ჯარის გაძლიერება თუ მონობა  - ხმაური სავალდებულო გაწვევის საკითხზე

"გირჩის" აქცია "თავდაცვის კოდექსის" წინააღმდეგ, პარლამენტის შენობასთან. 11 მარტი, 2023 წელი.

ახალი თავდაცვის კოდექსის დამტკიცების შემდეგ, „გირჩის" „ბიბლიური თავისუფლება”​​​​​​​​​​​​​​ ვეღარ შეძლებს ათასობით ახალგაზრდის ჯარიდან დახსნას. ახალგაზრდები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ სახელმწიფო მათ „მონობისთვის“ იმეტებს და ეს პროცესი თავდაცვის მიზნებს არ ემსახურება.

მთავრობის მიერ ინიციირებული „თავდაცვის კოდექსი“ და მისი თანმდევი 45 კანონპროექტის პაკეტი, რომლებსაც, 21-22 მარტს, პარლამენტის სხდომაზე გვიან საღამომდე განიხილავდნენ, დიდი ალბათობით, 23 მარტს, პირველი მოსმენით დამტკიცდება.

ამ პაკეტიდან სავალდებულო გაწვევა „გირჩმა“ ყველაზე ხმაურიან თემად აქცია, ალტერნატიული კანონპროექტების პაკეტიც მოამზადა და ორი საპროტესტო აქციაც (11 და 21 მარტს) გამართა.

„თქვენ გერჩიან იმიტომ, რომ მთავრობას თქვენი ეშინია... ამიტომ არ უშვებს ხელიდან თქვენი მონობის ინსტრუმენტს... მხოლოდ ახალგაზრდა ბიჭებს შეუძლიათ აჯანყება მონობის წინააღმდეგ“, - თქვა „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ 21 მარტს, პარლამენტის შენობის წინ გამართულ მიტინგზე.

თავდაცვის სამინისტრო „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლების“ მიერ გაკვალულ გზასა და 50 ლარად ახალგაზრდების ჯარიდან დახსნას ჯარის „დასუსტებას“ და „მავნებლობას“ უწოდებს; „გირჩი“ კი მოქმედებს პრინციპით - „ვისაც ჯარში არ უნდა, იმას ჯარში რა უნდა?!“ და სახელმწიფოს მხოლოდ კარგად ანაზღაურებადი საკონტრაქტო ჯარის ყოლისკენ მოუწოდებს.

ძირეულ რეფორმასა და „ნატოს სტანდარტებს“ სახელმწიფო წვევამდელებს 2025 წლიდან ჰპირდება.

  • ვის როდის წაიყვნენ ჯარში?
  • რას ამბობს სახელმწიფო და რა პოზიცია აქვთ „გირჩელებს“?

სახელმწიფო მთავაზობს "რაღაცას"

24 წლის თორნიკემ „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის საბუთით უკვე რამდენჯერმე ისარგებლა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჯარს დღემდე ამ გზით აარიდა თავი. ახალი თავდაცვის კოდექსის დამტკიცების შემთხვევაში, მას და სხვა ათასობით ახალგაზრდას, ასეთი შესაძლებლობა აღარ ექნებათ. 27 წლამდე ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გაიწვიონ ჯარში.

„პროგრამისტი ვარ. ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში, ვიღებ შემოსავალს ხან დოლარში, ხან ევროში, არ ვარ დამოკიდებული საქართველოს ბიუჯეტზე, ქვეყნის ეკონომიკაში ჩემი წვლილი შემაქვს - ჩვეულებრივად ვიხდი ყველა გადასახადს... ჩემი გეგმები მაქვს, ჩემი პროექტები, მიზნები მაქვს... ახლა მოვიდა სახელმწიფო და მეუბნება, რომ ეს ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდო, ფორმა ჩავიცვა, თმა გადავიპარსო და რაღაც უნდა გავაკეთო. ეს „რაღაცა“ 2025 წლამდე იქნება - ან სადმე დარაჯად მუშაობა, ანდა სადმე „ვიშკაზე“ დგომა, სასაცილო ხელფასისთვის“, - ეუბნება თორნიკე რადიო თავისუფლებას და აზუსტებს ასევე, რომ „საკუთარი ნების გარეშე“ ჯარში გაწვევა მისთვის არც კარგ პირობებშია მისაღები, თორემ ისე, მზად არის ფული იქითაც გადაიხადოს:

„დიდი სურვილი მაქვს, რომ სადმე ნორმალურად მოვემზადო ან გადავემზადო, ტრენინგი რომ იყოს ან რაღაც, თვეში 2 დღით, ვთქვათ... იარაღის სროლა რომ შევძლო და ასე, აი, რაც მათ [სახელმწიფოს] უნდათ, იდეაში რა... იარაღის ხელში დაჭერა მეც მინდა, ჩემი ნებით. მაგრამ ძალდატანებით და ერთი წლით - ამის წინააღმდეგი ვარ“.

