პოემის მიზანია, მკითხველი ღმერთთან მიახლების, ადამიანის ღმერთში განზავების მისტიკურ საიდუმლოებებს აზიაროს, ნაწარმოების თითოეული ნაწილი კი, მისი ყოველი წიგნი, ამ მეტაფიზიკური კიბის ახალი, წინასთან დაკავშირებული, თუმცა თვისებრივად განსხვავებული საფეხურია.
არაბულ-სპარსული ლექსთწყობის, „არუდის“ სპეციფიკური სალექსო საზომის – „მასნავის“ – ფორმით შექმნილ ამ უკვდავ პოემას თავისი დიდი მნიშვნელობის გამო ზოგჯერ „სპარსულ ყურანადაც“ მოიხსენიებენ. ნაწარმოები აღმოსავლური (მუსლიმური) მისტიციზმის ნამდვილ ენციკლოპედიად გვევლინება და თავს უყრის მისი შექმნის დროისათვის ისლამურ სამყაროში წამოჭრილ ყველა მნიშვნელოვან სააზროვნო ტენდენციას.
„არსთა მესნევის“ ავტორი, ჯალალ ედ-დინ მოჰამმად ბ. ბაჰა ად-დინ მოჰამმად იბნ ბალხი (1207-1273 წწ.), რომელიც ცნობილია ზედწოდებითაც „მოულანა“ („ჩვენი ბატონი“), გამოჩენილი სპარსელი მისტიკოსი და პოეტი, მოულავიას სუფიური საძმოს დამაარსებელ-ეპონიმი და არაფორმალური ხელმძღვანელია. გენიალური პოემის გიორგი ლობჟანიძისეულმა თარგმანმა საბას პრემია დაიმსახურა.