1993 წლის 8 აგვისტოს საქართველოში გახმაურებული მკვლელობა მოხდა. მცხეთასთან, გზაზე, თავში ესროლეს და მოკლეს აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, CIA-ს, წარმომადგენელი, ფრედ რასელ ვუდრაფი. ავტომანქანაში ვუდრაფთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს იმჟამინდელი სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელის, ედუარდ შევარდნაძის, დაცვის უფროსი ელდარ გოგოლაძე და ორი ქალი, რომელთაგან ერთი მოგვიანებით რუსეთის სამხედრო ჯაშუში აღმოჩნდა.
გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ვუდრაფი იმსხვერპლა ბრმა ტყვიამ, რომელიც მის მანქანას სამხედროფორმიანმა პირმა ესროლა. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში დანაშაული და ძალადობა ფართოდაა მოდებული და CIA ქვეყანას ნარკოტიკების გადაზიდვის მნიშვნელოვან ტრანზიტად მიიჩნევს.
ვუდრაფის მკვლელობის შემდეგ გვამის ამოსაცნობად საქართველოში ჩავიდა CIA-ს მაშინდელი ხელმძღვანელი, ჯეიმს ვულსი. სასამართლო 1994 წელს გაიმართა და მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს ახალგაზრდა კაცი, ანზორ შარმაიძე, რომელსაც თოთხმეტწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
კითხვები და ეჭვები
გამოძიების დასკვნით, ის პიროვნება, - ან პიროვნებები, - რომელსაც შეეძლო ფრედ ვუდრაფის მოკვლა, დადგენილი არ არის.მაიკლ პულარა
თუმცა მკვლელობის ეს ვერსია, ბევრთან ერთად, არ დაიჯერა ტეხასელმა ადვოკატმა და ვუდრაფების ოჯახის მეგობარმა, მაიკლ პულარამ, და სიმართლის დადგენა დაისახა მიზნად. შარმაიძის სასამართლოს საქმეების გაცნობისა და გამოძიების ფედერალური ბიუროდან თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან დოკუმენტების გამოთხოვის შემდეგ პულარა დარწმუნდა, რომ შარმაიძე უდანაშაულო იყო, ხოლო ვუდრაფის მკვლელობის უკან, სინამდვილეში, რუსეთი იდგა.
მაიკლ პულარა რამდენჯერმე ჩავიდა თბილისში, მათ შორის 2005 წლის ნოემბერში, და მაშინდელ ხელისუფლებას ჩაუტანა მოკლულის ოჯახის წერილი, რომელიც შარმაიძის გათავისუფლების თხოვნას შეიცავდა. ვუდრაფის ოჯახი ამბობდა, უდანაშაულო ადამიანის პატიმრობა გარდაცვლილის სულს ამძიმებსო.
"ამერიკულმა მხარემ ჩაატარა მრავალი და საკმაოდ ხანგრძლივი გამოძიება ამ მკვლელობასთან დაკავშირებით. წლების მანძილზე ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ეს საქმე სამჯერ გამოიკვლია. გამოძიების დასკვნით, ის პიროვნება, - ან პიროვნებები, - რომელსაც შეეძლო ფრედ ვუდრაფის მოკვლა, დადგენილი არ არის. მაგრამ, მეორე მხრივ, მათ დანამდვილებით მოიპოვეს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ დანაშაული ანზორ შარმაიძეს არ ჩაუდენია”, - ამბობდა მაიკლ პულარა მაშინ, 2005 წელს. ადვოკატმა 2008 წელს მიზანს მიაღწია და შარმაიძე ციხიდან გაათავისუფლეს.
„ჯაშუში, რომელიც მიატოვეს“
თუკი სააგენტომ იცის, რომ ეიმსი ჯაშუშია და იცის, რომ ამგვარი კონფრონტაცია მოხდა და ისინი ვუდრაფს არ იცავენ იმ ინფორმაციისგან, რომელიც მან, შესაძლოა, შეიტყო, ვფიქრობ, გარკვეული პასუხისმგებლობის საკითხი დგება.მაიკლ პულარა
ახლახან გამოვიდა პულარას წიგნი ამ საქმის შესახებ, სათაურით „ჯაშუში, რომელიც მიატოვეს“. წიგნში ავტორი დეტალურად აღწერს მის მიერ ჩატარებულ გამოძიებას, რომელმაც ათწლეულები და ბევრი ქვეყანა მოიცვა და გამოდის ვარაუდით, რომ ვუდრაფის მკვლელობა უკავშირდება CIA-ს ვეტერან აგენტს, ოლდრიჩ ეიმსს, რომელიც ვუდრაფის მკვლელობიდან რამდენიმე თვეში საბჭოთა კავშირისთვის ჯაშუშობაში ცნეს დამნაშავედ.
ამ წიგნისა და ჩატარებული გამოძიების შესახებ პულარას ინტერვიუ ჩამოართვა ჟურნალმა „ნიუსვიკმა“. ინტერვიუ 13 ნოემბერს გამოქვეყნდა. საუბარში პულარა ამბობს, რომ ამ ახალი წიგნის გაყიდვის მეწილედ ანზორ შარმაიძე დაასახელა - მსურდა მას დამსახურებული ანაზღაურება მიეღო საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვისო.
ინტერვიუში პულარა კრიტიკულ შეხედულებებს გამოთქვამს ნაბიჯებზე, რომლებიც CIA-მ გადადგა ვუდრაფის მკვლელობის წინა პერიოდში. ის ადასტურებს, რომ დიდ პატივს სცემს როგორც CIA-ს, ისე FBI-ს მუშაობას, თუმცა იქვე ამბობს, რომ ოლდრიჩ ეიმსის საქართველოში გაგზავნის მომენტში სააგენტომაც და ბიურომაც უკვე იცოდა, რომ ის ჯაშუში იყო. „მათ უკვე გაჩხრეკილი ჰქონდათ მისი სახლი და ოფისი, უკვე დაყენებული ჰქონდათ აუდიო და ვიდეოთვალთვალის აპარატურა და მას უკვე 24 საათის განმავლობაში უთვალთვალებდნენ“, - ამბობს პულარა და დასძენს, რომ ეიმსის წინააღმდეგ გამოძიება უკვე თითქმის დასრულებული იყო, მაგრამ ეიმსს არ აპატიმრებდნენ, ჯერ მხოლოდ უთვალთვალებდნენ, რადგან, პულარას ვერსიით, მის მოქმედებას სხვა ჯაშუშების გამოაშკარავება შეეძლო.
მას, შესაძლოა, ბევრი რუსი ჰყოლოდა მოკლული და მაინც სამუდამო პატიმრობა მიეღო. მაგრამ თუკი CIA-ლი კოლეგის მკვლელობა ჰქონდა გამოწვეული, ამ შემთხვევაში ძალიან გართულდებოდა მისთვის სიკვდილით დასჯის თავიდან აცილებამაიკლ პულარა
ცნობილია, რომ თბილისის ერთ-ერთ ბარში ვუდრაფსა და ეიმსს შორის მწვავე შელაპარაკება მოხდა. „არავინ იცის კონკრეტულად რაზე იჩხუბეს, მაგრამ კონტექსტი გვიკარნახებს, რომ იმ ღამით ეიმსი დათვრა და რაღაც ისეთი თქვა, რამაც ვუდრაფში ეჭვი აღძრაო“, ეუბნება პულარა „ნიუსვიკს“ და იქვე გამოყოფს, მისი აზრით, მთავარ პრობლემას: „თუკი სააგენტომ იცის, რომ ეიმსი ჯაშუშია და იცის, რომ ამგვარი კონფრონტაცია მოხდა და ისინი ვუდრაფს არ იცავენ იმ ინფორმაციისგან, რომელიც მან, შესაძლოა, შეიტყო, ვფიქრობ, გარკვეული პასუხისმგებლობის საკითხი დგება“.
პულარა მიიჩნევს, რომ სააგენტოს არ აღმოაჩნდა ვუდრაფის დასაცავი გეგმა მას შემდეგ, რაც ვუდრაფი უკვე ცნობილ მოღალატეს შეხვდა, და, მისი აზრით, სწორედ ამ გეგმის უქონლობამ გაზარდა ვუდრაფისთვის საფრთხე, შემდეგ კი CIA-ს მკვლელობის საქმის დაფარვისკენაც ამან უბიძგა.
ამ ვარაუდის საფუძვლად მას ის გარემოება მოაქვს, რომ თუკი ეიმსს ვუდრაფთან საკუთარი ჯაშუშობის შესახებ რაღაც მართლაც წამოსცდა იმ ღამით ბარში, მას საკუთარი შეცდომა აუცილებლად ეცოდინებოდა. პულარა თვლის, რომ ეიმსი, ლოგიკურად, რუს მოკავშირეებს დაუკავშირდებოდა, რომლებმაც, ეიმსის საზღვარზე გადაყვანისა და რუსეთში ჩაყვანის ნაცვლად, მისი დაცვა ვუდრაფის მოკვლით განიზრახეს. „რუსები იცნობდნენ CIA-ს მუშაობის კულტურას და იცოდნენ, რომ ვუდრაფი თავის ეჭვებს არავის გაუზიარებდა მანამ, სანამ მთავარ შტაბბინაში დაბრუნდებოდა, ლენგლიში, ვირჯინიის შტატში. ამდენად, რუსებს ორკვირიანი პერიოდი ჰქონდათ მის მოსაკლავად“, - ამბობს პულარა.