და რას უპასუხებდა თორნიკე მათ, ვინც ახალგაზრდების ამ პოზიციას დეზერტირობას უწოდებს და სახელმწიფოსთვის დამაზიანებლად თვლის?

„ჯარში უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ჯარისკაცობა უნდა და მოტივაცია აქვს - ან ფულადი, ან მართლა დიდი სურვილი აქვს ბრძოლის. მან მისთვის უნდა აიღოს შესაბამისი ანაზღაურება, უნდა ჰქონდეს შესაბამისი პირობები, თავისი დაზღვევით და ყველანაირად რაც შეესაბამება მათ შრომას... ცოტაა, ახლა ბიუჯეტიდან თავდაცვაზე რაც იხარჯება [1.58%]. მინიმუმ გასაორმაგებელია ეგ. ადამიანს ხელფასად 2000 ლარი რომ დაუნიშნო, იმდენი მსურველი გამოჩნდება, რომ გასაფილტრი გახდება“, - ასეთია თორნიკეს პოზიცია, პარტია „გირჩის“ მიდგომების იდენტური. მას ძალიან დიდი ეჭვი ეპარება იმაში, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ შვილებს ჯარში გაუშვებენ.

„თავდაცვის კოდექსისა“ და მისი თანმდევი 45 კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცესში, ბოლო ორი დღეა, პარლამენტის სხდომებზე, „გირჩის“ დეპუტატებს ნამდვილი ბრძოლა აქვთ გამართული. „გირჩისთვის“ ახალი რეგულაციები არაფრით განსხვავდება რუსულ ჯარში დანერგილი სისტემისგან და ამის შესახებ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ტრიბუნიდანაც ილაპარაკა. მისი თქმით, „პროექტი თავისი ბუნებითა და შინაარსით რუსულია“, ხოლო მისი ერთადერთი პოლიტიკური მიზანი - „ბიბლიური თავისუფლების“ წინააღმდეგ ბრძოლაა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე განმარტავს, რომ ძირეული რეფორმის ამოქმედებამდე, 2025 წლის 1 იანვრამდე, ვიდრე წვევამდელები ნატოს სტანდარტებით მომზადებას, უშუალოდ და მხოლოდ, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შეძლებენ, მასშტაბური სამუშაო იქნება შესასრულებელი - იქნება ეს ინფრასტრუქტურის გამართვა თუ ინსტრუქტორების შესაბამისი კონტინგენტის მომზადება. მაგრამ მანამდე, კანონის დამტკიცებისთანავე გაუქმდება „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის მექანიზმი - გაათავისუფლოს ახალგაზრდები ჯარიდან, რასაც მთავრობა არაკეთილსინდისიერსა და მანკიერს უწოდებს.

„აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება არაკეთილსინდისიერი ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ შესაძლებლობა დაეხმარონ ცალკეულ პირებს თავი აარიდონ გაწვევას“, - წერია თავდაცვის კოდექსის განმარტებით ბარათში.

„თქვენ თითქოს ძალიან ლეგიტიმურ საფუძვლად მიგაჩნიათ, რომ ე.წ. სერტიფიკატების საფუძველზე რეალურად ხდება ჯარის დასუსტება, ჯარისგან თავის არიდება. ჩვენ ამ პრობლემას ვხედავთ და ეს პრობლემა რაც არის, მავნებლური პრაქტიკა, რაც გამოყენებული იყო საკანონმდებლო ხარვეზი, სწორედ კანონის მიღებისთანავე უნდა აღმოვფხვრათ ეს მანკიერება“, - ასე უპასუხა გიორგაძემ „გირჩელებს“, რომლებიც, თავის მხრივ, დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ თავდაცვის სამინისტროს ეპასუხა შეკითხვაზე - თუკი სახელმწიფო „ნატოს სტანდარტებით მომზადებას“ მხოლოდ 2025 წლიდან აპირებს, რა მიზანს ემსახურება ახალგაზრდების ძალდატანებით წაყვანა „დისკრედიტირებულ“ ჯარში?!

