, მოგკლავთო - მიმართა თურმე სერჟ გინზბურგმა მორის რონეს და ალენ დელონს ფილმის გადაღების წინ. ცხადია, გინზბურგი-პიგმალიონის როლი „სტილის ხატის“ შექმნაში განუზომელია და ამის უარყოფა შეუძლებელია (ჯეინს ჩვევა ჰქონდა - მოიცვამდა ხოლმე ქმრის პიჯაკს და ასე გამოდიოდა ქუჩაში). მაგრამ ბოჰემური ცხოვრება, გამომწვევად განსხვავებული ჩაცმა და რაც მთავარია, სკანდალური ეროტიკული ფილმები და სიმღერები, რომლებიც გინზბურგმა ბირკინთან ერთად შექმნა, დიდებული ქალის ცხოვრების ერთი მხარეა მხოლოდ. არასდროს, არასდროს არ გადაზრდილა მისი გამომწვევი ეროტიკულობა უხამსობაში. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ამის უფლებას ჯეინს თავად გინზბურგი არ მისცემდა - ეს გამოუსწორებელი დონ ხუანი, რომელსაც, მგონი, არაფერი სძულდა ისე, როგორც ხელოვნურობა, სიყალბე, ფარისევლობა... საერთოდ - სულელი ხალხი.

კი, ჯეინმა ბევრი ისწავლა გინზბურგისგან, ბევრს გაუძლო კიდეც მასთან ერთად ცხოვრების წლებში („ომში ვიყავიო“, ასე იგონებდა რომანს გინზბურგთან), მაგრამ თავიდანვე არ აკლდა არც აღზრდა, არც განათლება და რაც მთავარია, გემოვნება. „მორცხვი ინგლისელი გოგო“, როგორც თავის თავს უწოდებდა, ცნობილი ბრიტანელი მსახიობის, ჯუდი კემბელის ოჯახში გაიზარდა. ძმა, ენდრიუ ბირკინი, ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანული ფილმის, „ცემენტის ბაღის“ ავტორია, მამა - ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ლეიტენანტი. დედა, მამა და ძმა გამოჩნდებიან ანიეს ვარდას „კუნგფუს ოსტატში“ (1988), სადაც მშობლებთან სტუმრად ჩასული ბირკინის მარი-ჯეინი ოჯახის წევრებს შიდსზე და სექსუალურ რევოლუციაზე ესაუბრება. არცერთი სხვა როლი არ ჰგავს ჯეინს, როგორც ეს 40 წლის ქალი, რომელსაც თავისი არასრულწლოვანი შვილის მეგობარი ბიჭი შეუყვარდა და ბირკინი - სექსუალური რევოლუციის თაობის ხატი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მშობლებზე, ქმარზე (ქმრებზე!) და შვილებზე ზრუნავდა... ყოველთვის იყო იქ, სადაც ადამიანებს უჭირდათ. 2010 წელს აგერ ზუგდიდში გვეწვია და დევნილებისთვის საქველმოქმედო კონცერტიც გამართა.

პატარა როლი ჟაკ დერეს „აუზში“ (როგორც ანტონიონის „ბლოუ-აპში|“) მხოლოდ შესავალია ბირკინის კარიერაში. შხამიანი სილამაზის ფილმში, გრძნობების ამ კარუსელში პენელოპეს უფრო ძლიერი ვნება მოაქვს. მაგრამ ეროტიკული დაძაბულობა, რომელიც ძირითადად მზერათა შეჯახებაზე იქმნება, ნელ-ნელა პერვერსიის, ეჭვიანობის და სადიზმის ნაზავში გადაიზრდება. „ასეთ წვეულებებზე ყველაფერი ნებადართულია!“ - ეტყვის პენელოპეს ალენ დელონის გმირი. ბირკინი აქ ჯერ სრულიად ახალგაზრდაა. ჯერ არ იცის, რომ სექსუალური სილაღე, ფარისევლების ნერვებზე თამაში იმას არ ნიშნავს, რომ „ყველაფერი ნებადართულია“. წლები გავა და ჯეინ ბირკინი, თავისი ინგლისური ფრანგულით, გამოძერწავს ფორმას, რომლის მთლიანობა ფრანგული კინოს ფორმის ოსტატებს, კატრინ დენევს, იზაბელ იუპერს, ფანი არდანს და ყველა დანარჩენს გააოცებს. მთლიანი ფორმა არ არსებობს ნორმის გარეშე. სწორედაც ნორმის შეგრძნებაა ის, რაც ხიბლავს მაყურებელს, როცა ბირკინს აბსოლუტურად სულელურ ფილმებში ხედავს. ხიბლავს მსმენელს მის კონცერტებზე, მაშინაც კი, როცა ხმა უწყდება და ბგერას ვერ ეუფლება.

ჯეინ ბირკინის ბოლო როლი თავად ჯეინ ბირკინია თავისი ქალიშვილის, შარლოტა გინზბურგის ფილმში „ჯეინი, შარლოტას თვალით“. დედა და შვილი საუბრობენ ოჯახზე, ბავშვებზე, მარტოობაზე, ავადმყოფობაზე, სიკვდილზე... ჯეინი ერთგან აწყვეტინებს: „მე დაკარგული ადამიანები მიყვარს!“.

მათ მიმართ ერთგულება ჩვენმა პენელოპემ სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა.