ჯანა ჯავახიშვილი: "მაინც შეშინებული, უცხოს მოშიში თაობა ვართ"

15 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი, პროფესორი, ფონდის "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" წარმომადგენელი. მან ახალგაზრდების პროტესტზე ილაპარაკა. ის თვლის, რომ ახალგაზრდები არ შეიძლება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტოები იყვნენ და მათ მთელი არაძალადობრივი საზოგადოება უნდა დაუდგეს გვერდით: "ძალიან ხშირად მშობლების თაობას არ ესმის შვილების თაობის და მერე ათასი მითი ვრცელდება ხოლმე ახალგაზრდული პროტესტის შესახებ". ჯანა ჯავახიშვილის ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის ნაწილად განიხილავს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის ბრძოლას. მისთვის ასევე ცხადია, რომ ნარკოტიკების გასაღების მიმართ ბრძოლა უნდა იყოს შეუწყნარებელი. ჯანა ჯავახიშვილმა ილაპარაკა მითებსა და სტიგმაზე, რაც საზოგადოებაში ნარკომანიის პრობლემის მიმართ არსებობს და ხელს უშლის რეფორმას. რაც შეეხება კონკრეტულად 13 მაისს გამართულ კონტრაქციას, ჯანა ჯავახიშვილის დაკვირვებით, ის მართული იყო და ადამიანების ეს ჯგუფი ინსტრუმენტად არის ქცეული. ახალგაზრდების პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ კი, ფსიქოლოგის თქმით, ჯანსაღი ინსტინქტია. ჯანა ჯავახიშვილისთვის მიუღებელია ძალადობის მოსურნე ჯგუფების გვერდის ასავლელად ახალგაზრდების ავტობუსებით ევაკუაციის სტრატეგია: "არ შეიძლება ჩვენი პოლიცია ვერ გაუმკლავდეს იმ ჯგუფებს, რომლებიც ძალადობისკენ ილტვიან. თუ ჩვენი სახელმწიფო არ იქნება მგრძნობიარე ძალადობის მიმართ და ვერ მიხვდება სად უნდა გამიჯნოს ძალადობა თვითგამოხატვისგან, მაშინ სიკეთით არ დასრულდება ეს კოგნიტური შეცდომა", - ამბობს "დილის საუბრების" სტუმარი.

Your browser doesn’t support HTML5

ჯანა ჯავახიშვილი ახალგაზრდობის პროტესტზე