გრიგოლ გიორგაძე განმარტავს, რომ სიტყვა „დისკრედიტაცია“ ჯართან მიმართებით არასდროს უხსენებია, მაგრამ ფიქრობს, რომ „დღევანდელი გაწვევის სისტემა არ არის სწორი სისტემა“.

სავალდებულო სამხედრო სამსახურს ზოგადად მხარს უჭერს და „მონობად“ ვერ აღიქვამს, მაგრამ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც იზიარებს „გირჩის“ ლოგიკას: როცა ინფრასტრუქტურა 2025 წლამდე ვერ გაიმართება, არანაირი აზრი არა აქვს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, დღეს არსებულ პირობებში, როცა „მართლა ყარაულებად, შლაგბაუმის ამწევებად და კარის გამღებებად არიან ბიჭები [ჯარში]“.

ასევე ნახეთ კიდევ ერთი აქცია რუსთაველზე - რატომ აპროტესტებენ "თავდაცვის კოდექსს" და ვის წაიყვანენ ჯარში
ასევე ნახეთ თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანას "კარგად გაწვრთნილი რეზერვი უნდა ჰყავდეს"

270 ტყვია გვასროლინეს

„გირჩის“ აქტიური მხარდამჭერი, 33 წლის თამაზ თიკანაძე რადიო თავისუფლებასთან იხსენებს 2014 წელს, როცა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთი წლის გატარება თავდაცვის სისტემაში, კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მოუწია.

„ამას ჯართან არანაირი სიახლოვე არ ჰქონდა. ჩვეულებრივად, ისევე, როგორც დაცვის სამსახურებში არიან, ვიდექით შლაგბაუმებთან, „ვიშკებზე“ და ასე შემდეგ... ცენტრალურ ჭიშკარს არ გვანდობდნენ, შიდა ეზოში გვაყენებდნენ... ისე, დაცვის პოლიციისგან განსხვავებით, სადაც ავტომატსაც ვერ ნახულობდნენ, ჩვენ უკეთეს პირობებში ვიყავით - 270 ტყვია ვისროლეთ; მაგრამ, ხომ გასაგებია, 270 ტყვიით არაფერი ისწავლება“, - უთხრა თამაზ თიკანაძემ რადიო თავისუფლებას და დაამატა, რომ, მით უფრო ასეთ სიტუაციაში ვერ ხედავს ახალგაზრდების ძალით გაწვევის აზრს.

თიკანაძე გვიყვება, რომ ჯარში ხელფასი 170 ლარი ჰქონდა, მაგრამ სხვადასხვა გადასახადის გამოკლებით, ხელზე მხოლოდ 7 ლარსა და 20 თეთრს იღებდა. „აქ იყო [სამხედრო] ფორმის ფული, წელიწადში ორჯერ. აქ იყო კვების ფული და დაზღვევის ფული, რაც სავალდებულო იყო“, - ამბობს ის.

მოქმედ კანონმდებლობაში წვევამდელთა ხელფასად 125 ლარია განსაზღვრული. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 1 აპრილიდან წვევამდელთა ხელფასი 125-დან 200 ლარამდე გაიზრდება და ამ თანხას ისინი ხელზე აიღებენ.

ასევე ნახეთ მართლმადიდებელი მღვდელი ჯარს გვერდს აუვლის, სხვები ვერა - რა წერია თავდაცვის ახალ კოდექსში

ახალი კოდექსით, რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს აღარ რჩებათ შესაძლებლობა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს აარიდონ თავი და მათ, ჯერჯერობით კვლავ დაუზუსტებელ პირობებსა და ვითარებაში, მხოლოდ ალტერნატიული სამსახურის გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თავდაცვის კოდექსი თანაბარ პირობებში აყენებს ყველა რელიგიურ კონფესიას, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების შესაძლებლობა კვლავ რჩებათ, სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით. ამ შეთანხმების მეოთხე პუნქტში წერია, რომ „სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან“.

„გირჩელებისთვის“ და არა მხოლოდ, ეს მიდგომა დისკრიმინაციულია.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვლება სახელი და ეწოდება - „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“.

