ხიდაშელი-ვოლსკის შეხვედრა: „ოცნება“ „ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობაში გარღვევას“ ელოდება?

რუს ოლიგარქთან დაკავშირებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის შეხვდა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობების აღდგენაზე ესაუბრა.

დავით ხიდაშელი, რომელმაც 5 წლის წინ ბიძინა ივანიშვილს მოსკოვიდან ჩამოუტანა „დავითგარეჯის რუკები“, ახლა პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის შეხვდა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობების აღდგენაზე ესაუბრა. ესაუბრა „2011 წლის შეთანხმებაზე“. უხსენა ოკუპირებულ რეგიონებთან „კონფედერაციაც“.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დე ფაქტო რეჟიმებისა და მოსკოვის ბოლოდროინდელი რიტორიკა მიანიშნებს:

  • „ქართული ოცნება“ ეცდება, ილუზორული დაპირებებით მიიმხროს კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩეველი;
  • „ტერიტორიული მთლიანობისკენ ნაბიჯების გადადგმის ილუზიის“ შექმნის პარალელურად, იგი დასავლური გზიდან საბოლოოდ გადახვევისათვის ემზადება.

შეხვედრა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი და ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ოთხშაბათს, 6 მარტს, დღის საათებში შეხვდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა თბილისში, საქართველოს პარლამენტის გვერდით მდებარე კაფე „მელოგრანოში“ შედგა.

შეხვედრას ოპოზიციური პარტიის, ელენე ხოშტარიას „დროას“ წევრები, ნათია ლეთოდიანი და ზურა სარჯველაძე შეესწრნენ.

„დროას“ წევრების თანახმად, ხიდაშელისა და ვოლსკის საუბრიდან ასეთი ინფორმაცია და დასკვნები გამოიტანეს:

  1. დავით ხიდაშელი „პირდაპირ ელაპარაკება აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ პოზიციებს აცნობს გია ვოლსკის; ახსენებს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შს მინისტრს, უშიშროების ყოფილ უფროსს [რობერტ კიუტს]“;
  2. ხიდაშელი ვოლსკის „ესაუბრება კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან“;
  3. ესაუბრება „ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნესურთიერთობებზე“;
  4. ამბობს, რომ „რკინიგზის 37 კმ აფხაზეთში არის დანგრეული“ და ესაუბრება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე.

გარდა ამ საკითხებისა, „დროას“ განცხადების თანახმად, პარტიის წევრებმა კონკრეტული ფრაზებიც მოისმინეს. მაგალითად:

  1. „7 კომპანიაა და 20% დღგ“, - უთხრა ხიდაშელმა ვოლსკის;
  2. „მე რომ ეს თემა დავძრა, უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი“, - უთხრა ვოლსკიმ ხიდაშელს;
  3. „ღარიბაშვილს ვეუბნებოდი, აფხაზეთის მთავარ 5 მინისტრთან, ვინც ყველაფერს წყვეტს, გქონდეთ ურთიერთობები, კომუნიკაცია“, - უთხრა ხიდაშელმა ვოლსკის;
  4. „თქვენ გაქვთ თემა და გჭირდებათ მიმართულება“, - უთხრა ვოლსკიმ ხიდაშელს.

შეხვედრის შემდეგ

საუბარი რომ დაასრულეს და გარეთ გავიდნენ, ხიდაშელსა და ვოლსკის „დროას“ წევრებიც გაჰყვნენ, მათთან მივიდნენ და გამოელაპარაკნენ.

„რაზე ესაუბრებოდით რუს ოლიგარქს?“, - ვიდეოში ისმის, როგორ ეკითხება „დროას“ წევრი ზურა სარჯველაძე გია ვოლსკის.

„მე თუ რუსი ვარ, თქვენ რა ეროვნება ხართ?“ - პასუხობს ხიდაშელი.

„დროას“ მეორე წევრი, ნათია ლეთოდიანი ვოლსკის შეახსენებს, რომ ხიდაშელი არის „ევტუშენკოვის“ - რუსი ოლიგარქის - მეგობარი.

„ევტუშენკოვი ვინ არის?“ - ეკითხება ვოლსკი ხიდაშელს.

