ხელისუფლების საინფორმაციო კამპანია ენობრივი ბარიერის პირისპირ

ქვემო ქართლში საინფორმაციო კამპანია გაიხსნა, რომელიც სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ რეგიონის მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას ითვალისწინებს. ხელისუფლებას ამ კამპანიის წარმოებისთვის დიდი ძალისხმევა მოუწევს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში, უპირველეს ყოვლისა, ენობრივი ბარიერის გამო.

Your browser doesn’t support HTML5

ხელისუფლების საინფორმაციო კამპანია ენობრივი ბარიერის პირისპირ

საქმე ისაა, რომ ქვემო ქართლში, კერძოდ კი, რეგიონის ყველაზე დიდ მუნიციპალიტეტში, მარნეულში, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ფლობს ქართულ ენას და, შესაბამისად, ვერ ამყარებს კომუნიკაციას თვითმმართველობასა თუ ცენტრალური ხელისუფლების რეგიონალურ სამსახურებთან. შესაბამისად, არ იცის, რა პროგრამები ხორციელდება, რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო.

ჩვენი ხალხი მზად იქნება ჩაერთოს, რა პროგრამები გვაქვს, რა შეგვიძლია, ვის რა შეუძლია მიიღოს და ვის რა არ შეუძლია მიიღოს.
სოლომონ პავლიაშვილი

ამიტომაც, 6 ივნისს ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ ადმინისტრაციაში საინფორმაციო კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
შეხვედრას მთავრობის რამდენიმე მინისტრის მოადგილე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აზერბაიჯანელებს გასაგებ ენაზე აუხსნიან მისი უწყების პროგრამებს:

„საკრებულოს წევრი ხომ აირჩიეთ? ჩვენთან კომუნიკაციაში შემოვიდეს, სამსახურებთან. ჩვენ დავალებებს მივცემთ, თითოეული სოფლის მიხედვით. ჩვენი ხალხი მზად იქნება ჩაერთოს, რა პროგრამები გვაქვს, რა შეგვიძლია, ვის რა შეუძლია მიიღოს და ვის რა არ შეუძლია მიიღოს. ამას ჩვენ გავაკეთებთ აუცილებლად, მე თავად ჩამოვალ და ჩავერთვები, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“.

ენობრივი ბარიერის გამო ძალიან დიდი გამოწვევებია. მოგვმართავენ, რომ დეკლარაციის შინაარსი მათთვის გასაგებ ენაზე ვერ მიეწოდათ და არ იციან, რაზე მოაწერეს ხელი.
მარიამ გვიდიანი

სოლომონ პავლიაშვილმა ისიც თქვა, რომ მისი სამინისტრო მზად არის რეგიონალური სამსახურები აზერბაიჯანულენოვანი თანამშრომლებით გააძლიეროს, თუ შესაბამისი ცოდნა და უნარები ექნებათ. ის, რომ ენობრივი ბარიერის გამო მარნეულის მოსახლეობას უჭირს სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა, სახალხო დამცველის ქვემო ქართლის რეგიონალურმა წარმომადგენელმა მარიამ გვიდიანმაც აღნიშნა:

„მოსახლეობაში ძალიან დაბალია, ზოგადად, ინფორმაცია, თუ რას აკეთებს სოციალური მუშაკი, რას ემსახურება [სოციალური მომსახურების] სააგენტო, რა ფუნქციები აქვს. ენობრივი ბარიერის გამო ძალიან დიდი გამოწვევებია. მოგვმართავენ, რომ დეკლარაციის შინაარსი მათთვის გასაგებ ენაზე ვერ მიეწოდათ და არ იციან, რაზე მოაწერეს ხელი“.

განათლების კუთხით ქართული ენის სწავლება უნდა გაძლიერდეს, სხვანაირად ვერც ერთი [საგანმანათლებლო ]პროგრამა ვერ იარსებებს.
ეთერ ჭიპაშვილი

სახალხო დამცველის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო განათლების დაბალ დონესაც, რაც პირდაპირ კავშირშია გენდერულ უთანასწორობასთან.
განათლების დაბალ ხარისხს გაუსვა ხაზი საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია „სიქას“ წარმოდგენელმა ეთერ ჭიპაშვილმაც. განსაკუთრებით პრობლემურია ქართული ენის სწავლება.

„შეხვედრები როცა გვაქვს სკოლებში, ბავშვებმა ქართული არ იციან და ძლივს ვნახულობთ სკოლებში, აზერბაიჯანულად, ქართულად ვესაუბროთ. ქართული ენის მასწავლებლებს იქით უწევთ აზერბაიჯანულის სწავლა, რადგან ბავშვებთან სხვაგვარად არ შეუძლიათ ურთიერთობა. განათლების კუთხით ქართული ენის სწავლება უნდა გაძლიერდეს, სხვანაირად ვერც ერთი [საგანმანათლებლო ]პროგრამა ვერ იარსებებს“, - თქვა ეთერ ჭიპაშვილმა გუბერნატორ გრიგოლ ნემსაძის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც განათლების სამინისტროდან არავინ დასწრებია.

შეხვედრის შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა დარასელიამ ხაზი გაუსვა საინფორმაციო კამპანიის დაწყების მნიშვნელობას. მისი თქმით, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია მისი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამასთან, აღიარებს, რომ არსებობს ენობრივი ბარიერის პრობლემა, თუმცა ხელისუფლება ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდობის განათლებას და მათ ინტეგრაციას.

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტების რაოდენობა იზრდება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, იქნება ეს „1+4 პროგრამით“ თუ სხვა პროგრამების მეშვეობით, მათ შორის სტაჟირების პროგრამის მეშვეობით“, თქვა ზაზა დარასელიამ, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან საუბარში კატეგორიულად გამორიცხა საინფორმაციო კამპანიის კავშირი ოქტომბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებთან.