ჯგრგ სალჭუბრიშ - უხილავი ტაძარი ჭუბერში 

ჭუბერის ხეობა

სვანეთში, ჭუბერის ხეობაში შემონახულია გადმოცემა უხილავი ტაძრის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის, ის დღემდე ხეობის მფარველად მიიჩნევა.

„ჭუბერის წმინდა გიორგიმ დაგლოცოს“, „ჭუბერის წმინდა გიორგიმ დაგიფაროს“... ასეთ ფრაზებს ჭუბერში ხშირად გაიგონებ. თუმცა, თუ ვინმე შეეცდება, ჭუბერის წმინდა გიორგის სალოცავში მივიდეს და სანთელი დაანთოს, აღმოაჩენს, რომ მსგავსი რამ არათუ ახლა არ არის, არც არასდროს არსებულა.

გამოტოვებული ეპოქა

ჭუბერის თემი, რომელშიც ათამდე სოფელი შედის, მდინარე ნენსკრას ხეობაშია და ზემო სვანეთს ეკუთვნის. აქ ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის კვალი ჭუბერში ანტიკური ეპოქიდან ჩანს, მაგრამ შემდეგ საუკუნეებში ეს ადგილები რატომღაც უკაცურდება. ერთი ვერსიით, ჭუბერი მოსახლეობისგან მე-6 საუკუნეში, ირანისა და ბიზანტიის დაპირისპირების გამო დაიცალა. ხელახალი დასახლება აქ მხოლოდ მე-19 საუკუნიდან იწყება. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ლეგენდა სალჭუბრის წმინდა გიორგიზეც.

ჯგრგ სალჭუბრიშ - წმინდა გიორგი სალჭუბერისა

ნატო სუბარი ჭუბერის სკოლაში ქართულს ასწავლის. ის ადგილობრივ გადმოცემებს ჯერ კიდევ იმ დროიდან აგროვებს, როდესაც სტუდენტი იყო და უნივერსიტეტში ფილოლოგიას სწავლობდა. სალჭუბრის წმინდა გიორგიზეც ბევრი რამ აქვს ჩაწერილი.

ნატო სუბარი

ამბავი ერთი ჭუბერელი კაცით, ნავლად ვიბლიანით იწყება, რომელიც კლდოვან ადგილას გამოქვაბულის კარს გადააწყდა.

ხელში ჯოხი ეჭირა, სვანებს აქვთ ასეთი ჯოხი, წვეტიანია და რკინის ბუნიკით ბოლოვდება, ნადირობისას, ტყეში სიარულისას იყენებენ. მოდიოდა და ეს ჯოხი რბილ მასაში ჩაერჭო. რომ ამოწია, ცვილი შერჩა. გადაფხიკა ფერდობი, გაასუფთავა და ცვილით დაგმანული კარი დაინახა“, - ჰყვება ნატო სუბარი თქმულებას, რომელიც ჭუბერში ყველამ ზეპირად იცის.

კარის შეღების შემდეგ ნავლად ვიბლიანს გამოქვაბულში განძი დახვდა. უზარმაზარ ქვაბებში ოქროს მონეტები ეყარა, ერთ კუთხეში ჯაჭვით ოქროს ბატკანი იყო ჩამოკიდებული. ვიბლიანმა რამდენიმე ოქროს მონეტა და თოფი აიღო (ზოგი ამბობს, თოფიც ოქროსი იყოო) და გარეთ გამოვიდა. აქ კი ნახა, რომ გარშემო მთის მწვერვალები ცეცხლში გახვეულიყო. შეშინებულმა ნაპოვნი თოფი ისევ უკან დააბრუნა. ცეცხლი ჩაქრა.

სწორედ იმის გამო, რომ განძის აღმოჩენას თან სასწაული მოჰყვა, ადგილობრივების მეხსიერებაში ეს ადგილი ტაძართან და კონკრეტულად წმინდა გიორგისთან გაიგივდა, რადგან სვანეთში წმინდა გიორგის განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ გადმოცემის ჭუბერში ბევრს სჯერა და ბევრიც ეცადა უხილავი ტაძარი ისევ ეპოვა, მისი მნახველი სხვა აღარავინ გამოჩენილა.

„1989 წლიდან ვიწერ თქმულებებს ამ სალოცავზე. ჩემს ბავშვობაში, ძველი თაობის ხალხი ჰყვებოდა, ჩვენ გვინახავს ის ცეცხლი მთების კიდეებზეო. ამას ძალიან გადაჭრით ამბობდნენ, გაჩნდა ცეცხლი და მერე უცებ ჩაქრაო.