იოსელიანს და მის არმიას ახლო კავშირები ჰქონდათ რუსეთის სამხედრო დაზვერვასა და ვუდრაფთან მანქანაში მყოფი სამი პირიდან ორთან.მაიკლ პულარა
„როცა ეიმსი ბოლოს მაინც დააპატიმრეს, 1994 წლის თებერვალში - ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც ვუდრაფის მკვლელობაში ანზორ შარმაიძე ცნეს ბრალდებულად, FBI-მ მაშინვე დაიწყო იმის გამოძიება, იყო თუ არა კავშირი ეიმსსა და ვუდრაფის მკვლელობას შორის. მაგრამ ამ გამოძიების გაგრძელება მათ დისკომფორტს უქმნიდა. ეიმსის დაპატიმრებამ ახალი საჭიროება შექმნა - ეს მოღალატე არ უნდა ყოფილიყო დადანაშაულებული ამერიკელის მკვლელობაში. მას, შესაძლოა, ბევრი რუსი ჰყოლოდა მოკლული და მაინც სამუდამო პატიმრობა მიეღო. მაგრამ თუკი CIA-ლი კოლეგის მკვლელობა ჰქონდა გამოწვეული, ამ შემთხვევაში ძალიან გართულდებოდა მისთვის სიკვდილით დასჯის თავიდან აცილება, CIA-ს კი ეიმსი ცოცხალი სჭირდებოდა, რათა მომავალი 30 წლის განმავლობაში ის დაეკითხათ“, - ამბობს პულარა და დასძენს, პოლიტიკურად ხელსაყრელი ვითარება პოლიტიკურ საჭიროებას გადაეჯაჭვა, შედეგად კი ფრედი ვუდრაფი ყველამ მიატოვაო.
საქართველოს 1990-იანები
ამ ინტერვიუში პულარა საქართველოს მაშინდელ მთავრობაზეც ლაპარაკობს და ამბობს, რომ რეალური ხელისუფლება მაშინ „მაფიის ნათლია“ ჯაბა იოსელიანს და 5000-მდე წევრისგან შემდგარ გასამხედროებულ დაჯგუფება „მხედრიონს“ ეჭირათ ხელში. „იოსელიანს და მის არმიას ახლო კავშირები ჰქონდათ რუსეთის სამხედრო დაზვერვასა და ვუდრაფთან მანქანაში მყოფი სამი პირიდან ორთან“, - ამბობს პულარა. მისი თქმით, მკვლელობის რეალური გამოძიება რომ ჩატარებულიყო, გამოიკვეთებოდა „გრუს“ როლი, რაც არ იქნებოდა იოსელიანის ინტერესებში. „სანამ [იოსელიანი] ან რუსეთი ამას დაუშვებდნენ, ისინი შევარდნაძეს ხელისუფლებიდან გააძევებდნენ, ამერიკას კი საქართველოდან“, - ამბობს პულარა. თუმცა, მისი აზრით, მაშინდელ საქართველოში მოქმედი ყველა ჯგუფის ინტერესი გადაიკვეთა იქ, რომ პრობლემა უნდა გამქრალიყო და აშშ-ც კმაყოფილი დარჩენილიყო. „რადგან მაშინაც კი, თუკი მხედრიონი ხარ, მაინც გინდა ქვეყანაში ამერიკული ფული შემოდიოდეს“, - ამბობს პულარა.
ამერიკის დაკმაყოფილება კი იოლი აღმოჩნდაო, ამბობს ადვოკატი და იხსენებს ედუარდ შევარდნაძის მონათხრობს, რომ როცა ის აეროპორტში CIA-ს დირექტორს, ვულსის, შეხვდა ვუდრაფის გვამის გადასაცემად, ვულსის მომხდარი მკვლელობა არც უხსენებია. ამ უცნაური გამოტოვებიდან შევარდნაძემ დაასკვნა, რომ აშშ-ს სურდა ეს ისტორია მიჩქმალულიყო.
„ცვლილების მოხდენა ყველას შეუძლია“
ინტერვიუს ბოლოს, მისი წიგნის ძირითად მიზნებზე საუბრისას, პულარა ამბობს, რომ სურდა ღირსება აღედგინა როგორც ფრედი ვუდრაფისთვის, ისე ვუდრაფების მთელი ოჯახისა და ანზორ შარმაიძისთვის. „ვფიქრობ, ფრედი გმირი იყო, მაგრამ მისთვის ეს სტატუსი არასოდეს მიუნიჭებიათ“, ამბობს წიგნის ავტორი და იქვე დასძენს: „ჩემი მთავარი მიზანი კი ისაა, რომ ადამიანები დავარწმუნო - მათ შეუძლიათ ცვლილების გამოწვევა. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ საკითხს - თუკი რაიმე ძალიან გაღელვებს, შეძლებ გავლენის მოხდენას. საინტერნეტო ‘ლაიკების’ დასმა ან ტვიტერში ინფორმაციის გავრცელება არ არის ერთადერთი რამ, რაც შეგიძლია. მე გეუბნებით, რომ ყველას ძალგვიძს ფართო ასპარეზზე გასვლა და ცვლილების მოხდენა“.