შემთხვევა გასული წლის მიწურულს მოხდა. კაცმა სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე, მეგობრებისთვის, გააზიარა პოსტი, სადაც გააკრიტიკა, მათ შორის უცენზურო სიტყვებით მოიხსენია პოლიციის თანამშრომლები. ამ პოსტში მას არ დაუკონკრეტებია არცერთი პოლიციელის სახელი და გვარი, თუმცა, საუბრობდა ბათუმის პოლიციის ერთ-ერთ რაიონულ განყოფილებაზე. პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, მას სამართალდამცავები დაუკავშირდნენ და დააკავეს.
საბოლოოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, კაცი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 2500-ლარიანი ჯარიმაც დააკისრა.
პირველი ინსტანციის ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 23 მარტს ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც. კაცი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაც, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
სასამართლოში კაცის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები იცავდნენ. როგორც ორგანიზაციის იურისტი, შორენა ლოლაძე გვეუბნება, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს განმარტა, რომ სოციალური ქსელი, მათ შორის "ფეისბუკი", წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები.
რაც შეეხება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისდმი დაუმორჩილებლობას, სასამართლომ ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილება: „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დრო არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ პერიოდით, როდესაც ის გამოავლენს სამართალდარღვევის, დანაშაულის ფაქტს... შესაბამისად, ნორმა პოლიციის თანამშრომლის შეურაცხყოფის სახით არ გულისხმობს მხოლოდ იმ მართლსაწინააღმდეგო ქცევას, რომელიც ხდება უშუალოდ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ქმედების კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენების დროსა და ვითარებას“.
გასული წლის მიწურულს, კიდევ ერთი სამართალდამრღვევი პოლიციამ Tik-Tok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს საფუძველზე გამოავლინა.
ასევე ნახეთ კურიერმა პოლიციას და კალაძეს ტიკტოკზე აგინა. სასამართლომ ის ორი ათასი ლარით დააჯარიმაერთ-ერთი კომპანიის კურიერმა, ირაკლი მილაძემ, 2022 წლის 6 დეკემბერს ვიდეო ჩაწერა, სადაც აღნიშნა, რომ თბილისში, ავტობუსის ზოლში, სადაც მანქანები არ უნდა დადიოდნენ, ბევრი მანქანა დადის, პოლიცია კი მათ შერჩევითად აჯარიმებს. მან სატრანსპორტო პოლიტიკის გამო თბილისის მერი, კახა კალაძე გააკრიტიკა და ის უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. ვიდეოს კი ე.წ. გაფრთხილება წაუმძღვარა: „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“.
ირაკლი მილაძის თქმით, ვიდეოს ჩაწერიდან რამდენიმე დღეში, მასთან ქუჩაში უფორმო პოლიციელები მივიდნენ, მანქანაში ჩასვეს, გინების გამო პასუხი მოსთხოვეს და სცემეს.
კურიერი იხსენებს, რომ ამის შემდეგ ის პოლიციაში წაიყვანეს, ორი დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა, სადაც მას დამამცირებლად ეპყრობოდნენ და ბრალი წაუყენეს პოლიციის შეურაცხყოფისთვის. მალევე აღმოაჩინა, რომ Tik-Tok-ზე დადებული ვიდეოს გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოებაც დაიწყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი მილაძე ჯერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძველზე დააჯარიმა 2000 ლარით. ერთ თვეში კი ამ ჯარიმას მეორე 2000-ლარიანი ჯარიმაც დაემატა, ამჯერად Tik Tok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო.
შორენა ლოლაძე, საიას იურისტი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვიდეოს შინაარსი სცდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.
გასული წლის დეკემბერში, ირაკლი მილაძის დაკავებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც. თუმცა, გამოძიების დაწყებიდან 7 თვის თავზე, 22 ივნისს, რადიო თავისუფლებას უწყებაში უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
ასევე ნახეთ აქტივისტის მიმართ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყოგამოკითხვები და სასამართლოს გადაწყვეტილებები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო
ეს არ არის პირველი შემთხვევები, როდესაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო გამოძიება იწყება და მოქალაქეებს გამოკითხვაზე იბარებენ:
„სავარაუდოდ, ეს საქმეები გაცილებით მეტია, რომლებსაც ადამიანები უბრალოდ არ ასაჯაროვებენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას შორენა ლოლაძე.
მაგალითად, ასე დაიბარეს გასულ წელს გამოკითხვაზე სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი. გამოკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წამყვანი მიშა მშვილდაძეც.