„თავდაცვის კოდექსის" მიხედვით, 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება შემდეგი ცვლილებები:

  • სავალდებულო სამსახურის 12-თვიანი ვადა შემცირდება: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; ხოლო უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე;
  • სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით“;
  • სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მოსაკრებელი გაიზრდება 2000 ლარიდან 10 000 ლარამდე (ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის);
  • წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე.
2024 წლის 1 იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში თუ სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა ხდება. მანამდე ეს ფუნქციები ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ.

რა უნდა იცოდნენ სტუდენტებმა?

„თავდაცვის კოდექსის“ 71-ე მუხლის თანახმად, „წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება“ შეეხება სტუდენტს, რომელიც - „არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე“.

თუმცა ამავე კოდექსის ხელმისაწვდომი ვერსიის 78-ე მუხლის ჩანაწერის თანახმად: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას „შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე" დაექვემდებარება, „საკუთარი სურვილით“ შეუძლია გაიაროს ან 6, 8 ან 11-თვიანი სამხედრო სამსახური ან სამხედრო მომზადების პროგრამა, რომელიც, თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით - „სწავლასთან თავსებადია“.

„სტუდენტის სტატუსი არის გადავადების საფუძველი, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ მოვახდინოთ [ჯარის] პოპულარიზაცია და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოვიწვიოთ თავდაცვით ძალებში. შესაბამისად, სწავლასთან თავსებადი პროგრამები შევიმუშავეთ... ეს არის, მაგალითად, 4-წლიანი პროგრამა, რომელიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ზაფხულობით, არდადეგების ხარჯზე მოხდება შეკრება, გადამზადება და 4 წლის თავზე უკვე მომზადებული ახალგაზრდა გვეყოლება, რომელიც ჩაირიცხება რეზერვში“, - თქვა გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტის სხდომაზე.

ეს ფორმულირება სტუდენტებისთვის ბუნდოვანია - ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გარკვეული სავალდებულო სამსახური მათ მაინც შეეხებათ? საკითხი ჯერ ბოლომდე არც თავად დეპუტატებისთვის არის გარკვეული.

4-წლიანი პროგრამის დეტალებითა და კანონში გაწერის შესაძლებლობით, 20 მარტს, სხდომაზე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თეონა აქუბარდია დაინტერესდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მას მიუთითა კოდექსის პროექტის 47-ე მუხლისკენ, სადაც მისი თქმით „გათვალისწინებულია ნებაყოფლობითი პროგრამები სტუდენტებისთვის“, ხოლო დანარჩენის განხილვა მეორე მოსმენის დროს შესთავაზა.

47-ე მუხლი რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამას შეეხება, რაც თავდაცვის მინისტრის მიერ მანამდე გაკეთებული განმარტებიათ, კანონის დამტკიცებისთანავე ამოქმედდება. თუმცა ამ მუხლში არ არის ჩანაწერი 4-წლიანი პროგრამის შესახებ.

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი მორიგი მასშტაბური აქციის წინა დღეს, 10 მარტს, თავდაცვის სამინისტრომ მედიასაშუალებებს აცნობა, რომ ჯარში სავალდებულო გაწვევა სტუდენტებს აღარ შეეხებათ. ამის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გავრცელდა 6 მარტსაც, როდესაც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში „თავდაცვის კოდექსის“ პროექტზე მსჯელობდნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მაშინ განაცხადა, რომ საპარლამენტო კომიტეტის შენიშვნას გაითვალისწინებენ და სტუდენტებს სამხედრო სამსახურის მხოლოდ ნებაყოფლობითი გავლის საშუალება მიეცემათ.

„თავდაცვის კოდექსში“ ყველაზე ხმაურიანი სავალდებულო გაწვევის კომპონენტი აღმოჩნდა, თუმცა ოპონენტები სამთავრობო პროექტს სხვადასხვა მიდგომისა და მასში ასახული არაერთი სხვა ნორმის გამოც აკრიტიკებენ.

თავდაცის სამინისტროს მიერ ინიციირებული კანონპროექტების პაკეტს 23 მარტს, 12 საათზე უყრიან კენჭს და, დიდი ალბათობით, პირველი მოსმენით დაამტკიცებენ კიდეც. „გირჩმა“ შეიმუშავა ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთლიანად ნებაყოფლობითი სამსახურის პრინციპს ემყარება და რომელსაც მხარს არ უჭერს უმრავლესობა.