ამის შემდეგ ხიდაშელი ვოლსკის ხელს ჩამოართმევს, დაემშვიდობება და ტერიტორიას ტოვებს. ვოლსკიც მალევე მიდის.

რას ამბობს ვოლსკი?

მეორე დღეს, 7 მარტს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გია ვოლსკიმ თქვა, რომ ხიდაშელს აქამდე არ იცნობდა. დამირეკა, მითხრა, აფხაზეთთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები მაქვს და გასაუბრება მოისურვაო.

„გულახდილად გეუბნებით, ხიდაშელს არანაირად არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და არც, მით უმეტეს, ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამის შემდეგ მან თავად ჩამოთვალა რამდენიმე საკითხი, რაზეც, მისი თქმით, ხიდაშელი ესაუბრა:

დე ფაქტო ხელისუფლებასთან საუბარზე

„მან [ხიდაშელმა] თქვა, რომ იქნებ პირადი ურთიერთობები აფხაზურ მხარესთან კარგი იყოს. ამას დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ ავუხსენი, რომ აფხაზურ მხარეს უნდა, ქართულ მხარეს ელაპარაკოს, როგორც აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას და ეს გარემოება შეუძლებელს ხდის რაიმე პირადი კონტაქტების და ურთიერთობების ჩამოყალიბებას“.

„არსებობს ჟენევის ფორმატი და ამ ფორმატიდან გასვლას აზრი არ აქვს, მაგრამ ეს … იმასაც კარგად ესმის“, - თქვა ვოლსკიმ.

გიორგი (გია) ვოლსკი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი

„კონფედერაციაზე“

„რაც შეეხება კონფედერაციას, ეს სიტყვა საკმაოდ ხმამაღლა ახსენა, – ისე, რომ გვერდით მსხდომმა ადამიანებმა მოიხედეს კიდეც, – რომ კარგი იქნება, აფხაზეთთან შეიქმნას კონფედერაცია“.

„საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება, მაგრამ ასეთ ვითარებაში ამაზე საუბარი არ არის. საამისოდ არც არანაირი წინაპირობაა. კონფედერაცია ახსენა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე მიმდინარეობს საუბარი“.

„2011 წლის შეთანხმებაზე“

მოგვიანებით „ტვ პირველთან“ საუბარში ვოლსკიმ გაიმეორა, რომ „რუსეთთან ურთიერთობების რაიმე თემა განხილული არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ თქვა, კარგი იქნება, რომ დავუბრუნდეთ იმ შეთანხმებას, რომელიც ჰქონდა საქართველოს 2011 წელს“.

ეს შეთანხმება „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ხშირად ამოტივტივდება ხოლმე. საუბარია 2011 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინ გაფორმებულ შეთანხმებაზე.

სრული სახელია: „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“.

თუმცა, ვოლსკის სიტყვებით, ხიდაშელს „დიდი პასუხები არც დასჭირვებია, თავადვე კარგად ესმის და თავისი პოზიციაც გამოხატა, რომ დღევანდელ ვითარებაში, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა და ახდენს უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციას, რაიმე მოლაპარაკება საერთაშორისო მონაწილეობით, მით უმეტეს, რუსეთთან, პრაქტიკულად არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ გამორიცხულია და ამას პერსპექტივა არ გააჩნია და ეს თვითონაც კარგად ესმის“.

„არანაირი ბიზნესი“

„არანაირ ბიზნესზე, არანაირ თემაზე, რომელიც ეხება რამე კონკრეტულ საქმეს, რასაც შეიძლება დაარქვა „საკითხების განხილვა“, არ ყოფილა“, - ამბობს გია ვოლსკი.

„არ უსაუბრია, როგორც „ოცნების“ წარმომადგენელთან“

„ჩემთან ხიდაშელს არ უსაუბრია, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან“, - უთხრა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

გიორგი ვოლსკი 2012 წლიდან არის პარლამენტარი „ოცნებიდან“ .

სხვადასხვა დროს იყო "ოცნების" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, კომიტეტების უფროსი. ამჟამად, როგორც მმართველი პარტიის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

მაგრამ მას მანამდეც, ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, დიდი სამუშაო გამოცდილებას აქვს დაგროვებული.