ასევე ნახეთ შიშის თესვა: როცა ფეისბუკის სტატუსის გამო „გამოკითხვაზე“ გიბარებენზუკა ბერძენიშვილის „ფეისუკ“-პოსტში უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდების ნიშნები დაინახა.
მიშა მშვილდაძე კი იმიტომ აღმოჩნდა გამოკითხვაზე, რომ სოციალურ ქსელში ის უკრაინის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და დაწერა: „ასეთი აზრი მაქვს დიდი ხანია, ორი დიდი აქციით საკითხის გადაწყვეტის ამბავი: იკრიბება დიდი აქცია შაბათს და ამბობს, რომ ხვალ დილამდე ღარიბაშვილი უნდა იყოს გადამდგარი, თორემ ხვალ ზუსტად ეს იგივე ხალხი შევიკრიბებით და დავლეწავთ კანცელარიას.... არ გადადგება და უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ. სულ ესაა“.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დაეკისრა 2000-ლარიანი ჯარიმა ქეთევან გაბიანს. თუმცა, ამ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს. ქეთევან გაბიანს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უჩივლა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, 2023 წლის 15 თებერვალს, თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა - ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი. ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია!“
სად არის უხამსობა და ხულიგნობა და სად სიტყვის თავისუფლება?
„თუკი სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩავიხედავთ, ამ კანონის პირველ მუხლში სიტყვა „უხამსობის“ განმარტებას ამოვიკითხავთ:
უხამსობაა განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.
ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ „ეთიკური ნორმის შელახვა“ ცალკე აღებული, არ შეიძლება იყოს უხამსობა, თუკი მას გააჩნია პოლიტიკური გამოხატვის ფორმა.
„დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, აი, ამ მაგალითით განმარტავს კანონში არსებულ ჩანაწერს:
„ტიციან ტაბიძის ცნობილი ლექსი, „დადა მანიფესტი“, სადაც ის წერს, „თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ, თქვენი დედა მოვტყან!!!“. არის თუ არა ეს უხამსობა? თუ ეს არის კულტურული ან პოლიტიკური გამოხატვა? ცხადია, ეს ვერ იქნება უხამსობა“.
შესაბამისად, გიორგი მშვენიერაძეს მიაჩნია, რომ ადამიანის მიმართ, რომელიც, სოციალურ ქსელში პროტესტს გამოხატავს ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის გამო, მათ შორის, თუნდაც უცენზურო სიტყვების გამოყენებით, ხულიგნობის მუხლის გამოყენება არამართებულია:
„კი, სოციალური ქსელი არის საჯარო სივრცე და ვიზიარებ ამ შეხედულებას, რადგან საჯაროდ, ასობით და ათასობით ადამიანის გასაგონად და დასანახად გამოვხატავთ საკუთარ აზრს. მაგრამ საკითხი დგას ასე, როდის შეიძლება შეიზღუდოს აზრის და სიტყვის თავისუფლება, რომელიც კონსტიტუციით დაცული უფლებაა? როდესაც პირი აკრიტიკებს ხელისუფლებას იმის გამო, რომ ვიღაცები ავტობუსის ზოლში დადიან და უკანონოდ სარგებლობენ პრივილეგიებით, მათ შორის, შესაძლებელია, ეს აზრი ვიღაცისთვის ეთიკურ ნორმებს ეწინააღმდეგებოდეს, უნდა გავიაზროთ, რომ ამ გამოხატვას გააჩნია პოლიტიკური მნიშვნელობა. ეს არის პროტესტი და ის მიმართულია ხელისუფლებისადმი. ამიტომ ხელისუფლების მიმართ გამოთქმული თუნდაც ამ ტიპის პროტესტის გამო, ამ მუხლის ასე გამოყენება და მოქალაქის დასჯა, მიუღებელია ჩვენი გამოხატვის თავისუფლების სივრცისთვის“.
გიორგი მშვენიერაძე თვლის, რომ ამ ტიპის ტენდენციის დამკვიდრებით, ხელისუფლება შეეცდება მოქალაქეებში კრიტიკისა და პროტესტის მუხტის ჩახშობას:
„ეს არის მისი მთელი არსი. დღეს გეტყვიან, რომ არ უნდა შეიგინო. ხვალ გეტყვიან, რომ ზოგადად ცუდი სიტყვა არ უნდა გამოიყენო, მერე გეტყვიან, რომ დასაბუთებული კრიტიკა თუ არ გაქვს, ხმა არ უნდა ამოიღო. სწორედ ამ გზას გადიან ავტორიტარული რეჟიმები. ცარიელი ფურცლის გამო ადამიანის დაჭერა მეტი რა არის? იმის ჩვენება, რომ უთქმელად რასაც ფიქრობ, ამის გამოც შემიძლია დაგაკავო“.