დღემდე ჭუბერსა და ბალს ქვემო სვანეთში ჩამოლოცვაში ყოველთვის ახსენებდნენ ჯგრგ სალჭუბრიშს. ჩემს ოჯახში დედის მხრიდან ბებია იყო მლოცველი, მამის მხრიდან - ბაბუა. ჩამოლოცვაში ჯერ მამაღმერთს და ღვთისმშობელს ახსენებდნენ, შემდეგ წმინდა გიორგის სალოცავებს, სვანეთში ძალიან ბევრი სალოცავია წმინდა გიორგის სახელზე. ამ დროს აუცილებლად იტყოდნენ, წმინდა გიორგი სალჭუბერისა, შეგვეწიეო“, - ამბობს ნატო სუბარი. მისი თქმით, კომუნისტურ ეპოქაში, როდესაც საბჭოთა რეჟიმი სასულიერო პირებს დევნიდა, ღვთისმსახურების რიტუალებმა ეკლესიებიდან სახლებში გადაინაცვლა. მღვდლების ნაცვლად მათ უკვე საერო პირები ასრულებდნენ, ვისაც როგორ ახსოვდა და როგორც შეეძლო, ისე.

ნელ-ნელა გახალხურდა ეს ყველაფერი. აუცილებლად აცხობდნენ კვერებს, ჯვარს დაუსვამდნენ. ამ პურებით ხელში შესთხოვნენ მამა ღმერთს, წმინდანებს. ჩამოთვლიდნენ თავიანთი ხეობის სალოცავებს, დედულეთისას, ახლაც ყურში მიდგასიესო ქრისტე ქალაქისაო“, ანუ ქალაქში რომ სალოცავი ენახათ, იმასაც იხსენიებდნენ“.

უხილავი ეკლესიის საიდუმლო მსახურები

წმინდა გიორგის სალოცავის ზუსტი ადგილი ჭუბერში არავინ იცის, მხოლოდ ვარაუდი აქვთ. სჯერათ, რომ თუ ამ ნავარაუდევ ადგილს ვინმე ზედმეტად შეუთამამდა - მაგალითად, ბევრი ხე მოჭრა - შეიძლება დაისაჯოს. სოფელში იმასაც ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა სალოცავს განდობილი და საიდუმლო მსახურებიც ჰყავდა. განსაკუთრებით ერთ ოჯახზე ჰქონდათ ეჭვი, რომლის წევრებს ხშირად ხედავდნენ სარიტუალო პურებით იმ ადგილისკენ მიმავალს, სადაც ეს სალოცავი ეგულებოდათ. ჭუბერში სჯერათ, რომ თუ დაიმსახურებენ, სალოცავი როდესმე ისევ ხილული გახდება.

უფროსები ამბობდნენ, ივნისი იყო, ყანების თოხნის დრო, მოწმენდილ ცაზე უცებ დაიქუხა და ცეცხლი მოედო მთის წვერებსო. მერე ჩამქრალა ისევ ცეცხლი. ეს ბევრმა ადამიანმა დაინახა. სჯეროდათ, რომ წმინდა გიორგის სალოცავი ჭუბერის ხეობას იცავს“, - ჰყვება ადგილობრივი თემურ ვიბლიანი.

ჭუბერის ხეობა

ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, რომ ჭუბერში ისტორიულად მადანს მოიპოვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ცხოვრება საუკუნეების განმავლობაში შეწყვეტილი იყო, იქ მაინც დადიოდნენ მონადირეები და შემთხვევითი აღმოჩენებიც არ იყო იშვიათი.

„როდესაც ჭუბერი ისევ დასახლდა, ხვნის დროს მონეტებიც ამოდიოდა მიწიდან. ამიტომ მოსახლეობას ყოველთვის ჰქონდა განწყობა, რომ აქ შეიძლება საგანძური იყოს. შეიძლება ამანაც განაპირობა ამ თქმულების წარმოშობა. რაც შეეხება სიტყვასალჭუბრიშს“, ჭუბერის ადგილას იყო სოფლები სალი და ფაჟი, რომლებიც განადგურდა“, - ამბობს როზეტა გუჯეჯიანი.

თსუ-ს პროფესორი, ფოლკლორისტი ქეთევან სიხარულიძე განმარტავს, რომ განძისა და დაფარული სიწმინდის მოტივი ფოლკლორში საკმაოდ ხშირად გვხვდება და თან არა მხოლოდ საქართველოში.

კონკრეტულად ეს გადმოცემა არ გამიგია, მაგრამ სვანეთში ნამდვილად იცის ხალხმა ისეთი რაღაცები, რაც არსად დაბეჭდილა და უფრო ოჯახებმა შემოინახეს. გადმოცემებია, რიტუალებიც კი, რომელიც უნდა დაფიქსირდეს, - ამბობს ის, - ფოლკლორში გვხვდება თქმულებები, როდესაც რაღაც სიწმინდე უჩინარდება, იფარება. მნათობებზე და ცაზეც კი არის ასეთი ლეგენდები. საერთო კავკასიური გადმოცემაა, რომ ადრე ცა იმდენად დაბლა იყო, ადამიანები და ღმერთები ერთმანეთს ხედავდნენ. მაგრამ შემდეგ ხალხის უდიერი საქციელის გამო ცა აიწია“.

ქეთევან სიხარულიძე ამბობს, რომ შენახული, დაფარული განძი თქმულებებში ძირითადად ზნეობის გამოცდასთან ასოცირდება.

წაგიცდება ხელი? იქნები სულხარბი? თუ კი, ამას სასჯელი მოსდევს. კულტურულ მოტივებში ასეთი განძი, როგორც წესი, ხელუხლებელი რჩება“.