ხონის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაიწყეს, საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა უბანი საღამოს 8 საათზე დაიხურა და კენჭისყრა დასრულდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით:
- ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 57,9 %-მა.
- სულ 27 846 მოქალქემ გამოიყენა საკუთარი კონსტიტუციური უფლება და არჩევანი გააკეთა ექვს კანდიდატს შორის.
- გაერთიანებულ ოლქში სულ 60 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა და 48 123 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
როგორც სოფელ კუხის N7 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე აკაკი ვაშაკიძე რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ უბანზე ბოლო ამომრჩეველი საღამოს 19 საათსა და 58 წუთზე შევიდა და ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ უბანი ზუსტად 8 საათზე დაიხურა, რის შემდეგაც დაილუქა საარჩევნო ყუთი და გამოუყენებელი ბიულეტენები. აკაკი ვაშაკიძის განცხადებითვე, ერთიან საარჩევნო სიებში ამომრჩევლები დაითვალეს გენდერული ნიშნით და უბანზე მისული 594 ამომრჩევლიდან, ქალი არის 299, მამაკაცი – 295. N7 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ინფორმაციით, გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმა მისცა 26 ამომრჩეველმა, ამასთან , უბანზე არ გაბათილებულა არც ერთი საარჩევნო ბიულეტენი.
კენჭისყრის დღეს ხონის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი შევიდა. არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცედურები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვასილ კოპალიანმა რადიო თავისუფლებასთან განცხადა, არჩევნების შედეგების პროგნოზირება რთულია, თუმცა არჩევნების დღეს საინიციატივო ჯგუფის დამკვირვებლებმა და წევრებმა უბნებსა და მათ მიმდებარედ დააფიქსირეს ამომრჩევლის გადაბირების მცდელობის შემთხვევები. ვასილ კოპალიანი იმასაც დასძენს, რომ დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე საჩივრები არ დაუწერიათ.
საარჩევნო უბნებთან მობილიზებული კოორდინატორის სიმრავლეზე ლაპარაკობენ შუალედურ არჩევნებში „ქრისტიან დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამუკა ტუსკაძის საარჩევნო შტაბშიც. შტაბის წევრის გოჩა ჯოჯუას განცხადებით, უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობისას კოორდინატორი მეტი იყო, ვიდრე ამომრჩეველი და მიმდინარეობდა ამომრჩეველთა მობილიზება, რაც საბოლოო ჯამში დემოკრატიული პროცესების ხელის შემშლელია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 57,9 %-მა. სულ 27 846 მოქალაქემ გამოიყენა საკუთარი კონსტიტუციური უფლება და არჩევანი გააკეთა ექვს კანდიდატს შორის. გაერთიანებულ ოლქში, სადაც საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ასარჩევად კენჭისყრა გაიმართა,სულ 60 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა და 48 123 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.