ხმაური იყო გორის საკრებულოს სხდომაზე, სადაც გარემოვაჭრეები მივიდნენ. ისინი ქუჩაში ვაჭრობის ნებართვას ითხოვდნენ და მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ გარევაჭრობის აკრძალვის თაობაზე.
გარევაჭრობა გორში
- გორში გარევაჭრობის საკითხი წლების განმავლობაში მოუგვარებელია.
- ქალაქში რამდენიმე სავაჭრო ცენტრია, მაგრამ ყველა გარემოვაჭრე არ არის თანახმა იქ შევიდეს.
- არის პროექტი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია ტურისტულ ზონად უნდა გარდაიქმნას.
- დახლების გარეშე დარჩენილი მოვაჭრეები ამავე ტერიტორიაზე ურიკებით ვაჭრობას აპირებენ.
ორი კვირის წინ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და პოლიციამ იუსტიციის სახლთან არსებული გარემოვაჭრეების დახლები დაშალა, გარემოვაჭრეებმა კი საპროტესტო აქციები გამართეს. ვითარება საკრებულოს სხდომაზეც დაიძაბა.
გარემოვაჭრეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, რამაც ვითარება უფრო გაამწვავა. კამათი საკრებულოში საათზე მეტხანს გაგრძელდა. ხმაურით შეწუხებულმა საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ რამდენჯერმე წონასწორობა დაკარგა და ყვირილი დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომაზე მერიის წარმომადგენლების მისვლასა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდა.
გარემოვაჭრე რამინ აბულაძე სხდომიდან გაიყვანეს. მისი აზრით, ქალაქის თვითმმართველობა ადგილობრივ მოქალაქეებზე არ ზრუნავს და მათთვის ნორმალური სოციალური პირობების შექმნაზე არ ფიქრობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ საკრებულოს სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები უნდა მიეწვიათ და პასუხისმგებლობა მათთვის უნდა დაეკისრებინათ, რადგან გარევაჭრობის საკითხი ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომაზე გარემოვაჭრეები აყალ-მაყალის ასატეხად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიიყვანეს. მისი თქმით, რეგლამენტის მიხედვით, მოქალაქეს უფლება არა აქვს სხდომაზე სიტყვით გამოვიდეს და საკრებულოს წევრებთან კამათში შევიდეს.
გორში გარევაჭრობის საკითხი წლების განმავლობაში მოუგვარებელია. ქალაქში რამდენიმე სავაჭრო ცენტრია, მაგრამ ყველა გარემოვაჭრე არ არის თანახმა იქ შევიდეს. გარდა ამისა, არის პროექტი, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია ტურისტულ ზონად უნდა გარდაიქმნას და სწორედ ამიტომ მიიღო მერიამ და საკრებულომ ამ ტერიტორიის გარევაჭრობისგან გაწმენდის გადაწყვეტილება. დახლების გარეშე დარჩენილი მოვაჭრეები ამავე ტერიტორიაზე ურიკებით ვაჭრობას აპირებენ.