გია ვოლსკი რადიო თავისუფლების სტუდიაში, 2012 წლის 6 სექტემბერი,

ვაჭრობის სამინისტროს საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრსა და ვაჭრობის სამინისტროში მუშაობის შემდეგ, 1984-1986 წლებში მუშაობდა კალინინის რაიკომის მდივნად.

იყო ცეკას ინსტრუქტორიც.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 2 წელი მუშაობდა რუსეთში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილედ.

4 წელი მუშაობდა ნიუ-იორკში, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ.

აქვს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებზე მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება:

2004-2006 წლებში გია ვოლსკი იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გოგა ხაინდრავას მოადგილე.

და დღემდე არის საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარეც.

ვინ არის დავით ხიდაშელი?

კითხვაზე, თვითონ ხიდაშელი რა სტატუსით ესაუბრებოდა, გია ვოლსკიმ თქვა: „არავითარი სტატუსი არ გააჩნია, არავის სახელით არ ლაპარაკობდა. არიან ადამიანები, ზოგიერთები თავიანთ მოსაზრებებს უაზიარებენ სხვა ადამიანებს“.

დავით ხიდაშელი დაკავშირებულია რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან. ევტუშენკოვი, მსხვილი რუსული კორპორაცია „სისტემის“ მფლობელი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.
ევტუშენკოვი ამავე დროს ბიძინა ივანიშვილის, სულ მცირე, კარგი ნაცნობია.
2022 წელს ინტერნეტში გავრცელდა ივანიშვილისა და ევტუშენკოვის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი. ევტუშენკოვი ივანიშვილს, - რომელსაც „ძვირფას ბორინკად“ მოიხსენიებს, დაბადების დღეს ულოცავს. ესაუბრება ბიზნესინტერესებზეც.

ხიდაშელსა და ივანიშვილს პირადი ნაცნობობაც აქვთ. პოლიტიკიდან მეორედ „გასვლისას“ ივანიშვილმა თქვა, რომ დავით ხიდაშელი ერთადერთი ადამიანია, ვისი „ვალიც“ მიჰყვება. „გმირი“, „ჩემზე არანაკლები ქველმოქმედი“.

ეს „ვალი“ უკავშირდება „კარტოგრაფების საქმეს“ - დავით ხიდაშელი არის ის ადამიანი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთიდან ჩამოიტანა კარტოგრაფიული მასალა რუსეთის სახელმწიფო არქივებიდან; ამ მასალის საფუძველზე საქართველოში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ. ეს გამოძიება წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო და კამპანია დიდწილად ამ საკითხზე იყო ფოკუსირებული.

ასევე ნახეთ "კარტოგრაფების საქმე" - გამოძიების ქრონოლოგია

მოგვიანებით, 2022 წლის გაზაფხულზე, ხიდაშელის კომპანიამ, სახელად „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“, მიიღო რაჭის ტყეების ლიცენზია სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად.

2023 წლის შემოდგომაზე, მრავალთვიანი პროტესტის შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ლიცენზიის გასაუქმებლად. მალე კომპანიამ თქვა, რომ ამ ბიზნესიდან გადის. „კარგად იყვნენ უჩემოდ“, - განაცხადა დავით ხიდაშელმა.

და ვოლსკისთან საუბარი მისი პირველი საჯარო გამოჩენაა ამ ამბის შემდეგ.

„თვალით არასდროს მინახავს“

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა უარყო იქაურ მედიაში გავრცელებული ცნობები, „თითქოს რკინიგზის აღდგენაზე თბილისთან მოლაპარაკებებს მართავენ“.

კიუტი ის პირია, რომელიც, „დროას“ თანახმად, ხიდაშელმა ახსენა.

„ეს ხიდაშელი თვალით არასდროს მინახავს, ვოლსკი კი მედიიდან ვიცი“, - უთხრა ადგილობრივ „ნუჟნაია გაზეტას“.

კონტექსტი

სოხუმსა და თბილისს შორის არაფორმალური მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინაც იყო ყურადღების ცენტრში.

2023 წლის დეკემბრის ბოლოს ზუგდიდში იმყოფებოდა აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი, დე ფაქტო ვიცე-პრემიერი კრისტინა ოზგანი. მედიის ცნობით, იგი შეხვდა რომეო მიქაუტაძეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს.

ეს საუბარი ენგურჰესს ეხებოდა.

