ხმების 100 % დათვლილია - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 ნოემბერს

"ქართული ოცნება" - 48,15 %. ოპოზიცია არ ცნობს შედეგებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების დათვლა დაასრულა. ამ მონაცემებით, ხმების თითქმის ნახევარი - 48,15 პროცენტი - „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. მას რამდენიმე მანდატიღა სჭირდება უმრავლესობის მოსაპოვებლად. ცესკოს მონაცემებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმების 27,14 % მოაგროვა, „ევროპულმა საქართველომ“ - 3.78 %. სხვა პარტიების შედეგები ნახე აქ.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური იქნება. ასევე მეორე ტური გაიმართება სულ 16 ოლქში ქვეყნის მასშტაბით.

ოპოზიცია არ ცნობს ამ შედეგს, ამბობს, რომ ის გაყალბებულია და ახალ არჩევნებს მოითხოვს. გუშინ საღამოს ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. შემდეგ მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ გადაინაცვლეს.

საპარლამენტო არჩევნებში ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო, თუმცა 31 ოქტომბრის არჩევნები ნამდვილად არ იყო უნაკლო, - ასე შეაფასეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. ვრცლად ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასება წაიკითხე აქ.

ამას მოჰყვა აშშ-ის საელჩოს განცხადებაც. „ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მოთმინება, რათა პროცესი წარიმართოს წყნარად, მშვიდობიანად და პატივისცემით, საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში“, - აცხადებს საელჩო.

ყველა სიახლე არჩევნების შესახებ წაიკითხე აქ.

რა მოხდება, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?

არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც, ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. მათი ძირითადი ნაწილი კი განიხილავს საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის საკითხს.

კონსტიტუციის მიხედვით, პირველივე სხდომაზე, პირველ საკითხად, პარლამენტმა უნდა ცნოს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილება, რომ შეუდგეს მუშაობას. ამისთვის უბრალო უმრავლესობა, 76 ხმაა საჭირო.

არჩეულ დეპუტატს მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია უარი თქვას მანდატზე, რაც პარლამენტი მის უფლებამოსილებას ცნობს. „ქართულ ოცნებას“ კი პარლამენტში, მეორე ტურების ჩატარებამდეც კი, სულ მცირე, 86 წევრი შეჰყავს და დამოუკიდებლად შეუძლია პროცესს კენჭი უყაროს.

წაიკითხე მეტი.

„ევროპული საქართველო“ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პარტიის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

დათვლილი ხმების მიხედვით მესამე ადგილზე გასული პარტია „ევროპული საქართველო“ დღეს გამოაცხადებს თავის პარტიულ პოზიციას საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

14:00 საათზე დანიშნულ ბრიფინგზე, „ევროპული საქართველო“ გამოაცხადებს სამოქმედო გეგმას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით“, - აცხადებენ პარტიაში. ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ პარტია დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრთან ერთად შედეგების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

გუშინ კორონავირუსით ინფიცირების 1791 შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში. თებერვლიდან, როცა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 40 727 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 413-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 25 104.

გუშინ ერთ დღეში გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - 28 ადამიანი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 335-ს მიაღწია.

წაიკითხე მეტი.

დარღვევები - დამკვირვებლების ძირითადი შეფასებები ერთად

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩატარებული ყველაზე ცუდად ორგანიზებული არჩევნები და „ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი”. ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, რასაც ხელისუფლება სპეკულაციად აფასებს.

იარაღის ტარება, ჟურნალისტებზე თავდასხმა, კოორდინატორების მობილიზაცია უბნებზე სიებით და საეჭვო კონვერტებით, შუქის ჩაქრობა, ყალბი ბიულეტენების დაყრა მაგიდაზე და სანთლის შუქზე დათვლილი ხმები, დარღვეული უსაფრთხოების წესები კორონავირუსის გავრცელებისგან თავის დასაცავად, „ქართული ოცნების” დროშები უბნებთან და სავარაუდო „კარუსელის” ფაქტები რიგ უბნებში - ამ და სხვა დარღვევებზე საუბრობდნენ არჩევნების დღეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მედია და ოპოზიცია.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

ასევე ნახეთ სუფრა საარჩევნო უბანთან და კატა სახელად შალვა - რამდენიმე სახალისო მომენტი არჩევნებიდან