კვარაცხელია „ნაპოლის“ გამოემშვიდობა [ვიდეო]

ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეომიმართვა „ნაპოლის“ გულშემატკივრებისადმი მის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ვრცელი ვიდეომიმართვით გამოეთხოვა. ფეხბურთელი მარადონას სტადიონზე ცოლთან ნიცასთან და შვილთან დამიანესთან ერთად მივიდა.

„ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით...“

„...აქ მოვედი, როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა. ახლა კი აქაურობას ვტოვებ, როგორც კაცი, რომელსაც თან მიაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული, ბევრი გამარჯვება და, რაც მთავარია, ის ნანატრი სკუდეტო და ჩემპიონობა, რომლის სურვილთაც ეს ქალაქი ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.“

„დღეს აქ ჩემი ცხოვრების ორ მთავარ ადამიანთან ერთად მოვედი: ნიცა, რომელიც მუდამ ჩემთანაა და ყველა მნიშვნელოვან მომენტს ჩემთან ერთად იზიარებდა და ჩვენი დამიანე, რომელიც დღეს სტადიონზე პირველადაა. როცა წლები გავა და გაიზრდება, მინდა, ეს ვიდეო ნახოს და ამით იამაყოს.“

ქართველმა ფეხბურთელმა მადლობა გადაუხადა კლუბს, პერსონალსა და ადგილობრივ გულშემატკივრებს.

წასვლამდე კვარაცხელიამ ქალაქის ცნობილი ადგილიც მოინახულა, სადაც ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდის, დიეგო მარადონას დიდი მურალია გაკეთებული.


ხვიჩამ იტალიის სერია A-ში „ნაპოლის“ მაისურით ჯამში 85-ჯერ ითამაშა, გაიტანა 28 გოლი და 24 საგოლე პასი გააკეთა; ჩემპიონთა ლიგაზე მან 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ნეაპოლურ კლუბში ყოფნისას კვარამ მოიგო სკუდეტო, გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კვარაცხელია კარიერას „პარის სენ ჟერმენში“ გააგრძელებს, შესაბამისად, საფრანგეთის ლიგა 1-ში საქართველოს ნაკრებს სამი ფეხბურთელი ეყოლება: გიორგი მიქაუტაძე (ლიონი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი) და ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ).

ასევე ნახეთ მოხდა რამე კარგი 2024-ში? - დიახ, ასეთიც იყო