იქნებ დუმილი ჯობს - ხელისუფლების ირიბი გზავნილი კრიტიკოსებს?
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, კანონმდებლობის თანახმად ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ითვალისწინებს ყველაზე მაღალ ფინანსურ სანქციას და ადმინისტრაციული წესით პატიმრობასაც.
შორენა ლოლაძე ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო დამკვიდრდება პრაქტიკა, როდესაც მოქალაქეები სწორედ ამ მუხლებით იქნებიან ცნობილნი სამართალდამრღვევებად, ეს ფაქტი, პირდაპირ აისახება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე:
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო პირდაპირ არ მიგითითებს, რომ შენ ამის უფლება არ გაქვს, მაგრამ როცა ერთი პირის მიმართ მაინც იყენებს მსგავს მიდგომას, ირიბად ეს სხვა მოქალაქეებსაც მიანიშნებს, რომ თუკი ისინიც დააფიქსირებენ საკუთარ პროტესტს თუნდაც სოციალურ ქსელში, ე.ი. მათ მიმართაც იქნება გამოყენებული სანქცია“.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკის, მათ შორის, თუნდაც უცენზურო კრიტიკის გამო მოქალაქეების დაჯარიმებას, მწერალ ლაშა ბუღაძისთვის კონკრეტული განმარტება აქვს - „რუსული ავტორიტარიზმის ველში შესვლა“.
„რუსეთში აქვთ ასეთი მოდელი. განსაკუთრებით სამხრეთ რუსეთში, ვგულისხმობ ჩეჩნეთს, როდესაც ხელისუფლება ნებისმიერი განსხვავებული აზრის, განსაკუთრებით კი ოდნავ მაინც მკვეთრად გამოხატული აზრის გამო, ადამიანებს პირდაპირ ანადგურებენ“, - ამბობს მწერალი.
მისივე თქმით, საჯარო პირებს, პოლიტიკოსებს, აქვთ თმენის ვალდებულება, რაც სოციალურ ქსელში გამოთქმული უცენზურო კრიტიკის მიმართ თმენის ვალდებულებასაც გულისხმობს:
„სიტყვის თავისუფლება არის სიტყვის თავისუფლება. როდესაც საქმე არ კეთდება, როდესაც, მაგალითად, კადიროვებელი დადიან საქართველოში და როდესაც ადამიანები თვალებს და პირს იკერავენ სიღარიბისგან, დიახ, ხელისუფლებას ხალხი აგინებს. დიახ, სიტყვის თავისუფლება გულისხმობს მათ შორის, უცენზურო სიტყვების თავისუფლებასაც. მე არ ვარ არც საჯარო მოხელე, არც პოლიტიკოსი, მაგრამ არც ჩემთვისაა უცხო სოციალურ ქსელში ჩემი მისამართით დაწერილი ძალიან მძიმე კომენტარები, თუმცა, ვთვლი, რომ მეც მაქვს თმენის ვალდებულება“.
დაშინების მცდელობის მოდელს უწოდებს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოებისა და პოსტების გამო მოქალაქეების დაჯარიმებას, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ამგვარმა ფაქტებმა შესაძლოა სულ სხვა შედეგი გამოიღოს:
„ბევრს შეიძლება გაუჩნდეს შიშის განცდა, მაგრამ ბევრსაც არ შეეშინდება, პირიქით. უკურეაქციას გამოიწვევს. ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი სადამსჯელო ღონისძიებები საქართველოში იწვევს უკურეაქციას“.
ამის საილუსტრაციოდ შესაძლოა გამოდგეს ივნისის დასაწყისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციები, როდესაც თეთრი ფურცლის ხელში ჭერისა და სახელ „ირაკლის“ ინტერპრეტაციის გამო, აქციების არაერთი მონაწილე დააკავეს. ამ დაკავებებს მომდევნო დღეებში მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი მოყვა როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან, ისე სოციალურ ქსელებში.
ივნისის პირველ დღეებში, პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით თბილისში აქციის 7, ბათუმში კი 6 მონაწილე დააკავა.
დაკავებულებს შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი, რომელსაც სუფთა ფურცელი ეჭირა ხელში.