ამ ცნობების ფონზე კიევში პანიკურს უწოდებენ რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დევნილობაში მყოფი მიხაილ ხოდორკოვსკის პროგნოზებს.
19 მაისს ბერლინში გამართულ კონფერენციაზე მიხაილ ხოდორკოვსკიმ, რომელიც რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელია, განაცხადა, რომ უკრაინა წელს ხარკოვს დაკარგავს.
„ასეთი მომარაგებითა და ძალთა თანაფარდობით უკრაინა წლის ბოლოს დაკარგავს ხარკოვს, მომავალი წლის შუაში - ოდესას. 2026 წლისთვის უკრაინა, ისიც საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მცირე პარტიზანული წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს“, - განაცხადა ხოდორკოვსკიმ.
"ფრონტის ხაზის ხარკოვის მიმართულებაზე ოპერატიულმა პაუზამ დაისადგურა"
უკრაინას მძიმე დრო უდგას, მაგრამ კიევისადმი ამერიკის დახმარება ბრძოლის ველზე ვითარებას შეცვლის, - ასეთი იყო 14 მაისს, უკრაინაში თავისი ბოლო ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მთავარი გზავნილი.
ამ ვიზიტის ფონი იყო რუსეთის არმიის შეტევა ხარკოვის ჩრდილოეთ მიმართულებით, რაც მომდევნო კვირასაც გაგრძელდა და ამჟამად, როგორც უკრაინელი სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რუსეთის ჯარი საარტილერიო სროლის მანძილზე მიუახლოვდა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს.
„ამჟამად რუსეთის ჯარები ქალაქ ხარკოვის ცენტრიდან დაახლოებით 23-30 კილომეტრის დაშორებით არიან. თუ ისინი ქალაქს 20 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მიუახლოვდებიან, მაშინ რუსეთის არმიის მოწინავე პოზიციების უკან სწრაფად შეიძლება განთავსდეს მათი ლულიანი არტილერია (რეაქტიული არტილერიის ანტონიმი -რ.თ.). რუსეთის ლულიანი არტილერიის, „გეოცინტისა“ და Мста-Б-ს სროლის სიშორე მაქსიმუმ სადღაც 28-30 კილომეტრს შეადგენს. შესაბამისად, მათ ძალიან ცოტა დარჩათ, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით ვცდილობთ მოწინააღმდეგის შეჩერებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა ოლეჰ ჟდანოვმა.
რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთზე სახმელეთო შეტევა რუსეთის ტერიტორიიდან 10 მაისს დაიწყეს და სხვადასხვა, მათ შორის უკრაინული წყაროების ცნობით, ათზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიკავეს.
ხარკოვის რეგიონში შექმნილი რთული ოპერატიული ვითარების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადო ვიზიტები ესპანეთსა და პორტუგალიაში.
ხარკოვის ფრონტზე არსებული სიტუაციის და იქ მებრძოლი ქვედანაყოფების საჭიროებების განსახილველად უკრაინის არმიის უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 მაისს ქალაქ ხარკოვში გამართა საგანგებო თათბირი თავდაცვის ძალების სარდლობასთან.
მოგვიანებით მოსახლეობისადმი თავის მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა შეძლეს სიტუაციის სტაბილიზება ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთში, ხოლო რამდენიმე მიმართულება ცალკეული ბატალიონებით გააძლიერეს.
„ამჟამად ფრონტის ხაზის ხარკოვის მიმართულებაზე ოპერატიულმა პაუზამ დაისადგურა, რადგან რუსეთის სამხედრო სარდლობამ ამოწურა ჯარების ის პირველი ტალღა, რომელსაც ისინი ჩვენს ტერიტორიაზე, ხარკოვის ოლქში, შეჭრისთვის ამზადებდნენ და ახლა მათ სჭირდებათ რეზერვების მოყვანა. ასე რომ, ჩვენ შევძელით მათი შეჩერება, და მოწინააღმდეგესაც ცოტათი შეუმცირდა შეტევითი პოტენციალი", - ამბობს ოლეჰ ჟდანოვი.
იგი იზიარებს უკრაინის სარდლობის პროგნოზს, რომ რუსეთის მთავარი მიზანი შესაძლოა იყოს ქალაქ ვოლჩანსკის დაპყრობა და 10-კილომეტრიანი ზონის დაკავება.
ასევე ნახეთ
ხარკოვის შემდეგ რუსეთი ქალაქ სუმისაც შეუტევს?ჟდანოვის თქმით „ამჟამად უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის წინაშე დგას ამოცანა, რომ გამოიცნოს რუსეთის შეტევის შემდგომი ეტაპი. ისინი ან გაიფართოებენ ბუფერულ ზონას, ან აიღებენ ვოლჩანსკს, რათა შექმნან პლაცდარმი კუპიანსკის მიმართულებაზე. უფრო სავარაუდო მეორე ვარიანტია. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მოწინააღმდეგემ პლაცდარმის ჩრდილოეთ ნაწილში, დასახლებულ პუნქტ ლიცის მიმართულებითაც სცადოს იერიშის მიტანა, რაც მას ხარკოვზე ე.წ. ლულიანი არტილერიით წვდომის შესაძლებლობას მისცემს“.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი 16 მაისს წერდა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაციის ტემპი შენელდა მას შემდეგ, რაც მისმა ძალებმა დაიკავეს რაიონები, რომლებიც უკრაინის ოფიციალური პირების თანახმად, ნაკლებად დაცული იყო. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მიზანია „ბუფერული ზონის“ შექმნა და არა ხარკოვის ოლქის სიღრმეში შეღწევა. უკრაინის ხარკოვის ოლქსა და რუსეთის ბელგოროდის ოლქს შორის მსგავსი „სანიტარიული ზონის" შესაძლო შექმნის შესახებ პუტინმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა.
ახლახან კი ჩინეთში ვიზიტით მყოფმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთს არ აქვს ქალაქ ხარკოვის აღების გეგმა.
ამ ფონზე მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა დევნილობაში მყოფი რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, მიხაილ ხოდორკოვსკის განცხადება:
„ბატონებო, თქვენ პრაქტიკულად წააგეთ ომი უკრაინაში! ჩვენ-წავაგეთ!“
ერთი მხრივ რუსეთის, მეორე მხრივ კი, უკრაინისა და მისი მომხრე კოლექტიური დასავლეთის ძალთა თანაფარდობა უკრაინის ბრძოლის ველზე, ხოდორკოვსკის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამჟამად ასე გამოიყურება:
- პუტინი ომზე წელიწადში დაახლოებით 120 მილიარდ დოლარს, ანუ რუსეთის მშპ-ის, 2.2 ტრილიონი დოლარის, 5.4%-ს ხარჯავს. ხოლო ყველაზე ხშირად გამოყენებული რუსული ჭურვი დაახლოებით 500 დოლარი ღირს.
- კიევისთვის ევროპული დახმარება ორ წელიწადში შეადგენს 88 მილიარდ დოლარს, ანუ ევროკავშირის მშპ-ის დაახლოებით 0.25%-ს. ხოლო ჭურვები 5000-დან 8000 დოლარამდე ეღირება.
- თუ გავითვალისწინებთ ამერიკის დახმარების წილს, ეს ნიშნავს, რომ პუტინი დასავლეთს მინიმუმ 2.5:1-ით უსწრებს. წელს, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, ეს თანაფარდობა 4:1-ს მიაღწევს;
- უკრაინაში ომის დასაწყისში რუსეთის მოსახლეობა 142 მილიონს შეადგენდა, ხოლო უკრაინის მოსახლეობისა - 40 მილიონს. თანაფარდობა იყო დაახლოებით 3.5:1-თან. ახლა, ორი წლის შემდეგ, ეს თანაფარდობა არის 7:1-ზე.
„და მაინც მოვითხოვთ, რომ უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა - მაგრამ რანაირად?“, - რიტორიკულად იკითხა კონფერენციაზე მიხაილ ხოდორკოვსკიმ, რომლის დასკვნითაც დასავლეთმა და უკრაინამ რუსეთთან ომი წააგეს.
ბერლინის კონფერენციაზე სკანდალური გამოსვლის წინ კი ხოდორკოვსკიმ თავის უკრაინელ მეგობრებს "ყურებში თითის დაცობა" სთხოვა, რამაც კიევში სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია.
„სასურველი იქნებოდა, რომ მას ხოდორკოვსკის უკეთ შეესწავლა საბრძოლო მოქმედებების თეატრზე არსებული სიტუაცია. ვინაიდან, თუ ამჟამად ხარკოვზე მიდის შეტევა, რაც შეეხება ოდესას, რუსეთის ამჟამინდელი შავი ზღვის ფლოტის მდგომარეობით ოდესის დაკარგვის რაიმე სერიოზულ, პრაქტიკულ საფრთხეზე ლაპარაკი, ჩემი აზრით, შეუძლებელია. საერთოდ კი, ალბათ, ყველაზე უკეთესი რუსები არიან ისინი, ვინც უკრაინის მხარეზე პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან. სხვებს კი უჯობთ, რომ შეინარჩუნონ ნეიტრალიტეტი და არ შეეცადონ პანიკური განწყობის დათესვას,“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.
წლის ბოლომდე ხარკოვის დაკარგვაზე საუბარს დილეტანტურს უწოდებს სამხედრო ექსპერტი ოლეჰ ჟდანოვი, რომელმაც მიხაილ ხოდორკოვსკი შოვინიზმში დაადანაშაულა.
„ამ მაგალითზე, მე მინდა ხაზი გავუსვა და გთხოვთ მიიტანოთ თქვენს აუდიტორიამდე, რომ რუსული შოვინიზმი არასოდეს ქრება. ნახეთ როგორ იხდის მადლობას ადამიანი, რომელსაც ევროპა, კოლექტიური დასავლეთი დაეხმარა რუსეთის ციხიდან გათავისუფლებაში?! ის ამბობს, რომ დასავლეთი დამარცხდა რუსეთთან. მას შეუძლია ყველაფრის თქმა, მაგრამ დასავლეთის ქვეყნები და მათთან ერთად აშშ, მტკიცედ არიან გამარჯვებისთვის განწყობილნი. ამჟამად უკრაინა საკმაო რაოდენობის იარაღს იღებს, რათა იქით შეუტიოს მოწინააღმდეგეს. ამიტომაა, რომ პუტინის გარშემო ყველა მშვიდობაზე გაჰკივის. მას სურს მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრონტი დაშლას დაიწყებს. შეუძლებელია დაუსრულებელი შეტევა, შეუძლებელია, რომ რეზერვები ამოუწურავი იყოს. ხოდორკოვსკიმ კი უბრალოდ თავის ჭეშმარიტი სახე გამოაჩინა“, - ამბობს ოლეჰ ჟდანოვი
ასევე ნახეთ
უკრაინაში პუტინის "სანიტარულ ზონას" საფრთხედ არ აღიქვამენბერლინში მიხაილ ხოდორკოვსკის განცხადებების მეორე დღეს, 20 მაისს, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს გზით მოითხოვა, რომ სახელმწიფო მოგებად იქცეს თითქმის 1 მილიარდი რუბლი, ისევე როგორც 1,8 მილიონ დოლარზე მეტი, რომელიც ნავთობკომპანია „იუკოსის“ ყოფილ თანამფლობელებს, მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევს ეკუთვნით.
ასევე ნახეთ
გენერალური პროკურატურა მოითხოვს, მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევს მილიონები გადაახდევინონ"რია ნოვოსტის" ცნობით, სარჩელზე პირველი ოფიციალური გასაუბრება 27 მაისს არის დაგეგმილი.
ხოდორკოვსკი და მისი ბიზნესპარტნიორი ლებედევი „იუკოსის“ საქმეზე იყვნენ ბრალდებულები. მათ ბრალად დასდეს აქციებისა და ნავთობის დატაცება, ასევე გადასახადებისთვის თავის არიდება. ორივე ნავთობკომპანიის საბჭოში იყო. 2005 წლის გაზაფხულზე მათ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით, ვადები ერთი წლით შემცირდა, მაგრამ მათ ახალი ბრალდებები წაუყენეს.
მიხაილ ხოდორკოვსკი 2013 წელს შეიწყალეს, რის შემდეგაც მან რუსეთი დატოვა. პლატონ ლებედევი 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს ციხიდან.
ახლა რატომ ითხოვს გენერალური პროკურატურა ხოდორკოვსკისა და ლებედევისგან დიდი თანხების ჩამორთმევას, სააგენტოთა წყაროები არ იუწყებიან. თავად ხოდორკოვსკის და ლებედევს სარჩელზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
მიხაილ ხოდორკოვსკი არის რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. კომიტეტი რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადდა 2024 წლის იანვარში. ეს ორგანიზაცია რუსი საზოგადო მოღვაწეებისა და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის მიერ დაარსდა 2022 წლის 27 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ორგანიზაციის მანიფესტში ნათქვამია, რომ მისი მიზანია ომის შეჩერება და წინააღმდეგობის გაწევა ვლადიმირ პუტინის რეჟიმისთვის, რომელსაც ორგანიზაცია დიქტატორულად მიიჩნევს.