ასევე ნახეთ აფხაზური ოპოზიცია აღშფოთებულია ოზგანის "საქართველოს ტერიტორიაზე" ვიზიტით

„ილუზიის შექმნა“

პოლიტიკის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს არის ნიშნები, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამზადისში მყოფი „ქართული ოცნება“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემებით სპეკულირებას დაიწყებს და „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიაზე“ იმუშავებს.

„ილუზიაზე იმიტომ, რომ რუსეთთან ახლანდელი ურთიერთობებით ამ პრობლემების გადაჭრა წარმოუდგენელია. საუბარია პრობლემის გადაჭრის ილუზიაზე, რომელიც "ოცნებას" უნდა, რომ მიჰყიდოს ამომრჩეველს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი რუხაძე, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი.

მისი თქმით, ამის ნიშნები ბევრგან ჩანს:

  • „ვხედავთ მოსკოვის პოლიტიკას, - როდესაც ცხინვალს და სოხუმს ეუბნებიან, რომ „საქართველოს ხელისუფლებას ახლა მაინცდამაინც ნუ შეაწუხებთ“;
  • პერიოდულად გვესმის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული რეგიონებიდან კომპლიმენტები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, - რომ საქ. ხელისუფლება პრაგმატულია, რუსეთის მთავარ პოლიტიკურ ხაზს მისდევს და ა.შ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის სამ წევრს, მათ შორის დავიდ სანაკოევს, შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. სანაკოევი ამას „რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობას“ უკავშირებს.

ასევე ნახეთ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამ "დეპუტატს" რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი რედაქცია, „ეხო კავკაზა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ მიიღო პირდაპირი მითითება მოსკოვიდან, არ მოახდინოს სკანდალების პროვოცირება საქართველოში, რათა ხელი არ შეეშალოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მოგებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა თებერვლის ბოლოს კიდევ ერთხელ შეაქო „ოცნების“ ხელისუფლება და თქვა, რომ „ბოლო რამდენიმე წელია, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის [ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში ომს] დაწყების შემდეგ ავლენდნენ ყველაფრის მიმართ პრაგმატულ მიდგომას“.

ასევე ნახეთ ოს "დეპუტატებს" რუსეთი სჯის, ცხინვალში კი "პროქართულ ლობისტებს" ეძებენ

გიორგი რუხაძის თანახმად, „მმართველი პარტიის ნაცადი ხრიკია, წინასაარჩევნოდ ამოატივტივონ ისეთი თემები, რომელიც ახლოს ხვდება მოსახლეობის ნერვულ დაბოლოებებს და მიუხედავად იმისა, რეალურად სად მიგვიყვანს, - და არ მგონია, რომ ეს რუსეთის ჩახუტების პოლიტიკა რაიმე კარგს გვიქადდეს, - ილუზიას ქმნიან, - ილუზიას, რომ ცდილობენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯის გადადგმას“.

გიორგი რუხაძე

რუხაძის თქმითვე, „ქართულმა ოცნებამ“ ეს საკითხი შეიძლება „გარკვეული თვალსაზრისით წინააღმდეგობაშიც მოიყვანოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან“. ის ამბობს:

„ეს, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მდგომარეობა იქნება 9 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, რამდენად რეალისტური იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯი. თუ ეს „ოცნებისთვის“ არახელსაყრელად წავიდა, იგი შეეცდება, ამომრჩეველს ასეთი არჩევანი დაუყენოს: „რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება, თუ ისეთი სხვანაირი ევროპა, რომელიც სადღაც გვითრევს, - და გაამძაფროს ანტილგბტქი პროპაგანდა“, - რისი ნიშნებიც უკვე ჩანს.

ასევე ნახეთ რის ეშინია "ოცნებას" და სად ეძებს "ლგბტ პროპაგანდის" კვალს

პარალელურად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ წრეებში პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები რამდენიმე თვეა, უკვე საჯაროდ განიხილავენ აბსტრაქტულ იდეას რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში ჩინეთის ჩართვის შესახებ, - საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან განცალკევებით.

ასევე ნახეთ „ოცნება“ გვაჩვევს იდეას, რომ ჩინეთი შეიძლება გახდეს საქართველოს „შუამავალი“ რუსეთთან